განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001812287
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №611აპ-18 ქ. თბილისი
მ---–---- ჯ----–, 611აპ-18 3 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ----– მ---–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ-----– მ-------სა და ს----- ჯ--–--------ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ----– მ---–----ს ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 21:35 საათზე, ქ---------–------------------------------–-------------–--------–-------------–-- არსებულ სავალუტო ჯიხურში, ,,სანტა-კლაუსის“ ფორმაში ჩაცმული ჯ----– მ---–---- თავს დაესხა მოლარე-ოპერატორ მ----- ც--–---–---ს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, პისტოლეტის დემონსტრირებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოსთხოვა და გაიტაცა ფულადი თანხა - 9820 ლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ჯ----– მ---–----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
ჯ----– მ---–----, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 13 იანვრიდან.
განაჩენით ჯ----– მ---–----ს მსჯავრი დაედო ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 21:35 საათზე, ქ---------–------------–--------–------------–-- არსებულ სავალუტო ჯიხურში უკანონო შეღწევით ჯ----– მ---–---- მოლარე-ოპერატორ მ----- ც--–---–---სგან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა დაუდგენელი რაოდენობის თანხას.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ჯ----– მ---–----ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნას; ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ჯ. მ---–----ს გამართლებას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ჯ----– მ---–----ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ჯ----– მ---–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 13 იანვრიდან.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ჯ----– მ---–----ს მიერ შპს ,,ი--–--- მ-------ში’’ არსებულ სავალუტო ჯიხურში მოლარე-ოპერატორ მ----- ც--–---–---ს მიმართ ყაჩაღობის ჩადენას, რის გამოც მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან. ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე დადგინდეს, თუ დაზარალებულმა როგორ აღიქვა და შეაფასა მის მიმართ გამოთქმული მუქარის შინაარსი. რაც შეეხება ძარცვას, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია დანაშაულის აშკარად, სხვა პირთათვის ხილულად ჩადენა და მას თავდასხმის ელემენტი არ გააჩნია.
სასამართლომ კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა დაზარალებულ მ. ც--–---–---ს ჩვენებებზე, სადაც მან დეტალურად აღწერა 2016 წლის 31 დეკემბერს, ღამით განვითარებული მოვლენები. დაზარალებულ მ. ც--–---–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ. მ---–----მ ქონების დაუფლების მიზნით იარაღი გამოიყენა, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ჯ. მ---–----ს ხელში იარაღი შენიშნა, რის გამოც ძლიერ შეშინდა. იგი ემუქრებოდა ,,დროზე ფული, თორემ მოგკლავო“, სწვდა ყელში და კედელზე მიანარცხა, იქვე სკამზე დაეცა, წამოდგომა სცადა, მაგრამ თავდამსხმელმა მას მხარზე ხელი დაარტყა. მ. ც--–---–---ს ჩვენებით, იგი მომხდარის გამო ძალიან შეშინებული და აღელვებული იყო, რადგან თავს დაესხნენ და შიშისგან წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. თავდამსხმელმა გამოაღო კარადის უჯრა, სადაც ნაგვის ურნას ინახავდნენ და იქ არაფერი დახვდა, შემდეგ მეორე უჯრა გამოაღო, სადაც თანხას ინახავდნენ, დასტაცა უჯრაში მოთავსებულ ფულს ხელი და გაიქცა.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ მ. ც--–---–---ს ჩვენების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და მის ნამდვილობას ადასტურებს სავალუტო ჯიხურის შიდა სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერებიც (2016 წლის 31 დეკემბრის 21:10 საათიდან 22:00 საათამდე დროს პერიოდი), ვიდეოფაილში 21:35:37 საათზე სავალუტო ჯიხურში მყოფი მოლარე-ოპერატორი დგას ფეხზე და საუბრობს ტელეფონზე, რა დროსაც შემინული ფასადიდან გარეთ, ტროტუარზე ჩანს ,,სანტა-კლაუსის“ წითელ და თეთრ ფორმაში გამოწყობილი პირი, რომლის მოძრაობას თვალს ადევნებს მოლარე-ოპერატორი. ,,სანტას“ ფორმაში ჩაცმული პირი შედის სავალუტო ჯიხურში, შესვლისთანავე წელიდან იღებს შავი ფერის პისტოლეტის მსგავს ნივთს და ესაუბრება მოლარე-ოპერატორს, ახლოს მიაქვს იარაღის მსგავსი საგანი, რისი დანახვის შემდგომაც დაზარალებული ხელებს მაღლა სწევს. ამ დროს ,,სანტას“ ფორმაში ჩაცმული პირი ყელის არეში უბიძგებს ხელს და აგდებს სკამზე, პისტოლეტის მსგავსი ნივთი აქვს მარჯვენა ხელში, კვლავ ურტყამს ხელს მოლარეს მარცხენა ხელით, აღებს სამუშაო მაგიდის მარჯვენა მხარეს განთავსებულ კარს, რის შემდეგაც იმავე ხელით აღებს სამუშაო მაგიდის მარცხენა მხარეს არსებულ ზედა უჯრას და იღებს თანხას, რის შემდეგაც მაშინვე გადის სავალუტო ჯიხურიდან.
ყაჩაღობის დროს მნიშვნელოვანია, დაზარალებულმა რეალურად აღიქვას მასზე განხორციელებული სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა ანდა ძალადობის მუქარა, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია მ----- ც--–---–---ს ჩვენებით, ასევე - ვიდეოჩანაწერებით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია და მსჯავრდებულის ჩვენება, რომ ჯ----– მ---–----ს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, რომ პოლიციელებმა მასზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ ჯ. მ---–---- დააკავეს კანონის არსებითი დარღვევით 2017 წლის 12 იანვარს, ქ---------–-----–-------------------------- რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს მას. სასამართლომ ყურადღება მიაპყრო საქმეში წარმოდგენილ უწყებას პირის გამოძახების შესახებ (ტ.1.ს.ფ.144), რომლითაც დასტურდება, რომ ჯ. მ---–----ს უწყება ჩაჰბარდა 2017 წლის 12 იანვარს, 13:20 საათზე, რაც დადასტრებულია მისი ხელმოწერით. ჯ----– მ---–---- დაკავებამდე დაიკითხა მოწმის სახით, მონაწილეობდა როგორც ავტომანქანის დათვალიერებაში, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტში და შემდეგ დააკავეს. საქმეში ასევე წარმოდგენილია ჯ. მ---–----ს ხელით შესრულებული ხელწერილები, რომლებითაც ირკვევა, რომ მსჯავრდებული თანახმა იყო, დათვალიერებულიყო მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა და ასევე თანახმა იყო, მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო ექსპერიმენტში (ტ1.ს.ფ. 152, 172). 2017 წლის 12 იანვრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ ჯ. მ---–----ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანიდან ამოიღეს ,,სანტა-კლაუსის’’ ფორმა ქუდით და ხელოვნური წვერ-ულვაშით. ასევე პლასტიკური ბარათი წარწერით ,,1---’’. დათვალიერების ოქმი შედგენილია საპროცესო კანონის სრული დაცვით, რაშიც მონაწილეობდა თვით ჯ. მ---–---- და დაადასტურა თავისი ხელმოწერით, თუმცა რაიმე განცხადება ან შენიშვნა ჯ. მ---–----ს ოქმში არ შეუტანია.
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ ჯ. მ---–----ს კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებული ,,სანტა-კლაუსის’’ ქუდსა და წვერზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილზე ვლინდება ჯ. მ---–----ს გენეტიკური თანამონაწილეობა; 2017 წლის 12 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ჯ. მ---–----ს ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი; უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში (№561 აპ-15) საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დაუშვებულია სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნება ანუ მისი საჯაროდ წაკითხვა და მისი მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჯ. მ---–----ს ჩვენება არ მიუცია. ამ ექსპერიმენტისას აღდგა ქმედების ჩადენის ვითარება, რაც ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც ამ შემთხვევაში არ ვრცელდება მოქმედი სსსკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 12 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, თუ როგორ გადაადგილდებოდა ჯ. მ---–----. მან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებს უჩვენა ის ადგილები, სადაც შეიძინა ,,სანტა კლაუსის’’ ფორმა, სათამაშო პისტოლეტი, ხელთათმანები, ასევე ის მარშრუტი, რაც გაიარა ,,ი--–--- მ-------ში’’ დანაშაულის ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ. ჯ. მ---–----ს მიერ მითითებული ადგილიდან, ი---------ს ქუჩის ბოლოს, ღია ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოიღეს იარაღისმაგვარი საგანი (ტ.1. ს..ფ. 173-188). კონკრეტულ შემთხვევაში ჯ. მ---–----მ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამოძიებას მიუთითა ისეთი დეტალების შესახებ, რაც შეუძლებელია, სცოდნოდათ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებს; საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 10 აპრილის N----- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2016 წლის 31 დეკემბრის ვიდეოგრამასა და 2017 წლის 12 იანვრის ვიდეოგრამაზე დაფიქსირებულია გამოძიებისთვის საინტერესო, სავარაუდოდ, ერთი და იმავე პირის გამოსახულება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო მოწმეების - ტ. კ-–--–---სა და ჯ. ც--------ს ჩვენებებს და 2017 წლის 13 იანვარს ჩატარებულ პირის ამოცნობის ოქმებს. აღნიშნული ოქმებით დასტურდება, რომ ტ. კ-–--–---მ და ჯ. ც--------მ ამოიცნეს 2016 წლის 31 დეკემბერს, საღამოს საათებში, ,,ი--–--- მ--------ს’’ მოპირდაპირე მხარეს ,,სანტა-კლაუსის“ ფორმაში ჩაცმული ჯ. მ---–----, რომელიც ცალი ხელით ისწორებდა ხელოვნურ წვერს, რაც უვარდებოდა. მას ხელში ეჭირა პისტოლეტი.
სააპელაციო პალატამ მოწმეების - ტ. კ-–--–---სა და ჯ. ც--------ს ჩვენებები სარწმუნოდ მიიჩნია, რადგან ისინი თანმიმდევრულია და არ არსებობს მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. რაც შეეხება ჯ. ც--------ს მიერ პირის ამოცნობის ოქმს, რომელიც დათარიღებულია 11.01.2017წ., მის მეორე გვერდზე არის შენიშვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ოქმზე თარიღის - 11.01.2017წ. ნაცვლად, უნდა იყოს მითითებული - 13.01.2017. ეს წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, რაც გამოწვეულია კომპიუტერის ელექტრონული პროგრამის ხარვეზით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ საპროცესო დარღვევად, რაც შეიძლება გახდეს ამ საგამოძიებო მოქმედების უარყოფის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ინდივიდუალურად შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება და განმარტა, რომ ჯ----– მ---–----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ამასთან, იგი არ არის ნასამართლევი და ხასიათდება დადებითად, რის გამოც მიიჩნია, რომ ჯ----– მ---–----ს უნდა შეეფარდოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ზომის მინიმუმი
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ ჯ----– მ---–----ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ-----– მ------- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ჯ. მ---–----ს გამართლებას.
მსჯავრდებულ ჯ----– მ---–----ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს----- ჯ--–-------- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ჯ. მ---–----ს გამართლებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. იმ დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლისთვისაც ჯ----– მ---–----ს მსჯავრი დაედო, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ.#616აპ-15; 117აპ-18).
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ----- ც--–---–---სა და მოწმეების - ჯ------– ც--------ს, ტ------– კ-–--–---ს, ი-----–- წ--–-----ს, ნ------ ჯ---------ს, ნ---- დ--------ს, გ------- გ---------ს, მ------ ხ-------–---–-ს, ს--–---- ი--–----სა და სხვათა ჩვენებებით, ,,ი--–--- მ--------ს’’ სავალუტო ჯიხურში მოთავსებული უსაფრთხოების კამერის ვიდეოჩანაწერით, 2017 წლის 12 იანვრის პატაკით, 2017 წლის 12 იანვრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით, ამოცნობის ოქმებით, ნიმუშის აღების ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური), ჰაბიტოსკოპიური, ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული, რომ ჯ----– მ---–----მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
10. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა დაცვის მხარის მოტივებზე (რომლებზეც დაცვა აპელირებს საკასაციო საჩივრებშიც), რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, დაცვის მხარეს არ მიუთითებია.
11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ----– მ---–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ-----– მ-------სა და ს----- ჯ--–--------ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე