განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.03.2019
საქმის ნომერი
010330119900021182
კატეგორია
დავის ტიპი
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

# 010330119900021182

საქმე #სსდ-04-19 21 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი - მ--- გ------

საჩივრის ავტორები _ თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები - ნ----- ა-–------, ლ---- ბ---------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 18.05.2007წ. გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ამავე საბჭოს აპარატის თანამშრომელთა 20.02.2007წ. მოხსენებითი ბართის საფუძველზე, თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს მოსამართლეების - ნ. ა-–------სა და ლ. ბ---------–--ის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 04.04.2007წ. გადაწყვეტილებით თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს მოსამართლეები - ნ. ა-–------ და ლ. ბ---------–--ე მიეცნენ დისციპლინურ პასუხისგებაში იმ დროს მოქმედი `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ კანონის 2.2 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების - საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევის, მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობის, მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურების გამო.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 18.05.2007წ. გადაწყვეტილებით თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს მოსამართლეები - ნ. ა-–------ და ლ. ბ---------–--ე ცნობილ იქნენ ბრალეულად „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.2. მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების, კერძოდ, საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში დარღვევისა და მოსამართლის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის, რის გამოც მათ სახდელის სახით დაეკისრათ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

კოლეგიამ მიუთითა, რომ ზ. გ----------ის სისხლის სამართლის საქმეზე ამომრჩეველთა ერთიანი სია და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი გამომძიებლის მიერ ცნობილი იყო ნივთიერ მტკიცებულებად და ამდენად, მოსამართლეები ვალდებულნი იყვნენ გადაეწყვიტათ აღნიშნულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, ხოლო რაც შეეხება ზ. გ-----ის და თ. მ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებს, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევებში, აღნიშნული საქმეების სხვა სისხლის სამართლის საქმეებიდან გამოყოფის მიუხედავად, სასამართლო კოლეგიას განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში უნდა ემსჯელა ნივთიერ მტკიცებულებათა თაობაზე და განემარტა, რატომ ვერ გადაწყდებოდა მოცემულ საქმეებზე მათი ბედი. ამდენად, სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულით თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს მოსამართლეებმა: ლ. ბ---------–--ემ და ნ. ა-–------მ დაარღვიეს საქართველოს სსსკ-ის 509.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი.

კოლეგიამ აღნიშნა, რომ ა. ხ--–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ განაჩენში სასამართლო კოლეგიას (თავმჯდომარე - ნ. ა-–------, წევრები: ლ. ბ---------–--ე და ვ-–-------- წ--------–ი) საერთოდ არ უმსჯელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე, რითაც მოსამართლეებმა უგულებელყვეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის და სსსკ-ის 508-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნები.

სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს მოსამართლეებმა: ნ. ა-–------მ და ლ. ბ---------–--ემ თ. თ------–---–ის სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დაარღვიეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რითაც საჯარო ინტერესებს მიაყენეს ზიანი. კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. თ------–---–ი თავდაპირველად პატიმრობაში იმყოფებოდა 2000 წლის 10 აგვისტოდან 13 ნოემბრამდე, ხოლო სასამართლო კოლეგიამ მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაუთვალა დრო 10 აგვისტოდან 28 ნოემბრამდე, ანუ 15 დღით მეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებული მოიხდიდა განაჩენით დანიშნულ სასჯელზე 15 დღით ნაკლებს.

სადისციპლინო კოლეგიამ ასევე მიიჩნია, რომ რ. ა----------ის, ლ. მ------–---–ის, ბ. უ-------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას მოსამართლეების - ნ. ა-–------სა და ლ. ბ---------–--ის მიერ დაირღვა სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, რითაც არსებითი ზიანი მიადგა პროცესის მონაწილეთა ინტერესებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განაჩენით (თავმჯდომარე: ლ. ბ---------–--ე, მოსამართლეები: ნ. ა-–------ და ვ. წ--------–ი) ო. დ-------ე და გ. წ-----–--ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში. სასამართლომ თითოეული დანაშაულისათვის ცალ-ცალკე დანიშნა სასჯელები, ხოლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გამოიყენა სასჯელთა მთლიანი (სრული) შთანთქმის პრინციპი. აღნიშნულით დაირღვა განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, ხსენებული მუხლის თანახმად, თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგებოდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, მაშინ სასჯელის დანიშვნის დროს გამოიყენებოდა მხოლოდ სასჯელთა ნაწილობრივი ან მთლიანი შეკრების პრინციპი. კოლეგიის აზრით, სასამართლო ვალდებული იყო ნაწილობრივ მაინც შეეკრიბა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთათვის დანიშნული სასჯელები და ამ ნაწილში არ იყო უფლებამოსილი, გამოეყენებინა შთანთქმის პრინციპი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა შთანთქმის პრინციპიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს მოსამართლეებმა: ლ. ბ---------–--ემ და ნ. ა-–------მ მოცემულ ეპიზოდში ჩაიდინეს კანონის უხეში დარღვევა.

საქმის მასალებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ მ. ბ--------–---–ის, შ. ხ----–---–ის და დ. გ---–---–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს, მოსამართლეებმა მათ მიერ მოცემულ საქმეებზე დადგენილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ მიუთითეს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროის ჩათვლის შესახებ. ასევე, განაჩენში არ არის მითითებული, თუ საიდან უნდა დაიწყოს სასჯელის მოხდის ათვლა. შესაბამისად, განაჩენებით სასჯელის მოხდის საერთო ვადაში არ ჩაითვალა - მ. ბ--------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე 2003 წლის 12 აგვისტოდან 2003 წლის 15 აგვისტომდე პატიმრობაში ყოფნის დრო, შ. ხ----–---–ის და დ. გ---–---–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე 2004 წლის 4 მარტიდან 2004 წლის 6 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის დრო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სადისციპლინო კოლეგიამმ მიიჩნია, რომ თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს მოსამართლეებმა: ლ. ბ---------–--ემ და ნ. ა-–------მ ჩაიდინეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა - კანონის უხეში დარღვევა, რამაც შექმნა მსჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებითად შელახვის, კერძოდ, გარკვეული ვადით თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლების არსებობის გარეშე ყოფნის რეალური საფრთხე.

სადისციპლინო კოლეგიამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ძ---–-–---–ის, გ. ჯ------–---–ის, ტ. ა-------–---–ის, ტ--------------ის, ჯ. თ---------–---–ის, ლ. ჩ-----–ის, ე. ა-–----–---–ის, შ. დ---------ის, მ. მ--–-------ის, ო--------ის, გ. კ-------–--ის, მ. ო--------ის, ჯ. ტ--------ის, გ. ზ---–-–---–ის, მ. უ----–---–ის, თ. მ--------ის, ხ--–-–---–ის, ვ. ტ------–ის, მ. უ-–-------ას ბრალდების საქმეებზე გამოტანილ არც ერთ განაჩენში არ არის მითითება განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვადაში დაკავებისა და პატიმრობის ვადის ჩათვლის შესახებ. მოსამართლეებმა მოცემულ შემთხვევაში დაარღვიეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 148-ე მუხლის, 6804 მუხლის მე-2 ნაწილის, 498-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. შესაბამისად, აღნიშნულით მათ ჩაიდინეს დისციპლინური გადაცდომა - კანონის უხეში დარღვევა.

ს. ჩ------–---–ის, ი. ძ---–-–---–ისა და გ. ჯ------–---–ის, რ. ა------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო შემადგენლობას თავმჯდომარეობდა მოსამართლე - ვ-–-------- წ--------–ი, ხოლო მ. ფ--–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო შემადგენლობას თავმჯდომარეობდა მოსამართლე ნ. ა-–------ და შესაბამისად, ნივთმტკიცებების ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად მიქცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 7 დღე-ღამისა მათ უშუალო ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც კანონით დადგენილი წესით მათ მიერ არ განხორციელდა. კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს მოსამართლე ნ. ა-–------ს მხრიდან სახეზე იყო მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური სახდელის შერჩევისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. ა-–------ს და ლ. ბ---------–--ეს არ აკისრიათ დისციპლინური სახდელი, მაგრამ მხედველობაში მიიღო დისციპლინური გადაცდომების შინაარსი, სიმძიმე, შედეგები, რაოდენობა. კოლეგიამ მიუთითა, რომ მოსამართლეებმა დაარღვიეს კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული არსებითი ხასიათის ნორმები, ამასთან, საქმის განხილვისას არ გამოიკვეთა ობიექტური გარემოებები (გამოსაყენებელი ნორმის ბუნდოვანება, საკანონმდებლო ხარვეზი, საქმის სირთულე და სხვ.), რომლებიც გამორიცხავდა ან შეამსუბუქებდა მოსამართლეთა ბრალს ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომებში. კოლეგიამ მიიჩნია, რომ თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს მოსამართლეების - ნ. ა-–------სა და ლ. ბ---------–--ის მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, გამართლებული იყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში გასაჩივრდა თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს მოსამართლეების - ნ. ა-–------სა და ლ. ბ---------–--ის მიერ, რომლებმაც მათ მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 12.09.2007წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-–------სა და ლ. ბ---------–--ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 18.05.2007წ. გადაწყვეტილება.

ყოფილმა მოსამართლეებმა - ნ. ა-–------მ და ლ. ბ---------–--ემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 9.10.2018წ. განჩინებით დაამტკიცა საქართველოს მთავრობის მხრიდან წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაცია და ევროკონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე საჩივრები ამოიღო განსახილველი საქმეების ნუსხიდან. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 8.11.2018წ..

06.02.2019წ. და 08.02.2019წ. ნ. ა-–------მ და ლ. ბ---------–--ემ განცხადებებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნეს, რომ მათ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 18.05.2007წ. და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 12.09.2007წ. გადაწყვეტილებებით დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. მათ აღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 9.10.2018წ. განჩინებით (საჩივრები - #12611/08 და #25500/08, „ნ----- ა-–------ საქართველოს წინააღმდეგ“ და „ლ---- ბ---------–--ე საქართველოს წინააღმდეგ“) დაადგინა საქართველოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა. აღნიშნულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა ზიანის ანაზღაურება.

განცხადების ავტორებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 18.05.2007წ. და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 12.09.2007წ. გადაწყვეტილებების გაუქმება და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის ამოწურვის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 11.03.2019წ. განჩინებით, ნ. ა-–------სა და ლ. ბ---------–--ის განცხადებები, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 15.03.2019წ. განჩინებით თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების - ნ. ა-–------სა და ლ. ბ---------–--ის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 12.09.2007წ. გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

საქმის ზეპირი მოსმენისას საჩივრის ავტორებმა - ნ. ა-–------მ და ლ. ბ---------–--ემ აღნიშნეს, რომ ევროსასამართლომ დაამტკიცა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომლითაც სრულად იქნა აღიარებული მათ საჩივრებში მითითებული დარღვევები. ამასთანავე, სადისციპლინო პალატის 12.09.2007წ. გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც ისინი ითხოვდნენ, დღეის მდგომარეობით გაუქმებულია, ამოწურულია ასევე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 752 მუხლით დადგენილი დისციპლინური სამართალწარმოების ვადები. აქედან გამომდინარე, საჩივრის ავტორებმა სადისციპლინო კოლეგიის 18.05.2007წ. გადაწყვეტილების გაუქმება და კანონით გათვალისწინებული დისციპლინური სამართალწარმოების ვადების ამოწურვის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.

სადისციპლინო პალატის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ საჩივრებს და სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე კოლეგიაში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სადისციპლინო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საქმის სასამართლო განხილვისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 18.05.2007წ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადისციპლინო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 04.04.2007წ. გადაწყვეტილებით თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს მოსამართლეები - ნ. ა-–------ და ლ. ბ---------–--ე მიეცნენ დისციპლინურ პასუხისგებაში იმ დროს მოქმედი `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ კანონის 2.2 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების - საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევის, მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობის, მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურების გამო. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 18.05.2007წ. გადაწყვეტილებით თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს მოსამართლეები - ნ. ა-–------ და ლ. ბ---------–--ე ცნობილ იქნენ ბრალეულად ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევისათვის, რის გამოც მათ სახდელის სახით დაეკისრათ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას საფუძვლად დაედო მათ მიერ განხილული არა ერთი სისხლის სამართლის საქმე. სადისციპლინო კოლეგიის 18.05.2007წ. გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში გაასაჩივრეს თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს მოსამართლეებმა - ნ. ა-–------მ და ლ. ბ---------–--ემ, რომლებმაც მათ მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის კოლეგიური უმრავლესობის 12.09.2007წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-–------სა და ლ. ბ---------–--ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 18.05.2007წ. გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ა-–------მ და ლ. ბ---------–--ემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 9.10.2018წ. განჩინებით დაამტკიცა საქართველოს მთავრობის მხრიდან წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაცია და ევროკონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე საჩივრები ამოიღო განსახილველი საქმეების ნუსხიდან. განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 8.11.2018წ.

სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაშვებულ განაცხადზე საქმის წარმოებას არ ამთავრებს მხოლოდ არსებითი გადაწყვეტილების მიღებით, საქმეზე შესაძლოა დამტკიცდეს მორიგება ან ცალმხრივი დეკლარაცია. მორიგებისაგან განსხვავებით, ცალმხრივი დეკლარაციის დამტკიცებისას არ არის საჭირო მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენა, დეკლარაცია შესაძლოა დამტკიცდეს მაშინაც, როდესაც ადგილი არ ჰქონია წინასწარი მეგობრული მორიგების მოლაპარაკებებს და როდესაც მომჩივანი ითხოვს საქმის განხილვის გაგრძელებას (იხ. მაგ.: „ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ“ - N65969/09 განაცხადი, 5.09.2015წ., §19-21; „მ. ტურავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - N7607/07 და N8710/07 განაცხადები, 27.11.2018წ., §43-46). განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა დარღვევა ნ. ა-–------სა და ლ. ბ---------–--ის მიმართ სამოქალაქო მიმართულებით მომჩივნების წინააღმდეგ წარმართულ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით და თითოეული მომჩივანისათვის იტვირთა 4000 ევროს გადახდა - მატერიალური და არამატერიალური ზიანისა და ნებისმიერი ხარჯის დასაფარად. ცალმხრივი შეთანხმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამტკიცდა, მომჩივნებს მიეკუთვნათ 4000-4000 ევრო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო ცალმხრივ დეკლარაციას ამტკიცებს არა ყველა შემთხვევაში, არამედ დავის ფაქტობრივი გარემოებებისა და შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობის გათვალისწინებით. თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ დეკლარაციაში შეთავაზებული პირობები შესაბამისობაში მოდის კონვენციასა და მის დამატებით ოქმებთან და აღარ დასტურდება საჩივრის განხილვის გაგრძელების საჭიროება, სასამართლო ამორიცხავს საჩივარს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელეს საქმის წარმოების გაგრძელება სურს. განსახილველ შემთხვევაშიც ევროპულმა სასამართლომ ცალმხრივი დეკლარაცია დაამტკიცა და საქმის განხილვის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია დეკლარაციაში მითითებული აღიარებითი ხასიათის განაცხადისა და შეთავაზებული კომპენსაციის გათვალისწინებით.

სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. ა-–------მ და ლ. ბ---------–--ემ სწორედ ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე განცხადებებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 18.05.2007წ. და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 12.09.2007წ. გადაწყვეტილებების გაუქმება და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის ამოწურვის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 15.03.2019წ. განჩინებით თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების - ნ. ა-–------სა და ლ. ბ---------–--ის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 12.09.2007წ. გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება. მოცემულ შემთხვევაში სადისციპლინო პალატა ახორციელებს განსახილველ დისციპლინურ საქმეზე ევროსასამართლოს მიერ 09.10.2018წ. მიღებული განჩინების აღსრულებას დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით.

ყოფილმა მოსამართლეებმა - ნ. ა-–------მ და ლ. ბ---------–--ემ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმ მოტივით გაასაჩივრეს, რომ მათ წინააღმდეგ მიმართული დისციპლინური სამართალწარმოება იყო უსამართლო, რადგან მათი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს („საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 2.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) აკლდა სათანადო სიზუსტე, სიცხადე და განჭვრეტადობა. სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დისციპლინური საქმე, რომელიც განახლდა ევროსასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველზე, არ არის იდენტური სადისციპლინო პალატის მიერ ადრე განხილული საქმეებისა, ვინაიდან წინა საქმეებისგან განსხვავებით, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ აღიარა ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, თავის მხრივ, 09.10.2018წ. განჩინებით დაამტკიცა საქართველოს მხრიდან შეთავაზებული ცალმხრივი დეკლარაცია, რომლის თანახმად, მთავრობამ ცნო ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა სამოქალაქო მიმართულებით მომჩივნის წინააღმდეგ წარმართულ დისციპლინური სამართალწარმოებასთან დაკავშირებით და მატერიალური თუ არამატერიალური ზარალისა და ნებისმიერი ხარჯისათვის იტვირთა მომჩივნებისათვის 4000-4000 ევროს გადახდა. ევროსასამართლომ ასევე გაითვალისწინა ცალმხრივ დეკლარაციაში მითითებული განმარტება, რომ მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების კანონში 27.03.2012წ. შეტანილი ცვლილების თანახმად, მომჩივნების დისციპლინური სანქციის სამართლებრივი საფუძველი - „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 2.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (კანონის უხეში დარღვევა) გაუქმდა და მომჩივნებს 01.08.2014წ. მიენიჭათ ქვეყნის სხვა სასამართლო პოზიციაზე თავიანთი კანდიდატურების დაყენების უფლებამოსილება. ამდენად, მომჩივნებისთვის ჯერ კიდევ ღია იყო შიდა დონეზე სასამართლო დაცვის დამატებითი საშუალებები, აღნიშნული კი მიზნად ისახავდა ყოფილი მოსამართლეების უფლებების სრულყოფილ აღდგენას.

სადისციპლინო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში (2007წ.) მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის თანახმად, დისციპლინური დევნის აღძვრისა და პასუხისგებაში მიცემის ორგანო იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას საქმის მასალებთან ერთად უგზავნიდა დისციპლინური საქმეების განმხილველ ორგანოს - საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სწორედ აღნიშნული კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების საკითხი. სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოს 20.04.2018წ. #2194 ორგანული კანონით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონი. მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოება მოწესრიგდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის XIII1 თავით. დღეს მოქმედი რედაქციით, კერძოდ, მითითებული კანონის 7563 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა განსახილველ შემთხვევაში ახდენს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების იმპლემენტაციას, კერძოდ, სახეზეა ევროსასამართლოს განჩინება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ აღიარა მომჩივნების წინააღმდეგ წარმართული დისციპლინური სამართალწარმოების უკანონობა. საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივნების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება, რომელიც განახორციელა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ, არ იყო ჩატარებული კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ. სადისციპლინო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა მოიცავს საქმის არსებითი განხილვის პროცედურულ ნაწილს, ამდენად, მოცემული დისციპლინური საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოტივს წარმოადგენს პროცედურული დარღვევების ქვედა რგოლიდან გასწორება. სადისციპლინო პალატა თვლის, რომ ევროსასამართლოს 9.10.2018წ. განჩინება, რის გამოც განახლდა საქმის წარმოება განსახილველ დისციპლინურ საქმეზე, ქმნის მოცემული საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განსახილველად დაბრუნების საფუძველს. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაუქმდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 12.09.2007წ. გადაწყვეტილება. ამასთანავე, სადისციპლინო პალატას მართებულად მიაჩნია მოცემული დისციპლინური საქმის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ ხელახლა განხილვა, ვინაიდან კოლეგია პირველი ინსტანციის წესით არსებითად იხილავს დისციპლინურ საქმეებს, ამავდროულად, სწორედ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა გასაჩივრებული სადისციპლინო პალატაში. ამდენად, პალატის აზრით, თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების - ნ. ა-–------სა და ლ. ბ---------–--ის დისციპლინური საქმე ხელახლა უნდა განიხილოს მითითებულმა კოლეგიამ, რითაც დაცული იქნება განსახილველი დისციპლინური საქმის სასამართლო წარმოების ინსტანციურობის პრინციპი და საჩივრის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კვლავ გაასაჩივრონ ზემდგომ სასამართლოში - უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში.

რაც შეეხება დავის არსებით ნაწილს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 9.10.2018წ. განჩინებაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის მიმართულებით ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევასთან წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მიუთითა, რომ აღნიშნული საჩივრები მოყვანილ ნორმებსა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამო იყო. ევროსასამართლომ გაიზიარა აღნიშნული მოსაზრება, ასევე მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ადრე მიღებული დასკვნების შესაბამისად, განმეორდა და აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში დისციპლინური წარმოება სისხლის სამართლის მიმართულებით არ ექცეოდა ევროკონვენციის 6.1 მუხლის ფარგლებში, რის გამოც ევროკონვენციის 35.3 მუხლის შესაბამისად, საჩივრის აღნიშნული ნაწილის განხილვაზე უარი თქვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ა-–------სა და ლ. ბ---------–--ის საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დავა ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 7562 მუხლით, 7563 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ---–--ის ს-----–-–-ო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების - ნ. ა-–------სა და ლ. ბ---------–--ის საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 18.05.2007წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე კოლეგიას;

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: /მაია ვაჩაძე/

 

მოსამართლეები: /ნუგზარ სხირტლაძე/

 

/ვასილ როინიშვილი/