განჩინება

სისხლის სამართლის 05.04.2019
საქმის ნომერი
330802219002910080
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219002910080

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№121-19 ქ. თბილისი

ნ----------- გ----–- (ნ----------- გ-----–-), 121-19 5 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატ - ზ----- ტ-------ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ნ----------- გ----–-ს (ნ----------- გ-----–-ს - N------- G----)

თარჯიმან - ნინო იორდამოვის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ----------- გ----–-ს (ნ----------- გ-----–-ს, N------- G----) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- ტ-------ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ნ. გ----–-ს მიმართ თ--------ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

 

1.1 2017 წლის 25 აპრილს თ--------ის რესპუბლიკის ა------ის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ნ. გ----–- ცნობილ იქნა დამნაშავედ თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ორი დაზარალებულის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 1 თვითა და 15 დღით - თითოეული დაზარალებულის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის.

 

1.2 2017 წლის 28 სექტემბერს თ--------ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-6 სამმართველოს გადაწყვეტილებით აღნიშნული განაჩენი საბოლოო გახდა.

 

1.3 2018 წლის 2 თებერვალს თ--------ის რესპუბლიკის ა------ის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ნ. გ----–-ს დაკავების შესახებ ბრძანება.

 

1.4 2018 წლის 13 თებერვალს თ--------ის რესპუბლიკის ა------ის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ნ. გ----–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 2 თვითა და 30 დღით.

 

1.5 თ--------ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ნ. გ----–-ს მიერ თ--------ის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: თ--------ის რესპუბლიკაში, ქ. ა------ში, ნ. გ----–- ხელს უწყობდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს - ბ. ჰ.-ისა და თ. კ.-ის, რომ დაკავებულიყვნენ პროსტიტუციით და ამ გზით მიღებული შემოსავლიდან იგი ხსენებული პირებისგან იღებდა წილს. 2016 წლის 24 ოქტომბერს ქ. ა------ში ნ. გ----–მა ბ. ჰ. და თ. კ. საკუთარი ავტომობილით, სექსუალური მომსახურების გაწევის მიზნით, წაიყვანა კლიენტებთან, რა დროსაც პოლიცია შეეცადა მის დაკავებას, მაგრამ ნ. გ----–მა შეძლო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.

 

2. ნ. გ----–-ს მიმართ ა------------ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

 

2.1 2013 წლის 27 აგვისტოს ა------------ის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ნ. გ----–-ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, მას ბრალი დაედო ა------------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 144-1.2.1, 144-1.2.2 და 144-1.2.5 მუხლებით (ადამიანებით ვაჭრობა, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.

 

2.2 2013 წლის 27 აგვისტოს ა------------ის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გადაწყვეტილებით გამოცხადდა ნ. გ----–-ს ძებნა.

 

2.3 2017 წლის 14 ნოემბერს ნ. გ----–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა ხელწერილი გაუსვლელობის შესახებ.

 

2.4 2018 წლის 6 ივნისს ა------------ის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გადაწყვეტილებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების დარღვევის გამო გამოცხადდა ნ. გ----–-ს ძებნა.

 

2.5 2018 წლის 12 ივნისს ა------------ის რესპუბლიკის ქ. ბ----ს ნარიმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. გ----–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

 

2.6 ა------------ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ნ. გ----–-ს მიერ ა------------ის რესპუბლიკაში ჩადენილი სადავო დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2008 წლის მაისის დასაწყისში ნ. გ----–მა თ--------ის რესპუბლიკიდან დაურეკა ა------------ის რესპუბლიკაში მყოფ ბ. გ.-ის და დაჰპირდა თ--------ში, ქ. კ-------ში, მისთვის მისაღებ სამუშაოზე მოწყობას. ბ. გ. დასთანხმდა შეთავაზებას მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო. 2008 წლის 11 მაისს ბ. გ. გაემგზავრა ა------------ის რესპუბლიკიდან თ--------ის რესპუბლიკაში, ქ. კ-------ში, სადაც მას დახვდა ნ. გ----–-, რომელმაც იგი მიიყვანა საკუთარ ბინაში. აღნიშნული დღიდან 2008 წლის 10 ივნისამდე დროის მონაკვეთში ნ. გ----–- ბ.გ.-ს უწევდა სექსუალურ ექსპლუატაციას, რითაც იგი იღებდა შემოსავალს.

 

ასევე, 2008 წლის ივნისის შუა რიცხვებში ნ. გ----–მა თ--------ის რესპუბლიკიდან დაურეკა ა------------ის რესპუბლიკაში მყოფ ბ.გ.-ს და მოტყუებით დაჰპირდა, რომ გადაუხდიდა იმ თანხის ნაწილს, რასაც ბ.გ.-ს, მისივე ზედამხედველობით, თ--------ის რესპუბლიკაში, ქ. კ-------ში, სექსუალური მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უხდიდნენ. ბ. გ. დასთანხმდა თ--------ში გამგზავრებას მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო. 2008 წლის 18 ივნისს ბ.გ. გაემგზავრა თ--------ის რესპუბლიკაში, ქ. კ-------ში, სადაც მას დახვდა ნ. გ----–- და საკუთარ ბინაში მიიყვანა. აღნიშნული დღიდან 2008 წლის 16 ივლისამდე დროის მონაკვეთში ნ. გ----–- ბ.გ.-ს უწევდა სექსუალურ ექსპლუატაციას, რითაც იგი იღებდა შემოსავალს. ნ. გ----–- სარგებლობდა ბ. გ.-ს მძიმე მატერიალური მდგომარეობით და მის სექსუალურ ექსპლუატაციას ასევე აგრძელებდა 2008 წლის აგვისტოდან 2012 წლის თებერვლამდე დროის მონაკვეთშიც.

 

2011 წლის დეკემბრის ბოლოს ნ. გ----–მა ა------------ის რესპუბლიკიდან მოტყუებითა და მატერიალური სიდუხჭირის ბოროტად გამოყენებით, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, გადაიბირა ს.გ. და გ.ჯ.. 2012 წლის 31 იანვარს, ნ. გ----–-ს მითითებების შესაბამისად, ე. ტაკაჯაკოვამ ს.გ. და გ.ჯ. ა------------ის ქ. განჯიდან თ--------ის ქ. კ-------ში გააცილა, სადაც მათ დახვდა ნ. გ----–- და საკუთარ ბინაში მიიყვანა. აღნიშნული დღიდან 2012 წლის 29 თებერვლამდე დროის მონაკვეთში ნ. გ----–- ეწეოდა ს.გ.-სა და გ.ჯ.-ს სექსუალურ ექსპლუატაციას, რითაც იგი იღებდა შემოსავალს.

 

ასევე, 2012 წლის მარტის დასაწყისში ნ. გ----–მა თ--------ის რესპუბლიკიდან დაურეკა ა------------ის რესპუბლიკაში მყოფ ს.გ.-სა და გ. ჯ.-ის და დაჰპირდა, რომ გადაუხდიდა იმ თანხის ნაწილს, რომელსაც ისინი, მისივე ზედამხედველობით, ქ. კ-------ში სექსუალური მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უხდიდნენ, რასაც აღნიშნული პირები დასთანხმდნენ. 2012 წლის 3 მარტს ისინი გაემგზავრნენ თ--------ის რესპუბლიკაში, ქ. კ-------ში, სადაც მათ დახვდა ნ. გ----–- და საკუთარ ბინაში მიიყვანა. აღნიშნული დღიდან 2012 წლის 4 აპრილამდე დროის მონაკვეთში ნ. გ----–- ეწეოდა ს.გ.-სა და გ.ჯ.-ს სექსუალურ ექსპლუატაციას. ნ. გ----–- იყენებდა ს.გ.-სა და გ.ჯ.-ს მძიმე მატერიალურ მდგომარეობას და ამ პირების სექსუალურ ექსპლუატაციას ასევე ეწეოდა 2012 წლის 12 აპრილიდან 2012 წლის 6 მაისამდე დროის მონაკვეთშიც თ--------ის რესპუბლიკის ქ. კ-------ში.

 

3. ნ. გ----–-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

 

3.1 2018 წლის 30 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ნ. გ----–-ს ექსტრადიციის თაობაზე ა------------ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და სხვა შესაბამისი დოკუმენტები.

 

3.2 2018 წლის 3 აგვისტოს ნ. გ----–- ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

 

3.3 2018 წლის 4 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ნ. გ----–-ს მიმართ გამოყენებულ იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

 

3.4 2018 წლის 15 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ნ. გ----–-სა და მისი ადვოკატის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 4 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

 

3.5 2018 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ნ. გ----–-ს ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.

 

3.6 2018 წლის 1 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ნ. გ----–-ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 3 თებერვლამდე.

 

3.7 2019 წლის 30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ნ. გ----–-ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 3 მაისამდე.

 

4. 2019 წლის 25 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა ნ----------- გ----–-ს თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის ა------ის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, 2 დაზარალებულის მიმართ) და ასევე, ნურეთინ გ----–-ს ა------------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ა------------ის რესპუბლიკის ქ. ბ----ს ნარიმანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაში ნ. გ----–-ს მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ და დასჯადია ა------------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 144-1.2.1, 144-1.2.2 და 144-1.2.5 მუხლებით (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ).

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

 

5.1 დასაშვებად იქნა ცნობილი ნ----------- გ----–-ს თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით განაჩენთან დაკავშირებით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ--------ის რესპუბლიკის ა------ის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, 2 დაზარალებულის მიმართ).

 

5.2 დასაშვებად იქნა ცნობილი ნ----------- გ----–-ს ა------------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა------------ის რესპუბლიკის ქ. ბ----ს ნარიმანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაში ნ. გ----–-ს მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ და დასჯადია ა------------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 144-1.2.1, 144-1.2.2 და 144-1.2.5 მუხლებით (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ).

 

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ნ----------- გ----–-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ----- ტ-------ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმებას ნ----------- გ----–-ს ა------------ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებობის ნაწილში, იმ მოტივით, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის რეალური რისკი - იგი შესაძლებელია დაექვემდებაროს წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და დასჯას; ამასთან, ვინაიდან ნ----------- გ----–-ს ოჯახის წევრები ცხოვრობენ თ--------ის რესპუბლიკაში, არსებობს ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის რისკიც.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. ა------------ის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ნ. გ----–- საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 3 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

 

4. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას ადამიანის უფლებების დარღვევის რისკთან მიმართებითაც და დამატებით აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის არგუმენტად უთითებს ზოგად ინფორმაციას ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. მოცემულ შემთხვევაში ნ. გ----–-ს მიმართ დევნის მანიშნებელი რაიმე ინფორმაცია წარმოდგენილ მასალებში არ მოიპოვება.

 

5. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ა------------ის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ნ----------- გ----–-ს (ნ----------- გ-----–-) ექსტრადიცია არ მოითხოვება მის მიმართ პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური ნიშნით დევნის მიზნით და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ნ----------- გ----–- (ნ----------- გ-----–-) არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. ამასთან, იგი ისარგებლებს დაცვის ყველა შესაძლებლობით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით.

 

6. რაც შეეხება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, კასატორის მითითებით, მისი დარღვევის რისკს ქმნის ის ფაქტი, რომ ნ----------- გ----–-ს ოჯახის წევრები თ--------ის რესპუბლიკაში ცხოვრობენ. გასათვალისწინებელია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად შესაძლოა გახდეს მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში. ამასთან, საქმეში არსებულმა საგამონაკლისო გარემოებებმა ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს. განსახილველ შემთხვევაში ნ. გ----–თან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ მას საქართველოში არ ჰყავს ახლო ნათესავი, მისი განმარტებით, ცოლი და სრულწლოვანი შვილი ცხოვრობენ თ--------ის რესპუბლიკაში, ხოლო მეგობარი ქალი - ა------------ის რესპუბლიკაში. ამდენად, ნ----------- გ----–-ს ოჯახური ცხოვრება ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებებით ვერ გადაწონის ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს.

 

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ----------- გ----–-ს (ნ----------- გ-----–-ს) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- ტ-------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე