განჩინება

სისხლის სამართლის 02.04.2019
საქმის ნომერი
050100117001840869
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100117001840869

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№616აპ-18 ქ. თბილისი

ხ--------- ა-–----------, 616აპ-18 2 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პ----- სილაგაძე, პ----- ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა-–---------- ხ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- კ----------ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ა-–---------- ხ---------, – დ----------–-------–-–----------------ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 29 დეკემბრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–---------- ხ---------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2016 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--–---------ში ა-–---------- ხ---------ს შელაპარაკება მოუხდა თანასოფლელ ზ----- ღ-–-----თან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ა-–---------- ხ---------ს სახეში რამდენჯერმე მოხვდა ზ----- ღ-–-----ის მიერ მოქნეული ხელი, რაზეც განაწყენდა და განზრახ მოკვლის მიზნით ხელთ არსებული დანა გულმკერდის წინა, მარცხენა ნახევარში დაარტყა ზ----- ღ-–-----ს, რომელსაც განუვითარდა გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, პარიესული და ვისცერული პლევრის ფურცლების, ფილტვის ქსოვილის, პერიკარდის, აღმავალი აორტის წინა კედლის გამჭოლი დაზიანებით, მარცხენამხრივი პრევმოთორაქსი. მიღებული დაზიანებით ზ. ღ-–-----ი გარდაიცვალა, ხოლო ა. ხ---------მ თავისი განზრახვა ჩათვალა სისრულეში მოყვანილად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ა-–---------- ხ--------ის გამართლებას.

 

5. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძე შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ა-–---------- ხ--------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ:

 

8.1. მოწმეების – ა-–---------- ხ--------ის, ნ-----–- გ---–--–---–ისა და ნ--- ჭ---–---–ის ჩვენებებით უდავოდაა დადასტურებული ზ----- ღ-–-----სა და ა-–---------- ხ---------ს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

 

8.2. სსიპ ლ---- სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 2 მარტის №--------- დასკვნის თანახმად, ზ----- ღ-–-----ის გვამს გულმკერდის მარცხენა ნახევარში აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, პარიესული და ვისცერული პლევრის ფურცლების, ფილტვის ქსოვილის, პერიკარდის, აღმავალი აორტის წინა კედლის გამჭოლი დაზიანებით, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი, მწვავე სისხლნაკლებობა, ნაკვეთი ჭრილობა და სისხლნაჟღენთი – მარცხენა ყვირიმალის არეში, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები – ცხვირისა და ქვედა ტუჩის არეში. გულმკერდის ღრუში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, სიცოცხლისდროინდელია, პირდაპირი კავშირი აქვს დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან და ცოცხალ პირებში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ.

 

8.3. სსიპ ლ---- სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 7 აპრილის №--------- დასკვნით, ნ-----–- გ---–--–---–ის მიერ წარმოდგენილ ჯემპრზე (პერანგზე) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ----- ღ-–-----ს. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნინო კვიწინაძემ.

 

8.4. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2017 წლის 5 ივნისის №--------- დასკვნის თანახმად, ზ----- ღ-–-----ის ქურთუკის ზედაპირზე არსებულ მუქ, მორუხო-მწვანე პოლიაკრილის ბოჭკოებს საერთო-გვარობრივი კუთვნილება გააჩნია ა-–---------- ხ--------ის მოშავო სვიტერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება ბაცი მოხაკისფრო პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო-გვარობრივი კუთვნილება ნ-----–- გ---–--–---–ის პულოვერის მომწვანო-მოხაკისფრო ნართის შემადგენელ ბოჭკოებთან. ნ-----–- გ---–--–---–ის საღამური კაბის ზედაპირზე არსებულ ბოჭკოებს აქვს საერთო-გვარობრივი კუთვნილება ა-–---------- ხ--------ის შარვლის ქსოვილსა და ზ----- ღ-–-----ის ჯინსის შარვლის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან. ა-–---------- ხ--------ის მოშავო ფერის სვიტერის ზედაპირზე არსებული მომწვანო-რუხი, მოყავისფრო ბამბის ბოჭკოებს საერთო-გვარობრივი კუთვნილება გააჩნია ზ----- ღ-–-----ის ქურთუკისა და ჯინსის შარვლის ქსოვილებში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ნაილი ამაშუკელმა.

 

8.5. მოწმეებმა – კ------- ს--------–--ემ და პ----- გ--------–--ემ მოწმის სახით ჩვენების მიცემის დროს დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ზ----- ღ-–-----მა გარდაცვალებამდე პ----- გ--------–--ეს უთხრა, რომ დანა დაარტყა ა-–---------- ხ---------მ.

 

8.6. 112-ში შესული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს, 23:06 საათზე, ო----------ის რაიონის სოფელ მ--–---------იდან 112-ს დაუკავშირდა ზ----- ღ-–-----ი, რომელიც იყო დაჭრილი და ითხოვდა სასწრაფო დახმარებას.

 

8.7. გარდა ამისა, ა-–---------- ხ--------ის ბრალეულობა დადასტურებულია 2016 წლის 29 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა – ნ-–- ც---------ემ, შ--- თ----------ემ, ე------ კ-----–--ემ, ნ------ ც---–--ემ, გ--- ვ----–--მა დაადასტურეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები.

 

9. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის 2017 წლის 23 აგვისტოს №R20.1-----------. დასკვნას და თავად ექსპერტ მ--- ნ-----–--–---–ის ჩვენებას, აღნიშნულითაც დადასტურებულია, რომ ზ----- ღ-–-----ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა; მას გულმკერდის ღრუში მიყენებული ჰქონდა ერთი შემავალი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივი კავშირი აქვს ზ----- ღ-–-----ის სიკვდილთან.

 

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრების მოთხოვნას ა-–---------- ხ--------ის უდანაშაულოდ ცნობისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ა-–---------- ხ--------ის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

 

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა-–---------- ხ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- კ----------ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე