განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117001925925
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№692პ-18 ქ. თბილისი
ა--------ი ჰ----–, 692აპ-18 25 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჰ----– ა--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- მ------–---–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ჰ----– ა--------ი, – დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 9 აპრილიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჰ----– ა--------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 9 აპრილს, ღამით, დაახლოებით 01:20 საათზე, თ--–--ის რაიონის სოფელ ყ--------–-ში მდებარე რესტორან „ს-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, რ----- ა------ის კუთვნილი „ვაზ 21-06“ მოდელის ავტომობილიდან, სახ. №---------, ჰ----– ა--------ი შეეცადა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა 250 ლარად ღირებულ „სონის“ ფირმის მაგნიტოფონს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ ჰ----– ა--------ს ქურდობა არ უცდია და საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები მისი ბრალეულობის დასადასტურებლად, გარდა დაზარალებულისა და სამი მოწმის ჩვენებებისა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება მოწმეების: რ----- ა------ის, აქიფ ნიაზოვის, ვაჰიდ ოსამოვისა და რასიმ მუსაევის ჩვენებებით, მათ თვითონ დაინახეს დაზარალებულის ავტომანქანაში მჯდარი ჰ----– ა--------ი, რომელსაც ხელში მაგნიტოფონის პანელი ეჭირა, ავტომანქანის ე.წ. „ბარდაჩოკი“ იყო გახსნილი, ხოლო წინა სავარძლებს შორის არსებული ბარი – მოხსნილი. ამ მოწმეთა ჩვენებების უტყუარობა და არეულობა ავტომობილში დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე – შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების – გიორგი ჭიბალაშვილის, ნიკოლოზ ტურაშვილისა და გიორგი ჩიკვაიძის ჩვენებებით.
8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში შეკრებილია უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ჰ----– ა--------ის ბრალეულობის დასადასტურებლად, რის გამოც საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჰ----– ა--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- მ------–---–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე