განჩინება

სისხლის სამართლის 25.04.2019
საქმის ნომერი
330100118002510444
თარიღი
25.04.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002510444

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№700აპ-18 ქ. თბილისი

ქ-----–---–ი ა-–----------, 700აპ-18 25 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა-–---------- ქ-----–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ა-–---------- ქ-----–---–ი, – დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 5 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ასევე შთანთქა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ა-–---------- ქ-----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 16 აგვისტოდან.

 

2. ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ გ------- ღ------–---–ს შორის, რომლის თანახმად, გ------- ღ------–---–ი, – დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლით, ხოლო მე-19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. ღ------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–---------- ქ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ასევე – ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით ა-–---------- ქ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

· 2017 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 18:28 საათზე, თ---–--–ი, თ-------------–----------------------------------------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს „ო----------ის“ №---ე მაღაზიაში, ქურდობისათვის ნასამართლევი ა-–---------- ქ-----–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 26 ლარად და 50 თეთრად ღირებულ, 200 მლ ტევადობის ერთ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელ „ჯეკ დენიელს“ და საფასურის გადახდის გარეშე გაიტანა მაღაზიიდან, რის შედეგადაც შპს „ო---------ს“ მიადგა 26 ლარისა და 50 თეთრის ქონებრივი ზიანი.

 

· 2017 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 23:01 საათზე, თ---–--–ი, თ-------------–----------------------------------------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს „ო----------ის“ №---ე მაღაზიაში, ქურდობისათვის ნასამართლევი ა-–---------- ქ-----–---–ი გ------- ღ------–---–თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 22 ლარად და 50 თეთრად ღირებულ, 1ლ ტევადობის ერთ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელ „მედოფი როიალს“ და საფასურის გადახდის გარეშე გაიტანა მაღაზიიდან, რის შედეგადაც შპს „ო---------ს“ მიადგა 22 ლარისა და 50 თეთრის ქონებრივი ზიანი.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-–---------- ქ-----–---–მა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებასა და სასჯელის ვადის ათვლას დაკავების დღიდან, ასევე – პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები, და მსჯავრდებულ ა-–---------- ქ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საკასაციო პალატას სამართლიანად მიაჩნია და მისი კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა – №1149აპ-10; №67აპ-16; №296აპ-12; №334აპ-17; №62აგ-17; №13აპ-17).

 

8. რაც შეეხება სასჯელის ვადის ათვლას, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ა-–---------- ქ-----–---–ი მოცემული დანაშაულისათვის დაკავებული არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობისას დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან – ანუ 2018 წლის 16 აგვისტოდან.

 

9. საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების შესაბამისად, საპროცესო შეთანხმება იდება პროკურორთან.

 

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა-–---------- ქ-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე