განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002181576
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№652აპ-18 ქ. თბილისი
გ--------- გ-------, 652აპ-18 25 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- გ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებთი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენით გ------- გ---------, – დ----------–-------–-–-----------ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 ოქტომბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ---–--–ი, თ-----------------------–-------- კორპუსის მიმდებარედ, გ. გ---------ს შელაპარაკება მოუხდა ზ----- ლ---------–---–თან. განაწყენებულმა გ. გ---------მ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ზ----- ლ---------–---–ს კისრის, გულმკერდისა და სხეულის სხვა მიდამოში მიაყენა შვიდი ჭრილობა, რა დროსაც დაუზიანა ზურგის ტვინი. ზ----- ლ---------–---–ი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა შეუნარჩუნეს სიცოცხლე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და გ. გ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ალტერნატივის სახით კასატორი ითხოვს გ. გ--------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებასა და მინიმალური სასჯელის დანიშვნას.
6. კასატორის მოსაზრებით, დაზარალებულს სიცოცხლისათვის სახიფათო მხოლოდ ერთი დაზიანება აქვს მიყენებული. როდესაც ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი, იგი შეიარაღებული იყო დანით, დაზარალებული კი განიარაღებული იწვა მიწაზე. ბრალდებულმა წასვლამდე აკრიფა ნივთები (ხელჩანთა), ამ დროს დაზარალებულს გონება დაკარგული არ ჰქონდა. მსჯავრდებულს კიდევ ჰქონდა შესაძლებლობა, დაზიანება მიეყენებინა ლ---------–---–ისათის, რაც არ გააკეთა. გ. გ--------ისთვის ნათელი იყო, რომ დაზარალებული მიიღებდა სამედიცინო დახმარებას.
7. კასატორი უთითებს, რომ არასწორია აუცილებელი მოგერიება მხოლოდ იმის გამო გამოირიცხოს, რომ გასროლა გ. გ--------ის თავდასხმის შემდეგ მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ლ---------–---–ი წინ გაუძღვა გ. გ---------ს და დაპირისპირდნენ; შესაბამისად, არ არის გამორიცხული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა გასროლამდე შექმნილიყო. ამასთან, ცეცხლსასროლ იარაღს სისხლის კვალი არ აღენიშნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლ---------–---–მა იარაღი სისხლის დაღვრამდე მოიმარჯვა.
8. ბრალის დადასტურების შემთხვევაში გ. გ---------ს სასჯელის მინიმუმი უნდა მიესაჯოს, ვინაიდან პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №424აპ-16 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ამასთან, დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
12. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე განიხილა და შეაფასა აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულო წინაპირობათა ელემენტები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. თ. მოსემღვდლიშვილმა მიუთითა, რომ ზ. ლ---------–---–ს პირველი სწორედ გ. გ--------- თავს დაესხა ზურგიდან და მიაყენა ჭრილობები. მოწმე თ. ჯ------მა განმარტა, რომ მან დაინახა, თუ როგორ ამოიღო გ. გ---------მ, სავარაუდოდ, შავი ჩანთიდან, შავტარიანი დანა და მეორე ბიჭს მარცხენა მხარეს, ხერხემალთან გაუყარა. ის, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა დაზარალებულისათვის დანით ჭრილობების მიყენების შემდეგ, დადასტურებულია მოწმეების - თ. ჯ------ის, ს. შეყელაძისა და ი. მ------–---–ის ჩვენებებით.
13. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, საკასაციო პალატა ამ ნაწილში აგრეთვე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ ზ. ლ---------–---–ისათვის მიყენებულ დაზიანებათა სიმრავლე (მათ შორის - გულმკერდის მიდამოში, მარცხნივ, ბეჭის ხაზზე, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო იყო) მიუთითებს მსჯავრდებულის სურვილზე, მოეკლა დაზარალებული.
14. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები (მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, კერძოდ, რომ დაზარალებულს მიყენებული დაზიანებების გამო დღემდე აქვს პრობლემები), ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ------- გ---------ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------- გ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე