განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802219002946125
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№17I-19 ქ. თბილისი
ჯ------ დ--------, 17I-19 2 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - თემურ ცინდელიანის
ადვოკატ - ა---- ა--------ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ------ დ--------ს (C----- D------) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა---- ა--------ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ. დ--------ს მიმართ თ--------ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1 თ--------ის რესპუბლიკის ა-------ის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განაჩენით ჯ------ დ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ თ--------ის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილითა (ადამიანებით ვაჭრობა) და 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა ან პროსტიტუციაში შუამავლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.2 აღნიშნული განაჩენი თ--------ის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით კანონიერ ძალაში შევიდა.
1.3 2017 წლის 25 მარტს თ--------ის რესპუბლიკის ა-------ის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ჯ------ დ--------ს დაკავების ბრძანება.
2. ჯ. დ--------ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2018 წლის 30 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ--------ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჯ------ დ--------.
2.2 მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ჯ------ დ--------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.3 2018 წლის 5 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჯ------ დ--------ს ექსტრადიციის თაობაზე თ--------ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.
2.4 თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2018 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ჯ------ დ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
2.5 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ჯ------ დ--------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 28 თებერვლამდე.
2.6 2018 წლის 21 დეკემბერსა და 2019 წლის 4 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიერ თ--------ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ჯ------ დ--------ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით. აღნიშნული დამატებითი ინფორმაცია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო 2019 წლის 11 იანვარსა და 2019 წლის 21 მარტს.
2.7 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით ჯ------ დ--------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 28 მაისამდე.
3. თ--------ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ჯ------ დ--------ს მიერ თ--------ის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2007 წლის 27 დეკემბერს ჯ------ დ--------მ, პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით, არალეგალური გზით, საზღვარგარეთიდან თ--------ის რესპუბლიკაში, ქალაქ ა-------ში, ჩაიყვანა უცხო ქვეყნის მოქალაქე - გ. ტ., რომელიც განზრახ შეიყვანა შეცდომაში და დაარწმუნა, რომ მას თ--------ის რესპუბლიკაში, კონკრეტულ დაწესებულებაში, დაასაქმებდნენ. თ--------ის რესპუბლიკაში ჩაყვანის შემდეგ, გ. ტ.-ს ჯ------ დ-------- მისსავე საკუთრებაში არსებულ სასტუმროებსა და კაზინოებში, ფულადი თანხის სანაცვლოდ, კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო სექსუალური მომსახურების გაწევით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თვითონ ისაკუთრებდა.
4. 2019 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ჯ------ დ--------ს (C----- D------) თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ--------ის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილითა (ადამიანებით ვაჭრობა) და 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა ან პროსტიტუციაში შუამავლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მის მიმართ თ--------ის რესპუბლიკის ა-------ის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2014 წლის 26 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
5.1 დასაშვებად იქნა ცნობილი ჯ------ დ--------ს (C----- D------) თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ--------ის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილითა (ადამიანებით ვაჭრობა) და 227-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციის ხელშეწყობა, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა ან პროსტიტუციაში შუამავლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მის მიმართ თ--------ის რესპუბლიკის ა-------ის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2014 წლის 26 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჯ------ დ--------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა---- ა--------ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმებას, იმ მოტივით, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის რისკი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. თ--------ის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჯ. დ-------- საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 30 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.
4. კასატორის მითითებით, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის რისკს ქმნის ის ფაქტი, რომ ჯ------ დ--------ს მეუღლე - ნინო ჩ--–-------–---–ი საქართველოში ცხოვრობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად შესაძლოა, გახდეს მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში. ამასთან, საქმეში არსებულმა საგამონაკლისო გარემოებებმა ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს. განსახილველ შემთხვევაში ჯ. დ-------თან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ თ--------ის რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი ყოფილი მეუღლე, ორი შვილი, დედა და სამი ძმა, ხოლო ა------------ის რესპუბლიკაში - მისი ყოფილი მეუღლე და 2 შვილი. ამასთან, ნინო ჩ--–-------–---–ს აქვს თ--------ის რესპუბლიკაში ცხოვრების გამოცდილება - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2009-2015 წლებში ნ. ჩ--–-------–---–მა საქართველოსა და თ--------ის რესპუბლიკის საზღვარი ოცდაშვიდჯერ გადაკვეთა. ამდენად, ჯ------ დ--------ს ოჯახური ცხოვრება ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებებით ვერ გადაწონის ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ------ დ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა---- ა--------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე