განჩინება

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
200100117001832687
თარიღი
23.04.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100117001832687

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№647აპ-18 ქ. თბილისი

მ------–---–ი კ-------, 647აპ-18 23 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თეა ბერიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით კ---------------–---–ს, –-------------–-------–-–--------------- ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2015 წელს ნ-----–---- ე---------ემ გადაწყვიტა, ს--------ოს რაიონის სოფელ ხ-–-ში წამოეწყო ბიზნესსაქმიანობა, რისთვისაც დაუკავშირდა თავის ნაცნობ კ---------------–---–ს, რომელსაც შეუთანხმდა, რომ თვითონ დააფინანსებდა, ხოლო კ. მ------–---–ს ზედამხედველობა უნდა გაეწია ნ-----–---- ე---------ის კუთვნილი ქონებისათვის, სანაცვლოდ კი მისგან მიიღებდა გარკვეული სახის შემოსავალს. ნ-----–---- ე---------ემ 1100 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა, რაც დროებითი სარგებლობისათვის გადასცა კ---------------–---–ს. ნ. ე---------ემ მას მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად ასევე გადასცა 1340 ლარი. ამ ნაკვეთზე მოიყვანეს 4 ტონა სიმინდი, რომელიც დაასაწყობეს კ. მ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში. ამავდროულად, ნ-----–---- ე---------ემ ბიზნესის გაფართოებისათვის გადაწყვიტა, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შეეძინა ბალახის ტუკები, რომელთა დასამზადებელი თანხა – 6000 ლარი გადასცა კ---------------–---–ს და სთხოვა აღნიშნულ საქმიანობაში დახმარება. ნ-----–---- ე---------ემ ასევე 100 ლარად შეიძინა ორი გოჭი, რომლებიც მოსავლელად მიუყვანა კ. მ------–---–ს. 2016 წლის ბოლოს კ---------------–---–მა გადაწყვიტა, რომ თავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული ნ-----–---- ე---------ის კუთვნილი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან, წინასწარი შეთანხმების გარეშე, მოახდინა ნ. ე---------ის კუთვნილი ქონების რეალიზაცია, მიღებული შემოსავალი კი გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ-----–---- ე---------ეს მიადგა 13000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი.

 

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით კ---------------–---–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; იგი დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.

 

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თეა ბერიძე ითხოვს მსჯავრდებულ კ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ ნ-----–---- ე---------ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მითვისების ფაქტი დადასტურებულია საქმის მასალებით, ხოლო ბრალდების შესახებ დადგენილება კი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ---------------–---–ის ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში.

 

9. რაც შეეხება ბრალდების შესახებ დადგენილებას, მოცემულ შემთხვევაში მასში აღნიშნულია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის მთლიანი ოდენობა, ხოლო პირის მიერ ჩადენილი თითოეული ქმედება – რა მიზნით რა რაოდენობის თანხა გადასცა დაზარალებულმა ბრალდებულს – სრულყოფილად არ არის აღწერილი. ამიტომ გაურკვეველია, რის საფუძველზე განისაზღვრა საბოლოოდ მიყენებული ზიანი 13000 ლარის ოდენობით, ამასთან, ბრალდების დადგენილებაში მითვისებული თანხის ნაწილი უცხოურ ვალუტაშია წარმოდგენილი და მისი ეკვივალენტი ლარი არ არის გამოთვლილი. აღნიშნულს დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირის ქმედების კვალიფიკაციისა და მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დროს. ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული თანხა ჯამურად – 7540 ლარი და 1100 აშშ დოლარია. დაზარალებულის ჩვენებაში მითითებული 3000 ლარი (ბალახის მოსაყვანი მიწების დასაჯავშნად) და 600 ლარი (სხვადასხვა ხარჯისათვის) ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის ასახული. შესაბამისად, სასამართლო ვერ გასცდება ბრალდების ფარგლებს და კ---------------–---–ის მიერ იმ ქმედების ჩადენას დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რასაც მას ბრალდების მხარე არ ედავება. ამდენად, ფაქტი, რომ მსჯავრდებულის მიერ მითვისებული თანხა აჭარბებს დიდ ოდენობას, ანუ 10000 ლარს, არ არის დადასტურებული.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თეა ბერიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე