განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002426944
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№631აპ-18 ქ. თბილისი
ტ--------ი ს--------, 631აპ-18 17 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს-------- ტ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- მ-----–-–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენით ს-------- ტ--------ი, --------------–-------–--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენში ს-------- ტ--------ის მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ: ს-------- ტ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
მსჯავრდებულ ს-------- ტ--------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 სექტემბრიდან.
ს-------- ტ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-------- ტ--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ
ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1- აპრილს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე დროის შუალედში, ა---–---–-------------- სოფელ მ--------ში ნასვამმა ს-------- ტ--------მა დააზიანა მამის - მ--–---- ტ--------ის კუთვნილი „ტოიოტა რავ-4-ის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი: „J------“) საქარე მინები, რის შედეგადაც მ--–---- ტ--------ს მიადგა 750 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს-------- ტ--------მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ----- მ-----–-–---–მა, რომლებმაც ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავოდ არ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და იგი სამართლიანია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდებისას, სხვა გარემოებენთან ერთად, გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები (2018 წლის 10 აპრილს ს-------- ტ--------ის მიმართ, მამის - მ--–---- ტ--------ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით გაიცა შემაკავებელი ორდერი, ხოლო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აპრილის დადგენილებით შემაკავებელი ორდერის მოთხოვნათა დარღვევისათვის ს-------- ტ--------ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არ აღმოჩნდა დამაფიქრებელი და ვერ მოახდინა პრევენციული გავლენა), ასევე გაითვალისწინა დანაშაულის ხასიათი (ს-------- ტ--------ი მსჯავრდებულია ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის, დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაც მომეტებულად გასაკიცხია), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ნასვამმა ს-------- ტ--------მა ხის ნაჭრის გამოყენებით დააზიანა მანქანის საქარე მინები) და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება.
8. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს-------- ტ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- მ-----–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე