განჩინება

სისხლის სამართლის 01.05.2019
საქმის ნომერი
330100117001892713
თარიღი
01.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001892713

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№671აპ-18 ქ. თბილისი

მ------–-–---–- ბ------, 671აპ-18 1 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ბ------ მ------–-–---–-სა და მ----- მ------–-–---–-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:

 

ბ------ მ------–-–---–- - დაბადებული 1----–-–---------------–ს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 12 მარტიდან.

 

მ----- მ------–-–---–-, - დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ----- მ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 12 მარტიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------ მ------–-–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მ----- მ------–-–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულები - ბ------ მ------–-–---–- და მ----- მ------–-–---–- ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

6. კასატორების მითითებით, მათ არ აღიარეს დანაშაულის ჩადენა და მიუთითეს თავიანთი უფლებების დარღევის თაობაზე (მათ შორის: კანონის დარღვევით პოლიციაში გადაყვანის შესახებ). ორივე მსჯავრდებული იყო დასაქმებული, ჰქონდათ ყოველთვიური შემოსავალი და შესაბამისად, მოტივი ქურდობის, მითუმეტეს ისეთი ნივთებისა, რომლებსაც ღირებულება არ გააჩნდათ - არ ჰქონიათ; განაჩენი მხოლოდ დამკავებელი პირების ჩვენებებს ემყარება, რომელთა შინაარსი პრაქტიკულად იდენტური და არადამაჯერებელია; საქმეში არ მოიპოვება დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, არ აუღიათ სუნის ნიმუში ან/და გენეტიკური პროფილი.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების - გ------- ქ--------–ის, ვ-–-------- პ----ის, ბ------ ჯ---–---–ის, ბ------ გ---------ისა და დაზარალებულ ო-–---- წ----–----ას ჩვენებებით, ბ------ მ------–-–---–-ს პირადი ჩხრეკისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით) უტყუარად დასტურდება მ----- მ------–-–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ბ------ მ------–-–---–-ს მიერ - საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი (ო-–---- წ----–----ას ეპიზოდი).

 

10. რაც შეეხება მ----- მ------–-–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (ა-–---- ქ------–--ის ეპიზოდი), საკასაციო პალატა ამ ნაწილში აგრეთვე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაზარალებული მოწმის - ა-–---- ქ------–--ის, ბ------ გ---------ისა და ბ------ ჯ---–---–ის ჩვენებები, მ----- მ----–-–---–ის პირადი ჩხრეკისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი უტყუარად ადასტურებს მ. მ------–-–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

11. ამასთან, დაცვის მხარის მითითებას პოლიციელების ჩვენებების იდენტურობასა და არადამაჯერებლობაზე საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას.

 

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულების - ბ------ მ------–-–---–-სა და მ----- მ------–-–---–-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე