განჩინება

სისხლის სამართლის 07.05.2019
საქმის ნომერი
200100117002025012
თარიღი
07.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100117002025012

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№712აპ-18 ქ. თბილისი

ტ----–---–- გ---, 712აპ-18 7 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ--- ტ----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი- თ------ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--- ტ----–---–ს, – დაბადებულს 1----–-–------------------ს, ნასამართლევს, – ბრალად დაედო ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განაჩენით გ--- ტ----–---–- გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

· 2017 წლის 8 ივნისს თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ც---–- ო--------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მისი ნათესავის – ვ--–------ კ--–--------–---–ის დაბადების დღის სუფრაზე სხვა სტუმრებთან ერთად იმყოფებოდნენ თავად ვ--–------ კ--–--------–---–ი, მ--- ვ-----–---–-, ნ-----–- ო--------–---–ი, მ---- ბ------–---–-, გ------- ვ-----–---–-, ვ---- ო--------–---–ი, გ-- ხ-----–---–- და გ--- ტ----–---–-. გვიან ღამით, უკვე 9 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის ეზოში გ--- ტ----–---–მა გ------- ვ-----–---–ს უმიზეზოდ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. სუფრის წევრების ნაწილმა გ------- ვ-----–---–- სახლში შეიყვანა, ხოლო გ--- ტ----–---–-ს დამშვიდებასა და ეზოდან ქუჩისკენ გაყვანას ცდილობდნენ ვ--–------ კ--–--------–---–ი და მისი მეუღლე მ--- ვ-----–---–-. მიუხედავად ამისა, გ--- ტ----–---–- ქუჩაშიც აგრძელებდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, ყვიროდა, იგინებოდა და გ------- ვ-----–---–-ს მოკვლით იმუქრებოდა, ამასთან, ცდილობდა სახლში შესვლს, რის საშუალებასაც მას სხვებთან ერთად არ აძლევდა ეზოს კარში მდგარი მ---- ბ------–---–-ც.

 

· გ--- ტ----–---–-ს მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გრძელდებოდა დაახლოებით ნახევარ საათს. ამ ხნის განმავლობაში ის არ ითვალისწინებდა საზოგადოების თხოვნას, არ წყვეტდა მუქარას, ყვირილსა და გინებას. ამასთან, ამ დროს მას ხელში ეჭირა დანა. ხმაურზე გაეღვიძათ და ქუჩაში გავიდნენ ც---–- ო--------–---–ის მეზობლად მცხოვრები ნ---- ლ--------–---–-, მისი ვაჟი გ------- ც----–-–---–- და ოჯახის სხვა წევრები. გ--- ტ----–---–მა, რომელიც კვლავ აგრძელებდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, დანის გამოყენებით გ------- ც----–-–---–ს მარჯვენა მხრის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა.

 

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით გ--- ტ----–---–- გამართლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 9 ივნისიდან.

 

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 8-9 ივნისის ღამეს მომხდარი ჩხუბის დროს გ--- ტ----–---–მა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით გ------- ც----–-–---–ს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენი შეიცვალა: გ--- ტ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა გ--- ტ----–---–-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იმ მოტივით, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც, სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად, შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას გ--- ტ----–---–-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ხულიგნობის დროს პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი, ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

 

9. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით (მოწმეების: გ------- ვ-----–---–-ს, მ---- ბ------–---–-ს, მ--- ვ-----–---–-ს, ნ---- ლ--------–---–-სა და სხვათა ჩვენებებით, ტანსაცმლის ამოღების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 14 ივნისის №003388517 და ბიოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 21 სექტემბრის №005348317 დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით) დასტურდება, რომ გ--- ტ----–---–- უმიზეზოდ, უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინებით, დანით ხელში, ძალადობითა და ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობასა და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. მისი ასეთი ქმედებით დაირღვა საზოგადოებრივი სიმშვიდე და მეზობლები გამოვიდნენ გარეთ. მიუხედავად საზოგადოების წევრების მოწოდებისა, გ--- ტ----–---–- აგრძელებდა დანაშაულებრივ ქმედებას, რომლის დროსაც ხელთ არსებული დანით მეზობელს – გ------- ც----–-–---–ს მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება.

 

10. მოწმე გ------- ვ-----–---–-ს ჩვენებით (რომლის სისწორის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია) დადგენილია, რომ გ--- ტ----–---–მა მას შეურაცხყოფა მიაყენა იმიტომ, რომ მან ტ----–---–ს სიგარეტი სთხოვა, რაც იმდენად უმნიშვნელო საბაბია, რომ არ შეიძლებოდა, გამოეწვია გ--- ტ----–---–-ს ასეთი არაადეკვატური რეაქცია. გასათვალისწინებელია ასევე გ--- ტ----–---–-ს ქცევა გ------- ვ-----–---–-ს სახლში შესვლის შემდეგ – იგი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში აგრძელებდა გინებას, ყვირილს, მუქარას და არ ემორჩილებოდა საზოგადოების მოთხოვნას, შეეწყვიტა წესრიგის უხეში დარღვევა.

 

11. ამდენად, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--- ტ----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

 

12. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ ი- თ------ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ--- ტ----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი- თ------ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე