განჩინება

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
330100117001944043
თარიღი
08.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001944043

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№701აპ-18 ქ. თბილისი

დ----–---- ა-----, 701აპ-18 8 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა----- დ----–----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით:

 

ა----- დ----–----, – დაბადებული 1----–-–--------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 10 მაისიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა----- დ----–---მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და სხეულში უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,304 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 38 აბი, რაც 2017 წლის 10 მაისს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს შპს ,,ნ--------------–ში“ არსებულ სამანიპულაციო ოთახში (მდებარე თ---–--–ი, კ--–-----------------ში), მას შემდეგ, რაც ა----- დ----–---მა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ნებაყოფლობით გამოდევნა სხეულიდან.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

4. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ა. დ----–----ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას.

 

5. კასატორის მითითებით, იგი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, მას ჰქონდა არა - 38, არამედ 6 აბი „სუბუტექსი.“ პოლიციელებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ნარკოტიკულ საშუალებას მსჯავრდებული ატარებდა სხეულით, ამდენად, რომ არა მისი მითითება, ისინი საერთოდ ვერ იპოვიდნენ ნარკოტიკს. საქმის წარმოება სპეციალურად გაჭიანურდა, რათა საქმის გამყალბებელ თანამშრომლებს თავი აერიდებინათ სწორი განმარტებებისგან და განეცხადებინათ: „არ მახსოვს, დიდი დროა გასული.“ ბრალდების მხარემ მხოლოდ საეჭვო მტკიცებულებები წარმოადგინა.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №96აპ-17 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

 

9. მოწმეების - ი. რ-----–---–ის, დ. მ-–---–----სა და თ. მ------–---–ის ჩვენებები, შპს „ნ-------------–ის“ რადიოლოგიური განყოფილების კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგები, 2017 წლის 10 მაისის ამოღების ოქმი, N--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა უტყუარად ადასტურებს ა. დ----–----ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

10. საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს (მათ შორის: ა. დ----–----ს დაკავების დროს უფლებების დარღვევასა და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების არადამაჯერებლობაზე). სხვა გარემოება კი, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი შეიძლება გამხდარიყო, დაცვის მხარეს საჩივარში არ მიუთითებია.

 

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა----- დ----–----ს საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე