განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117002081576
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№704აპ-18 ქ. თბილისი
მ----–--- ვ--–------, 704აპ-18 7 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ--–------ მ----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი-–-- გ---------სა და ა-----– დ---–-–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ვ--–------ მ----–---, – დ----------–-------–-–----------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 16 აგვისტოდან. მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–------ მ----–---მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
§ 2017 წლის 16 აგვისტოს ვ--–------ მ----–---მ დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა 6,207 გრამი – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები და აბის ნატეხები, რასაც უკანონოდ ინახავდა მოკლე შარვლის – შორტის მარჯვენა და მარცხენა ჯიბეებში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა 2017 წლის 16 აგვისტოს ბ------–ი, ლ-----------------------ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „მ-------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვ. მ----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ი-–-- გ--------ემ და ა-----– დ---–-–---–მა. მათ ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ვ--–------ მ----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმავე მოტივებით, რაზეც სააპელაციო საჩივარში ჰქონდათ მითითებული, კერძოდ: გამოძიება წარიმართა საგამოძიებო (ტერიტორიული) ქვემდებარეობის დარღვევით; ვ. მ----–--- ექვემდებარებოდა სავალდებულო დაცვას; სასამართლომ ისე გაიზიარა მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომ კრიტიკულად არ შეაფასა ისინი, მაშინ, როდესაც მათ შორის არის წინააღმდეგობა ვ. მ----–--ის დაკავების ადგილთან დაკავშირებით; საქმეში არ არის რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ბ------–ი მივლინებით ყოფნა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული ვ--–------ მ----–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებენ ადვოკატები.
9. რაც შეეხება კასატორთა საკასაციო საჩივრის კიდევ ერთ არგუმენტს – გამოძიების წარმართვას საგამოძიებო ქვემდებარეობის დარღვევით – საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არის საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის – გიორგი ბადაშვილის დადგენილება ვ--–------ მ----–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე №------------ სისხლის სამართლის საქმის საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსათვის გადაცემის შესახებ, შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით (ტ. 1-ლი, ს.ფ. 45).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ--–------ მ----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი-–-- გ---------სა და ა-----– დ---–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე