განჩინება

სისხლის სამართლის 10.05.2019
საქმის ნომერი
330100118002388990
თარიღი
10.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002388990

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№717აპ-18 ქ. თბილისი

კ-------–---- გ---, 717აპ-18 10 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ--- კ-------–----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ------- ჩ-------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით გ--- კ-------–----, – დაბადებული 1----–-–-----------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 25 ივლისიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--- კ-------–---მა ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2018 წლის 22 იანვარს, საღამოს საათებში, თ---–--–ი გ--- კ-------–----, ა–---- ა-–--------- და მათი თანმხლები ოთხი დაუდგენელი პირი შევიდნენ ა--------------------------------ში განთავსებულ რესტორან „ჩ--------–ში“, სადაც წინასწარი შეთანხმებისამებრ, ჯგუფურად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, კერძოდ, შესვლისთანავე დაიწყეს ხმამაღალი საუბარი და უმისამართო სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულით შეწუხდნენ რესტორანში მყოფი სხვა სტუმრები და მათმა ნაწილმა დატოვა რესტორნის ტერიტორია, ხოლო რესტორნის პერსონალმა შეწყვიტა მუშაობა. ასევე შეწუხდნენ რესტორნის მეორე სართულზე მდებარე სასტუმროში მყოფი სტუმრები და რესტორნის მფლობელები, რის გამოც, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რესტორნის პერსონალმა და მფლობელებმა – მ--- პ-----–---–მა, გ------- პ-----–---–მა და ზ----- პ-----–---–მა – მათ წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდეს. მიუხედავად ამისა, გ--- კ-------–---მა, ა–---- ალექსანიანმა და ამ ეტაპზე დაუდგენელმა ოთხმა პირმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და იმავდროულად მ--- პ-----–---–ს, გ------- პ-----–---–სა და ზ----- პ-----–---–ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ------- ჩ-------ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ--- კ-------–----სათვის ალტერნატიული სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული და ხელი შეუწყო მართლმსაჯულების სწრაფ და ეფექტურ განხორციელებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსჯავრდებულ გ--- კ-------–----ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. რაც შეეხება სასჯელს, გ--- კ-------–---ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული აქვს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულ გ--- კ-------–----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სხვა, ალტერნატიული სასჯელის გამოყენება.

 

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ--- კ-------–----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ------- ჩ-------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე