განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002394375
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№725აპ-18 ქ. თბილისი
ყ---–---- მ-------, 725აპ-18 13 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ------- ყ---–----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით მ------- ყ---–----, – დაბადებული 1----–-–------------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-111,117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 4 თებერვლიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ მ------- ყ---–----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ზ--------–ი, რ. ლ-----ის ქ. №--ში მდებარე ბინა №---ში, ურთიერთშელაპარაკების გამო ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალმა მ------- ყ---–----მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დანა ესროლა მეუღლეს – ე-–---- ჭ---------–-ას, რომელმაც მიიღო მუცლის ღრუში შეღმწევი, სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. მან ითხოვა საქმის ხელახლა განხილვა და კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ მ------- ყ---–----ს ბრალეულობა უტყუარადაა დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: 2018 წლის 4 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ ე-–---- ჭ---------–-ას, მოწმეების: ე---------- ჭ---------–-ას, ს-----–--- მ-----ას, მ------ ძ-----ას, მ------ ბ-------ას, ე-- მ---–----ას, ნ--- კ----ას, ბ------ რ------სა და სხვა გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 28 მარტის №---------, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 16 მაისის №---------, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 24 ივლისის №--------- დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით.
7. რაც შეეხება სასჯელს, მსჯავრდებულ მ------- ყ---–----ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული აქვს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულ მ------- ყ---–----სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ------- ყ---–----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე