განჩინება

სისხლის სამართლის 13.05.2019
საქმის ნომერი
330100118002428645
თარიღი
13.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002428645

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№753აპ-18 ქ. თბილისი

მ---------- ა-----------, 753აპ-18 13 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა----------- მ----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ-------- ს-----–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ა----------- მ----------, – დაბადებული 19---–-–-----------------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 29 მარტიდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა----------- მ----------მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

§ ა----------- მ----------მ, შემდგომი გასაღების მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 8,0365 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება, საიდანაც:

 

§ ნაწილი, 0,87 გრამი – დიდი ოდენობით „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება 2018 წლის 14 მარტს 200 აშშ დოლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ნანა ჰაჯისალიჰოღლუზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), რომლისგანაც ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ნებაყოფლობით ამოიღო საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა;

 

§ ნაწილი – 0,4668 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება 2018 წლის 26 მარტს 100 აშშ დოლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ნანა ჰაჯისალიჰოღლუზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), რომლისგანაც ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ნებაყოფლობით ამოიღო საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა;

 

§ ნაწილი – 0,3897 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება 2018 წლის 27 მარტს 100 აშშ დოლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ნანა ჰაჯისალიჰოღლუზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), რომლისგანაც ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ნებაყოფლობით ამოიღო საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა.

 

§ 2018 წლის 29 მარტს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ---–--–ი, ვ------- გ--------–ის გამზირის №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს ა----------- მ----------ს, რომლის დროსაც ამოიღეს 4,92 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება, ხოლო იმავე დღეს თ---–--–ი, ვ------- გ--------–ის გამზირის №---ში მდებარე, ბ-------ში ჩატარებული ა----------- მ----------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს 1,39 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ-------- ს-----–---–მა. მან ითხოვა სასჯელის ნაწილში განაჩენის გაუქმება და ა----------- მ----------სათვის მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის – 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული ა----------- მ----------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების – ჩადენა.

 

8. რაც შეეხება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ ა----------- მ----------სათვის განსაზღვრულ სასჯელს – 12 წლით თავისუფლების აღკვეთას – საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ის შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა----------- მ----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ-------- ს-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე