განჩინება

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
010141318700060643
თარიღი
16.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700060643

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№711აპ-18 ქ. თბილისი

ჯ------–-–---–- ვ--–------, 711აპ-18 16 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ--–------ ჯ------–-–---–-სა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის განაჩენით ვ--–------ ჯ------–-–---–-, – დაბადებული 1----–-–--------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ვ--–------ ჯ------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა,“ „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 29 აგვისტოდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ვ--–------ ჯ------–-–---–- მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განაჩენით გასამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108–ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. სასჯელის მოხდისგან იგი ვადაზე ადრე გათავისუფლდა 2015 წლის 27 ნოემბერს და ითვლებოდა ნასამართლევად. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ვ--–------ ჯ------–-–---–- არაოფიციალურად დაქორწინდა ე---------- ა--–-----–ზე და საცხოვრებლად გადავიდა მასთან, თ---–--–ი, პ--------------------ში. ხსენებული საცხოვრებელი სახლი ე---------- ა--–-----–მა გაყიდა 2016 წლის აგვისტოში და მეუღლესთან – ვ--–------ ჯ------–-–---–თან ერთად დროებით საცხოვრებლად გადავიდა თავისი დეიდაშვილის - თ---------- ბ----–---–ის საცხოვრებელ სახლში, ს----------ში, ბ----------–------------------ში, სადაც ასევე ცხოვრობდნენ ე---------- ა--–-----–ის დედა მ---- ქ--–----- – ა--–-----–ი და თ---------- ბ----–---–ის მეორე დეიდა – გ---–----- ქ--–-----. თ---------- ბ----–---–ს ე---------- ა--–-----–ისგან სესხის სახით აღებული ჰქონდა 5000 აშშ დოლარი, საიდანაც 2000 აშშ დოლარი ჰქონდა დარჩენილი გადასახდელი. ვალთან დაკავშირებით 2016 წლის 28 აგვისტოს, საღამოს საათებში მთვრალ, თ---------- ბ----–---–სა და ვ--–------ ჯ------–-–---–ს მოუხდათ შეკამათება, რა დროსაც ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ე---------- ა--–-----–მა ვ--–------ ჯ------–-–---–- გაიყვანა იქვე, მეზობლად მცხოვრებ ნ---- ქ--–----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მან დალია ალკოჰოლური სასმელი და დათვრა. მთვრალი ვ--–------ ჯ------–-–---–-, მისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, შურისძიების გრძნობით განეწყო თ---------- ბ----–---–ისა და მისი დეიდების მიმართ და განიზრახა მათი მოკვლა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, ვ--–------ ჯ------–-–---–მა მოიმარჯვა დაუდგენელი კონსტრუქციის, მჩხვლეტავი, მჭრელი პირის მქონე ცივი იარაღი და სწრაფი სირბილით შევიდა თ---------- ბ----–---–ის საცხოვრებელ სახლში. მან არაერთგზის, განზრახ მოკვლის მიზნით, ცივი იარაღი მრავალჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ჯერ თავისი მეუღლის მშობელს - მ---- ქ--–------ა--–-----–ს, შემდეგ კი ისარგებლა იმით, რომ იმავე ოთახში ეძინა მთვრალ თ---------- ბ----–---–ს, რომელიც იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში, არაერთგზის, განზრახ მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა ადგილას დაარტყა მომარჯვებული ცივი იარაღი. ბოლოს კი იმავე ცივი იარაღით არაერთგზის, განზრახ მოკვლის მიზნით სხვადასხვა ადგილას გ---–----- ქ--–-----ს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანებები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

2016 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე, ვ--–------ ჯ------–-–---–მა ცეცხლის წაკიდებით გაანადგურა ს----------ში, ბ----------–-----------------–ში მდებარე თ---------- ბ----–---–ის საცხოვრებელი სახლი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 20 000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა (გამამტყუნებელ ნაწილში) და ვ. ჯ------–-–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

6. კასატორის მოსაზრებით, დაზარალებული ცდილობს, სასამართლო შეცდომაში შეიყვანოს, რომ თითქოს, თ---------- ბ----–---–ს ვალები არ ჰქონდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს; დაზარალებულებმა დაკითხვის დროს კონკრეტული გარემოებები ვერ გაიხსენეს; ბრალდების მხარე სტანდარტული მტკიცებულებებით არ უნდა შემოფარგლულიყო; სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია ვ--–------ ჯ------–-–---–-ს პრეტენზიებს მოწმე პოლიციელებთან დაკავშირებით.

7. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ვ. ჯ------–-–---–-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებებში (საქართველოს სსკ-ის 111-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით, მე-3 ნაწილის „ა,“ „ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით) და კანონიერი, სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.

 

8. კასატორის მითითებით, მ. ქ--–-----მ განმარტა, რომ მისი სახლის დაწვით დაემუქრა ვ. ჯ------–-–---–-. აღნიშნული შეატყობინა მეზობლებს და სთხოვა სახლისათვის მიეხედათ. ეს გარემოება დაადასტურეს ნ---- ქ--–-----მ და გიორგი ბადიევმაც; დაზარალებულ თ. ბ----–---–ის ჩვენებით მან ნათესავებისგან შეიტყო, რომ მისი სახლი გადაწვა და გაანადგურა ვ--–------ ჯ------–-–---–მა და მას 20000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა.

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

11. დაცვის მხარე არ მიუთითებს ისეთი სახის გარემოებებზე, რაც შესაძლოა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. დაზარალებული მოწმეების: მ---- ქ--–------ა--–-----–ისა და გ---–----- ქ--–----ის ჩვენებები, დაზარალებულ თ---------- ბ----–---–ის გამოქვეყნებული ჩვენება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ვ--–------ ჯ------–-–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტითა და მე-3 ნაწილის „ა,“ „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

12. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვ--–------ ჯ------–-–---–-ს გამტყუნების თაობაზე, პალატა ამ ნაწილში აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც თ. ბ----–---–ის საცხოვრებელი სახლის ვ. ჯ------–-–---–-ს მიერ ცეცხლის წაკიდებით განადგურების ფაქტს დაადასტურებდა.

 

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ვ--–------ ჯ------–-–---–-სა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე