განჩინება

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
190100118002330042
თარიღი
17.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002330042

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№721აპ-18 ქ. თბილისი

ჰ-------- ტ-----, 721აპ-18 17 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბერს განაჩენზე მსჯავრდებულ ტ----- ჰ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- ბ------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენით ტ----- ჰ--------, – დაბადებული 1----–-–--------------ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩამოერთვა: 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები; 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქემ - ტ----- ჰ-------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7,5935 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ჰეროინი,“ რომელსაც ინახავდა თ---–--–ი, ჟ-------–-------------------ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, ტახტის ქვეშ, რაც 2018 წლის 13 თებერვალს სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბერს განაჩენის გაუქმებასა და ტ----- ჰ--------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

6. კასატორის მითითებით, ვერ დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება ეკუთვნის ტ----- ჰ-------ს; ბრალდებული დროებით ცხოვრობდა სხვის საცხოვრებელ სახლში და ნარკოტიკი სხვისი ტახტიდან ამოიღეს.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. უდავოდ ცნობილი მოწმეების - ასლი რუსტამოვას, ზამირა რუსტამოვას, ედუარდ აზიმოვის, ირაკლი მარსაგიშვილისა და ნიკოლოზ ჩიტიშვილის ჩვენებებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება ტ. ჰ--------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ტ----- ჰ-------მა პირადი ჩხრეკის დროს პოლიციის თანამშრომლებს თვითონ მიუთითა, რომ ნარკოტიკულ საშულებას დროებით საცხოვრებელ სახლში ინახავდა. ბინის ჩხრეკის დაწყებისას კი მისი ოთახის კარი თავად გააღო და მიუთითა სწორედ იმ ადგილზე, საიდანაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად „ჰეროინი“ ამოიღეს.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ტ----- ჰ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- ბ------ის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე