განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160141318002386336
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№791აპ-18 ქ. თბილისი
ღ------–---- მ-----, 791აპ-18 17 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ----- ღ------–----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენით მ----- ღ------–----, – დაბადებული 1----–-–-----------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 1 აპრილიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- ღ------–---მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 31 მარტს, ღამის საათებში, ს-------ის რესპუბლიკის მოქალაქე მ----- ღ------–---- იმყოფებოდა ს-------ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საიდანაც საქართველოში, კერძოდ, მ--------–ის რაიონის სოფელ ულ-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის გავლით, უკანონოდ გადმოკვეთა ს--------საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ისე გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, რომ საქართველოს არცერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ გაუვლია სასაზღვრო კონტროლი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ----- ღ------–---მა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის – 2000 ლარის განსაზღვრას იმის გათვალისწინებით, რომ აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო მართლმსაჯულების სწრაფ განხორციელებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ----- ღ------–----სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას, პალატა აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, ასევე ისიც, რომ მსჯავრდებულს სრულად არ მოუხდია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელი. სასამართლომ მხედველობაში მიიღო დანაშაულის რეციდივი და მ----- ღ------–---ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ----- ღ------–----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე