განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002548129
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№6აპ-19 ქ. თბილისი
ა-------- ა-----, 6აპ-19 5 ივნისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ა----- ა--------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 წლით, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობით (მასვე აღნიშნული განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა ჯარიმა - 3000 ლარი) - შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ ა----- ა-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.
ა----- ა-------ს სასჯელის მოხდა აეთვალა 2018 წლის 21 აგვისტოდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ა----- ა-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ა----- ა--------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 წლით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით ჩათვლილი აქვს პირობით (ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული აქვს ჯარიმა 3000 ლარი) - შთანთქა ბოლო განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა-----ი ა-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.
ა----- ა-------ს სასჯელის მოხდა აეთვალა 2018 წლის 21 აგვისტოდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ა----- ა-------მა ჩაიდინა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოში მყოფმა ა----- ა-------მა გადაწვიტა, უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 16 საათზე, ა----- ა-------მა უკანონოდ გადაკვეთა ლ--------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მიმდებარედ გამავალი საქართველო-ა------------ის სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა ა------------ის ტერიტორიაზე, რა დროსაც შეაჩერეს ა------------ელმა მესაზღვრეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ და ითხოვა ა----- ა--------ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პროკურორის მოთხოვნა, რომ ა----- ა-------ს სასჯელი განესაზღვროს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რის გამოც სააპელაციო პალატის მიერ სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონიერია.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე