განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
010141318700066786
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066786

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №107აგ-18 ქ. თბილისი

კ--------- მ------, 107აგ-18 3 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ------ კ--------ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 თებერვლის განაჩენით:

მ------ კ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,’’ ,,ბ,’’ ,,გ,’’ ,,დ’’ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა სანოტარო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:

მ------ კ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარი.

 

3. 2018 წლის 21 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მ------ კ---------მ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 თებერვლის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ მ------ კ--------ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

 

5. კასატორი მ------ კ--------- ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

6. კასატორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში მითითებულია, რომ ლ-–- ჭ------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი გახდა მოცემულ დანაშაულში მისი (ლ-–- ჭ------ის) მონაწილეობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებების არარსებობა; სწორედ ამის გამო შეწყდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და არა ქმედების არარსებობის გამო. საქართველოს სსსკ-ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველი შეიძლება იყოს ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი. ლ-–- ჭ------ის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები წარმოადგენს დოკუმენტურ მტკიცებულებას, რომელთა მიხედვითაც დადგინდა, რომ რაიმე დანაშაულებრივი ქმედება ლ-–- ჭ------ეს არ ჩაუდენია და, შესაბამისად, ჯგუფი, რომლის ლიდერი და ორგანიზატორი შესაძლოა ლ. ჭ------ე ყოფილიყო, არ არსებობდა; შესაბამისად, ლ-–- ჭ------ის საქმე მ------ კ--------ის ბრალეულობასთან პირდაპირ კავშირშია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ მ------ კ--------ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ “წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.”

 

3. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებაზე (რომელიც შეეხება ლ-–- ჭ------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გავლენას მ------ კ--------ის საქმეზე) პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისი არ იყო უშუალოდ ლ. ჭ------ის (და არა ჯგუფის სხვა წევრთა) ბრალეულობის დასადასტურებლად. ჯგუფის სხვა წევრების მიმართ კი (მ------ კ---------, დ-------- კ--------, ნ--- ბ------) გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, კასატორის პოზიცია, რომელიც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის არარსებობას,დაუდასტურებელია.

4. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ მ------ კ--------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე