განჩინება/გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
# 010332219900023402
საქმე Nსსკ- 01-19 12 ივნისი, 2019 წელი
სსკ-01-19 კ--------–---–ი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე/მომხსენებელი: პაატა ქათამაძე
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ნ--- თ---–--ე
საჩივრის ავტორი - ლ---- კ--------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2019 წლის 10 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას საჩივრით მომართა ლ---- კ--------–---–მა (შემდგომში - საჩივრის ავტორი), რომელმაც მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში-იუსტიციის საბჭო) 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გაუქმება და საქმის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
2. საჩივრის ავტორის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შეჩევის პროცედურაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, კერძოდ, სპეციალობით მუშაობის ხუთი წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, უარი ეთქვა კანდიდატად დარეგისტრირებაზე.
3. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან მან წარადგინა სპეციალობით მუშაობის 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც იყო ბეჭდით დამოწმებული, რაც დოკუმენტის იდენტიფიცირებას შესაძლებელს ხდიდა. ასევე მან სასამართლოში წარადგინა სპეციალობით მუშაობის 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი ახლი დოკუმენტი ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული, რის საფუძველზეც მოითხოვა იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში საქმისწარმოება
4.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 365 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად და ლ---- კ--------–---–ის საჩივარი, 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით, წარმოებაში მიიღო განსახილველად, ამავე განჩინებით, საჩივრის განხილვა 2018 წლის 12 ივნისს დაინიშნა.
4.2 საკვალიფიკაციო პალატის სხდომაზე გამოცხადებულმა საჩივრის ავტორმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. საჩივრის ავტორმა საკუთარი პოზიციის წარმოჩენისას სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა სპეციალობით მუშაობის ხუთ წელზე მეტ სამუშაო გამოცდილებას, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად იყო შედგენილი, დამოწმებული იყო შესაბამისი ორგანიზაციის ბეჭდით, რითაც დოკუმენტი იდენტიფიცირებადი იყო, რაც შეეხება სარეგისტრაციო ნომრისა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერის არარსებობას, აღნიშნული ტექნიკურ ხარვეზს წარმოადგენდა, კერძოდ, იგი თავად იყო ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი და მის მიერ დოკუმენტის ხელმოწერა უხერხულობას წარმოშობდა.
4.3 საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ იგი 2001 წლის 20 იანვრიდან „ყ-----–-ს რ------ს ა---–--------ა ი----------ა“ კავშირის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა და უფლებამოსილებას ახორციელებდა 2015 წლის 20 ივნისის ჩათვლით. ამ პერიოდში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმართულებით. ასევე 2013 წლის 13 ივნისიდან დღემდე იკავებს საქველმოქმედო ფონდის „პ----------ი პ----------თ-–--რის“ დირექტორის თანამდებობას. ეს გარემოებები შრომის წიგნაკის ამონაწერით დასტურდება, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი ბეჭდით, რაც მისი იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეეძლო საეჭვოობისას, ეს ინფორმაცია გადაემოწმებინა. ასევე კანდიდატს არ ჰქონდა ვალდებულება დამატებით წარედგინა სპეციალობით მუშაობის ხუთი წლის გამოცდილების დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი, გარდა შრომის წიგნაკის ამონაწერისა.
4.4 საჩივრის ავტორმა ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გაუქმება და საქმის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია
5.1 მოწინააღმდეგე მხარემ (იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ) წარმოდგენილი საჩივარი არ ცნო და განმარტა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად დამტკიცებულ იქნა კანდიდატის განაცხადის ფორმა, რომელიც შეიცავს თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალს, ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა ამონაწერი შრომის წიგნაკიდან. კანდიდატის მიერ წარდგენილი ამონაწერი შრომის წიგნაკიდან არ იყო სრულყოფილად შედგენილი, მასზე არ იყო უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ასევე, სარეგისტრაციო ნომერი, დოკუმენტზე მხოლოდ ბეჭედი იყო დასმული და მისი შინაარსიდანაც არ ჩანდა კანდიდატი ახორციელებდა თუ არა სპეციალობით მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვალდებულება არ ჰქონდა, განაცხადში მითითებული ინფორმაცია თავად მოეძიებია, იმის დასადასტურებლად, კანდიდატი ახორციელებდა თუ არა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, საჩივრის ავტორი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაამოწმა ადვოკატთა ერთიან ბაზაში, სადაც იგი არ ფიქსირდებოდა ადვოკატად. ასევე არასამეწარმეო რეესტრში შეამოწმა ფონდის წესდება, რომელშიც ფონდის საქმიანობად დაფიქსირებულია პროფესიული დაოსტატება, ი----------ა შორის პროფესიული ნორმების დამკვიდრება, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. თუმცა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ საჩივრის ავტორი წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობას ეწეოდა, იუსტიციის საბჭომ ვერ მოიძია და არც საჩივრის ავტორს წარუდგენია. სწორედ ეს გახდა საბჭოს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომლითაც საჩივრის ავტორს უარი ეთქვა კანდიდატად რეგისტრაციაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ საჩივრის მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N 1/139 გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის საბჭოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის, კერძოდ, სპეციალობით მუშაობის 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, საჩივრის ავტორს უარი ეთქვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირად დარეგისტრირებაზე.
7. საჩივრის ავტორი ედავება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, კერძოდ, ამონაწერები შრომის წიგნაკიდან, შესაბამისად უკანონოა საბჭოს უარი კანდიდატად მის რეგისტრაციაზე.
8. მოცემულ შემთხვევაში, საკვალიფიკაციო პალატის კვლევის საგანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უთხრა თუ არა საჩივრის ავტორს უარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატად დარეგისტრირებაზე.
9. ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.“
10. ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს პირის მიერ შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის წარსადგენი განაცხადების ფორმას და თანდართული დოკუმენტების ნუსხას. პირის მიერ წარდგენილი განცხადება და დოკუმენტები (მათ შორის, ავტობიოგრაფია) უნდა შეიცავდეს სათანადო ინფორმაციას მის მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, აგრეთვე პირის თანხმობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, პირის პერსონალური მონაცემების) ამ კანონის 342-ე მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე და საქართველოს პარლამენტისათვის გადაცემა გასაჯაროვებაზე“.
11. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორგანული კანონის ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად 2019 წლის 6 მაისის N1/41 გადაწყვეტილებით, დაამტკიცა კანდიდატის განაცხადის ფორმა, სადაც წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხაში მიუთითა, რომ სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილების დასადასტურებლად კანდიდატმა უნდა წარადგინოს ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ნამსახურების ნუსხა.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლისას ირკვევა, რომ კანდიდატმა წარადგინა ორი დოკუმენტი, პირველი - ფონდ „პ----------ი პ----------თ-–--რისიდან“ და მეორე - „ყ-----–-ს რ------ს ა---–--------ა ი----------ა კავშირიდან“. საჩივრის ავტორის მითითებით, ეს დოკუმენტები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას აქვს სპეციალობით მუშაობის 5 წლის გამოცდილება.
13. საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის ავტორის მოსაზრებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სათანადო წესით შედგენილი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი გულისხმობს, შრომის წიგნაკს (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილ ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას, რომელშიც ასახულია სამსახურის დაწყებისა და დასრულების თარიღი და დაკავებული თანამდებობა, რაც დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი სპეციალობით მუშაობის 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები შედგენილი არ იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მასზე არ იყო უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორად არ მიიჩნია ისინი სპეციალობით მუშაობის 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებად და მართებულად უთხრა უარი საჩივრის ავტორს კანდიდატად რეგისტრაციაზე ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის წინაპირობის არარსებობის გამო.
14. საჩივრის ავტორის ერთ-ერთი პრეტენზიაა ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისთვის უნდა მიეცა ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა, თუ მიაჩნდა, რომ წარდგენილი დოკუმენტები არ პასუხობდა კანონის მოთხოვნებს. ამ მოსაზრებას არ იზიარებს საკვალიფიკაციო პალატა, ვინაიდან, ჯერ ერთი, ხარვეზის დადგენის შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს, მეორე, თავად საჩივრის ავტორის განცხადებით, მას დაუკავშირდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარმომადგენელი და სთხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა. რაც შეეხება საჩივარზე დართულ დოკუმენტს (ამონაწერს შრომის წიგნაკიდან), საკვალიფიკაციო პლატა მხედველობაში ვერ მიიღებს, ვინაიდან კანდიდატი ვალდებული იყო ეს დოკუმენტი რეგისტრაციის დასრულებამდე წარედგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
15. საკვალიფიკაციო პალატამ მოცემული საქმის განხილვისას იხელმძღვანელა ორგანული კანონის 34 მუხლის პირველი, 341 მუხლის მე-2 პუნქტებით და 366 მუხლით და მოცემული ნორმების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატად დარეგისტრირებაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის უცვლელად დატოვების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 366 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ---- კ--------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;
3. საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პაატა ქათამაძე
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი
ბესარიონ ალავიძე