განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2019
საქმის ნომერი
010100218700050646
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050646

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№650აპ-18 ქ. თბილისი

მ--–--------- ა--, 650აპ-18 25 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - გიორგი ღონღაძისა და მსჯავრდებულ ა-- მ--–---------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ------ გ--–---ის, დ---- გ--–---ისა და ნ---- ს--–------ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. რუსთავი საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის განაჩენით ა--------- თ---------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

 

ამავე განაჩენით ა-- მ--–---------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-- მ--–--------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო ა--------- თ--------მა - განზრახ მკვლელობა.

 

აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, წ--–-ის რაიონის სოფელ ნ---------ში, ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ა-- მ--–--------მა, შურისძიების მოტივითა და სიცოცხლის მოსპობის განზრახვით, რეგისტრირებული „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა ს-----– თ--------ს. კერძოდ, ა-- მ--–--------მა არაერთხელ გაისროლა იარაღიდან მსხვერპლის სხეულის სასიცოცხლო ორგანოების (მათ შორის გულ-მკერდის) მიმართულებით, მაგრამ განზრახვის შესრულება და ს-----– თ---------ს სიცოცხლის მოსპობა ვერ შეძლო, რადგან ს-----– თ--------მა მოახერხა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა. დაზარალებული დროული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

 

2016 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, წ--–-ის რაიონის სოფელ ნ---------ში, ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ა--------- თ--------მა, სიცოცხლის განზრახ მოსპობის მიზნით, არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა ა--------- მ--–--------ს, რომელიც სიცოცხლისათვის შეუთავსებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო თავად ა--------- თ--------- შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით გასაჩივრებული განაჩენი ა--------- თ---------სა და ა-- მ--–---------ს მიმართ დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორი - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი გიორგი ღონღაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულებისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

 

5. კასატორები - მსჯავრდებულ ა-- მ--–---------ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - თ------ გ--–---ი, დ---- გ--–---ი და ნ---- ს--–------ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და ა-- მ--–---------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო: გამამტყუნებელი განაჩენი ა-- მ--–---------ს მიმართ არ შეესაბამება სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო კანონმდებლობას, საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს; ბრალდების მხარეს ერთამანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებითაც დადასტურდებოდა ა-- მ--–---------ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა, არ წარმოუდგენია; ა-- მ--–--------- იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა; უკანონოა ა-- მ--–---------ს მიმართ შეფარდებული სასჯელიც.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივართა საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ გიორგი ღონღაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი ა-- მ--–---------ს მიმართ უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა გულდასმით გაეცნო ა--------- თ---------სა და ა-- მ--–---------ს მსჯავრდების საქმეში არსებულ ყველა მასალას, ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მომხდარი დანაშაულის რეალურ ფაქტობრივ გარემოებებთან მათი შესაბამისობის, დამაჯერებლობისა და კანონიერების თვალსაზრისით, რის შემდეგაც სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეამოწმა ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ გასაჩივრებული განაჩენის საფუძვლიანობა და კანონიერება. განაჩენი საფუძვლიანია, თუ მასში წარმოდგენილი სამართლებრივი დასკვნები გამომდინარეობს საქმეში არსებული სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებიდან. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის კანონიერებას, მისი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ იქნება, თუკი არ ვლინდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე დარღვევა, რომლებითაც აპელირებენ კასატორები თავიანთ საჩივრებში და რომლებზეც ამყარებენ ამ საჩივრებში წარმოდგენილ მოთხოვნებს.

 

3. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია თანმიმდევრულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები საკასაციო საჩივრებში მხარეების მიერ სადავოდ გამხდარი ძირითადი საკითხების თაობაზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში სრულად და ამომწურავად განიხილავს საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა მიუკერძოებელი შეფასებით უზრუნველყოფს ობიექტური დამკვირვებლისთვის იმის შესაძლებლობას, რომ ცხადი და უტყუარი წარმოდგენა შეექმნას მხარეების მიერ გამოხატული პოზიციებისა და პრეტენზიების საფუძვლიანობაზე. ამ მიმართებით საგულისხმოა ქვემოთ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამ ჩვენებებისა და სხვა წერილობითი მტკიცებულებების თაობაზე განვითარებული მსჯელობები და მათი სამართლებრივი შეფასებები, რა დროსაც სასამართლო ამჟღავნებს სამართლიანი სასამართლოს უფლების, აგრეთვე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებისადმი განუხრელ მხარდაჭერასა და პატივისცემას.

 

4. პირველ რიგში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოწმე ჰ------–--- მ--–---------ს ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა: 2016 წლის 30 ივლისს ა--------– სტუმრებთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მოესმა ყვირილი და გაემართა სოფლის ცენტრისკენ. შემთხვევის ადგილას, ა--------- თ---------ს მაღაზიასთან ახლოს, ხალხი შეკრებილიყო. ა-- და ა--------- მ--–--------ებისგან გაიგო, რომ ს------ თ--------ს სურდა მ------– მ--–---------ს მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლო. პოლიციის თანამშრომლები ს------ თ---------ს სახლში წავიდნენ, თუმცა ის არ დაუკავებიათ, რის გამოც ა-- მ--–--------- ეკამათა პოლიციის უფროსს - ე---- ხ----------ს. აღნიშნულის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი. დაახლოებით 5-6 წუთში მათ 80-90 მეტრიდან დაინახეს ა--------- თ---------, რომელიც მათ უახლოვდებოდა. დაახლოებით 15-20 მეტრში დაინახა, რომ მანქანაში ისხდნენ ს-----– და ა--------- თ--------ები. ა--------- თ--------ს ხელში ეჭირა შავი იარაღი - ,,ვინჩესტერი“. იგივე შავი ,,ვინჩესტერი“ იდო ს-----– თ---------ს გვერდითაც. მათთან მიახლოებისას მანქანამ დაამუხრუჭა, საიდანაც ა--------- თ--------- გადმოხტა. იქვე მყოფი ჟ----– ნ----------ი გაიქცა მაღაზიის მხარეს, ხოლო თვითონ - მეორე მხარეს. გაისმა ორი გასროლის ხმა და ა--------- მ--–--------- დაეცა ზურგით. მოწმის განმარტებით, ა--------- თ--------მა მესამედაც გადატენა იარაღი, მაგრამ ვერ გაისროლა და გაიქცა. გასროლის შემდეგ მიირბინა ა--------- მ--–--------თან, მუხლებზე დაეცა - დაიჩოქა, შეეცადა დაჭრილის დახმარებას, რომელსაც თავიდან სისხლი სდიოდა. ამ დროს მამა - ა-- მ--–--------- ცახცახებდა და ფერდაკარგული იდგა. ამასობაში ს-----– თ--------მა მოუმატა მანქანის სიჩქარეს, უნდოდა მანქანით გადაევლო მისთვის და ა--------- მ--–---------სთვის, 2-3 მეტრით მიუახლოვდა მანქანა მათ, რის გამოც ძალიან შეეშინდა. მოწმემ იფიქრა, რომ მანქანა, რომელსაც ს-----– თ--------- სწრაფად მართავდა, მათ ეჯახებოდა და მამას - ა-- მ--–--------ს დაუძახა „მამა, მიშველეო“, რის შემდეგაც ა-- მ--–--------მა ისროლა მანქანის მიმართულებით. გასროლის შემდეგ ს-----– თ--------მა მარცხნივ არსებულ გზაზე გაუხვია და დატოვა შემთხვევის ადგილი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მამას საშველად რომ დაუძახა, ჩაცუცქული იყო, ა---------ს ხელებით ეხუტებოდა, მაგრამ თავი არ დაუხრია და მანქანისკენ იხედებოდა. ა-- მ--–--------მა მანქანას, სადაც ს-----– თ--------- იჯდა, პირდაპირი მიმართულებით ესროლა.

 

5. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ჩვენების მიმართ გამოხატულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმის ნაამბობი არ შეესაბამება რეალურ ვითარებას. საქმე ისაა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გააჩნდა შესაძლებლობა, მოწმის ჩვენების სარწმუნოობა შეემოწმებინა სხვა მოწმეთა ჩვენებებზე უფრო სანდო და საიმედო ობიექტური მტკიცებულებების მეშვეობით, რომლებიც საქმეშია წარმოდგენილი. ასეთი შემოწმებით ირკვევა, რომ მოწმე ჰ------–--- მ--–---------ს ჩვენებაში მითითებული გარემოებები (მათ შორის: ა-- მ--–--------მა ,,ფორდის“ მარკის ავტომანქანას იარაღი პირდაპირი მიმართულებით ესროლა) არსებითაც ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 10 ოქტომბრის N--------- დასკვნის თანახმად, ს-----– თ--------ს დაუდგინდა: მარჯვენა მხრის ღია ცეცხლნასროლი მოტეხილობა ცდომით, მარჯვენა წინამხრის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ცეცხლნასროლი ჭრილობა მე-7 ნეკნის ფრაგმენტული მოტეხილობით; უცხო სხეული მარცხნივ, მეთერთმეტე-მეთორმეტე ნეკნებს შორის, რბილ ქსოვილებში. ავტომანქანა „ფორდის“ ბალისტიკური გამოკვლევით, რომელსაც შემთხვევის დროს ს-----– თ--------- მართავდა, დადგენილია, რომ ამ ავტომანქანას დაზიანებები მიყენებული აქვს წინა-მარჯვენა მხარეს ირიბი მიმართულებით. ორივე დაზიანება, მორფოლოგიის გათვალისწინებით, განვითარებულია გარედან შიგნით მოქმედ კვალდამტოვი ობიექტების მოქმედებით. დაზიანებები განვითარებულია გარკვეული კუთხით ორი გასროლით. ექსპერტ ა-–---------- ა-----------ის განმარტებით, ავტომანქანა ,,ფორდზე” დაზიანებათა ამ სახით განვითარება (მორფოლოგიური მონაცემებით) დამახასიათებელია პისტოლეტიდან, სავარაუდოდ, არაახლო მანძილიდან სროლის დროს. ამ ობიექტური მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სრულიად ცხადი და უდავოა, რომ დაზარალებულის სხეულისა და ავტომანქანისთვის დაზიანებების მიყენება საექსპერტო დასკვნებით დადგენილი მიმართულებითა და კუთხით სრულიად შეუძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მსჯავრდებული ა-- მ--–--------- ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა მოძრავი ავტომანქანის წინა მხრიდან, თანაც პირდაპირი მიმართულებით, როგორც უთითებს მოწმე ჰ------–--- მ--–--------- თავის ჩვენებაში.

 

6. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე მოწმე ჟ----– ნ----------ის ჩვენებაზეც, რომელსაც დაცვის მხარე იშველიებს თავისი პოზიციის დასადასტურებლად. მოწმის ჩვენებით, 2016 წლის 30 ივლისს იმყოფებოდა ფეხბურთის სტადიონთან სოფელ ნ---------ში, სადაც ა-- მ--–---------ს შვილმა სთხოვა ძმასთან - მ------– მ--–--------თან დაკავშირებული ინფორმაციის გაგება. იგი გაემართა სოფლის ცენტრისკენ, სადაც ხალხი შეკრებილიყო, მათ შორის იყვნენ ა-- მ--–--------- და ა--------- მ--–---------. ა--------- მ--–---------სგან ცნობილი გახდა, რომ ავარიისას მ------– მ--–--------მა მოიტეხა ფეხი და ელოდებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. მოწმის განმარტებით, ამ დროს გამოჩნდა ,,ფორდის“ მარკის მანქანა, საიდანაც გადმოხტა ა--------- თ--------- და შავი ფერის ,,ვინჩესტერი“ დაუმიზნა ა--------- მ--–--------ს. ა--------- თ--------- ავტომანქანა ,,ნივის“ უკან იდგა, მანქანა ნახევარ მხარეს ეფარებოდა, მაღალი იყო და თავი უჩანდა. მანქანა ამ დროს არ გაჩერებულა, ის ნელა მოძრაობდა. მოწმეს იარაღის დანახვისას შეეშინდა, გაიქცა, შემდეგ გაიგო გასროლის ხმა და უკან მიბრუნდა. ამ დროს ა--------- მ--–--------- უკვე ძირს იწვა. ,,ფორდის“ მარკის მანქანა, რომელსაც მართავდა ს-----– თ---------, სწრაფად დაიძრა და ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაიგო გასროლის ხმა, რომელიც პირველი გასროლის ხმას არ ჰგავდა. მოწმის განმარტებით, ა--------- თ--------მა ერთხელ გაისროლა ა--------- მ--–---------ს მიმართულებით. ამ დროს ა--------- თ--------სა და ა--------- მ--–--------ს შორის მანძილი დაახლოებით 10 მეტრი იყო, ხოლო მასა და ა--------- თ--------ს შორის - 15 მეტრი. ,,ფორდის“ მარკის წითელი ავტომანქანა ნელა მიდიოდა გასროლამდე, ხოლო გასროლის შემდეგ მოუმატა სიჩქარეს და პირდაპირ სწრაფად გააგრძელა სვლა. მეორე სროლის დროს, რომელიც არ ჰგავდა პირველი გასროლის ხმას, მას თავი ჰქონდა შიშისგან ჩაღუნული, ხოლო როდესაც თავი ასწია, დაინახა, რომ მანქანამ მოუხვია და მარცხნივ დიდი სიჩქარით წავიდა. ა-- მ--–--------- გასროლის მომენტში სად იდგა, არ დაუნახავს.

 

7. საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული მოწმის ჩვენების შეფასებისას მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ მან დაკითხვისას არაერთხელ განმარტა: მას არ დაუნახავს, ვინ ესროლა ს-----– თ--------ს და ვინ დააზიანა ავტომანქანა ,,ფორდი“, უფრო მეტიც, მან დღესაც არ იცის, რატომ ზის ა-- მ--–--------- ციხეში. გარდა ამისა, ჟ----– ნ----------ის ჩვენება ეწინააღმდეგება სხვა მოწმეების - ჰ------–--- მ--–---------სა და კ-------- ნ----–-----ის ჩვენებებს, ვინაიდან, მისი განმარტებით, ა--------- მ--–---------სათვის იარაღის სროლის მომენტში მის გარდა იქ არავინ იყო და მალე შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ხ--------- ნ----------ი მივიდა. მოწმე კ-------- ნ----–-----ის ჩვენებით, იგი იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც დაზიანება მიიღო მ------– მ--–--------მა. ა--------- მ--–--------თან საუბრისას დაინახა მათკენ მიმავალი ,,ფორდის“ მარკის წითელი მიკროავტობუსი, რომელსაც მართავდა ს-----– თ---------. მანქანაში ასევე იჯდა ა--------- თ---------, რომელიც დამუხრუჭებისთანავე გადმოხტა მანქანიდან, ა--------- მ--–--------ს ორჯერ ესროლა და გაიქცა. ა--------- მ--–--------- უგონოდ დაეცა მიწაზე, იქვე მდგარ ,,ნივასთან“, მანქანის უკან, ოდნავ გვერდით. დაჭრილ ა--------- მ--–--------სა და ავტომანქანა ,,ნივას“ შორის მანძილი მეტრ-ნახევარი იყო. მას ხელში ჰყავდა დაჭრილი ა---------ი. ა--მა მას შემდეგ გაისროლა, რაც ჰ------–---მა დაიყვირა ,,მიშველეო“, გასროლის მომენტში მანძილი ა-- მ--–--------სა და ავტომანქანა „ფორდს“ შორის დაახლოებით 2-3 მეტრი იყო. ა-- მ--–--------- ავტომანქანა „ფორდის“ პირდაპირ იდგა. მანქანა რომ უხვევდა, ა--მა მაშინ ისროლა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აქ აშკარად იკვეთება ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობები მნიშვნელოვან დეტალებში.

 

8. თავის მხრივ, მოწმე კ-------- ნ----–-----ის ჩვენება ეწინააღმდეგება მოწმე ჰ------–--- მ--–---------ს ჩვენებას, რადგან ამ უკანასკნელის განმარტებით, სროლის შემდეგ იგი დაჩოქილი იყო ა--------- თ--------თან, ხელებით ეხუტებოდა და მის დახმარებას ცდილობდა, ხოლო კ-------- ნ----–-----ის ჩვენებით, მას ა--------- მ--–--------- ხელში ჰყავდა აყვანილი. მოწმე ასევე უთითებს, რომ გასროლის მომენტში მანძილი ა-- მ--–--------სა და ავტომანქანას შორის იყო 2-3 მეტრი. მისივე განმარტებით, გასროლის დროს ა-- მ--–--------- მას არ უნახავს, თუმცა საკასაციო პალატისთვის გაუგებარია, მოწმეს როგორ შეეძლო ინტენსიური სროლების ვითარებაში იმდენად ჯეროვანი ყურადღება გამოეჩინა, რომ ა-- მ--–--------სა და ავტომანქანა „ფორდს“ შორის არსებული მანძილი ასეთი სიზუსტით განესაზღვრა. ამასთან, მოწმე კ-------- ნ----–-----მა აღნიშნა, რომ როდესაც მანქანა უხვევდა, მაშინ ისროლა ა-- მ--–--------მა, რაც ეწინააღმდეგება იმავე დღეს, დაკითხვისას, ამავე მოწმის მიერ ხსენებულ გარემოებაზე მიცემულ განმარტებას.

 

9. გარდა აღნიშნულისა, მოწმე კ-------- ნ----–-----ის ჩვენების სანდოობის შესამოწმებლად საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: 2016 წლის 8 აგვისტოს კ-------- ნ----–-----მა განცხადებით მიმართა პროკურატურას და ითხოვა დაკითხვა. იგი განცხადებაში აღწერდა 2016 წლის 30 ივლისს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და მიუთითებდა, რომ გაიგონა გასროლის ხმა, რის შემდეგაც მოწითალო ფერის ავტომობილი დასაჯახებლად გაემართა ჰ------–--- მ--–---------ს მიმართულებით. განცხადების დაწერიდან ორ დღეში - 2016 წლის 10 აგვისტოს იგი დაიკითხა მოწმის სახით, რა დროსაც უარყო თავის განცხადებაში მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს წ--–-ის რაიონის სოფელ ნ---------ში მისთვის უცნობმა მამაკაცმა და ქალბატონმა ხელი მოაწერინეს ქართული ასოებით დაწერილ ფურცელზე, რომლის შინაარსიც მისთვის უცნობია. მიუხედავად აღნიშნულისა, 2016 წლის 12 ოქტომბერს კ-------- ნ----–-----ი გამოჰკითხა დაცვის მხარემ და მან კვლავ დეტალურად ისაუბრა ა--------- თ---------ს მიერ ა--------- მ--–---------ს მკვლელობისა და ,,ფორდის“ წითელი მანქანით დიდი სისწრაფით ჰ------–--- მ--–---------სკენ გადაადგილების შესახებ. სასამართლო სხდომაზე მოწმე კ-------- ნ----–-----მა ამ შეუსაბამობების მიზეზად ა--------- მ--–---------ს გარდაცვალებით მიღებული შოკი დაასახელა, რაც, ცხადია, ვერ ჩაითვლება დამაჯერებელ და საფუძვლიან არგუმენტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მისი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც ეს ჩვენება მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.

 

10. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში გაანალიზებულია და ადეკვატურადაა შეფასებული ასევე მსჯავრდებულ ა-- მ--–---------ს ჩვენება, რომლის მიხედვით, ა--------- თ--------- გადმოხტა ავტომანქანა „ფორდ ტრანზიტიდან“ და დაიწყო სროლა. სროლის შედეგად ა--------- მ--–--------- დავარდა ძირს, ა--------- თ--------- კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. საჭესთან იჯდა ს-----– თ---------, რომელიც იმ ადგილისკენ დაიძრა, სადაც მ--–--------ები იდგნენ. მანქანა მოძრაობდა დიდი სიჩქარით, 3-4 მეტრი იქნებოდა მათი დგომის ადგილამდე დარჩენილი, როდესაც გაიგო შვილის ყვირილი „მიშველეო“. ყვირილზე ამოიღო იარაღი და ისროლა ხუთჯერ მანქანის შესაჩერებლად. მას რომ არ ესროლა, ს-----– თ--------- გადაუვლიდა მის შვილსაც და დაჭრილ ა--------- მ--–--------საც. მას ს-----– თ---------ს მოკვლა არ სურდა, სურდა მხოლოდ მანქანისთვის შეეცვალა მიმართულება, რათა იქ მყოფ პირებს არ დასჯახებოდა. იგი ისროდა ავტომანქანის პირდაპირი მიმართულებით, იდგა ერთ ადგილას და არ მოძრაობდა. მსჯავრდებულის ამ ჩვენებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ ა-- მ--–---------ს ეს განმარტება მოკლებულია დამაჯერებლობას, რადგან თუკი მას ს-----– თ---------ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა და მას მხოლოდ მანქანის გაჩერება სურდა, რატომ ისროლა მძღოლის და არა ავტომანქანის საბურავის მიმართულებით. ამასთან, სასამართლო მართებულად სვამს ლოგიკურ კითხვას: მანქანის შესაჩერებლად რატომ გახდა საჭირო ყველა ვაზნის გასროლა და მჭიდის ბოლომდე დაცლა. გარდა ამისა, ა-- მ--–---------ს ჩვენებით სრულიად აუხსნელია მისი გასროლების შედეგად დაზიანებების მიყენება იმ მხარეს და იმ კუთხით, რაც აღინიშნება ავტომანქანასა და დაზარალებულ ს-----– თ---------ს სხეულზე.

 

11. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ პოზიტიურ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში ჯეროვნად პასუხობს იმ გამოწვევას, რაც უკავშირდება განხილული საქმის სპეციფიკას, რომლის მსგავსი იშვიათად გვხვდება სასამართლო პრაქტიკაში. მხედველობაშია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეში მონაწილე ერთი და იგივე პირები გვევლინებიან როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის წარმომადგენლებად, რაც ბუნებრივად განაპირობა საქმეში ორი ისეთი ბრალდებულის არსებობამ, რომელთა ინტერესები რადიკალურად უპირისპირდება ერთმანეთს, რის გამოც როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ასევე სააპელაციო სასამართლოც გარკვეული სირთულის წინაშე აღმოჩნდა მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებების შეფასებისას, მათი სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ ამ სირთულეს თავი წარმატებით გაართვა საქმეში არსებული მტკიცებულებების შემოწმებისა და შეფასებისადმი მკაცრად პრინციპული მიდგომის წყალობით, რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ განაჩენში წარმოდგენილია თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ობიექტური ანალიზი, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასა და მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელებას.

 

12. უნდა აღინიშნოს აგრეთვე იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღებისა და შეფასების გარეშე არ დატოვა მსჯავრდებულ ა-- მ--–---------ს დაცვის მიერ წამოყენებული ვერსია, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელმა ქმედება ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში, როდესაც დაზარალებულის მოქმედებით სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა მისი ახლო ნათესავების სიცოცხლეს, რითაც მან გადაარჩინა ისინი. სააპელაციო სასამართლო საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზისა და მათზე დაყრდნობით საფუძვლიანი თეორიული დასაბუთების მეშვეობით განაჩენში დამაჯერებლად აჩვენებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ მითითებული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება არ არსებობდა, რის გამოც მოთხოვნა მსჯავრდებულ ა-- მ--–---------ს გამართლების შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ სწორად უარყო იმ მოწმეთა ჩვენებები, რომელთა მიხედვით, ა-- მ--–--------ს ს-----– თ---------ს მოკვლა არ სურდა და გასროლებით მხოლოდ ავტომანქანის შეჩერებას ცდილობდა, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, ისინი ვერ აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

13. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ თავის განაჩენში არსებითად იმსჯელა ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომლებზეც ამახვილებდნენ ყურადღებას მსჯავრდებულ ა-- მ--–---------ს ინტერესების დამცველი ადვოკატები სააპელაციო საჩივარში, ხოლო მათი ანალიზისას მიზნობრივად იყენებს ნორმატიულ მასალასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას მსჯავრდებულის ბრალეულობის დასაბუთებისთვის, როგორც მატერიალური სისხლის სამართლის, ასევე საპროცესოსამართლებრივი პოზიციიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა ა-- მ--–--------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ა-- მ--–---------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

14. ა-- მ--–---------სთვის შეფარდებულ სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მისი ქცევის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, - ხასიათდება დადებითად, დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით, - სამართლიანი იქნება სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმია. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენში, კერძოდ, სასჯელის ნაწილში, უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

 

15. საკასაციო სასამართლომ თანაბარი ყურადღებით შეისწავლა და განიხილა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს მსჯავრდებულების - ა-- მ--–---------სა და ა--------- თ---------სთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელების გამკაცრებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა--------- თ---------ს მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლომ სრულად მიიღო მხედველობაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც დადგენილია სამართლიანი სასჯელის შეფარდებისთვის, აგრეთვე ის გარემოებები, რომლებიც შეეხება საქმის ფაქტობრივ მხარეს და ახასიათებს თვითონ მსჯავრდებულის პიროვნებას. ამდენად, არ არსებობს საფუძველი მსჯავრდებულ ა--------- თ---------სთვის განსაზღვრული სასჯელის საუარესოდ შეცვლისა და გამკაცრებისთვის, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით - უნდა დარჩეს უცვლელად.

 

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი ა-- მ--–---------სა და ა--------- თ---------ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული, რომლის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს, ხოლო სასჯელის ნაწილში ა-- მ--–---------ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. შესაბამისად, მსჯავრდებულ ა-- მ--–---------ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - თ------ გ--–---ის, დ---- გ--–---ისა და ნ---- ს--–------ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - გიორგი ღონღაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ა-- მ--–---------ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - თ------ გ--–---ის, დ---- გ--–---ისა და ნ---- ს--–------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - გიორგი ღონღაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

4. ა-- მ--–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

 

5. მსჯავრდებულ ა-- მ--–--------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 30 ივლისიდან;

 

6. ა--------- თ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

 

7. მსჯავრდებულ ა--------- თ--------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 30 ივლისიდან;

 

8. სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის ლაქები და მინის ნამსხვრევები; ა-- მ--–---------ს ხელის ანაწმენდები, ნერწყვის, სუნის, ხელის ფრჩხილების, ხელის კვლებისა და სისხლის ნიმუშები; ა--------- თ---------ს ხელის ანაწმენდები, ნერწყვის, სუნის, ხელის კვლებისა და სისხლის ნიმუშები; ქვა, მინის ნამსხვრევები, სავარძლის შალითის ნაჭერი, მიკრონაწილაკები, სისხლის ლაქები, ანაწმენდები, თითის კვლები, სუნის ნიმუშები; ა--------- მ--–---------ს ხელის ანაწმენდები, თმის, ხელის ფრჩხილების, ხელის კვლებისა და სისხლის ნიმუშები; ა--------- მ--–---------ს გვამიდან ამოღებული ლითონის საგანი; ა--------- მ--–---------ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები, სუნის ნიმუში და სისხლის კვლები; ს-----– თ---------ს სუნის, ხელის კვლებისა და სისხლის ნიმუშები; ა--------- თ---------ს მაღაზიის დათვალიერების შედეგად ამოღებული ქვები; ავტომანქანების დათვალიერებისას ამოღებული ნიმუშები და კვლები; ს-----– თ---------ს სახლის დათვალიერებისას ამოღებული ქვა და მინის ნამსხვრევები; ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ დათვალიერებისას ამოღებული ტყვიის გულა - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ორი ,,DVD“ დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ექვსი მასრა, ერთი ვაზნა, ა-- მ--–---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი, ა--------- თ---------ს სახლისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ამოღებული თოფი და ვაზნა - განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აღსარიცხად გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების შესაბამის სამსახურს;

- ა-- მ--–---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იარაღის შენახვისა და ტარების ნებართვა; ა--------- თ---------ს სახლისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ამოღებული თოფის შალითა; ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი” (სახ. ნომრით - M------); ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტი“ (სახ. ნომრით - F--------); ს-----– თ---------ს ტანსაცმელი; ა--------- მ--–---------ს ტანსაცმელი; ავტომანქანა „ვაზ 21214” (სახ. ნომრით - H-------); ა--------- მ--–---------ს ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ფეხსაცმელი; სეიფის დათვალიერებისას ამოღებული მჭიდი, შტამპიანი ბეჭედი და იარაღის ტყავის კაბურა; ა--------- თ---------სა და ა-- მ--–---------ს ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

 

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე