განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002226710
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №15აპ-19 ქ. თბილისი
ფ------–--- გ------, 15აპ-19 9 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------ ფ------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---– დ-------ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით გ------ ფ------–---, – დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 13 ნოემბრიდან. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. განაჩენით მსჯავრდებულ გ------ ფ------–---ს მსჯავრი დაედო მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 21:55 საათზე, თ---–--–ი, ც------ დ------ის ქუჩა №--ის მიმდებარედ, გ------ ფ------–--- მართავდა „სუზუკის“ მარკის მოტოციკლეტს, სახ. №A------. მოძრაობისას მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეით მ------- ჩ------ს. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მ------- ჩ------ იმავე დღეს, კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიმალური სასჯელის განსაზღვრას და მის პირობითად ჩათვლას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------ ფ------–--ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ---– დ-------ამ. კასატორი საჩივრით ითხოვს სასჯელის ნაწილში განაჩენში ცვლილების შეტანას, გ------ ფ------–--ისათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრას და ამ სასჯელის პირობითად ჩათვლას შემდეგ გარემოებებზე მითითებით: გ------ ფ------–--- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; არ არის ნასამართლევი; არის 19 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი; ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული; მან შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩინა მატერიალური დახმარება გარდაცვლილის ოჯახს და ახლაც მზადაა, მ------- ჩ-----ის მცირეწლოვან შვილს ყოველთვიურად, სრულწლოვანებამდე, დაეხმაროს – გადაუხადოს სპორტული თუ საგანმანათლებლო ხასიათის კურსების თანხა, წაიყვანოს დასასვენებლად სეზონურად, ოჯახის თანხმობის შემთხვევაში, მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში.
6. პროკურორი იოსებ ხუციშვილი შესაგებლით ითხოვს ადვოკატ ზ---– დ-------ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულმა გ------ ფ------–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------ ფ------–--ის მიერ მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
3. რაც შეეხება სასჯელის სამართლიანობას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებსა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო ელემენტებს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გ------ ფ------–---ს მსჯავრი დაედო მძიმე კატეგორიის სატრანსპორტო დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში იღებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმეს, თუმცა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებასა და გულწრფელ მონანიებას, წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, დამნაშავის ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ (მატერიალურად დაეხმარა გარდაცვლილის ოჯახს, მზადაა, გარდაცვლილის შვილის აღზრდაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა, ასევე – სრულწლოვანებამდე დაეხმაროს ფინანსურად).
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დადგენილია თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე. საკასაციო პალატას მიაჩნია: მსჯავრდებულ გ------ ფ------–--ის ქმედებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია როგორც მსჯავრდებულმა, ისე – გარდაცვლილმა, ასევე – დანაშაულის აღიარების, გულწრფელი მონანიებისა და ქმედების ჩადენის შემდეგ დამნაშავის ყოფაქცევის გამო, გ------ ფ------–---ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 6 თვით და უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით (ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------ ფ------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---– დ-------ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ------ ფ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯოს 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 (ორი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
4. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე