განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001906437
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№288აპ.-18 ქ. თბილისი
დ------- ლ-–-, 288აპ.-18 9 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ – რამაზ შავაძის
ადვოკატ – დ----- ჯ--------ის
მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა აჭარის ა/რ–ის პროკურატურის პროკურორ ფრიდონ ქარცივაძისა და მსჯავრდებულ ლ-–- დ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჯ--------ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ-–- დ-------ს ბრალად დაედო: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; პოლიციელზე, მის სამსახურებრივ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა; პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 17 საათიდან 18 საათამდე შუალედში, ქალაქ ბ------–ი, ჭ-------ის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „პ-–---ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარეობდა მოსახლეობის აქცია, რაშიც ასეულობით მოქალაქე მონაწილეობდა. ისინი აპროტესტებდნენ ა-----------–ის საპატრულო პოლიციის მუშაკის მიერ ერთ-ერთი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებასა და დაკავებას. პროტესტის მიზნით, ამჟამად გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, ან პირთა ჯგუფმა მოახდინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რა დროსაც მონაწილეებმა გადაკეტეს ჭ-------ის ქუჩა და საავტომობილო გზის გახსნის შესახებ პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ. მომიტინგეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს ბ------–ი, ტ---– ა---------ის ქ. N---ში განთავსებულ ა-----------–ის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ შეუერთდნენ სხვა მონაწილეები რომელთა მოქმედება გარკვეული პერიოდის შემდეგ რადიკალური გახდა. ჯგუფური ძალადობის მონაწილეები, იქ მყოფ პოლიციის მუშაკებს ხმამაღალი შეძახილებითა და უცენზუროდ მიმართავდნენ, მოითხოვდნენ ადმინისტრაციულად დაკავებული პირების განთავისუფლებას, ა-----------–ის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებას და ცდილობდნენ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრას, რის საშუალებასაც მათ არ აძლევდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობის შესასრულებლად იქ მობილიზებული საქართველოს შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. 2017 წლის 12 მარტს, დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთიდან პროტესტის მონაწილეების ქმედებები კიდევ უფრო აგრესიული გახდა, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ლ-–- დ------- და სხვები. ჯგუფური ძალადობის პროცესში ლ-–- დ------- ქვებს ისროდა პოლიციის მუშაკების მიმართულებით, რის შედეგადაც გ-----ის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს – ს----- ბ---–---–ს ფეხის არეში მიაყენა დაზიანება, ასევე, უშუალოდ მონაწილეობდა სხვა ძალადობრივ ქმედებებში. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რომლის დროსაც ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს უწევდნენ წინააღმდეგობას, თავს ესხმოდნენ მათ და ძალადობრივად მოქმედებდნენ: ა-----------–ის პოლიციის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან განლაგებული პოლიციის მუშაკების მიმართულებით ისროდნენ ქვებს, ადვილად აალებადი საწვავით სავსე ბოთლებს, ე.წ. „ფეიერვერკებს“. შედეგად, ა-----------–ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ი-----–- ჭ--–---–მა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებმა: ლ-–- გ------–---–მა, ლ---- შ-----ემ, მ--–---- ჯ-------ემ, ა-–---------- ხ----ემ, ფ-------- ნ---–--ემ, კ---- ბ-----ემ, ლ---- ი---–---–მა, ს----- ბ---–---–მა, გ------ ს-------ემ და სხვებმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანება. ამავდროულად ლ-–- დ-------მ და მასთან ერთად ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირებმა დაიწყეს რბევა, ჩაამტვრიეს შენობების ფანჯრები, აყარეს ქვაფენილი, დააზიანეს ბათუმის მერიის კუთვნილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, ბორდიურები, სულ – 132 770 (ას ოცდათორმეტი ათას შვიდას სამოცდაათი) ლარად ღირებული ქონება. მათ ფიზიკური ძალის, იარაღად საგნების გამოყენებითა და ცეცხლის წაკიდებით ასევე დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი სხვადასხვა ღირებულების ავტომანქანები და სხვა ქონება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით:
ლ-–- დ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
ლ-–- დ------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
ლ-–- დ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
ლ-–- დ-------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 16 მარტიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სასამართლომ დაადგინა, რომ ლ-–- დ-------მ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 12 მარტს ქალაქ ბ------–ი, ა-----------–ის პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი იყვნენ აქციის მონაწილეები. დაახლოებით 04 საათსა და 08 წუთზე მითითებულ ტერიტორიაზე შემოვიდა ჯერ შავი ფერის „მერსედესი“, ხოლო შემდეგ – ასევე შავი ფერის „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანა (ნომერი “T------”), რომელსაც მართავდა ლ-–- დ-------. მანქანამ გააკეთა რამდენიმე წრე ხმოვანი სიგნალის თანხლებით. შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა ლ-–- დ------- და გინებითა და მუქარით მიმართა პოლიციელებს, რის შემდეგაც გააღო საკუთარი ავტომანქანის უკანა საბარგული, სადაც მოთავსებული იყო დიდი ზომის დინამიკი და ჩართო მუსიკა. ლ-–- დ-------მ ჯერ დაიყვირა „გავერთოთ ხალხო,“ ხოლო შემდეგ თითების დახმარებით დაიწყო სტვენა და დადგა აქციის მონაწილეებთან.
4. კასატორი - აჭარის ა.რ–ის პროკურატურის პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენში და ლ-–- დ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3531–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში. ასევე, ითხოვს, რომ ლ-–- დ------ის მიმართ შერაცხული დანაშაული სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილზე შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, ვინაიდან არაობიექტურად და ზერელედ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-–- დ-------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 3531-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები. ვიდეოკადრების არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ლ-–- დ-------ს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 3531–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები, მაშინ, როდესაც არსებობს ლ-–- დ------ის ბრალეულობის დამადასტურებელი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები. სასამართლომ დაუსაბუთებელი მსჯელობითა და დასკვნებით ფაქტობრივად ხაზი გაუსვა იმას, რომ ნებისმიერ და არამარტო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არა აქვს მნიშვნელობა სხვა მტკიცებულებებს, თუ არ იქნება წარმოდგენილი და მოკვლეული პირის დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა.
5. კასატორი - მსჯავრდებულ ლ-–- დ------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ----- ჯ--------- წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ-–- დ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სსკ-ის 239-ე მუხლის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ამ ნაწილში სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს მტკიცებულებებიდან; მოსამართლე აღწერს მოწმე პოლიციელების – მ------ ბ-–-----სა და ს------ ბ---–---–ის ჩვენებებს, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ლ-–- დ------- აგინებდა პოლიციელებს და ქვა ისროლა მათი მიმართულებით, რითაც ს------ ბ---–---–ს ფეხი დაუზიანა. ამ ჩვენებებში არსად არ არის ნახსენები ძალადობის მუქარა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვის სროლის ნაწილში არ იზიარებს პოლიციელთა ჩვენებებს, აქედან გამომდინარე, რჩება მხოლოდ პოლიციის მისამართით გინება, რაც ადმინისტრაციულ გადაცდომას წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული მოვლენები ნამდვილად წარმოადგენს ჯგუფურ ძალადობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ-–- დ------ის მონაწილეობა აღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, ისევე როგორც არ დასტურდება მისი მხრიდან პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი, კერძოდ:
2. დაზარალებულ ს----- ბ---–---–ის ჩვენების თანახმად, იგი 2007 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. 2017 წლის 11-12 მარტს, პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად, მიავლინეს ქ. ბ------–ი. 2017 წლის 12 მარტის ღამეს, დაახლოებით 04:00 საათზე, თავის მეგობარ მ------ ბ-–-----სთან ერთად იმყოფებოდა ა-----------–ის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის წინ. რამდენიმე წუთში მოვიდა ორი ავტომობილი - ,,მერსედესი“ და შავი ფერის „ბმვ,’’ რომელიც იქვე წრეების დარტყმის შემდეგ გაჩერდა აქციის მონაწილეებთან. მანქანიდან გადმოვიდა ლ-–- დ-------, კანონიერი ქურდის ძმისშვილი, რომელსაც იცნობს სურათებიდან ოპერატიული შესწავლის საფუძველზე. ლ-–- დ------- აგინებდა პოლიციელებს და აგრესიულად მიმართავდა მათ. შემდეგ აიღო ქვა და ისროლა მათი მიმართულებით. ქვა მოხვდა ფეხში, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება მარცხენა ფეხის წვივზე. მ------ ბ-–-----ს დახმარებით გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. მოწმის განმარტებით, იდგა სამმართველოს შესასვლელთან, მთავარ ჭიშკართან, ბ-–-----სა და სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად. დ-------მ მოსვლიდან დაახლოებით 15-20 წუთში ესროლა ქვა.
3. მოწმე მ------ ბ-–-----ს ჩვენების თანახმად, 2005 წლიდან მუშაობს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 11-12 მარტის მოვლენების დროს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 2017 წლის 12 მარტს, ღამის საათებში, დაახლოებით 04:00 საათზე, იმყოფებოდა ა-----------–ის პოლიციის დეპარტამენტის ეზოში. პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ აქციის მონაწილენი. რამდენიმე წუთში მანქანით მოვიდა ლ-–- დ-------, რომელიც მის უბანში ცხოვრობს და ბიძა ჰყავს კანონიერი ქურდი. ლ-–- დ-------მ გააკეთა რამდენიმე წრე, შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან, შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, აგინა მათ და პოლიციელების მიმართულებით ისროლა ქვა, რომელიც მოხვდა მის გვერდით მდგომ ს----- ბ---–---–ს. მოწმის განმარტებით, იდგა სამმართველოს შესასვლელთან, მთავარ ჭიშკართან, ბ---–---–სა და სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად. დ-------მ მოსვლიდან დაახლოებით 10-15 წუთში ისროლა ქვა.
4. სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს სხვადასხვა ტელევიზიის (ს-----------------------–-----–----------------------------------) მიერ გადაღებული კადრები (ვიდეოჩანაწერები), სადაც ასახულია 2017 წლის 12 მარტის მოვლენები ქალაქ ბ------–ი. ვიდეოფაილებში ასახული კადრები იწყება 2017 წლის 12 მარტის 04:00 საათიდან, რა დროსაც ეკრანზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანან აქციის მონაწილეები. ირგვლივ ჩანს განადგურებული ინფრასტრუქტურა და ცეცხლმოკიდებული ავტომანქანები. ტერიტორიაზე დაახლოებით 04:08 საათზე შემოდის ჯერ შავი ფერის „მერსედესი“, ხოლო შემდეგ – ასევე შავი ფერის „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანა, ნომრით ,,T------”, რომელიც აკეთებს რამდენიმე წრეს და აძლევს ხმოვან სიგნალს. მანქანიდან გადმოდის საშუალო სიმაღლის მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი-ნაცრისფერი, კაპიუშონიანი სპორტული ტანსაცმელი, შავ-თეთრი ბოტასები და ახურავს შავი ნაქსოვი ქუდი. აღნიშნული პირი არის ლ-–- დ-------, რომელიც აგინებს პოლიციელებს. ამავე ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ლ-–- დ------- აღებს ავტომანქანის უკანა საბარგულს, სადაც ჩანს დიდი ზომის დინამიკი და მაღალ ხმაზე რთავს მუსიკას. ლ-–- დ------- ყვირის „გავერთოთ, ხალხო“ და შემდეგ უსტვენს თითების დახმარებით. ისმის მომიტინგეთა შეძახილები „ბ-----------------“. ამის შემდეგ ლ-–- დ------- რამდენჯერმე ჩნდება კადრში, იგი დგას აქციის მონაწილეებთან.
5. პალატა აღნიშნავს, რომ ლ-–- დ------ის ბრალეულობის დამადასტურებლად ბრალდება ფაქტობრივად ეფუძნება მხოლოდ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს: ს----- ბ---–---–ისა და მ------ ბ-–-----ს ჩვენებები და გამოკვლეული ვიდეომასალა ქმნის თუ არა უტყუარ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ობიექტური დამკვირვებლის დასარწმუნებლად პირის ბრალეულობაში.
6. ხსენებული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს ლ-–- დ------ის მიერ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. მოწმეების - ს----- ბ---–---–ისა და მ------ ბ-–-----ს ჩვენებები წარმოდგენილი ვიდეომასალის შეუსაბამოა, რაც აჩენს ეჭვებს მათი ჩვენებების უტყუარობასთან მიმართებით, კერძოდ: მ------ ბ-–-----ს მითითებით, ლ-–- დ-------მ მოსვლიდან დაახლოებით 10-15 წუთში, ხოლო ს----- ბ---–---–ის მითითებით - დაახლოებით 15-20 წუთში ისროლა ქვა ბ---–---–ის მიმართულებით, მაშინ როდესაც გამოკვლეული ვიდეომასალით უტყუარად დგინდება, რომ დ------- ტერიტორიაზე მიდის 04:08 საათზე, ხოლო 04:16 საათზე ჯდება მანქანაში და ტოვებს იქაურობას, ანუ მოსვლიდან დაახლოებით 8 წუთში. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არაერთი კამერის არსებობამ, რომელთა მეშვეობითაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ბ------–ი მიმდინარე მოვლენები, შესაძლებელი გახადა განვითარებულ მოვლენებზე ფაქტობრივად უწყვეტი რეჟიმით დაკვირვება. ლ-–- დ------- შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს არაერთხელ ხვდება კამერების ობიექტივში და მისი მხრიდან რაიმე ძალადობრივი ქმედება არ ფიქსირდება. კერძოდ, ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ დ------- რამდენიმე წრეს აკეთებს მანქანით, აძლევს ხმოვან სიგნალს, გადმოდის მანქანიდან, აგინებს პოლიციელებს, აღებს ავტომანქანის უკანა საბარგულს (სადაც ჩანს დიდი ზომის დინამიკი), რთავს მაღალ ხმაზე მუსიკას, ყვირის „გავერთოთ, ხალხო“ და უსტვენს. ამის შემდეგაც ლ-–- დ------- არაერთხელ ჩნდება კადრში: იგი დგას აქციის მონაწილეებთან ისე, რომ რაიმე ქმედებას არ ასრულებს. ამავდროულად, კადრში ხშირად ჩნდება ის ადგილი, სადაც უნდა მდგარიყვნენ ბ---–---–ი და ბ-–----- (მათი ჩვენებების მიხედვით). აღნიშნულ ადგილას ვინმეს ყოფნის ფაქტი კი კამერებზე არ ფიქსირდება.
6.2. პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული შეუსაბამობები აჩენს ეჭვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება პოლიციელების ჩვენებებში აღწერილი ვითარება რეალურ სურათს, ხოლო ეჭვი კი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo - ს თანახმად, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ლ-–- დ------ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე საქართველოს სსკ-ის 225-ე და 3531-ე მუხლებით.
7. საკასაციო პალატა არ ეთანხმება არც სააპელაციო პალატის დასკვნას ლ-–- დ------ის ქმედების ხულიგნობით (სსკ-ის 239-ე მუხლი) დაკვალიფიცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ ადვოკატის მოთხოვნა დ------ის მსჯავრდების ამ ნაწილშიც უდანაშაულოდ ცნობის შესახებ საფუძვლიანია, კერძოდ:
7.1. გასაჩივრებული განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ლ-–- დ-------მ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 12 მარტს ქალაქ ბ------–ი, ა-----------–ის პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეკრებილი იყვნენ აქციის მონაწილეები. დაახლოებით 04 საათსა და 08 წუთზე, მითითებულ ტერიტორიაზე შემოვიდა ჯერ შავი ფერის „მერსედესი“, ხოლო შემდეგ – ასევე შავი ფერის „ბმვ-ის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ლ-–- დ-------. მანქანამ გააკეთა რამდენიმე წრე ხმოვანი სიგნალის თანხლებით. შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა ლ-–- დ------- და გინებითა და მუქარით მიმართა პოლიციელებს, რის შემდეგაც გააღო საკუთარი ავტომანქანის უკანა საბარგული, სადაც მოთავსებული იყო დიდი ზომის დინამიკი და ჩართო მუსიკა. ლ-–- დ-------მ ჯერ დაიყვირა „გავერთოთ, ხალხო,“ ხოლო შემდეგ თითების დახმარებით დაიწყო სტვენა და დადგა აქციის მონაწილეებთან.
7.2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქმედების ხულიგნობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია სსკ-ის 239-ე მუხლის დისპოზიციის ყველა ელემენტის არსებობა, კერძოდ: ქმედება უხეშად უნდა არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ამავდროულად ასეთი ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან/და ძალადობის მუქარით. სწორედ ძალადობის/ძალადობის მუქარის ელემენტი განასხვავებს სისხლის სამრთლის წესით დასჯად ხულიგნობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისგან (წვრილმანი ხულიგნობა).
7.3. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დგინდება და არც ლ-–- დ------- უარყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტს, თუმცა დ------- უარყოფს მისი მხრიდან ძალადობას ან/და ძალადობის მუქარას და არც სააპელაციო პალატის განაჩენშია მსჯელობა იმის შესახებ, თუ რაში გამოიხატა დ------ის მხრიდან ძალადობა ან/და ძალადობის მუქარა. აღნიშნული ვითარება არ დგინდება არც წარმოდგენილი მტკიცებულებებით (თუ რატომ არ იზიარებს პალატა მოწმე-პოლიციელების ჩვენებებს, ამაზე ზემოთაა მსჯელობა). ამდენად, არ იკვეთება დანაშაულის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანი, რის გამოც პირისათვის ქმედების ბრალად შერაცხვა სამართლებრივად შეუძლებელია.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ლ-–- დ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჯ--------ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ლ-–- დ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჯ--------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ლ-–- დ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
5. გამართლებულ ლ-–- დ-------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე