განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.06.2019
საქმის ნომერი
010332219900023113
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#010332219900023113

საქმე #სსდ-18-19 27 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა

შემადგენლობა:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი

სხდომის მდივანი - მ--- გ-----ა

საჩივრის ავტორი - ადვოკატი ნ----- გ--------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წარმომადგენელი - თ----- ხ------–----ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 30 იანვრის #097/18 გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ადვოკატ ნ----- გ--------ის მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა, რასაც საფუძვლად დაედო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საჩივრის ავტორის - ნ----------–- შ------–---–ის განცხადებით, ადვოკატი ნ----- გ--------ე იყო საჩივრის ავტორის ყოფილი მეუღლის - ი-----–- შ------–---–ის ადვოკატი განქორწინებისა და ქონების გაყოფის საქმეზე. სამოქალაქო საქმეების პარალელურად ი-----–- შ------–---–ზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სადაც ნ----------–- შ------–---–ს ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი. ადვოკატმა ნ----- გ--------ემ ნ----------–- შ------–---–ს მიწერა, რომ ყოფილი მეუღლე იმ შემთხვევაში გადაუხდიდა ალიმენტს შვილებს, თუ თვითონ და თავისი მოწმეები სასამართლოს მისცემდნენ ჩვენებას ი-----–- შ------–---–ის სასარგებლოდ, რაზეც მომჩივანმა უარი განაცხადა.

მომჩივანსა და ადვოკატ ნ----- გ--------ეს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც ადვოკატმა შესთავაზა ახალ მორიგების პირობებზე დათანხმება. ადვოკატი ნ----- გ--------ე დაუკავშირდა ნ----------–- შ------–---–ს და დააბრალა, რომ ბინას, რომელშიც მხოლოდ ცხოვრების უფლება ჰქონდა, აქირავებდა უკანონოდ და დაემუქრა პოლიციის ეკიპაჟის გამოძახებით, ასევე უთხრა, რომ „მივიდოდა მასთან აღმასრულებელთან ერთად და მის სტუმრებს დააგორებდა კიბეზე“.

საჩივრის ავტორის - ნ----------–- შ------–---–ის აზრით, ადვოკატი ნ----- გ--------ე არის „ფსიქიკურად შერყეული“. სისტემატურად ემუქრება მას სახლში მისვლით და სიცოცხლის მოსპობით. ამდენად, რადგან საჩივრის ავტორი აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მას გააჩნია საფუძვლიანი შიში იმისა, რომ შესაძლოა, მის შვილებს რაიმე ზიანი მიადგეთ ადვოკატის ქმედებების შედეგად.

2018 წლის 21 აგვისტოს ეთიკის კომისიის საპროცესო კოლეგიის სხდომაზე მომჩივანმა - ნ----------–- შ------–---–მა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატ ნ----- გ--------ეს სთხოვდა შეეწყვიტა მასთან პირადი კომუნიკაცია და დაკავშირებოდა თავის ადვოკატს, იგი არ ითვალისწინებდა მის სურვილს და უკავშირდებოდა ხშირად, ღამის 2-3 საათზეც კი.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ადვოკატი ნ----- გ--------ე ცნობილ იქნა ბრალეულად „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ შესაბამისი ნორმების დარღვევაში, რისთვისაც მას „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - გაფრთხილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

ეთიკის კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ადვოკატი ნ----- გ--------ე ნ----------–- შ------–---–ის ყოფილი მეუღლის - ი-----–- შ------–---–ის ინტერესებს წარმოადგენდა სამოქალაქო საქმეზე - განქორწინებისა და ქონების გაყოფის თაობაზე. ადვოკატსა და ნ----------–- შ------–---–ს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობდა წერილობითი კომუნიკაცია. ნ----------–- შ------–---–ის ინტერესებს სამოქალაქო საქმეზე წარმოადგენდა ადვოკატი თ--- ი----ე.

ეთიკის კომისიამ, მხარეთა განსხვავებული პოზიციების გამო, სადავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ადვოკატი ნ----- გ--------ე საჩივრის ავტორს - ნ----------–- შ------–---–ს უკავშირდებოდა მისი ადვოკატის გვერდის ავლით. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული საუბრიდან გამომდინარე, კოლეგიამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადვოკატმა ნ----------–- შ------–---–თან კომუნიკაცია გააგრძელა მას შემდეგაც, რაც ნ----------–- შ------–---–მა სთხოვა, რომ შეეწყვიტა მასთან კომუნიკაცია და დაკავშირებოდა მისი ადვოკატის მეშვეობით.

ადვოკატმა ნ----- გ--------ემ საჩივრის ავტორს მიწერა შემდეგი შინაარსის შეტყობინება: „დანარჩენს კანონის ძალით გავარკვევთ, აღმასრულებელს მაგ შენი სტუმრების ბარგს პირდაპირ კიბეზე გადმოვაყრევინებ და სტუმრებსაც მივაყოლებ ზედ, რადგან ასეთი სახით გინდა საუბარი. სტუმრებს შენ არა მე გავუშვებ სასამართლოს განჩინებით და აღმასრულებლის დახმარებით, კარგი, რამდენიმე დღეში ნახავ რა მოუვათ შენს „სტუმრებს““. ადვოკატი ნ----- გ--------ე უარყოფს მსგავსი შინაარსის სიტყვებით მიმართვის ფაქტს და განმარტავს, რომ მან არა ერთხელ აუხსნა ნ----------–- შ------–---–ს, რა უფლებები ჰქონდა ი-----–- შ------–---–ის საკუთრებაში არსებულ ბინაზე.

ეთიკის კომისიამ დაუშვა შესაძლებლობა, რომ კომისიისათვის წარმოდგენილი მიმოწერა, შესაძლოა, არასრული იყოს, თუმცა კოლეგიას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მათ საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ადვოკატ ნ----- გ--------ის მიერ დაირღვა „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, ადვოკატისა და სასამართლოს ურთიერთობის მარეგულირებელი წესები ასევე ვრცელდება ადვოკატის ურთიერთობაზე პროცესის მონაწილეებთან, აგრეთვე არბიტრაჟთან და ნებისმიერ სხვა პირთან, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას ან სასამართლოს მსგავს ფუნქციას. ასევე ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის შესაბამისად, ადვოკატი არ უნდა დაუკავშირდეს მოწინააღმდეგე მხარეს საქმესთან დაკავშირებით ამ მხარის ადვოკატის გვერდის ავლით, თუ მისთვის ცნობილია, რომ ეს მხარე წარმოდგენილია ადვოკატით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარის ადვოკატი თანხმდება ასეთ კომუნიკაციაზე ან ობიექტურად შეუძლებელია ადვოკატთან დაკავშირება.

ეთიკის კომისიამ განმარტა, რომ ადვოკატმა ნებისმიერ ვითარებაში უნდა შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, გამოიჩინოს მოთმინება და პატივი სცეს თავის საქმიანობას, არ უნდა მოიქცეს იმგვარად, რაც შეუფერებელია ადვოკატის პროფესიის სტატუსისთვის. ადვოკატი უნდა შეეცადოს, თავი აარიდოს იმგვარ ქმედებასა და გამონათქვამებს, რაც არ შეესატყვისება ადვოკატის მაღალ როლს საზოგადოებაში და ხელს შეუშლის ამ პროფესიისადმი საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას. ადვოკატს, როგორც მართლმსაჯულებაში მონაწილე პირს, ქცევის უფრო მაღალი სტანდარტი მოეთხოვება, განსხვავებით სხვა პირებისაგან.

ეთიკის კომისიამ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1984 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე - R.S and Z.V Switzerland, სადაც განიმარტა, რომ „პროფესიული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ადვოკატს ნებას არ რთავს გააკეთოს სუბიექტური, არაგონივრული და შეურაცხმყოფელი განცხადებები იმგვარად, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მთელი ადვოკატთა კორპუსის საიმედოობა და ეთიკურობა.

ეთიკის კომისიის აზრით, ადვოკატს პროფესიული ვალდებულებები ავალდებულებს პატივი სცეს პროცესის მონაწილეებს. ამ ნორმის მიზანია მართლმსაჯულების პროცესისადმი ხელშეწყობა, ადვოკატის პროფესიის რეპუტაციის ზრდა. ვიწრო განმარტებით, აღნიშნული ეხება პროცესის მხარეებს, მოწმეებს, თარჯიმნებს, სპეციალისტებს და ა. შ., ასევე პროცესზე დამსწრე პირებს, თუმცა ამავე ნორმის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ფართო მნიშვნელობით და მასში უნდა მოიაზრებოდეს არა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე, არამედ მასთან მყოფი და სამართლებრივად ან პიროვნულად დაკავშირებული პირები, მათ შორის, მისი სტუმრები.

ეთიკის კომისიამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადვოკატმა მოწინააღმდეგე მხარის - ნ----------–- შ------–---–ისადმი წერილობითი კომუნიკაციის დროს გამოიჩინა უპატივცემულობა. ამასთანავე, ადვოკატმა დაარღვია ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ეთიკური ვალდებულება, კერძოდ, არ დაიცვა ადვოკატსა და პროცესის მონაწილე სხვა პირთა შორის ურთიერთობის წესები, დაუკავშირდა მოწინააღმდეგე მხარეს საქმესთან დაკავშირებით, ამ მხარის ადვოკატის გვერდის ავლით, იმის გათვალისწინებით, რომ ნ----------–- შ------–---–მა არაერთხელ მოუწოდა არ დაკავშირებოდა პირადად მას.

ეთიკის კომისიამ სახდელის გადაცდომასთან პროპორციულობის განხილვისას გაითვალისწინა დისციპლინური გადაცდომის ხასიათი, სიმძიმე, ასევე ფაქტი იმის თაობაზე, რომ ადვოკატი ნ----- გ--------ე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა დისციპლინირებული და აღნიშნა, რომ ადვოკატის მიმართ საადვოკატო საქმიანობის უფლების შეჩერება ან შეწყვეტა იქნებოდა ზედმეტად მკაცრი, შეუსაბამო და არაპროპორციული. ეთიკის კომისიამ იხელმძღვანელა პასუხისმგებლობის სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპით და მიიჩნია, რომ ადვოკატ ნ----- გ--------ეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამო უნდა დაკისრებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა - გაფრთხილება.

მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ადვოკატმა - ნ----- გ--------ემ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ეთიკის კომისიაში ნ----------–- შ------–---–ის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი, უბრალო თაბახის ფურცლებზე დატანილი ტექსტი არ არის მისი „მიმოწერა“. მას მიმოწერა ჰქონდა მხოლოდ ალიმენტის გადაცემის საკითხებზე, რითაც ერთმანეთს უთანხმებდნენ ალიმენტის გადაცემის დროსა და ადგილს. ნ----------–- შ------–---–მა ამ ტექსტებს ამოაკლო თავისი დაწერილი ფრაზები, სადაც წყევლასა და ლანძღვას უგზავნიდა ადვოკატს. საჩივრის ავტორის მითითებით, მან ეთიკის კომისიაშიც დააფიქსირა, რომ მიმოწერა გადაკეთებული იყო.

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები დევნის აღძვრისა და პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მას ჩაბარდა დაგვიანებით, კანონის უხეში დარღვევით. ორივე გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან ორივე ეყრდნობა ცრუ და დაუსაბუთებელ ფაქტებს, რომელთა დამამტკიცებელი რაიმე სახის ავთენტური და უტყუარი მტკიცებულება მომჩივანს არ წარმოუდგენია. საჩივრის ავტორი არ ეთანხმება 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებს, რადგან ფაქტები დამახინჯებულია და არასრულადაა გადაწყვეტილებაში ასახული.

ეთიკის კომისია საქმეს იხილავს მიუკერძოებლად, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპების დაცვით. მოცემული საქმის განხილვისას დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული პრინციპები.

ეთიკის კომისიის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, უხეშად დაირღვა ადვოკატ ნ----- გ--------ის უდანაშაულობის პრეზუმფცია. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, ადვოკატმა მოითხოვა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 30 იანვრისა და 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებების გაუქმება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სადისციპლინო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, ეთიკის კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 30 იანვრის #097/18 გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ეთიკის კომისიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ადვოკატმა ნ----- გ--------ემ დაარღვია „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, ადვოკატისა და სასამართლოს ურთიერთობის მარეგულირებელი წესები ასევე ვრცელდება ადვოკატის ურთიერთობაზე პროცესის მონაწილეებთან, აგრეთვე არბიტრაჟთან და ნებისმიერ სხვა პირთან, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას ან სასამართლოს მსგავს ფუნქციას. ასევე, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის შესაბამისად, ადვოკატი არ უნდა დაუკავშირდეს მოწინააღმდეგე მხარეს საქმესთან დაკავშირებით ამ მხარის ადვოკატის გვერდის ავლით, თუ მისთვის ცნობილია, რომ ეს მხარე წარმოდგენილია ადვოკატით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარის ადვოკატი თანხმდება ასეთ კომუნიკაციაზე ან ობიექტურად შეუძლებელია ადვოკატთან დაკავშირება. მითითებული გადაცდომების გამო ეთიკის კომისიამ ადვოკატი ბრალეულად ცნო დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში და დააკისრა მას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნო მომჩივანი მხარის მიერ ეთიკის კომისიაში წარდგენილ ელექტრონულ მიმოწერას. კერძოდ, საქმეში არსებული ელექტრონული მიმოწერიდან გამომდინარე, კომისიამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადვოკატი ნ----- გ--------ე საჩივრის ავტორს - ნ----------–- შ------–---–ს უკავშირდებოდა მისი ადვოკატის გვერდის ავლით. ადვოკატმა ნ----------–- შ------–---–თან ურთიერთობა გააგრძელა მას შემდეგაც, რაც ნ----------–- შ------–---–მა სთხოვა, რომ შეეწყვიტა მასთან კომუნიკაცია და დაკავშირებოდა მისი ადვოკატის მეშვეობით. ასევე, ადვოკატმა ნ----- გ--------ემ საჩივრის ავტორს მიწერა შემდეგი შინაარსის შეტყობინება: „დანარჩენს კანონის ძალით გავარკვევთ, აღმასრულებელს მაგ შენი სტუმრების ბარგს პირდაპირ კიბეზე გადმოვაყრევინებ და სტუმრებსაც მივაყოლებ ზედ, რადგან ასეთი სახით გინდა საუბარი. სტუმრებს შენ არა მე გავუშვებ სასამართლოს განჩინებით და აღმასრულებლის დახმარებით, კარგი, რამდენიმე დღეში ნახავ რა მოუვათ შენს „სტუმრებს““.

ეთიკის კომისიამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა, რომ ადვოკატი ნ----- გ--------ე უარყოფდა მსგავსი შინაარსის სიტყვებით მიმართვის ფაქტს. ამასთანავე, კომისიამ დაუშვა შესაძლებლობა, რომ კომისიისათვის წარდგენილი მიმოწერა, შესაძლოა, არასრული ყოფილიყო, თუმცა კოლეგიას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მათ საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება.

საჩივრის ავტორმა სადისციპლინო პალატის სხდომაზე კვლავ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ ე.წ. „მიმოწერა“ არ იყო მისი, ხოლო ეთიკის კომისიის წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ ეთიკის კომისია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის მაისში განხორციელებული ცვლილების თანახმად, მოკლებული იყო შესაძლებლობას მხარეთა შუამდგომლობის გარეშე, თავისი ინიციატივით გამოეთხოვა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები.

სადისციპლინო პალატა მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის თანახმად, „ეთიკის კომისია უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოსგან ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისგან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს განსახილველ დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები, გამოჰკითხოს შესაბამისი ფიზიკური პირები და შეასრულოს უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა მოქმედებები...“. მიუხედავად მოცემული ნორმის ამგვარი დანაწესისა, ეთიკის კომისია არ არის ვალდებული უპირობოდ გაიზიაროს მხარეთა მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის ნამდვილობაც არანაირი უტყუარი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული, მით უფრო იმ პირობებში, როცა წარმოდგენილი მიმოწერის ნამდვილობას საჩივრის ავტორი ეჭვქვეშ აყენებს. სადისციპლინო პალატისა და ეთიკის კომისიის სხდომებზე ადვოკატმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ ე.წ.„ მიმოწერა“ სიცრუე იყო, ტექსტი გადაკეთებული და ამოგლეჯილი იყო კონტექსტიდან (იხ. ტ.I, ს.ფ. 79-81; 90-94; 129-134; (ადვოკატ ნ----- გ--------ის წერილობითი ახსნა-განმარტებები).

სადიციპლინო პალატა მიუთითებს აგრეთვე „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულებაზე, რომლის თანახმად, განხილვის კოლეგია კანონით დადგენილ შემთხვევებში იხილავს დისციპლინურ საქმეს ამ დებულების მე-3 და მე-4 თავებით დისციპლინური კოლეგიებისთვის დადგენილი წესით, ამავე დებულების 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „მხარეთა ახსნა-განმარტებების შემდეგ, განხილვის კოლეგია უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით განიხილოს და შეამოწმოს სადავო ფაქტებთან დაკავშირებული მტკიცებულებები“, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „განხილვის კოლეგიას უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს და შეკითხვებით მიმართოს მოწმეებსა და ექსპერტებს საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევის მიზნით, ასევე მისცეს მხარეებს მათთვის შეკითხვების დასმის საშუალება“. მიუხედავად დისციპლინური საქმის წარმოების ინკვიზიციური ხასიათისა, ეთიკის კომისიას სხდომაზე არ მოუწვევია და მოწმის სახით არ დაუკითხავს მომჩივანი მხარის ადვოკატი, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ან უარეყო კომუნიკაციის არქონის ფაქტი. ეთიკის კომისიას ზემოაღნიშნული დებულების 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უფლება ჰქონდა მოწმე მოეწვია მხარის შუამდგომლობის გარეშე და საქმის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, შეკითხვები დაესვა მისთვის. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მომჩივანი მხარის მიერ წარდგენილ ელექტრონულ მიმოწერას და ისე მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომ არ გამოუკვლევია წარდგენილი მტკიცებულებების ნამდვილობა. საქმეში არსებული ელექტრონული მიმოწერა ამობეჭდილია თაბახის ფურცლებზე, რომელიც არ არის ხელმოწერით დადასტურებული ადვოკატის მიერ და არ დგინდება მისი ავთენტურობა ((იხ. ტ.I, ს.ფ. 4-43).

სადისციპლინო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად (კანონის ანალოგია), თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

წარმოდგენილ საჩივარში სადავოა ასევე მტკიცების ტვირთის განაწილება, რადგან საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, არ იყო ვალდებული ემტკიცებინა მისი უდანაშაულობა. სადისციპლინო პალატა მიუთითებს მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, დისციპლინური სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი, თავის მხრივ, მხარეს არ ათავისუფლებს მტკიცების ტვირთის ვალდებულებისგან. ამდენად, მან უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულების 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განხილვის კოლეგია დისციპლინურ საქმეს იხილავს მიუკერძოებლად, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპების დაცვით. მითითებული პრინციპების მიხედვით, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კონკრეტულ შემთხვევაში, მომჩივნის მტკიცების ტვირთი არის მის მიერ მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება იმის თაობაზე, რომ მის მიერ წარმოდგენილი, უბრალო ფურცლებზე ამობეჭდილი მიმოწერა იყო ნამდვილად მისი და ნ----- გ--------ის მიმოწერა. ეთიკის კომისია არ არის ვალდებული მტკიცების ტვირთის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამტკიცებულად მიიჩნიოს საწინააღმდეგო. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობის დადასტურება.

სადისციპლინო პალატა იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება ეთიკის კომისიის მიერ მიღებულ იქნა 2019 წლის 30 იანვარს, რომელიც ადვოკატ ნ----- გ--------ეს ჩაჰბარდა დაგვიანებით - 2019 წლის 11 მაისს მაშინ, როცა „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულების მე-20 მუხლი ითვალისწინებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებას მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში. ამდენად, ეთიკის კომისიამ დაარღვია „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულებით დადგენილი წესი და მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება 3 თვისა და 11 დღის დაგვიანებით ჩააბარა. ვადის მნიშვნელოვანი დარღვევით გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დაუშვებლობაზე სადისციპლინო პალატამ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში არა ერთხელ ხაზგასმით მიუთითა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული პროცედურული დარღვევები, მისი არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ შეიძლება გამხდარიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 7567 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე, თუ „გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია“. მოცემულ შემთხვევაში, ეთიკის კომისია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შემოიფარგლა მხოლოდ მომჩივნის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე მითითებით ისე, რომ არ გამოუკვლევია ამ მტკიცებულებათა ნამდვილობა და არ უმსჯელია, თუ რა უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ ეთიკის კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რასაც შესაძლოა, გავლენა მოეხდინა ადვოკატისათვის პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრებაზე. ამასთან, სადისციპლინო პალატა მიუთითებს ეთიკის კომისიას, რომ იმსჯელოს ზემოაღნიშნულზე, გამოიკვლიოს და შეაფასოს წარდგენილი მტკიცებულებები და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7562 მუხლით, 7563 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 7567 მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ადვოკატ ნ----- გ--------ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 30 იანვრის #097/18 გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ეთიკის კომისიას;

3. გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს;

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე /გიორგი შავლიაშვილი/

 

მოსამართლეები: /ვასილ როინიშვილი/

 

/ზურაბ ძლიერიშვილი/