განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#010332219900025691
საქმე #სსდ-28-19 16 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გიორგი შავლიაშვილი (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი,ზურაბ ძლიერიშვილი
სხდომის მდივანი - მ--- გ------
საჩივრის ავტორები _ თ---–---- ს-----–-–--- სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები - ნ----- ა-–------, ლ---- ბ---------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წელს თ---–---- ს-----–-–--- სასამართლოს მოსამართლეების - ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ის მიმართ მიმდინარეობდა დისციპლინური სამართალწარმოება, რის გამოც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ისინი გათავისუფლდნენ მოსამართლის თანამდებობიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2007 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით.
ყოფილმა მოსამართლეებმა - ნ. ა-–------მ და ლ. ბ---------–--ემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დაამტკიცა საქართველოს მთავრობის მხრიდან წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაცია და ევროკონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე საჩივრები ამოიღო განსახილველი საქმეების ნუსხიდან. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 8 ნოემბერს.
2019 წლის 6 და 8 თებერვალს ნ. ა-–------მ და ლ. ბ---------–--ემ განცხადებებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნეს, რომ მათ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2007 წლის 18 მაისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2007 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებებით დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. მათ აღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით (საჩივრები - #12611/08 და #25500/08, „ნ----- ა-–------ საქართველოს წინააღმდეგ“ და „ლ---- ბ---------–--ე საქართველოს წინააღმდეგ“) დაადგინა საქართველოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა. აღნიშნულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა ზიანის ანაზღაურება.
განცხადების ავტორებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2007 წლის 18 მაისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2007 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებების გაუქმება და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის ამოწურვის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით, ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ის განცხადებები, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით თ---–---- ს-----–-–--- სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების - ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2007 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით თ---–---- ს-----–-–--- სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების - ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით თ---–---- ს-----–-–--- სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების - ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება შეწყდა დისციპლინური სამართალწარმოების ვადების ამოწურვის გამო.
სადისციპლინო კოლეგიამ მიუთითა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 752 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან გასულია 5 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემიდან - 1 წელი. ამავე კანონის 7542 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ან მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება.
სადისციპლინო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ დისციპლუნური საქმის განხილვის დროისთვის ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ეს შეწყვეტილი ჰქონდათ სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. ამდენად, ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ეს აღარ ჰქონდათ მოსამართლის სტატუსი, ასევე, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, კერძოდ, 2007 წლის 4 აპრილიდან გასული იყო პასუხისგებაში მიცემის კანონით დადგენილი ერთწლიანი ვადა, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 5-წლიანი ვადა.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრეს ნ. ა-–------მ და ლ. ბ---------–--ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ბრალეული ქმედებისა და დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის არარსებობის გამო, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ვადის ამოწურვისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების არარსებობის საფუძვლით, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.
საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სადისციპლინო კოლეგიამ საქმის წარმოება შეწყვიტა არა მათ მიერ მითითებული, არამედ სხვა საფუძვლით - დისციპლინური სამართალწარმოების ვადების ამოწურვის მოტივით. ამასთან, არ განუხილავს, არ უმსჯელია და არ შეუფასებია საჩივრის ავტორების მიერ მითითებული საფუძვლებიდან არც ერთი, მოახდინა მათი სრული იგნორირება და გადაწყვეტილება დააყრდნო სხვა საფუძველს. სადისციპლინო კოლეგიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ბოლოს მიუთითა, რომ საქმის წარმოებას წყვეტს დისციპლინური სამართალწარმოების ვადების ამოწურვის და არა ბრალეული ქმედების არარსებობის გამო. აღნიშნული მოსაზრება ყოვლად უკანონო, დაუსაბუთებელია და საერთოდ ამოვარდნილია განსახილველი საკითხის კონტექსტიდან.
საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ მათ მიმართ წარმოებულ დისციპლინურ საქმეზე მანამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილება გაუქმებულია, სადისციპლინო კოლეგიას დისციპლინური ბრალდების საქმის ფაქტობრივი გარემოებები სხდომაზე არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია. ამგვარი გამოკვლევის ეტაპამდე საქმისწარმოება მისულიც არ ყოფილა ისე მოხდა საქმისწარმოების შეწყვეტა. ამდენად, კოლეგიას არავითარი უფლება არ ჰქონდა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოუკვლეველი და შეუსწავლელი ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილად მიეჩნია, რომ საჩივრის ავტორების მიმართებით არ იყო გამორიცხული ბრალეული ქმედებების მათ მიერ ჩადენის ფაქტი. აქედან გამომდინარე, 12 წლის წინ დაწყებული დისციპლინური ბრალდების საქმისწარმოება დღესაც არ არის დასრულებული და საჩივრის ავტორების მოსაზრებით, ისინი კვლავ ბრალდების ქვეს მყოფ პირებად რჩებიან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---–---- ს-----–-–--- სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების - ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური საქმის წარმოება შეწყვიტა ორი საფუძვლით. კერძოდ, არ არსებობდა სუბიექტი, ანუ მოცემული დისციპლინური საქმის განხილვის დროისთვის ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ეს შეწყვეტილი ჰქონდათ სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა, ასევე გასული იყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 752 მუხლით დადგენილი დისციპლინური სამართალწარმოების ვადები.
სადისციპლინო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საჩივარი ეყრდნობა ორ ძირითად არგუმენტს. კერძოდ, საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, დისციპლინური საქმისწარმოება უნდა შეწყდეს არა სადისციპლინო კოლეგიის მიერ მითითებული საფუძვლით, არამედ ბრალეული ქმედების არარსებობის გამო - დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის არარასებობის, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ვადის ამოწურვისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების არარსებობის საფუძვლით. ასევე, დისციპლინური სამართალწარმოების ვადების მიზნებისთვის სრულიად არარელევანტურია გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება და სამოტივაციო ნაწილში მოცემული ჩანაწერი - „(და არა ბრალეული ქმედების არარსებობის გამო)“, რაც საჩივრის ავტორთა აზრით, არ გამორიცხავს მათ მიერ ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტის არსებობას.
სადისციპლინო პალატა საჩივრის პირველ არგუმენტთან დაკავშირებით არ ეთანხმება საჩივრის ავტორთა მოსაზრებას და იზიარებს სადისციპლინო კოლეგიის განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქმისწარმოების შეწყვეტის კანონით დადგენილი კოკრეტული საფუძვლები. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 752 მუხლის თანახმად, მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან - 1 წელი. ამავე კანონის 7542 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ „მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ანდა მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება“.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოცემული დისციპლინური საქმის განხილვის დროისთვის ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ეს შეწყვეტილი აქვთ სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. ასევე, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, კერძოდ, 2007 წლის 4 აპრილიდან გასულია კანონით დადგენილი 1-წლიანი ვადა, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან - ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა. აქედან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ სადისციპლინო კოლეგიამ სრულიად მართებულად იმსჯელა საქმის პროცედურულ ნაწილზე და ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ის მიმართ ზემოაღნიშნული საფუძვლებით შეწყვიტა დისციპლინური საქმისწარმოება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სადისციპლინო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ნ. ა-–------მ და ლ. ბ---------–--ემ სადისციპლინო კოლეგიაში მხარეთა შუამდგომლობების ეტაპზე დისციპლინური საქმისწარმოების შეწყვეტა მოითხოვეს წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. მისი დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად კი მიუთითეს სამი სამართლებრივი გარემოება: დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის არარსებობა, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ვადის ამოწურვა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების არარსებობა. თუმცა კოლეგიას არ უმსჯელია შუამდგომლობაში მათ მიერ მითითებულ არგუმენტებზე და სხვა საფუძვლით - სამართალწარმოების ვადების ამოწურვის გამო შეწყვიტა საქმისწარმოება. მიმდინარე წლის 16 ოქტომბრის სადისციპლინო პალატის სხდომაზე საჩივრის ავტორებმა დაადასტურეს ზემოაღნიშნული, ამასთან, აღნიშნეს, რომ სადისციპლინო კოლეგია არ უნდა შესულიყო არსებით მსჯელობაში და საქმის წარმოება უნდა შემწყდარიყო დაუყოვნებლივ, ყოველგვარი არსებითი მსჯელობის გარეშე.
პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ არგუმენტს და განმარტავს, რომ სადისციპლინო კოლეგიამ საქმისწარმოება შეწყვიტა საქმის არსებითი განხილვის გარეშე, სამართალწარმოების ვადების ამოწურვის გამო. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის მსჯელობა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მათ შეფასებაზე. კოლეგიამ პირდაპირ მიუთითა საქმისწარმოების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებზე, კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7530 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დისციპლინური საქმის წარმოებაში მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ არის ამოწურული მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამ კანონით დადგენილი ვადა. საქმის მასალებით დადასტურებულია და არც საჩივრის ავტორები უარყოფენ, რომ უდავოდ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები - სახდელის დაკისრების ვადის ამოწურვა, ასევე სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის გასვლა, რის გამოც სადისციპლინო კოლეგიამ მართებულად შეწყვიტა საქმის წარმოება სამართალწარმოების ვადების ამოწურვის გამო. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორების მოსაზრება, რომ მათ მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება შეწყდა საქმის არსებითი განხილვის შემდეგ. სადისციპლინო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს აგრეთვე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7541 მუხლი, რომელიც ჩამოთვლის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების სახეებს. მათ შორისაა გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია იმ გადაწყვეტილებათა სახეები, რომლებიც მიიღება მხოლოდ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, თუმცა ამ ჩამონათვალში დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მითითებული არ არის. კანონის ამ დანაწესის შესაბამისად, დისციპლინური საქმისწარმოება წყდება საქმის არსებითი განხილვის გარეშე, რაც სადისციპლინო კოლეგიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სრულიად კანონიერად განახორციელა.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება, რომელიც საფუძვლად დაედო სადისციპლინო პალატაში ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ის მიმართ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. ევროსასამართლომ ამავე განჩინებით დაამტკიცა საქართველოს მთავრობის მხრიდან წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაცია, რომლითაც საქართველოს მთავრობამ აღიარა ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ის მიმართ სამოქალაქო მიმართულებით მომჩივნების წინააღმდეგ წარმართულ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით და თითოეული მომჩივანისათვის იტვირთა 4000 ევროს გადახდა - მატერიალური და არამატერიალური ზიანისა და ნებისმიერი ხარჯის დასაფარად. ევროსასამართლომ ასევე გაითვალისწინა ცალმხრივ დეკლარაციაში მითითებული განმარტება, რომ მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების კანონში 27.03.2012წ. შეტანილი ცვლილების თანახმად, მომჩივნების დისციპლინური სანქციის სამართლებრივი საფუძველი - „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 2.2. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (კანონის უხეში დარღვევა) გაუქმდა და მომჩივნებს 01.08.2014წ. მიენიჭათ ქვეყნის სხვა სასამართლო პოზიციაზე თავიანთი კანდიდატურების დაყენების უფლებამოსილება. ამდენად, მომჩივნებისთვის ჯერ კიდევ ღია იყო შიდა დონეზე სასამართლო დაცვის დამატებითი საშუალებები, აღნიშნული კი მიზნად ისახავდა ყოფილი მოსამართლეების უფლებების სრულყოფილ აღდგენას.
სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაშვებულ განაცხადზე საქმის წარმოებას არ ამთავრებს მხოლოდ არსებითი გადაწყვეტილებით, საქმეზე შესაძლოა დამტკიცდეს მორიგება ან ცალმხრივი დეკლარაცია. მორიგებისაგან განსხვავებით, ცალმხრივი დეკლარაციის დამტკიცებისას არ არის საჭირო მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენა, დეკლარაცია შესაძლოა დამტკიცდეს მაშინაც, როდესაც ადგილი არ ჰქონია წინასწარი მეგობრული მორიგების მოლაპარაკებებს და როდესაც მომჩივანი ითხოვს საქმის განხილვის გაგრძელებას (იხ. მაგ.: „ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ“ - N65969/09 განაცხადი, 5.09.2015წ., §19-21; „მ. ტურავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - N7607/07 და N8710/07 განაცხადები, 27.11.2018წ., §43-46). განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა დარღვევა ნ. ა-–-------ა და ლ. ბ----------–--ის მიმართ სამოქალაქო მიმართულებით მომჩივნების წინააღმდეგ წარმართულ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო ცალმხრივ დეკლარაციას ამტკიცებს არა ყველა შემთხვევაში, არამედ დავის ფაქტობრივი გარემოებებისა და შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობის გათვალისწინებით. თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ დეკლარაციაში შეთავაზებული პირობები შესაბამისობაში მოდის კონვენციასა და მის დამატებით ოქმებთან და აღარ დასტურდება საჩივრის განხილვის გაგრძელების საჭიროება, სასამართლო ამორიცხავს საჩივარს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელეს საქმის წარმოების გაგრძელება სურს. განსახილველ შემთხვევაშიც ევროპულმა სასამართლომ ცალმხრივი დეკლარაცია დაამტკიცა და საქმის განხილვის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია დეკლარაციაში მითითებული აღიარებითი ხასიათის განაცხადისა და შეთავაზებული კომპენსაციის გათვალისწინებით.
ამდენად, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნა - „...თ---–---- ს-----–-–--- სასამართლოს მოსამართლეების - ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართლწარმოების ვადების ამოწურვის (და არა ბრალეული ქმედების არარსებობის გამო)“, არარელევანტურია, ვინაიდან ევროსასამართლოს განჩინებაში საქმის არსებით ნაწილზე, ანუ ეროვნული დონის სასამართლო ორგანოების დასკვნების მართებულობაზე არათუ მსჯელობა, მითითებაც არ ყოფილა. ამგვარი შეფასება ევროსასამართლოს განჩინებიდან არ გამომდინარეობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისას საქმე არსებითად არ განიხილება და სასამართლო ადგენს მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლებიც საქმის წარმოების შეწყვეტის კონკრეტული საფუძვლის არსებობას ადასტურებს. შესაბამისად, არსებითი განხილვის გარეშე საქმის დასრულებისას, არ მოწმდება დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული პირის ბრალეულობა, ამიტომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ უნდა შეიცავდეს ისეთ დასკვნებს ან მსჯელობას, რას პირდაპირ ან არაპირდაპირ მოსამართლის ბრალეულობაზე მიუთითებს. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული სასამართლო დასკვნისა, სადისციპლინო კოლეგიამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა საქმის წარმოების შეწყვეტის ორ საფუძველზე, რაც რეალურად გახდა ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დასკვნის არსებობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას არ გამორიცხავს.
სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოს 04.20.2018წ. #2194 ორგანული კანონით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონი. მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოება მოწესრიგდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი ნორმებით. ამდენად, დღეს მოქმედი რედაქციით, კერძოდ, მითითებული კანონის 7563 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 7564 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძვლებს, რომელთა შორისაა სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა. ამავე პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოების არსებობასთან ერთად, სავალდებულოა სადისციპლინო პალატის სხდომაზე დადასტურდეს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტებიც, მოცემულ შემთხვევაში, დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, საჩივრის ავტორების - ნ. ა-–-------ა და ლ. ბ---------–--ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7562 მუხლით, 7563 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 7564 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---–---- ს-----–-–--- ყოფილი მოსამართლეების - ნ----- ა-–-------ა და ლ---- ბ---------–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /გიორგი შავლიაშვილი/
მოსამართლეები: /ვასილ როინიშვილი/
/ზურაბ ძლიერიშვილი/