განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.12.2019
საქმის ნომერი
010332219900026203
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.12.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

#010332219900026203

საქმე #სსდ-29-19 20 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გიორგი შავლიაშვილი (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი,ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი - მ--- გ------

საჩივრის ავტორი _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - თ----- ლ--–--–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ლ--–--–---–ის მიმართ 2005-2006 წლებში მიმდინარეობდა დისციპლინური სამართალწარმოება, რის გამოც იგი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან.

თ----- ლ--–--–---–მა 2019 წლის 19 თებერვალს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. მან ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დაადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა, რის გამოც საქართველოს მთავრობას დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 20 დეკემბერს.

განცხადების ავტორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებების გაუქმება და დისციპლინური სამართალწარმოების კანონით დადგენილი ვადების ამოწურვის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით თ----- ლ--–--–---–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ლ--–--–---–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ლ--–--–---–ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ლ--–--–---–ის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება შეწყდა ხანდაზმულობის გამო.

სადისციპლინო კოლეგიამ მიუთითა „საერთო სასამარლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 752 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის დღიდან - 1 წელი. ამავე კანონის 7542 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ან მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება.

სადისციპლინო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ დისციპლუნური საქმის განხილვის დროისთვის თ----- ლ--–--–---–ს შეწყვეტილი ჰქონდა სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. ასევე, დაადგინა, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, კერძოდ, 2005 წლის 19 სექტემბრიდან გასული იყო კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა თ----- ლ--–--–---–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მის მიმართ კიდევ ერთხელ დაირღვა ევროკონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული კანონიერი სასამართლოს უფლება, რადგან სადისციპლინო კოლეგია, კანონის თანახმად, შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 3 საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო 2 არის არა მოსამართლე პირი. დღეისათვის არამოსამართლე წევრები არ არიან კოლეგიის შემადგენლობაში. მოცემული საქმე კი განიხილა სამმა მოსამართლემ, რომელშიც არ მონაწილეობდნენ საზოგადოების მიერ არჩეული სხვა წევრები.

საჩივრის ავტორის აზრით, სადისციპლინო პალატამ უნდა იმსჯელოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, შეაფასოს იგი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ძირითადი პრინციპებისა და გარანტიების შესაბამისად და მიიღოს გამამართლებელი გადაწყვეტილება. სწორედ, ზემოაღნიშნული ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად საქმის წარმოების განახლებას, რომელიც სამართლიანი სასამართლოს დარღვევაზე მიუთითებს. ამდენად, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოუდგენელია ხანდაზმულობის გამო საქმისწარმოებაზე უარის თქმა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ლ--–--–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ იგი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7559 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სადისციპლინო კოლეგიამ მოცემული დისციპლინური საქმის წარმოება შეწყვიტა ორი საფუძვლით. კერძოდ, არ არსებობდა სუბიექტი, ანუ მოცემული დისციპლინური საქმის განხილვის დროისთვის თ----- ლ--–--–---–ს შეწყვეტილი ჰქონდა სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა, ასევე გასული იყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 752 მუხლით დადგენილი დისციპლინური სამართალწარმოების ვადები.

სადისციპლინო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საჩივარი ეყრდნობა ორ ძირითად არგუმენტს: სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება უკანონო და უსამართლოა, რადგან საქმისწარმოება უნდა შეწყვეტილიყო არა ხანდაზმულობის, არამედ უსაფუძვლობის გამო და კოლეგიას უნდა მიეღო გამამართლებელი გადაწყვეტილება. ამასთან, საჩივრის ავტორის აზრით, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქმისწარმოების განახლებას, მიზნად ისახავს არა მარტო იმ შეცდომების გასწორებას, რაც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ სწორი სამართლებრივი პრაქტიკის დანერგვას. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, მიმდინარე წლის 20 ნოემბრის სადისციპლინო პალატის სხდომაზე საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიზანშეწონილი არ იყო ამგვარი ჩანაწერის მითითება - „(და არა ბრალეული ქმედების არარსებობის გამო)“, რაც საჩივრის ავტორის აზრით, არ გამორიცხავს მის მიერ ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტის არსებობას.

სადისციპლინო პალატა საჩივრის პირველ არგუმენტთან დაკავშირებით არ ეთანხმება საჩივრის ავტორის მოსაზრებას და იზიარებს სადისციპლინო კოლეგიის განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქმისწარმოების შეწყვეტის კანონით დადგენილი კონკრეტული საფუძვლები. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 752 მუხლის თანახმად, მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან - 1 წელი. ამავე კანონის 7542 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ „მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ანდა მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება“.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოცემული დისციპლინური საქმის განხილვის დროისთვის თ----- ლ--–--–---–ს შეწყვეტილი აქვს სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. ასევე, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, 2005 წლის 19 სექტემბრიდან გასულია კანონით დადგენილი 1-წლიანი ვადა, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან - ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა. აქედან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ სადისციპლინო კოლეგიამ სრულიად მართებულად იმსჯელა საქმის პროცედურულ ნაწილზე და თ----- ლ--–--–---–ის მიმართ ზემოაღნიშნული საფუძვლებით შეწყვიტა დისციპლინური საქმისწარმოება.

სადისციპლინო პალატა ასევე განმარტავს, რომ სადისციპლინო კოლეგიამ საქმისწარმოება შეწყვიტა საქმის არსებითი განხილვის გარეშე, სამართალწარმოების ვადების ამოწურვის გამო. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის მსჯელობა საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ შეფასებაზე. კოლეგიამ პირდაპირ მიუთითა საქმისწარმოების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებზე, კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7530 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დისციპლინური საქმის წარმოებაში მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ არის ამოწურული მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამ კანონით დადგენილი ვადა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ უდავოდ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები - სახდელის დაკისრების ვადის ამოწურვა, ასევე სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის გასვლა, რის გამოც სადისციპლინო კოლეგიამ მართებულად შეწყვიტა საქმის წარმოება ზემოაღნიშნული საფუძვლით. სადისციპლინო პალატა მიუთითებს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7541 მუხლზე, რომელიც ჩამოთვლის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების სახეებს. მათ შორისაა გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია იმ გადაწყვეტილებათა სახეები, რომლებიც მიიღება მხოლოდ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, თუმცა ამ ჩამონათვალში დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მითითებული არ არის. კანონის ამ დანაწესის შესაბამისად, დისციპლინური საქმისწარმოება წყდება საქმის არსებითი განხილვის გარეშე, რაც სადისციპლინო კოლეგიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სრულიად კანონიერად განახორციელა.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება, რომელიც საფუძვლად დაედო სადისციპლინო პალატაში თ----- ლ--–--–---–ის მიმართ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. ევროსასამართლომ ამავე განჩინებით დაამტკიცა საქართველოს მთავრობის მხრიდან წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაცია, რომლითაც საქართველოს მთავრობამ აღიარა ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა თ----- ლ--–--–---–ის მიმართ სამოქალაქო მიმართულებით მომჩივნების წინააღმდეგ წარმართულ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით და თითოეული მომჩივანისათვის იტვირთა 10000 ევროს გადახდა - მატერიალური და არამატერიალური ზიანისა და ნებისმიერი ხარჯის დასაფარად. ევროსასამართლომ ასევე გაითვალისწინა ცალმხრივ დეკლარაციაში მითითებული განმარტება, რომ მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების კანონში 2012 წლის 27 მარტს შეტანილი ცვლილების თანახმად, მომჩივნების დისციპლინური სანქციის სამართლებრივი საფუძველი - „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 2.2. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (კანონის უხეში დარღვევა) გაუქმდა და მომჩივნებს 2014 წლის 1 აგვისტოდან მიენიჭათ ქვეყნის სხვა სასამართლო პოზიციაზე თავიანთი კანდიდატურების დაყენების უფლებამოსილება. ამდენად, მომჩივნებისთვის ჯერ კიდევ ღია იყო შიდა დონეზე სასამართლო დაცვის დამატებითი საშუალებები, რომელიც მიზნად ისახავდა ყოფილი მოსამართლეების უფლებების სრულყოფილ აღდგენას.

სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაშვებულ განაცხადზე საქმის წარმოებას არ ამთავრებს მხოლოდ არსებითი გადაწყვეტილებით, საქმეზე შესაძლოა დამტკიცდეს მორიგება ან ცალმხრივი დეკლარაცია. მორიგებისაგან განსხვავებით, ცალმხრივი დეკლარაციის დამტკიცებისას არ არის საჭირო მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენა, დეკლარაცია შესაძლოა დამტკიცდეს მაშინაც, როდესაც ადგილი არ ჰქონია წინასწარი მეგობრული მორიგების მოლაპარაკებებს და მომჩივანი ითხოვს საქმის განხილვის გაგრძელებას (იხ. მაგ.: „ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ“ - N65969/09 განაცხადი, 5.09.2015წ., §19-21; „მ. ტურავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - N7607/07 და N8710/07 განაცხადები, 27.11.2018წ., §43-46). განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა დარღვევა თ----- ლ--–--–---–ის მიმართ სამოქალაქო მიმართულებით მომჩივნების წინააღმდეგ წარმართულ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო ცალმხრივ დეკლარაციას ამტკიცებს არა ყველა შემთხვევაში, არამედ დავის ფაქტობრივი გარემოებებისა და შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობის გათვალისწინებით. თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ დეკლარაციაში შეთავაზებული პირობები შესაბამისობაში მოდის კონვენციასა და მის დამატებით ოქმებთან და აღარ დასტურდება საჩივრის განხილვის გაგრძელების საჭიროება, სასამართლო ამორიცხავს საჩივარს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელეს საქმის წარმოების გაგრძელება სურს. განსახილველ შემთხვევაშიც ევროპულმა სასამართლომ ცალმხრივი დეკლარაცია დაამტკიცა და საქმის განხილვის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია დეკლარაციაში მითითებული აღიარებითი ხასიათის განაცხადისა და შეთავაზებული კომპენსაციის გათვალისწინებით.

ამდენად, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ლ--–--–---–ის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება უნდა შეწყდეს ხანდაზმულობის (და არა ბრალეული ქმედების არარსებობის გამო)“, არარელევანტურია, ვინაიდან ევროსასამართლოს განჩინებაში საქმის არსებით ნაწილზე, ანუ ეროვნული დონის სასამართლო ორგანოების დასკვნების მართებულობაზე მსჯელობა არ ყოფილა. ამგვარი შეფასება ევროსასამართლოს განჩინებიდან არ გამომდინარეობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისას საქმე არსებითად არ განიხილება და სასამართლო ადგენს მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლებიც საქმის წარმოების შეწყვეტის კონკრეტული საფუძვლის არსებობას ადასტურებს. შესაბამისად, არსებითი განხილვის გარეშე საქმის დასრულებისას, არ მოწმდება დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული პირის ბრალეულობა, ამიტომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ უნდა შეიცავდეს ისეთ დასკვნებს ან მსჯელობას, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოსამართლის ბრალეულობაზე მიუთითებს. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული სასამართლო დასკვნისა, სადისციპლინო კოლეგიამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა საქმის წარმოების შეწყვეტის გარემოებებზე, რაც რეალურად გახდა თ----- ლ--–--–---–ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დასკვნის არსებობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას არ გამორიცხავს.

სადისციპლონო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს საჩივრის ავტორის - თ----- ლ--–--–---–ის მოსაზრებას, რომ სადისციპლინო კოლეგიის მიერ მისი საქმის განხილვით კიდევ ერთხელ დაირღვა ევროკონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მოცემული საქმე არ განუხილავს კოლეგიის კანონიერ შემადგენლობას. დღეისათვის კოლეგია სრულყოფილად არ არის დაკომპლეტებული, არამოსამართლე წევრები არ არიან კოლეგიის შემადგენლობაში და დისციპლინური საქმე განიხილა მხოლოდ სამმა პროფესიონალმა მოსამართლემ საზოგადოების წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოსაზრება უსაფუძვლოა, ვინაიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7524 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად. კოლეგია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 3 წევრი. ამავე კანონის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მიუკერძოებლად და ობიექტურად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. ამდენად, საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული მოსაზრება ყოველგვარ სამართლებრივ აზრს მოკლებულია.

სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოს 04.20.2018წ. #2194 ორგანული კანონით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონი. მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოება მოწესრიგდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი ნორმებით. ამდენად, დღეს მოქმედი რედაქციით, კერძოდ, მითითებული კანონის 7563 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 7564 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძვლებს, რომელთა შორისაა სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა. ამავე პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოების არსებობასთან ერთად, სავალდებულოა სადისციპლინო პალატის სხდომაზე დადასტურდეს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტებიც, მოცემულ შემთხვევაში, დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, საჩივრის ავტორის - თ----- ლ--–--–---–ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7562 მუხლით, 7563 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 7564 მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ლ--–--–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება;

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: /გიორგი შავლიაშვილი/

 

მოსამართლეები: /ვასილ როინიშვილი/

 

/ბესარიონ ალავიძე/