განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2019
საქმის ნომერი
010100118002536527
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002536527

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№309აპ-19 ქ. თბილისი

ჩ---------- გ------, 309აპ-19 18 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------ ჩ----------ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით გ------ ჩ----------, - დ----------–-------–--–-, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------ ჩ----------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 ივნისიდან.

 

გ------ ჩ----------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 2 ცალ CD დისკზე; ი-----–--- ა--–--ის ტანსაცმლის ამოღების ფოტოსურათები CD დისკზე; შპს „კ-------დან” გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილი ინფორმაცია 4 ცალ DVD დისკზე; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული 2 ცალი დაქტილოფირი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე და შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი CD დისკი, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული საფულე; გ------ ჩ----------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, ტყავის საფულე, პლასტიკური ბარათი; ი-----–--- ა--–--ის ტანსაცმელი; რ----- ა--–--ის ტანსაცმელი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ყვავილიანი ნაქსოვი ქუდი; ი-----–--- ა--–--ის კუთვნილი ოქროსფერი ჯაჭვი, რგოლი ბეჭედი, თვლებიანი ვერცხლისფერი საყურე; ი-----–--- ა--–--ის პირადი ნივთები და ფული, 10 - თეთრიანი მონეტა, ვერცხლისფერი საყურე თვლებით, რგოლი ბეჭედი თვლებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქალის ფეხსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

- გ------ ჩ----------ს ხელის კვლები 1 ცალ დაქტილობარათზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თმისმაგვარი წარმონაქმნი; ქაღალდის ნაკეცში არსებული მორუხო ფერის მასა; პლასტმასის ქილაში არსებული მოყვითალო საცხი; ი-----–--- ა--–--ის სისხლის ნიმუში; ი-----–--- ა--–--ის ფრჩხილის ნიმუში; რ----- ა--–--ის სისხლის ნიმუში; საკეცი დანა; მოწითალო ფერის ლაქები; 5 ცალი სილიკონის მწებავი ჩხირი; პოლიეთილენის პარკი; სანთებელა; მწერების საკლავი ჯოხი და გ------ ჩ----------ს სისხლის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ ჩ----------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით.

 

გ------ ჩ----------ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, ქ. ბ------–ი, ა----–-----–ის ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, გ------ ჩ----------მ ხელთ არსებული დანის გამოყენებით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ი-----–--- ა--–---ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში 55 (ორმოცდათხუთმეტი) ჭრილობის სახით, კერძოდ: 4 ჭრილობა - თავის ქალას არეში, ჭრილობა - სახის არეში, 21 ჭრილობა - ზურგისა და წელის არეში, 15 ჭრილობა - მარცხენა ზედა კიდურის არეში, 3 ჭრილობა - მარჯვენა ზედა კიდურის არეში, 6 ჭრილობა - კისრის მიდამოში, 4 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა - გულმკერდის მარცხენა ზედაპირზე, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის ქსოვილის, პერიკარდიუმისა და გულის მარჯვენა პარკუჭის კედლის დაზიანებით. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ი-----–--- ა--–--- სიკვდილს გადაურჩა.

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------ ჩ----------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ---- ვ----–---–მა, რომელმაც ითხოვა გ------ ჩ----------ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება და მისთვის აღნიშნული მუხლით შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით:

 

გ------ ჩ----------ს არ ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანსა და მოტივს; არ არის დადგენილი დანაშაულის მოტივი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს; დაზარალებულისათვის მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ადასტურებს იმას, რომ მსჯავრდებულს სურდა ტკივილი მიეყენებინა დაზარალებულისათვის და არ უნდოდა მისი სიკვდილი; აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ გ------ ჩ----------სთვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა, რომ დაზიანებები მიაყენა დაზარალებულს, რის შემდეგაც იზრუნა მასზე, დაეხმარა ადგომაში და გარეთ მყოფ პირებს მოუწოდა, გამოეძახათ სასწრაფო დახმარება.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორი – მსჯავრდებული გ------ ჩ---------- საკასაციო საჩივრით ითხოვს მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებასა და სასჯელის შეფარდებას მითითებული მუხლის სანქციის ფარგლებში, მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------ ჩ----------ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გ------ ჩ----------მ ჩაიდინა ი-----–--- ა--–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19;109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მაგრამ მის ქმედებაში არ იკვეთება მეორე მაკვალიფიცირებელი ნიშნის - ხულიგნური ქვენა გრძნობის არსებობა (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტი), კერძოდ:

 

3. საკასაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ გ------ ჩ----------მ დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა დაზარალებულ ი-----–--- ა--–---ს, მაგრამ არ ეთანხმება მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციას და მიიჩნევს, რომ გ------ ჩ----------ს არ ჰქონდა დაზარალებულის მკვლელობის განზრახვა. კასატორის მოსაზრებით, დაზარალებულისათვის მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ადასტურებს არა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა დაზარალებულის მკვლელობის განზრახვა, არამედ იმას, რომ მას უნდოდა მისთვის ტკივილი მიეყენებინა, რის გამოც მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით).

 

4. საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა გ------ ჩ----------მ განიზრახა დაზარალებულ ი-----–--- ა--–--ის განზრახ მკვლელობა, ხოლო მისი ქმედება მიმართული იყო სწორედ ამ დანაშაულის ჩასადენად, რაზეც მეტყველებს შემდეგი გარემოებები:

 

5. დაზარალებულ ი-----–--- ა--–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ როდესაც იგი გ------ ჩ----------სთან ერთად მგზავრობდა ლიფტით, მან მოულოდნელად, არაერთხელ, გამიზნულად, გამეტებითა და მთელი ძალით დაარტყა დანა სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში: თავდაპირველად თავის, შემდეგ - ხელების, გვერდისა და გულმკერდის არეში. იგი ცდილობდა თავის დაცვას და თავდამსხმელს ფეხებით იგერიებდა. თავდამსხმელი წაქცეულსაც არ მოეშვა და გულმკერდის არეში დანა კიდევ რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა. იგი ისე სწრაფად ურტყამდა დანას, რომ წინააღმდეგობის გაწევასაც ვეღარ ახერხებდა.

 

6. დაზარალებულისა და მისი ძმის - რ----- ა--–--ის ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ დაზარალებულზე თავდასხმა გ------ ჩ----------მ შეწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებულის ძმამ, რ----- ა--–---მ დაიწყო გაჩერებული ლიფტის კარზე ბრახუნი და იკითხა, ვინ იყო გაჭედილი მასში. ამ დროს გ------ ჩ---------- შეეშვა დაზარალებულს და თავდამსხმელმა დაიწყო ლიფტის კარის შიგნიდან გაღება.

 

7. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი-----–--- ა--–---ს სულ მიყენებული აქვს 55 ჭრილობა სხეულის სხვადასხვა - მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო არეებში, რომელთაგან 4 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ზედაპირზეა, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის ქსოვილის, პერიკარდიუმისა და გულის მარჯვენა პარკუჭის კედლის დაზიანებით.

 

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულებით განსხვავდება, კერძოდ: თუ პირმა მოკვლის მიზნით დააზიანა სხვა პირის ჯანმრთელობა, მაგრამ სასიკვდილო შედეგი არ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევაში გამოკვეთილია მკვლელობის მცდელობა და არა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ანუ სწორედ განზრახვის ელემენტი განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ.

 

9. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------ ჩ----------ს ჰქონდა სწორედ განზრახ მკვლელობის განზრახვა, რაც დასტურდება დაზარალებულ ი-----–--- ა--–--ისა და მისი ძმის ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც დადგენილია, რომ გ------ ჩ----------მ სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში არაერთი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს. დადგენილია ისიც, რომ დაზარალებულზე თავდასხმა მსჯავრდებულმა შეწყვიტა არა საკუთარი ნებით, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებულის ძმამ, რ----- ა--–---მ დაიწყო ლიფტის კარზე ბრახუნი, რის შემდეგაც გ. ჩ---------- მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. დაზარალებულის მოკვლის განზრახვაზე ასევე ნათლად მეტყველებს მისთვის მიყენებული ჭრილობების მდებარეობა, რაოდენობა და დაზიანებების ხარისხი (55 ჭრილობა სხეულის სხვადასხვა, მათ შორის - არაერთი ჭრილობა მიყენებულია სიცოცხლისათვის სახიფათო არეებში), რისი გათვალისწინებითაც, დაზარალებული სიკვდილს მხოლოდ სასწაულებრივად, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა.

 

10. შესაბამისად, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გ------ ჩ----------ს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია, რადგან ასეთი განზრახვა რომ ჰქონოდა მას განახორციელებდა, არაფერი შეუშლიდა ხელს - უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება როგორც დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს, ასევე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

11. რაც შეეხება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გ------ ჩ----------მ დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ხულიგნური ქვენა გრძნობით (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი), საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

12. როგორც ცნობილია, ხულიგნურ ქვენა გრძნობაში იგულისხმება უსაბაბოდ ან სრულიად უმნიშვნელო/მცირე საბაბით (მაგ. დაზარალებულმა არ მოუკიდა სიგარეტს, გაიცინა, არ მიაქცია ყურადღება ხულიგანს და ა.შ.) ჩადენილი ქმედება. ამასთან, ერთი შეხედვით, ხულიგნური მოტივით ჩადენილი დანაშაულები უმოტივოდ და უმიზეზოდ გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, რადგან ხულიგნურ ქვენა გრძნობას გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანტისოციალური ხასიათი, რაც გამოიხატება საზოგადოებრივი თანაცხოვრების ეთიკური ნორმებისა და წესების უგულებელყოფაში საზოგადოებისადმი უხეში უპატივცემულობის სხვადასხვა ფორმით, რა დროსაც პირი ღიად და აშკარად უპირისპირდება ყველას და ყველაფერს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც პირი სრულიად უსაბაბოდ ან მცირე საბაბით სჩადის დანაშაულს, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მისი ქმედება იმთავითვე წარმოადგენს ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილ დანაშაულს. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს: პირის მისწრაფება, რომ მას სურდა უხეშად დაერღვია საზოგადოებრივი წესრიგი, გამოეხატა თავისი უპატივცემულობა საზოგადოებისა და მისი წევრების მიმართ, რომლის გარეშეც ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილად.

 

13. საკასაციო პალატამ ასევე განმარტა (იხ. გადაწყვეტილება N347აპ-18 საქმეზე), რომ, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით მკვლელობის ზუსტი მოტივი ვერ დგინდება, ქმედება ავტომატურად ხულიგნურ ქვენა გრძნობად არ უნდა დაკვალიფიცირდეს. როგორც შემთხვევამდე, ისე უშუალოდ შემთხვევის დღეს არსებული ფაქტები დეტალურად უნდა შეფასდეს იმ ვითარებაშიც კი, როდესაც, ერთი შეხედვით, მკვლელობის საბაბი არ არსებობს. სწორედ აღნიშნულის შემდეგ უნდა გაეცეს კითხვას პასუხი: მოქმედებდა კი ბრალდებული სრულიად უსაბაბოდ ან ძალიან მცირე საბაბით, თუ საქმის მასალები არ არის საკმარისი რეალური მოტივის დასადგენად.

 

14. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ უნდა დაადგინოს, თუ როდის და რა მოტივით წარმოეშვა მსჯავრდებულ გ------ ჩ----------ს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, იყო თუ არა დამნაშავის ქმედება ჩადენილი რაიმე საბაბით, მცირე თუ სრულიად უსაბაბოდ, თუ ხულიგნური ქვენა გრძნობით.

 

15. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებული ი-----–--- ა--–--- და მსჯავრდებული გ------ ჩ---------- დანაშაულებრივ შემთხვევამდე საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს. შემთხვევის დღეს მათ მოუწიათ ლიფტით ერთად მგზავრობა. მგზავრობისას მსჯავრდებულმა „სტოპ“ ღილაკით შეაჩერა ლიფტის სვლა და სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, დაესხა თავს დაზარალებულს ისე, რომ, მისივე განმარტებით, არ იცის მიზეზი, თუ რამ გამოიწვია მისი ქმედება. თავის მხრივ, დაზარალებულზე თავდასხმის მიზეზი ვერ დაასახელა ვერც მსჯავრდებულმა. დადგენილია ისიც, რომ დაზარალებული და თავდამსხმელი ლიფტით მგზავრობდნენ მარტო, მათ გარდა ლიფტის კაბინაში არავინ იმყოფებოდა, ხოლო დანაშაული - დაზარალებულზე თავდასხმა - დაიწყო და დასრულდა სწორედ კაბინაში, რაც მის გარეთ აღარ გაგრძელებულა.

 

16. ამდენად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ------ ჩ----------ს დაზარალებულის მოკვლის კონკრეტული მოტივი არ გააჩნდა. მაგრამ, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე ირკვევა, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული მარტონი მგზავრობდნენ ლიფტით და დანაშაულის ფაქტს მათ გარდა სხვა არავინ შესწრებია, მსჯავრდებულის ქმედებაში ასევე არ იკვეთება ხულიგნური ქვენა გრძნობის მოტივისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ნიშნები - აშკარა ანტისაზოგადოებრივი განწყობა, დამნაშავის სურვილი, რომ უხეშად დაერღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოეხატა უპატივცემულობა საზოგადოებისა და მისი წევრების მიმართ. ხსენებულის გათვალისწინებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ------ ჩ----------მ დანაშაული ჩაიდინა ყოველგვარი საბაბის გარეშე, არ წარმოადგენს მისი ქმედების ხულიგნური ქვენა გრძნობით დაკვალიფიცირების საფუძველს.

 

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული გ------ ჩ---------- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

18. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების დანაწესს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულ გ------ ჩ----------ს პიროვნულ მახასიათებლებს და სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ------ ჩ----------სათვის შეფარდებული სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ იგი გამართლდა შერაცხული ბრალდების ნაწილში, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, სამართლიანია, რაც სრულად უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას, რის გამოც სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ------ ჩ----------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. მსჯავრდებული გ------ ჩ---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

4. გ------ ჩ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. მსჯავრდებულ გ------ ჩ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 2 ივნისიდან.

 

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე