განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
120100118002357236
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002357236

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№274აპ-19 4 ოქტომბერი, 2019 წელი

თ-----------ი ზ-------, 274აპ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ------- თ-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა---------– თ--–--–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით ზ-------

თ-----------ი, --------------–-------–--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ზ------- თ-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

ზ------- თ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 თებერვლიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ს----- ს--------ის სისხლის ნიმუში, რომელიც ერთვის საქმეს, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ს----- ს--------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მას.

 

2. აღნიშნული განაჩენით ზ------- თ-----------ს მსჯავრი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ესე იგი სხეულის დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით.

 

ზ------- თ-----------ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ზ------- თ-----------მა 2018 წლის 8 თებერვალს ბ---------ის რაიონის სოფელ ს------ში ს----- ს--------ეს, სრულიად უმიზეზოდ, დანა ჩაარტყა გულმკერდის მარცხენა არეში, რითაც მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორი - მსჯავრდებულ ზ------- თ-----------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა---------– თ--–--–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და საქმის ახალი განხილვისათვის გამოძიებაში დაბრუნებას. მისი აზრით, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება და არც სასამართლოს უმსჯელია, თუ რატომ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა ზ------- თ-----------მა დანაშაული ჩაიდინა ხულიგნური ქვენა გრძნობით; საკასაციო პალატამ უნდა დაამკვიდროს ერთიანი პრაქტიკა და განსაზღვროს, თუ რომელი დანაშაული ჩაიდინა მსჯავრდებულმა - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, თუ ეს ქმედება ჩადენილია ხულიგნური ქვენა გრძნობით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ------- თ-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა---------– თ--–--–---–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულმა ზ------- თ-----------მა ჩაიდინა არა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლი), არამედ - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით (საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლი) და ამ ნაწილში სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის არგუმენტებს, თუმცა არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომ მსჯავრდებულმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩაიდინა ხულიგნური ქვენა გრძნობით, კერძოდ:

 

3. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე არ უარყოფს, რომ მსჯავრდებულმა ზ------- თ-----------მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა დაზარალებულ ს----- ს--------ეს, მაგრამ უთითებს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით და არანაირი მოტივი მის ქმედებაში, მათ შორის - ხულიგნური ქვენა გრძნობა, არ არის გამოკვეთილი, რასაც თავის ჩვენებაში ასევე ადასტურებს დაზარალებულიც.

 

4. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ზ------- თ-----------მა დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით, ვინაიდან საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიაჩნია, რომ ზ. თ-----------მა განიზრახა დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და მისი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო სწორედ ამ დანაშაულის ჩასადენად, რასაც ადასტურებს შემდეგი გარემოებები, კერძოდ:

 

5. დაზარალებულ ს----- ს--------ის ჩვენება, რომლითაც დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს ის იმყოფებოდა სოფლის „ბირჟაზე“. მასთან მივიდა ზ------- თ-----------ი, რომელიც ნასვამი იყო და ხელში დანა ეჭირა. ისინი გვერდიგვერდ იდგნენ, როცა ზ----ს უთხრა - „დანა რომ არ გიჭრის, რატომ დაგაქვსო“. ამ დროს ზ----მ დანა დაარტყა, რის შემდეგაც აღარ ახსოვს, რა მოხდა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მისმა მიმართვამ ზ------- თ-----------ისადმი - „დანა რომ არ გიჭრის, რატომ დაგაქვსო“, განაპირობა ზ------- თ-----------ის გაღიზიანება, რასაც მოჰყვა მისი მყისიერი რეაქცია და მოქმედება - დაზარალებულისათვის დანის დარტყმა;

 

6. ასევე ნიშანდობლივია, რომ თვითონ მსჯავრდებულ ზ------- თ-----------ის ჩვენებითაც დასტურდება, რომ ის გაანაწყენა დაზარალებულის ნათქვამმა, სახელდობრ: მსჯავრდებული თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ს-----მა უთხრა - „რას დაგაქვს ეგ დანა, ჭრიდეს მაინც რამესო“ - მან დანა მოუქნია ს-----ს, უნდოდა მისი სვიტერის გაჭრა, მაგრამ მთვრალმა ვეღარ მოზომა და შემთხვევით დაჭრა გულმკერდის არეში.

 

7. ზ------- თ-----------ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი - მისი მყისიერი რეაქცია დაზარალებულის ნათქვამზე; დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების როგორც სიმძიმე (სიცოხლისათვის სახიფათო ნაკვეთი ჭრილობა, ზომით 2,5 X 0,5 სმ, ჭრილობის არხი მიემართება ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ), ისე მისი ლოკალიზაცია - ადამიანის სიცოცხლისათვის სახიფათო, გულმკერდის არეში;

 

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების განზრახვა შესაძლებელია, წარმოიშვას დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული იმწუთიერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს წინ ქმედებას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების განზრახვა ზ------- თ-----------ს წარმოეშვა განაწყენების ნიადაგზე. ხოლო ის ფაქტი, ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულს ეს განზრახვა, დაზარალებულის აღქმაზე არ არის დამოკიდებული, არამედ აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს.

 

9. რაც შეეხება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჩადენილს მაკვალიფიცირებელი ნიშნით - ხულიგნური ქვენა გრძნობით, აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

10. ხულიგნურ ქვენა გრძნობაში იგულისხმება უსაბაბოდ ან სრულიად უმნიშვნელო/მცირე საბაბით (მაგ. დაზარალებულმა არ მოუკიდა სიგარეტს, გაიცინა, არ მიაქცია ყურადღება ხულიგანს და ა.შ.) ჩადენილი ქმედება. ამასთან, ერთი შეხედვით, ხულიგნური მოტივით ჩადენილი დანაშაულები უმოტივოდ და უმიზეზოდ გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, რადგან ხულიგნურ ქვენა გრძნობას გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანტისოციალური ხასიათი, რაც გამოიხატება საზოგადოებრივი თანაცხოვრების ეთიკური ნორმებისა და წესების უგულებელყოფაში საზოგადოებისადმი უხეში უპატივცემულობის სხვადასხვა ფორმით, რა დროსაც პირი ღიად და აშკარად უპირისპირდება ყველას და ყველაფერს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც პირი სრულიად უსაბაბოდ ან მცირე საბაბით სჩადის დანაშაულს, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მისი ქმედება იმთავითვე წარმოადგენს ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილ დანაშაულს, არამედ, როგორც აღინიშნა, ამ დროს აუცილებელია დადგინდეს: პირის მისწრაფება, რომ მას სურდა უხეშად დაერღვია საზოგადოებრივი წესრიგი, გამოეხატა თავისი უპატივცემულობა საზოგადოებისა და მისი წევრების მიმართ, რომლის გარეშეც ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილად.

 

11. გარდა ამისა, ხულიგნურ ქვენა გრძნობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (იხ. გადაწყვეტილება N347აპ-18 საქმეზე), კერძოდ: „როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით მკვლელობის ზუსტი მოტივი ვერ დგინდება, ქმედება ავტომატურად ხულიგნურ ქვენა გრძნობად არ უნდა დაკვალიფიცირდეს. როგორც შემთხვევამდე, ისე უშუალოდ შემთხვევის დღეს არსებული ფაქტები დეტალურად უნდა შეფასდეს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც, ერთი შეხედვით, მკვლელობის საბაბი არ არსებობს. სწორედ აღნიშნულის შემდეგ უნდა გაეცეს კითხვას პასუხი: მოქმედებდა კი ბრალდებული სრულიად უსაბაბოდ ან ძალიან მცირე საბაბით, თუ საქმის მასალები არ არის საკმარისი რეალური მოტივის დასადგენად“.

 

12. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ------- თ-----------ის ქმედებაში არ იკვეთება ხულიგნური ქვენა გრძნობისათვის დამახასიათებელი ზემოაღნიშნული ის აუცილებელი ნიშნები როგორებიცაა დამნაშავის ქმედების მკვეთრად გამოხატული ანტისოციალური ხასიათი და მისი მისწრაფება, რომ უხეშად დაუპირისპირდეს და გამოხატოს თავისი უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ, იგი უნდა გამართლდეს დანაშაულის ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენის ნაწილში.

 

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი უნდა შეიცვალოს, კერძოდ: მსჯავრდებულ ზ------- თ-----------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

 

14. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსს; ზ------- თ-----------ის პიროვნულ მახასიათებლებს; იმ გარემოებას, რომ მის ქმედებაში არ დადასტურდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენა მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, რაც ამცირებს მისი ქმედების საშიშროების ხარისხს; ამასთან, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მას სასჯელად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ადვოკატ ა---------– თ--–--–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

3. მსჯავრდებულ ზ------- თ-----------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. მსჯავრდებულ ზ------- თ-----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 11 თებერვლიდან.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე