განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.02.2020
საქმის ნომერი
010370019900027929
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.02.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

#010370019900027929

საქმე #სსდ-31-19 15 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა

შემადგენლობა:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი

სხდომის მდივანი - მ--- გ------

საჩივრის ავტორი - ადვოკატი ზ------- თ---–--–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წარმომადგენელი - თ----- ხ------–----ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 28 ივნისის #034/18 გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოქალაქე ს----- მ-------–---–ის საჩივრის საფუძველზე, ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გამო:

საჩივრის ავტორის განცხადებით, მან 2014 წელს ადვოკატ ზ------- თ---–--–---–თან ზეპირი ფორმით იურიდიული მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც მას საადვოკატო მომსახურება უნდა გაეწია სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. საქმისწარმოების მიზნით, ზ------- თ---–--–---–ს ს----- მ-------–---–ის მეუღლემ ჰონორარის სახით გადასცა 400 ლარი.

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ადვოკატმა ზ------- თ---–--–---–მა მის საქმესთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა პროკურატურას, რამდენჯერმე მასთან ერთად იმყოფებოდა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე, თუმცა უშედეგოდ. 2017 წელს საჩივრის ავტორის მოდავე მხარემ საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს----- მ-------–---–ის სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზე. მოცემულ სამოქალაქო საქმეზე ზ------- თ---–--–---–მა წარმოადგინა ს----- მ-------–---–ის ინტერესები და შეადგინა შესაგებელი, თუმცა ადვოკატს სასამართლო სხდომაზე სიტყვაც არ უთქვამს საქმესთან დაკავშირებით. ამასთან, მან კლიენტს წინასწარ არ განუმარტა ადვოკატის სპეციალიზაციის თაობაზე.

საჩივრის ავტორის მითითებით, მან თავის ადვოკატს რამდენიმეჯერ ბანკიდან გამოატანინა სესხი. გარკვეული დროის შემდეგ კი, მას უკავშირდებოდნენ ბანკებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და სთხოვდნენ სესხის დაფარვას, რაზეც ადვოკატი პასუხობდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა. ამის მიუხედავად, ადვოკატმა ზ------- თ---–--–---–მა არ შეასრულა არცერთი სასესხო ვალდებულება.

ადვოკატმა ზ------- თ---–--–---–მა ეთიკის კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ ჰონორარის ოდენობაზე კლიენტთან არ შეთანხმებულა და მას არ მიუღია 400 ლარი. მან უარყო კლიენტისაგან სესხის გამოტანისა და მისთვის გადაცემის ფაქტი.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, ადვოკატი ზ------- თ---–--–---–ი ცნობილ იქნა ბრალეულად „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევაში, რისთვისაც, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - გაფრთხილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ეთიკის კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს----- მ-------–---–მა მის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავაზე საადვოკატო მომსახურების მიღების მიზნით მიმართა ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ს და გაუფორმა მინდობილობა. ადვოკატი ზ------- თ---–--–---–ი არის სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი. 2017 წელს ზ------- თ---–--–---–ი წარმოადგენდა ს----- მ-------–---–ის ინტერესებს სამოქალაქო საქმეზე.

ეთიკის კომისიამ მიუთითა სადავო ფაქტებზე, კერძოდ, საქმეში სადავო გარემოება იყო ადვოკატის მიერ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის შესახებ კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდების ფაქტი, რადგან საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ადვოკატს მისთვის სპეციალიზაციის თაობაზე ინფორმაცია არ მიუწოდებია. საქმეში სადავო გარემოებაა ისიც, რომ ადვოკატმა ზ------- თ---–--–---–მა, პირადი მიზნით, საადვოკატო მომსახურების განხორციელებისას საჩივრის ავტორს თანხა ასესხებინა რამდენიმე საკრედიტო ორგანიზაციიდან და შემდეგ არ დაუბრუნა. ამასთან დაკავშირებით, განხილვის კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა ს----- მ-------–---–ისაგან სესხის აღებისა და ზ------- თ---–--–---–ისათვის გადაცემის საკმარისი მტკიცებულებები.

ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ზ------- თ---–--–---–მა, როგორც სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატმა, სამოქალაქო დავაში ს----- მ-------–---–ის ინტერესების დაცვის დროს დაარღვია ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის შესაბამისად, ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა.

ეთიკის კომისიამ განმარტა, რომ შეთანხმების შემდეგ ადვოკატი ვალდებულია, კლიენტს საადვოკატო მომსახურება გაუწიოს კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად, რაც გულისხმობს, რომ ადვოკატს ეკისრება ვალდებულება კლიენტის ინტერესების დასაცავად გამოიყენოს კანონით დადგენილი კლიენტის სათანადოდ დაცვის ყველა საშუალება. ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამართლის დარგში სპეციალიზაციის უქონლობით ადვოკატის მომსახურება არ მიიჩნევა კლიენტის კვალიფიციურ მომსახურებად. მოცემულ შემთხვევაში ზ------- თ---–--–---–ი არის სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მოქმედი ადვოკატი, თუმცა ს----- მ-------–---–თან შეთანხმებისა და მასთან გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე, აიღო ვალდებულება, წარედგინა ს----- მ-------–---–ის ინტერესები სამოქალაქო დავაში.

ეთიკის კომისიამ დისციპლინური სახდელის ფორმის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ს არა ჰქონდა დადებული რაიმე სახის გაუქარწყლებელი დისციპლინური სახდელი. კომისიამ ასევე გაითვალისწინა ადვოკატის დამოკიდებულება ეთიკის კომისიაში საქმის განხილვის მიმართ, რადგან ის არ გამოცხადებულა განხილვის კოლეგიის არცერთ სხდომაზე და არც წერილობითი ფორმით არ განუმარტავს აღნიშნულის თაობაზე. შედეგად საქმისწარმოების განმავლობაში ადვოკატს არ უღიარებია მის მიერ კვალიფიციური მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევა და არც მისი სამომავლოდ გამოსწორებისთვის მზადყოფნა განუცხადებია. ამდენად, ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვით ვერ იქნებოდა მიღწეული დისციპლინირების მიზანი და დადგენილი დარღვევიდან გამომდინარე, ადვოკატის მიმართ გამოყენებულ უნდა ყოფილიყო დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება.

მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში კანონით დადგენილი ვადის დაცვით გაასაჩივრა ადვოკატმა - ზ------- თ---–--–---–მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და ყოველგვარ რეალობას მოკლებულია. რაც შეეხება გადაწყვეტილების საფუძველს, რომ ავდოკატმა არ განუმარტა კლიენტს მისი კვალიფიკაციის შესახებ, ზ------- თ---–--–---–ი აღნიშნავს, რომ მან დაწერა მხოლოდ შესაგებელი, რადგან იცოდა, მ-------–---–ებს სამოქალაქო საქმეზე სხვა ადვოკატი ჰყავდათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დასკვნა გამოიტანა, რომ ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადვოკატს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება „ადვოკატთა შესახებ“ კანონითა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით. ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის მიმართ დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებულ იქნა გაფრთხილება („ადვოკატთა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი). „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლი ითვალისწინებს ადვოკატის მიმართ დისციპლინური სახდელის სახეებს, რომელთა შორის არის გაფრთხილება. ამავე კანონის თანახმად, ადვოკატს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ადვოკატმა ზ------- თ---–--–---–მა კლიენტის - ს----- მ-------–---–ის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავაზე, საადვოკატო მომსახურების მიღების მიზნით, 2014 წლის 5 მაისსა და 2017 წლის 24 ნოემბერს გააფორმა მინდობილობები. ადვოკატმა იკისრა ვალდებულება, კლიენტის ინტერესები წარმოედგინა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და ეწარმოებინა სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული საქმე (ტ I, ს.ფ. 13, 15). ზ------- თ---–--–---–ი გადაწყვეტილების მიღების დროს იყო სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი, 2017 წელს კი - წარმოადგენდა ს----- მ-------–---–ის ინტერესებს სასამართლოში უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო დავაზე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ, საბოლოოდ, ადვოკატი ზ------- თ---–--–---–ი ბრალეულად ცნო დისციპლინურ გადაცდომის ჩადენაში, კერძოდ, ზ------- თ---–--–---–მა, კლიენტს მისი ინტერესების დაცვისას არ განუმარტა, რომ მხოლოდ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი იყო, რითაც დაარღვია ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი (ადვოკატმა კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა).

სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ ზ------- თ---–--–---–ის საჩივრის ძირითად არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მან მხოლოდ შესაგებელი სარჩელი დაუწერა ს----- მ-------–---–ს, ამასთან, იცოდა სხვა ადვოკატის აყვანის შესახებ, რომელიც სასამართლო პროცესზეც იყო. სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ ადვოკატს ეკისრება მტკიცების ტვირთი მიაწოდოს კლიენტს სამართლის შესაბამის დარგში სპეციალიზაციის არქონაზე ინფორმაცია. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ საჩივრის ავტორის განმარტება, რომ ადვოკატს ამის თაობაზე მისთვის არ უცნობებია, ხოლო ზ------- თ---–--–---–ი კვალიფიციურად არ შედავებია.

სადისციპლინო პალატა იზიარებას ეთიკის კომისიის განმარტებას, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლეთა, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციის მიხედვით, უფლება ეძლევა საადვოკატო მომსახურება შესაბამის დარგში განახორციელოს...“. ამდენად, სამართლის დარგში სპეციალიზაციის გარეშე ადვოკატის მომსახურება არ მიიჩნევა კლიენტის კვალიფიციურ მომსახურებად. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში ეთიკის კომისია არ იხილავდა წარმომადგენლობის კვალიფიციურად განხორციელების საკითხს, არამედ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ადვოკატს არ ჰქონდა შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა, რაც ქმნიდა კლიენტის სათანადოდ დაცვის რისკს. ამასთან, ადვოკატს არ განუმარტავს კლიენტისთვის სამართლის შესაბამის დარგში სპეციალიზაციის არქონის თაობაზე, თუმცა მან ს----- მ-------–---–თან შეთანხმებისა და მასთან გაფორმებული მინდობილობების საფუძველზე აიღო ვალდებულება, წარედგინა მისი ინტერესები სამოქალაქო დავაში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატმა ზ------- თ---–--–---–მა უგულებელყო „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ 8.5 მუხლი, რომლის შესაბამისად, ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა ურჩიოს კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა. პალატა განმარტავს, რომ ადვოკატმა თავისი საქმიანობა უნდა წარმართოს კეთილსინდისიერად, კვალიფიციურად და წარმომადგენლობა განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად. კლიენტის ინტერესების დაცვა არ ნიშნავს ფორმალურ წარმომადგენლობას სასამართლოში. კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ადვოკატი ვალდებულია, გამოიყენოს მის დასაცავად ყველა საშუალება, რაც არ არის აკრძალული კანონითა და პროფესიული ეთიკის კოდექსით.

სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის სააპელაციო წესით გასაჩივრების შემთხვევაში, ადვოკატი, რომელსაც არ აქვს მინიჭებული ლიცენზია სამართლის შესაბამის დარგში, ვერ შეძლებდა წარმოედგინა კლიენტის ინტერესები სასამართლოში. სწორედ ამის შესახებ უნდა ყოფილიყო კლიენტი ინფორმირებული. ამდენად, სასამართლოს უფლება, რომელიც სხვა უფლებების დაცვის ერთგვარი გარანტია, განაპირობებს დარღვევის მნიშვნელობას.

სადისციპლინო პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას ადვოკატისათვის დაკისრებული სახდელის - გაფრთხილების შეფარდებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ეთიკის კომისიამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ადვოკატის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ ეთიკის კომისიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა ადვოკატის მიერ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, ასევე, „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ შესაბამისი ნორმების დარღვევა, რაც, თავის მხრივ, ეთიკის კომისიას ავალდებულებს, დაადგინოს, ჩაიდინა თუ არა ადვოკატმა ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება, ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა და მიუძღვის თუ არა ადვოკატს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. ნებისმიერ შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს ადვოკატის ბრალეული ქმედება, ხოლო ბრალის ხარისხი - კონკრეტული სახდელის ან ზემოქმედების ღონისძიების შერჩევის წინაპირობას, ამასთან, უნდა შეფასდეს ადვოკატის პიროვნება, მის მიერ ადრე ჩადენილი გადაცდომები, საქმიანი და მორალური რეპუტაცია, გადაცდომის სიმძიმე და მის ჩადენაში ადვოკატის ბრალის ხარისხი. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ეთიკის კომისიამ წარმოადგინა სრულყოფილი შეფასება, რამაც ადვოკატის მიმართ სახდელის დაკისრება გამოიწვია. მოცემულ დისციპლინურ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატისთვის დაკისრებული სახდელი - გაფრთხილება დასაბუთებული და შესაბამისია.

სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს იხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის XIII1 თავით დადგენილი საპროცესო წესით და ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით. შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7564 მუხლი ითვალისწინებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, თუ დადგინდება, რომ სადისციპლინო კოლეგიამ კანონიერად გაამართლა მოსამართლე ან შეწყვიტა მის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება, ანდა იურიდიული კვალიფიკაცია სწორად მიანიჭა კოლეგიის სხდომაზე დადგენილ დისციპლინურ გადაცდომას, ამასთანავე, მოსამართლეს კანონიერი და სამართლიანი დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება დააკისრა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დასატოვებლად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობასთან ერთად სავალდებულოა, რომ სადისციპლინო პალატის სხდომაზე დადასტურდეს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტებიც (შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, დისციპლინური საქმის შეწყვეტის ან მოსამართლის გამართლების საფუძვლები). ადმინისტრაციული წარმოება ინკვიზიციურ საწყისებზე არის აგებული, შესაბამისად, გაფრთხილების მიუხედავად, ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის გამოუცხადებლობა ეთიკის კომისიისა და სადისციპლინო პალატის სხდომებზე, საქმეზე დადასტურებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლივად, ქმნის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების დაკისრების საფუძველს.

სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ დისციპლინური საქმის მასალები გამოკვლეულია ყოველმხრივ და ობიექტურად, დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის მიერ დარღვეულია ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმების მოთხოვნები, შესაბამისად, ადვოკატის ქმედებას მართებულად მიენიჭა დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაცია და მას კანონიერი და სამართლიანი სახდელი დაეკისრა.

ამდენად, სადისციპლინო პალატის დასკვნით, არ არსებობს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, საჩივრის ავტორის - ზ------- თ---–--–---–ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 7563-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 7563 მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 28 ივნისის #034/18 გადაწყვეტილება;

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: /გიორგი შავლიაშვილი/

 

მოსამართლეები: /მირანდა ერემაძე/

 

/ზურაბ ძლიერიშვილი/