განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002595730
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№696აპ-19 6 თებერვალი, 2020 წელი
ო----- ბ----, 696აპ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ – გურჯან ტაბეშაძის
ადვოკატ – თ---------- ო--------–---–-ს
მსჯავრდებულ – ბ---- ო-----ს
მონაწილეობით განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენით ბ---- ო-----, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 16 (თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 8 (რვა) თვითა და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 8 (რვა) თვითა და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით შინაპატიმრობა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ბ---- ო----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 16 (თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 8 (რვა) თვითა და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 8 (რვა) თვითა და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ბ---- ო----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 ივლისიდან 2019 წლის 28 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ბ---- ო----ს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაეკისრა მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები - ერთ დისკად, რომელიც ერთვის საქმეს, უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- ტელევიზორი და ლეპტოპი, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- საპატრულო პოლიციიდან ამოღებული ვიდეოკამერის ჩანაწერი „1“ ცალ დისკად, რომელიც ერთვის საქმეს, უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ---- ო----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის; მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბ---- ო-----ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ბ----------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამმა ბ---- ო----მა, რომელიც ნასამართლევი იყო ოჯახში ძალადობისთვის, შვილს - ე----- ო----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2018 წლის 20 ივლისს ქ-------–-------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ---- ო----მა დააზიანა თ----- ო-----ს „hp“ მოდელის ნოუტბუკი, რითაც მას მიაყენა 280 ლარის ზიანი.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულისთვის საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - შინაპატიმრობის ნაცვლად, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა და, ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობითაც უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
- მსჯავრდებულ ბ---- ო-----ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე--- ნ--------მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბ---- ო-----ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ. კასატორი საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულისთვის საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - შინაპატიმრობის ნაცვლად, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას და, ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობითაც უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს სსკ-ის 471-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შინაპატიმრობა ენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ბ---- ო----- ნასამართლევია და, შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის სახით შინაპატიმრობის გამოყენება კანონშეუსაბამოა; ამასთან, ბ---- ო----მა ჩაიდინა ორი განზრახი დანაშაული, რომელთაგან ერთ-ერთი ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებაში - არაერთგზის, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ იგი არ არის კანონმორჩილი მოქალაქე და მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას; აღნიშნულიდან გამომდინარე, მის მიმართ პირობითი მსჯავრი არ უნდა იქნეს გამოყენებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ბ---- ო----მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.
3. რაც შეეხება ბ---- ო-----ათვის შეფარდებულ სასჯელს, წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება შემდეგი:
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით (უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენით) ბ---- ო----- გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, ბ---- ო----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 4 მარტიდან იმავე წლის 8 მარტის ჩათვლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 175 (ას სამოცდათხუთმეტი) საათი.
5. იმერეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 6 ივნისის შეტყობინების თანახმად ირკვევა, რომ ბ---- ო----მა მისთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდა დაასრულა 2018 წლის 6 ივნისს.
6. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნასამართლობა გაქარწყლებულად ითვლება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ.
7. ამდენად, მსჯავრდებული ბ---- ო----- ბოლო განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს - 2018 წლის 20 ივლისს ითვლებოდა ნასამართლობის მქონე პირად.
8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 471-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე, რომლის მიხედვით: „შინაპატიმრობა ენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით“. ასევე ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სსკ-ის 471-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შინაპატიმრობა არ დაენიშნება ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს.
9. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულ ბ---- ო----ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახით შეფარდებული აქვს 1 (ერთი) წლით შინაპატიმრობა, რისი უფლებამოსილებაც სასამართლოს, როგორც საქართველოს სსკ-ის 471-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ისე იმავე მუხლის მე-6 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ ჰქონდა, ვინაიდან მსჯავრდებული ბ---- ო----- ნასამართლევია და ასევე, ჩადენილი აქვს ოჯახური დანაშაული (სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
10. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით, საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის პოზიციას ამ ნაწილში სრულად იზიარებს და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ბ---- ო-----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გამოყენებული ვერ იქნება შინაპატიმრობა, ხოლო სასჯელის თუ რომელი სახე და ზომა უნდა იქნეს გამოყენებული, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს ქვემოთ, კერძოდ:
11. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულმა ბ---- ო----მა ჩაიდინა ორი, სხვადასხვა სახის დამოუკიდებელი განზრახი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, მათ შორის ერთი - ძალადობრივი ხასიათის (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება). გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ბ---- ო-----ს პიროვნული მახასიათებლებიც, კერძოდ: იგი წარსულში ნასამართლევია ასევე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულისათვის, რისთვისაც მას შეფარდებული ჰქონდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მითითებული სასჯელის მოხდიდან მალევე, მან კვლავ ჩაიდინა ახალი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, კვლავ ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული კი მეტყველებს როგორც მის მიდრეკილებაზე ძალადობისკენ, ასევე იმაზეც, რომ მის მიმართ წარსულში გამოყენებულმა მსუბუქმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნები - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსუბუქი სასჯელი არ აღმოჩნდა ბ---- ო-----სათვის შემაკავებელი და მისი სათანადო ქცევის გარანტი. შესაბამისად, სასჯელის სახის შერჩევისას საკასაციო სასამართლო თვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებული მიდრეკილია, ჩაიდინოს ერთი და იმავე ხასიათისა და კატეგორიის დანაშაული.
13. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბ---- ო-----სათვის საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - შინაპატიმრობა, გარდა იმისა, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონის იმპერატიული მოთხოვნების დარღვევით არის გამოყენებული, ასევე ლმობიერია და მას სასჯელის სახით უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი საკასაციო სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია, ვინაიდან იგი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ბ---- ო-----ს წარსული ნასამართლობა და დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ ვერ მიიჩნევა მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად, ვინაიდან ორივე მათგანი წარმოადგენს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, რის გამოც სასჯელის დანიშვნისას ეს გარემოებები მხედველობაში არ მიიღება. აღსანიშნავია, რომ ბრალდების ამ ნაწილში სახელმწიფო ბრალმდებელიც არ მოითხოვს თავისუფლების აკღვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადის დამძიმებას (პროკურორი საკასაციო საჩივარში აპელირებს მხოლოდ პირობითი მსჯავრის გამოყენების არამართებულობაზე).
14. ამასთან, საკასაციო სასამართლო ბ---- ო-----სათვის საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის შეფარდებისას ასევე მხედველობაში იღებს როგორც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ასევე - იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბ---- ო-----სათვის ბრალად შერაცხული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მისთვის შეფარდებული სასჯელი არ უნდა იყოს 2 წელზე ნაკლები. ამდენად, ბ---- ო----ს საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
15. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის კიდევ ერთ მოთხოვნას პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ, აღნიშნულს საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი“.
16. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა ბ---- ო----მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბარლდებებში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მას დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.
17. მსჯავრდებულ ბ---- ო-----ს მიმართ როგორც ამჟამად, ისე წარსულში მსჯავრად შერაცხული ქმედებების ძალადობრივი ხასიათიდან იკვეთება, რომ იგი ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს, მსჯავრდებულს დააკისროს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პირობითი მსჯავრის დროს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: ბ---- ო----- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 16 (თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 8 (რვა) თვითა და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 8 (რვა) თვითა და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; ბ---- ო----- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. ბ---- ო----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 16 (თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 8 (რვა) თვითა და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 8 (რვა) თვითა და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
4. ბ---- ო----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ბ---- ო----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
6. მსჯავრდებულ ბ---- ო----ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ათვლა დაეწყოს 2020 წლის 6 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 ივლისიდან 2019 წლის 28 მარტის ჩათვლით;
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ბ---- ო----ს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და მოთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;
8. მსჯავრდებულ ბ---- ო----ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაეკისროს შემდეგი მოვალეობები: გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი