განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002736703
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№688აპ-19 ქ. თბილისი
გ----–---–- გ-------, 688აპ-19 24 თებერვალი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- გ----–---–ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მითვისებაში, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
გ------- გ----–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 10 ოქტომბერს გ------- გ----–---–მა მეუღლეს - ნ----- ი-–---–ს სოციალური ქსელის - ფეისბუკის (facebook) საშუალებით გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელშიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ნ----- ი-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- გ------- გ----–---–მა თ---–--–-------------––----------–---------------–------------------------------------- თავისი საცხოვრებელი ბინიდან 2018 წლის 28 ივლისს, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, თ----- ვ----–---–-ს მიერ ნაჩუქარი, 1200 (ათას ორას) ლარად ღირებული „ბოშის“ ფირმის სარეცხი მანქანა, რითაც დაზარალებულს მიადგა 1200 (ათას ორასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის განაჩენით გ------- გ----–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- გ----–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
გ------- გ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.
გაუქმდა მსჯავრდებულ გ------- გ----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
გ------- გ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა - 2018 წლის 23 ოქტომბრიდან 2019 წლის 9 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
მსჯავრდებულ გ------- გ----–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
აღნიშნული განაჩენით გ------- გ----–---–ს მსჯავრი დაედო თვითნებობაში, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გ------- გ----–---–-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ------- გ----–---–მა თ---–--–-------------––----------–---------------–------------------------------------- თავისი საცხოვრებელი ბინიდან 2018 წლის 28 ივლისს, თავისად დაგულებული უფლებით, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, დაეუფლა და განკარგა თ----- ვ----–---–-ს მიერ ნაჩუქარი, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ნივთი - 1200 (ათას ორას) ლარად ღირებული „ბოშის“ ფირმის სარეცხი მანქანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ------- გ----–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენის გაუქმებასა და გ------- გ----–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი საფუძლებით: გ------- გ----–---–- ადრეც დაემუქრა დაზარალებულს და ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავ ორგანოში დაიწყო გამოძიება გ------- გ----–---–-ს მიმართ მითვისების ფაქტზე; დაზარალებული ნ----- ი-–---–ი გამოკითხვის ოქმში აფიქსირებს, რომ მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან, როდესაც გ------- გ----–---–- მთვრალია, ან როცა თანხა აქვს წაგებული, იგი ძალიან აგრესიულია და ყველაფრის მკადრებელია; ჯ------– ი-–---–ისა და თ----- ვ----–---–-ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ისინი გადავიდნენ საცხოვრებლად შვილისა და სიძის სახლში, სადაც მათ შეიძინეს სარეცხი მანქანა და დაამონტაჟეს; მოწმეებმა ასევე მკაფიოდ მიუთითეს, რომ გ------- გ----–---–- არაერთხელ გააფრთხილეს, რომ მას არ უნდა გაეტანა სახლიდან სარეცხი მანაქანა და მან კარგად იცოდა, რომ ეს ნივთი მისმა სიმამრმა შეიძინა, რაც პირდაპირ გამორიცხავს შეცდომით დაგულებული უფლების არსებობას; არცერთი მოწმის ჩვენებაში არ ფიქსირდება, რომ აღნიშნული ნივთი მშობლებმა აჩუქეს ნ----- ი-–---–სა და გ------- გ----–---–ს; ნივთის მესაკუთრე იყო თ----- ვ----–---–-, რომელსაც შეეძლო მისი მოხსნა და წაღება.
6. საკასაციო საჩივრის შესაგებლით მსჯავრდებული გ------- გ----–---–- და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ფ------ მ-------- ითხოვენ, რომ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ------- გ----–---–მა ჩაიდინა მუქარა, ხოლო თვითნებობის ეპიზოდში სრულად იზიარებენ სააპელაციო პალატის მოტივაციას და მიაჩნიათ, რომ ბრალდების ამ ნაწილში გ------- გ----–---–მა ჩაიდინა თვითნებობა და არა - მითვისება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ------- გ----–---–- უნდა გამართლდეს შერაცხულ ბრალდებაში, კერძოდ:
2. პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავოდ არ გახადეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებები.
3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ „ბოშის“ ფირმის სარეცხი მანქანა წარმოადგენდა თ----- ვ----–---–-ს პირად საკუთრებას და დადგენილად მიაჩნია, რომ იგი იყო მეუღლეების - გ------- გ----–---–-სა და ნ----- ი-–---–ის თანასაკუთრება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. 2018 წლის 3 ოქტომბრის თ----- ვ----–---–-ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი საცხოვრებლად გადავიდა თავისი შვილისა და სიძის ბინაში (რომელიც მდებარეობდა თავად თ----- ვ----–---–-ს მეზობლად), რათა დახმარებოდა შვილს საოჯახო საქმეებში. თ----- ვ----–---–-ს ინფორმაციით, ვინაიდან ახალ სახლში არ ჰქონდათ სარეცხი მანქანა, მისმა მეუღლემ შეიძინა განვადებით „ბოშის“ ფირმის სარეცხი მანქანა და დაამონტაჟა, რომელიც შემდეგ სიძემ - გ------- გ----–---–მა გაიტანა სახლიდან და ჩააბარა ლომბარდში. მოწმის გამოკითხვის ოქმით ასევე დადგენილია, რომ იგი იძულებული გახდა გადასულიყო საცხოვრებლად მისი შვილისა და სიძის ბინაში, ვინაიდან ნ----- ი-–---–ი მუშაობდა და არ რჩებოდა დრო საოჯახო საქმეებისთვის. მისივე ინფორმაციით, გ------- გ----–---–ს ჰქონდა სარეცხი მანქანით სარგებლობის უფლება, თუმცა არ ჰქონდა უფლება, აღნიშნული ნივთი გაესხვისებინა, დაეგირავებინა და ა.შ. თ----- ვ----–---–-სა და ნ----- ი-–---–ის თანხმობის გარეშე.
5. ნ----- ი-–---–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მან და მისმა მეუღლემ, გ------- გ----–---–მა 2018 წლის თებერვალში ბინა შეიძინეს ვ---------–ში, ნ----- ი-–---–ის მშობლების მეზობლად. თ----- ვ----–---–-სა და გ------- გ----–---–-ს მეორე შვილი - თ-----ი იყო მცირეწლოვანი, რის გამოც თ----- ვ----–---–- ფაქტობრივად ცხოვრობდა მათთან და ეხმარებოდა შვილს ბავშვების მოვლაში. მათ არ ჰქონდათ სარეცხი მანქანა და მამამ - ჯ------– ი-–---–მა განვადებით, 1200 ლარად შეიძინა „ბოშის“ ფირმის თეთრი სარეცხი მანქანა და დაუმონტაჟა სახლში. მიუხედავად თ----- ვ----–---–-ს არაერთი გაფრთხილებისა, გ------- გ----–---–მა ნ----- ი-–---–ისა და მისი მშობლების დაუკითხავად ეს სარეცხი მანქანა დააგირავა ლომბარდში, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა მათი თანხმობის გარეშე.
6. ზემოაღნიშნული გამოკითხვის ოქმებითა და ასევე ნ----- ი-–---–ის მამის - ჯ------– ი-–---–ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც სრულად ადასტურებს თ----- ვ----–---–-სა და ნ----- ი-–---–ის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, საკასაციო სასამართლოს, ერთი მხრივ, დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ გ------- გ----–---–მა „ბოშის“ ფირმის სარეცხი მანქანა მეუღლისა და მისი მშობლების თანხმობის გარეშე გაიტანა საცხოვრებელი სახლიდან და თანხის სანაცვლოდ ჩააბარა ლომბარდში, ხოლო, მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ ჯ------– ი-–---–მა „ბოშის“ ფირმის სარეცხი მანქანა შეიძინა იმიტომ, რომ ნ----- ი-–---–სა და გ------- გ----–---–ს ახალ სახლში არ ჰქონდათ სარეცხი მანქანა.
7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, „საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად“. მთავარი ნივთის მესაკუთრე ამავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებლად განკუთვნილი ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები განკუთვნილია მისი სამსახურისთვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. თუ საქმის მასალებიდან დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია კონკრეტული პირის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთის მესაკუთრე და კეთილსინდიერი მფლობელიც ეს პირია. ხსენებულიდან გამომდინარე, გ------- გ----–---–-სა და ნ----- ი-–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის - სარეცხი მანქანა, ამ უძრავი ქონების საკუთვნებელია, ვინაიდან ისინი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.
8. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ჯ------– ი-–---–მა სარეცხი მანქანა შეიძინა არა თავისი მეუღლის - თ----- ვ----–---–-ს, არამედ პირველ რიგში სწორედ თავისი შვილის - ნ----- ი-–---–ის ოჯახის საჭიროებებისათვის და, ამასთან, იგი დაამონტაჟა ნ----- ი-–---–ისა და გ------- გ----–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ეს ნივთი გახდა მითითებული მთავარი ნივთის (უძრავი ქონების) საკუთვნებელი, რომელზეც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი) თანახმად, მეუღლეებს - ნ----- ი-–---–სა და გ------- გ----–---–ს წარმოეშვათ თანაბარი უფლებები, რის შემდეგაც იგი წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას და არა - თ----- ვ----–---–-ს ინდივიდუალურ საკუთრებას.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ სარეცხი მანქანა წარმოადგენდა თ----- ვ----–---–-ს ინდივიდუალურ საკუთრებას, რის შესაბამისადაც, გ------- გ----–---–-ს ქმედებაში არ იკვეთება მითვისების (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლი) ნიშნები, რადგან მითითებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია სხვისი ნივთის (მოცემულ შემთხვევაში - თ----- ვ----–---–-ს) მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა, რადგან გ------- გ----–---–- არ დაუფლებია თ----- ვ----–---–-ს კუთვნილ ნივთს. მან განკარგა მეუღლეების თანასაკუთრებაში არსებული ქონება.
10. რაც შეეხება გ------- გ----–---–-სათვის საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ ბრალდებას, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და მიაჩნია, რომ გ------- გ----–---–- უნდა გამართლდეს აღნიშნულ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით:
11. საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თვითნებობა არის ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება. თვითნებობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების წესი. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. სასამართლო განმარტავს, რომ თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის ნორმატიული აქტით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო, ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე. ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი.
12. ქვედა ინსტანციის სასამართლოები იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გ------- გ----–---–მა იმოქმედა დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, აპელირებენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლზე, რომლის თანახმად: „თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით“. ასევე უთითებენ ამავე კოდექსის 1160-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, რომლის მიხედვით: „იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას“.მითითებულის გათვალისწინებით, სასამართლოები დადგენილად მიიჩნევენ, რომ გ------- გ----–---–მა თავისი მეუღლის - ნ----- ი-–---–ის თანხმობის გარეშე, ისე, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა, მხოლოდ თავისად დაიგულა საკუთრების უფლება „ბოშის“ ფირმის სარეცხ მანქანაზე და დააგირავა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ნივთი, რითაც ჩაიდინა თვითნებობა.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- გ----–---–-ს ქმედებაში, მართალია, ნამდვილად იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლითა და 1160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მეუღლეთა თანასკუთრების განკარგვის დადგენილი წესის დარღვევა, მაგრამ არ შეიძლება შეფასდეს დანაშაულად, რადგან იგი წარმოადგენს მხარეთა შორის სამოქალაქოსამართლებრივი რეგულირებისა და ურთიერთობის საგანს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები პირდაპირ აწესრიგებს საკითხს იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვას და რა უფლებები წარმოეშვებათ მათ ამ დროს, კერძოდ: მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: „მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას“, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად: „მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი“.
14. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მეუღლეთა შორის თანასაკუთრებაში არსებული ნივთის განკარგვა (დაგირავება) წარმოადგენს მათ შორის სამოქალაქოსამართლებრივი დავის საგანს, რის გამოც მათ თანასაკუთრებაში არსებული ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი განკარგვის წესის დარღვევა ვერ იქნება მიჩნეული სიხსლისსამართლებრივი დაცვის ობიექტად, რისი გათვალისწინებითაც, გ------- გ----–---–- უნდა გამართლდეს თვითნებობაში.
15. ამასთან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
16. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე”. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ „საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“.
17. იმ საკითხის გადასაწყვეტად, შეუძლია თუ არა სასამართლოს გასცდეს საკასაციო საჩივრისა და მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, მის სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ შემდეგ მსჯელობებზე:
„ ... კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს, საქმეში არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვის და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს... “.
„ ... შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეებისთვის თანაბარი შესაძლებლობის მინიჭებას, წარადგინონ მათი პოზიციის სასარგებლო მტკიცებულებები, არგუმენტები და ამ გზით მოახდინონ გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე, თუმცა ეს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე“.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში (CDL-AD(2015016) აღნიშნულია, რომ მხარეთა სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოს კომპეტენციის შემოფარგვლა (non ultra petita) არ არის შეჯიბრებითი მოდელის უნიკალური მახასიათებელი და მსგავსი წესი მოქმედებს ზოგიერთ ინკვიზიციური მოდელის მქონე ქვეყანაშიც. ამავე დროს, შეჯიბრებითი მოდელის არსებობა არ გამორიცხავს, რომ მხარეთა მოთხოვნით სასამართლოების შეზღუდვის წესიდან არსებობდეს გამონაკლისები. შეჯიბრებით მოდელშიც კი, სასამართლოები მხარეების მოთხოვნებისგან დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით წამოჭრიან და წყვეტენ საკითხებს, რაც საქმის გადაწყვეტისთვის ან საქმეში იდენტიფიცირებული უსამართლობის აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. შეჯიბრებითი თუ ინკვიზიციური მოდელების თავისებურებების მიუხედავად, შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს. ამგვარ საკითხთა რიგს განეკუთვნება ისიც, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლოს მიერ. საჭიროების შემთხვევაში სასამართლომ არ უნდა დაუშვას გაუქმებული ან სახეშეცვლილი საკანონმდებლო ნორმის გამოყენება და უნდა გამოასწოროს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დაშვებული შეცდომები...“.
18. ამ მსჯელობებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი უფლებამოსილია, გასცდეს საკასაციო საჩივრისა და შესაგებლის ფარგლებს, იმ მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული უდანაშაულო პირის მსჯავრდება და აღნიშნულის გათვალისწინებით, გ------- გ----–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში.
19. რაც შეეხება ბრალდების მხარის კიდევ ერთ მოთხოვნას, გ------- გ----–---–-ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და ამ ნაწილში სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება გ------- გ----–---–-ს მიერ მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
20. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
21. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ------- გ----–---–მა დაზარალებულ ნ----- ი-–---–ს სოციალური ქსელით გაუგზავნა შემდეგი შინაარსის შეტყობინება - „Didi dge ar gieeria icode”, რაც საკასაციო სასამართლოსაც, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლოს, მიაჩნია ზედმეტად აბსტრაქტული შინაარსის მქონედ და მასში სიცოცხლის მოსპობის,ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა არ გამოიხატება.რაც შეეხება დაზარალებულში გამოწვეულ შიშს, მართალია, დაზარალებული გამოკითხვის ოქმში მიუთითებს, რომ გ------- გ----–---–- ალკოჰოლის მიღებისა და ასევე, აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ ხდებოდა აგრესიული, მაგრამ ეს გარემოება და ასევე ის ფაქტი, რომ დაზარალებული სიცოცხლის მოსპობის მუქარას აღიქვამდა რეალურად, მისი ჩვენების გარდა, არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. სხვა რაიმე ობიექტური გარემოება - ბრალდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი), მუქარის გამოხატვის არაერთგზისობა, მისი განსაკუთრებით სახიფათო ხერხი, გამოკვეთილი არ არის. ის ფაქტი, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გამოირიცხება ასევე იმ გარემოებითაც, რომ დაზარალებულმა ნ----- ი-–---–მა გ------- გ----–---–-საგან შეტყობინების მიღებიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მისი შიში არ იყო საფუძვლიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, იგი რეაგირებისთვის უმოკლეს დროში მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- გ----–---–-ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვს.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს გ------- გ----–---–-ს სასიკეთოდ და იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში. განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. გ------- გ----–---–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
4. გ------- გ----–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში.
5. გამართლებულ გ------- გ----–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. მტკიცებულებები: სს „თ----- ბ----ს“ - „ბოშის“ ფირმის სარეცხი მანქანის განვადების საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, BSH ავტორიზებული სერვის ცენტრის ფაქტურა, მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსის“ მიერ გაცემული საგარანტიო ტალონი, „ბოშის“ ფირმის სარეცხი მანქანის სალომბარდე ხელშეკრულების ასლი, „სამსუნგის“ ფირმის მაცივრის სალომბარდე ხელშეკრულების ასლი, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი