განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
180100118002373128
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002373128

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

N461აპ-19 ქ. თბილისი

ხ------ კ-------, 461აპ-19 29 ნოემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ------- ხ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- ჩ------ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით კ------- ხ------, – დ----------–-------–--–-, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 26 სექტემბრიდან.

 

2. განაჩენის მიხედვით, კ------- ხ------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2016 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ------ის რაიონის სოფელ გ-------ში, კ------- ხ------ს საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა კ------- ხ------მ ურთიერთშეკამათების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, კისრის არეში სამზარეულოს დანის დარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ასევე მთვრალ ზ------- ძ---–--–---–ს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ზ------- ძ---–--–---–-ს სიკვდილის უშუალო მიზეზია სისხლნაკლებობა, რაც გამოიწვია კისრის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად დაზიანებული სისხლძარღვებიდან და ფილტვის ქსოვილიდან განვითარებულმა სისხლდენამ.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენი შეიცვალა: კ------- ხ------ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

4. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანასა და კ------- ხ------ს გამართლებას ან მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან სსკ-ის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას საჩივარში მითითებული მოტივებით.

 

5. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი დავით ყაზარაშვილი შესაგებლით ითხოვს კ------- ხ------ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ კ------- ხ------ს საქმე და შეამოწმა მისი დამცველის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ კ------- ხ------ს ჩადენილი აქვს არა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებათა გარეშე, არამედ განზრახ მკვლელობა შემამსუბუქებელ გარემოებაში – აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით. კასატორის მიერ აღნიშნული პოზიციის დასაბუთებისთვის წარმოდგენილი არგუმენტები არ გამომდინარეობს მოცემულ საქმეზე კანონიერი და სარწმუნო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, რის გამოც ისინი ვერ იქნება გაზიარებული და საფუძვლად ვერ დაედება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლას მის სასიკეთოდ.

 

3. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის განაჩენში ვრცლად და საფუძვლიანად გააანალიზა მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებების მეშვეობით, რომლებსაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. აღნიშნული ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა სწორი სამართლებრივი დასკვნები მსჯავრდებულ კ------- ხ------ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცა აგრეთვე დაცვის მხარეს მის მოთხოვნაზე მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ.

 

4. რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ კ------- ხ------სთვის განსაზღვრული სასჯელის ზომას, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: სააპელაციო სასამართლო სასჯელის დასაბუთებაში აღნიშნავს, რომ მომხდარი შემთხვევის დროს მსჯავრდებულის სახლში სუფრასთან მყოფ დაზარალებულს, აწ გარდაცვლილ ზ------- ძ---–--–---–ს სხვადასხვა გარემოების გამო კამათი მოუვიდა მასპინძელთან. მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მათ შორის კონფლიქტის წარმოშობას არ ჰქონია შემთხვევითი ხასიათი. ამ კონფლიქტს წინ უძღოდა ზ. ძ---–--–---–-ს მხრიდან სტუმრის მიმართ აშკარად შეუფერებელი საქციელი. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულმა ამჯერად თავი შეიკავა საპასუხო რეაქციისგან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც მსჯავრდებული იძულებული გახდა, ზ. ძ---–--–---–-სთვის კარისკენ მიეთითებინა. მართალია, ზ. ძ---–--–---–მა ბინა დატოვა, მაგრამ მალევე უკან შებრუნდა, მას ხელში შეშის ნაპობი ეჭირა და მუქარით მიიწევდა კ------- ხ------საკენ. ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელი გვევლინება ასევე, როგორც მწვავე კონფლიქტის ინიციატორი. ამ დროს იქ იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, რომლებიც შეეცადნენ, ერთი მხრივ, ზ. ძ---–--–---–-ს შეჩერებას, ხოლო მეორე მხრივ, დაუპატიჟებელი სტუმრის საქციელითა და მისგან წამოსული მუქარის გამო წონასწორობიდან გამოსული კ------- ხ------ს შეჩერებას, როდესაც ეს უკანასკნელიც მიიწევდა მოძალადისკენ დანით ხელში. მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ კ------- ხ------ს დანა სპეციალურად არ მოუძებნია და არ აუღია მომხდურის მიმართ გამოყენებისთვის. როგორც მტკიცებულებებითაა დადასტურებული, იმ მომენტში, როდესაც ზ. ძ---–--–---–- ბინაში შეიჭრა შეშის ნაპობით ხელში და მუქარით გაემართა მასპინძლისაკენ, კ------- ხ------ აღნიშნული დანით სუფრაზე პურს ჭრიდა. ასე აღმოჩნდა დანა მის ხელში მხარეებს შორის კონფლიქტის ესკალაციისას. შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების ჩარევის შედეგად ზ. ძ---–--–---–-ს მხრიდან გამოვლენილ აგრესიას არ მიუღწევია ისეთი ინტენსივობისთვის, რაც კ------- ხ------სათვის წარმოქმნიდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას და აუცილებელს გახდიდა დანის გამოყენებით მოწინააღმდეგისათვის სასიკვდილო დაზიანების მიყენებას. ასე რომ, საკასაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში კ------- ხ------ს მიერ ზ. ძ---–--–---–-ს მკვლელობა ჩადენილია არა წინასწარ მოფიქრებული, არამედ – მისი ნების საწინააღმდეგოდ წარმოქმნილ სიტუაციაში უეცრად აღძრული განზრახვით, რასაც ასევე უნდა მიექცეს ყურადღება მისი ბრალის ხარისხის შეფასებისას. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ კ------- ხ------ს მიერ ზ. ძ---–--–---–-ს დანით დაჭრა მოხდა ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც კონფლიქტს გააჩნდა მწვავე ხასიათი, ხოლო ზ. ძ---–--–---–- ისევ ცდილობდა კ------- ხ------მდე მიღწევას, თუმცა უშედეგოდ, ამასთან, ბოლო მომენტში მას აღარც შეშის ნაპობი ეჭირა ხელში. საკასაციო პალატის აზრით, ზემოაღნიშნული გარემოებები მნიშვნელოვნად ამცირებს კ------- ხ------ს ბრალის ხარისხს მის მიერ ჩადენილ დანაშაულში, რაც, შესაბამისად, უნდა აისახოს მის მიმართ გამოსაყენებელი სასჯელის ზომაზე.

 

5. განხილული გარემოებების, აგრეთვე მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქმედების ჩადენის შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ------- ხ------ს პიროვნება სოციალური თვალსაზრისით არ წარმოადგენს იმ დონის საშიშროებას, რომლის გამოც მის გამოსასწორებლად აუცილებელი იქნებოდა ისეთი მკაცრი სასჯელი, რაც მას განესაზღვრა სააპელაციო სასამართლოს განაჩენით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოოდ, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 10 წლით უნდა შეუმცირდეს 2 წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

6. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ კ------- ხ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- ჩ------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

3. მსჯავრდებულ კ------- ხ------ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

4. მსჯავრდებულ კ------- ხ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 26 სექტემბრიდან;

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე