განაჩენი

სისხლის სამართლის 11.12.2019
საქმის ნომერი
330100117002199131
თარიღი
11.12.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002199131

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№508აპ-19 11 დეკემბერი, 2019 წელი

ზ---–-–---–- ლ----, 508აპ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ---- ზ---–-–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----– მ-----–-–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით:

 

1.1. ლ---- ზ---–-–---–-, - დ----------–-------–-–-------------------, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

1.2. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 წლით;

 

1.3. ლ---- ზ---–-–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 17 ნოემბრიდან.

 

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- ზ---–-–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2.1. 2016 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ---–--–ი, თ---–-----------ს შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- ზ---–-–---–- მართავდა ავტომობილ „რენჯ როვერს“, სახელმწიფო ნომრით - V-------- და გართობის მიზნით, მოძრაობდა სხვადასხვა მიმართულებით, აკეთებდა მკვეთრ მანევრებს, რა დროსაც იმავე ტერიტორიაზე, ავტომანქანის მახლობლად, ქვეითად გადაადგილდებოდა 18 წლის შ----- ძ-------. ლ---- ზ---–-–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და ავტომობილ „რენჯ როვერის“ წინა ნაწილით დაეჯახა და გადაუარა შ----- ძ-------ს, რომელიც მ------–-------- საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას მიღებული დაზიანებების შედეგად იმავე დღეს გარდაიცვალა.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ---- ზ---–-–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ--–---- ს--–----ამ და ა-----– შ---–---–მა.

 

4. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ლ---- ზ---–-–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

7. მსჯავრდებული ლ---- ზ---–-–---–- და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ----– მ-----–-–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ლ---- ზ---–-–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

7.1. კასატორის მოსაზრებით, ბრალდების მხარემ და სასამართლომ სათანადოდ ვერ დაასაბუთეს, თუ რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე ექცეოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროში ლ---- ზ---–-–---–-ს ქმედება, რომელიც შემთხვევის დღეს მინდორში მართავდა სატრანსპორტო საშუალებას. მინდორში მოძრაობა არ რეგულირდება საქართველოს კანონით „საგზაო მოძრაობის შესახებ.“ მინდორი, სადაც შემთხვევა მოხდა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით არ შეიძლება ჩაითვალოს მიმდებარე ტერიტორიად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ კანონის მე–5 მუხლის 38–ე პუნქტის მიხედვით – მიმდებარე ტერიტორიად ითვლება ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა).

 

7.2. საკასაციო საჩივარში აგრეთვე მითითებულია, რომ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს მინდორში გამჭოლი მოძრაობის დაუშვებლობის შესახებ. ამასთანავე, სასამართლოს არც თვითონ დაუდგენია, რომ შემთხვევის ადგილას, მინდორში, დაუშვებელი იყო გამჭოლი მოძრაობა. დადგენილია, რომ ამ შემთხვევაში ლ---- ზ---–-–---–- მოძრაობდა ნელი სვლით და საფრთხე წარმოიქმნა უშუალოდ ქვეითის მხრიდან.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ---- ზ---–-–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----– მ-----–-–---–-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოწმე გ------- გ------ის განმარტებით, 2016 წლის 21 აპრილს ის და მისი მეგობარი გ------- ქ----- მივიდნენ მ------ში, ლ-–- ღ-------ისა და შ----- ძ------ის კორპუსთან მათ სანახავად. დაურეკეს ლ---- ზ---–-–---–ს და შეიკრიბნენ. ლ---- ზ---–-–---–- მამის “რენჯ როვერის” ფირმის ავტომანქანით იყო, ლ-–- ღ-------- კი - “ბმვ-ს” მარკის ავტომანქანით. წავიდნენ თ----ს მიმართულებით, ზ-------------–---სკენ, „ს----–---ის“ შემდეგ მინდვრისკენ. ისინი სადაც იმყოფებოდნენ, არის საავტომობილო გზა, იქ ავტომანქანები არცთუ ისე ხშირად მოძრაობენ. იმ პერიოდში, როდესაც იქ იყვნენ, ერთმა მანქანამ აიარა. მინდორში, სადაც მოხდა შემთხვევა, სხვა მანქანის საბურავებიც იყო, მათი მანქანის საბურავებთან ერთად. მძღოლები - ლ---- ზ---–-–---–- და ლ-–- ღ-------- მანქანას „ადრიფტავებდნენ“. გ------- გ-------, ლ-–- ღ--------სა და გ------- ქ-----სთან ერთად იჯდა ლ-–- ღ-------ის მანქანაში, რომელიც მოხრეშილ გზაზე იყო გაჩერებული, რადგან მანქანა დაბალი იყო. ლ---- ზ---–-–---–- კი მინდორზე გადავიდა. აღნიშნულ დროს არ ბნელოდა, თუმცა იყო მოღრუბლული და წვიმას აპირებდა. ზ---–-–---–-ს მანქანიდან გადმოვიდნენ შ----- ძ------- და შ---- გ---------–---, ხოლო მანქანაში, საჭესთან დარჩა თავად ლ---- ზ---–-–---–- და მის გვერდით მჯდომი ა----- ბ---------. ისინი მანქანას ამოძრავებდნენ წრეზე, ანუ „ადრიფტავებდნენ.“ შ----- ძ------- კი მანქანის წინა მხრიდან იდგა, ფოტოებსაც იღებდა მობილურით და მოძრაობდა. ამ დროს მოწმე ღ-------ის მანქანაში წინა, მარცხენა მხარეს იჯდა, ლ---- ზ---–-–---–-ს მანქანიდან დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით და უყურებდა მათ წინა მხრიდან. დაინახა, რომ ზ---–-–---–-ს მანქანა შ----- ძ-------სთან უკვე ახლოს იყო. შ-----მ სცადა გაქცევა, თუმცა ვერ მოახერხა და ლ---- ზ---–-–---–-ს მანქანამ გადაუარა, რა დროსაც მანქანა დამუხრუჭებულ მდგომარეობაში იყო და მოსრიალებდა. შ. ძ-------ს მანქანა დაეჯახა წინა მხრით, რომლსაც მოსწყდა მარცხენა წინა ფარი (განთავსებული ლ---- ზ---–-–---–-ს მხარეს). დაჯახების შემდეგ მანქანა გაჩერდა. მანქანიდან გადმოვიდნენ ზ---–-–---–- და ბ---------. მოწმე მაშინვე გადმოვიდა ღ-------ის ავტომანქანიდან, გადაჰყვნენ ბიჭებიც. შ-----ს ფეხები მანქანის ქვემოთა ნაწილში ჰქონდა მოქცეული. შ-----ს ხელი ხელებზე მოჰკიდა, გამოაცურეს დაახლოებით შუა ნაწილიდან, ჩასხდნენ ზ---–-–---–-ს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში.

 

3. გ------- გ------ის ჩვენებას შეესაბამება სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი პლასტმასის ნატეხები წარმოადგენს ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ 2001 წელს დამზადებული ავტომობილის - “LAND ROVER RANGE ROVER 4,6 HSE”, სახ. ნომრით - V--------, საიდენტიფიკაციო N(VIN): S----------------, წინა, მარცხენა, დაზიანებული ნისლ-საწინააღმდეგო მაშუქის უკანა ნაწილის ფრაგმენტებს.

 

3.1. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- ს-------–--ემ.

 

4. მოწმე ა------ ბ--------ის ჩვენების მიხედვით, იგი 2016 წლის 21 აპრილს მ------ში შეხვდა გ------- გ-------ს, ლ-–- ღ--------ს, გ------- ქ-----ს, შ--–-- გ---------–---ს, ლ---- ზ---–-–---–სა და შ----- ძ-------ს. ლ-–-სა და ლ----ს მანქანებით წავიდნენ რესტორან „ს----–---ის“ ტერიტორიაზე. ავიდნენ თ---–-----------ს ტერიტორიაზე. მოწმე იჯდა ლ---- ზ---–-–---–-ს მანქანაში. მინდორზე, სადაც შევიდნენ, სამანქანო შესასვლელია. ლ---- ზ---–-–---–მა დაიწყო მანქანის მინდორზე „ბზრიალი“. სადაც „დრიფტაობდნენ“, მანქანები არ მოძრაობდნენ. მინდორზე მოსახვედრად კი იყო სამანქანო შესასვლელიც. დასახელებულ ტერიტორიაზე, როდესაც დაღმართისკენ წავიდნენ, მანქანა არ მიდიოდა სწრაფად. ლ---- ზ---–-–---–- საჭეს ამოძრავებდა. აღნიშნულ დროს მინდორში იდგნენ შ---- გ---------–--- და შ-------- ძ-------, რომელიც აქეთ-იქით დარბოდა და ვიდეოს/ფოტოს იღებდა. შ--------მ მანქანის დანახვაზე, რომელიც მისგან დაახლოებით 10-15 მეტრში იმყოფებოდა, გაქცევა დააპირა, მაგრამ ამ დროს ფეხი დაუსრიალდა, ლ----მაც დაამუხრუჭა, თუმცა მანქანა მაინც დაეჯახა მას, რა დროსაც მანქანის წინა ნაწილით წელზე გადაუარა, რის შემდეგაც სისხლიანი შ-------- ძ------- მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს.

 

5. მოწმე შ--–-- გ---------–---მ განაცხადა, რომ 2016 წლის 21 აპრილს, საღამოს, თავისი სახლის წინ შეხვდა ა----- ბ---------სა და შ----- ძ-------ს. შემდეგ კი მივიდა ლ---- ზ---–-–---–-. გარკვეული დროის შემდეგ მანქანებით ზღვაზე წასვლა გადაწყვიტეს. წავიდნენ ლ-–- ღ-------ისა და ლ---- ზ---–-–---–-ს მანქანებით. ლ---- ზ---–-–---–-ს მანქანაში ისხდნენ თვითონ, ლ---- ზ---–-–---–-, ა------ ბ--------- და შ----- ძ-------. თვითონ იჯდა ლ----ს გვერდით, ა----- და შ----- - უკანა სავარძელზე. ლ-–- ღ-------ის მანქანაში ისხდნენ გ------- გ-------, ლ-–- ღ-------- და ქ-----. ,,ს----–---ეს’’ რომ გასცდნენ, არის მოსახვევი, ხრეშიანი გზა, იქ ავიდნენ, გზიდან გადავიდნენ, პატარა გზა შედიოდა ბალახიან ტერიტორიაზე. “რენჯ როვერის“ საჭესთან ლ---- ზ---–-–---–- იჯდა. მანქანით ,,ზიგზაგებს’’ აკეთებდნენ. შემდეგ გააჩერეს მანქანა. მოწმე და შ----- ძ------- გადმოვიდნენ მანქანიდან. შ. გ---------–---ს სახლიდან დაურეკეს და შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში გავიდა დასალაპარაკებლად. როდესაც შემოტრიალდა, დაინახა, რომ დაახლოებით მეტრ-ნახევარი დისტანციით, შ----- წაქცეული იყო, „მუხლზე ჩაჯდომილი.“ მოწმის აზრით, შ-----ს ფეხი აუცურდა, მანქანა მოდიოდა მუხრუჭებით, დაინახა, წინა საბურავები რომ იყო დამუხრუჭებულ მდგომარეობაში, უკანა საბურავებისთვის კი არ შეუხედავს. შ----- ძ------- ზურგით მანქანისკენ იყო. შემდეგ შ--–-- გ---------–---მ დაინახა, რომ მანქანა შ-----ს დაეჯახა და შეითრია საბურავებში. მანქანა ზემოდან მოექცა შ-----ს და რომ ვერ გამოჰყავდათ, მანქანა ცოტა გადააადგილეს.

 

6. მოწმე ლ-–- ღ--------მ განაცხადა, რომ 2016 წლის 21 აპრილს მ------ში, მის კორპუსთან შეიკრიბნენ - გ------- გ-------, გ------- ქ-----, ა------ ბ---------, ლ---- ზ---–-–---–-, შ----- ძ------- და შ---- გ---------–---. მოწმეს ჰყავდა დედამისის კუთვნილი „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანა, სადაც მასთან ერთად ისხდნენ - გ------- გ------- და გ------- ქ-----, ხოლო ზ---–-–---–ს ჰყავდა “რენჯ როვერი,“ სადაც მასთან ერთად ისხდნენ - შ---- გ---------–---, ა------ ბ--------- და შ----- ძ-------. წავიდნენ თ---–-----------ს ტერიტორიის მიმართულებით. ს----–---ის შემდეგ გაიარეს გარკვეული მანძილი, შემდეგ გზა გადადის მინდორზე. ლ-–- ღ-------- გაჩერდა ხრეშიან გზაზე, მინდვრიდან დაახლოებით 60 მეტრში. წინ, მარჯვენა მხარეს, საჭესთან იჯდა თვითონ, მის გვერდით იჯდა გ------- გ-------, ხოლო უკან - გ------- ქ-----. ლ---- ზ---–-–---–- მანქანით გადავიდა მინდორზე, რომელიც მდებარეობდა მისი მანქანიდან მარცხნივ. ამის შემდეგ ზ---–-–---–-ს მანქანიდან შ----- ძ------- და შ--–-- გ---------–--- გადმოვიდნენ, ა------ ბ--------- და ლ---- ზ---–-–---–- კი დარჩნენ მანქანაში. ავტომობილს მართავდა ლ---- ზ---–-–---–-, რომელიც მანქანას „ადრიფტავებდა“. მოწმეს უშუალოდ დაჯახების მომენტი არ დაუნახავს. აღნიშნული დაინახა გ------- გ-------მ, რომელმაც დაიწყო ყვირილი, რის გამოც გადმოვიდნენ მანქანიდან. ლ-–- ღ--------მ დაინახა, რომ შ----- ძ------- “რენჯ როვერის“ ქვეშ იყო და სისხლი სდიოდა პირიდან. მეგობრებმა იგი წაიყვანეს საავადმყოფოში, თავად კი თავისი მანქანით წავიდა შემთხვევის ადგილიდან.

 

7. მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ---- ძ-------მ განმარტა, რომ იგი იცნობს ლ---- ზ---–-–---–ს. მისი შვილი, შ-------- და ლ---- ერთად იზრდებოდნენ. მომხდარის შესახებ თავისი მეგობრისგან გაიგო. მანამდე იცოდა, რომ ბავშვები იყვნენ წასული თბილისის ზღვაზე, ს----–---ესთან, შ-----ს გამვლელი მანქანა დაეჯახა და მიიმალა. ამ ინფორმაციას დ----- ზ---–-–---–-სგან ფლობდა.

 

8. საქმის არსებითი განხილვისას მოწმე დ----- ზ---–-–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე თავისი შვილის წინააღმდეგ.

 

9. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შ----- ძ------ის ტანსაცმლიდან ჩამონაბერტყში აღმოჩენილია ერთი ორფენოვანი მიკრონაწილაკი, რომელიც ერთნაირია ფენების ფერით, მიმდევრობითა და მიკროსტრუქტურით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილის - „RANGE ROVER” სახ.ნომრით - V---------ს ლაქსაფარის ზედა ორ ფენასთან. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოშავო პლასტმასის ნატეხების ზედაპირზე ლაქ-საღებავები არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, აღნიშნული, როგორც...“ ამოღებული ავტომანქანა “RANGE ROVER” სახ. ნომრით - V---------ს წინა სანომრე ნიშნიდან“ მოთეთრო-მოჩალისფრო ბამბის ძაფის ფრაგმენტი არ მიეკუთვნება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შ----- ძ------ის ტანსაცმლის ქსოვილებსა და ფეხსაცმლის თასმას. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქვეითად მოსიარულის - შ----- ძ------ის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ავტომობილის საბურავის პროტექტორის გადავლის კვალი (კვლები) არ აღინიშნება.

 

9.1. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---–- ა--–-----–მა.

 

10. სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, შ----- ძ------ის სიკვდილის მიზეზია სხეულის შერწყმული პოლიტრავმა ჩონჩხის ძვლებისა და შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანებით. გვამის გამოკვლევის, ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით, სიკვდილის მომენტიდან გვამის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ რვა საათისა, რაც არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ბიოლოგიური სიკვდილის დროს - 2016 წლის 21 აპრილის 20:00 საათს ... მოცემულ დასკვნაში აღნიშნულია შ----- ძ------ის გვამის გამოკვლევისას არსებული დაზიანებები, რომლებიც განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ერთად აღებული განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ამასთან, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, შ----- ძ------ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილისა და იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეტადონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბეზოდიაზეპინისა და ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.

 

10.1. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- მ-------ემ.

 

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემომითითებული მტკიცებულებები ერთობლივად უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლ---- ზ---–-–---–- მართავდა იმ ავტომანქანას, რომლითაც დაეჯახა და გადაურა შ----- ძ-------ს. აღსანიშნავია, რომ მოცემულ გარემოებას, საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არც თავად დაცვის მხარე ხდის სადავოდ. ადვოკატის მითითებით, ლ---- ზ---–-–---–-ს ქმედება იმ მოტივით არ მოიცავს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დადგენილ ნიშნებს, რომ შემთხვევა მოხდა მინდორში, რომელიც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს მიღმაა. ადვოკატი თავისი პოზიციის დასადასტურებლად იშველიებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, 2018 წლის 25 იანვრისა და 2018 წლის 27 ივნისის შპს „ბილდინგ-ექსპერტის“ მიერ გაცემულ ავტოტექნიკურ ექსპერტიზის N----- და N----- დასკვნებს, რომელთა თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილი, რომელსაც მართავდა ლ---- ზ---–-–---–-, შ----- ძ-------ს შეეჯახა მინდორში. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს კი მინდორში მომხდარი შემთხვევა არ განეკუთვნება. ამდენად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში მძღოლ ლ---- ზ---–-–---–-ს მოქმედება არ შეიძლება განიხილებოდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 და 33.1 მუხლებისა და ამ კანონში მოცემული რომელიმე მუხლის უგულებელყოფად.

 

11.1. დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ------ ჭ------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ზემოაღნიშნული კანონით ცნება - გზის „მიმდებარე ტერიტორია“ მოიცავს იმ ტერიტორიებს, რომლებიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებების არაგამჭოლი მოძრაობისათვის და არანაირად არ შეესაბამება მოცემულ შემთხვევას.

 

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლს გააჩნია ბლანკეტური შემადგენლობა, შესაბამისად, ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის საკითხის გადაწყვეტისას სახელმძღვანელო კანონს წარმოადგენს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი. თუ რომელი მოთხოვნა დაარღვია მძღოლმა (თავისი ქმედებით) და შეეძლო თუ არა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, ფასდება სპეციალური ცოდნის მქონე ფიზიკური პირის - ექსპერტის მიერ (საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 21-ე ნაწილი).

 

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების სრულყოფილი და ობიექტური ანალიზის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ ლ---- ზ---–-–---–მა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა.

 

14. კერძოდ, 2016 წლის 16 სექტემბრის ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გამოძიებით დადგენილ ვითარებაში, ავტომობილ „რენჯ როვერის“ მძღოლის - ლ---- ზ---–-–---–-ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც ეს კონკრეტული შემთხვევა არ მოხდებოდა.

 

14.1. ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ------ დ---–მა.

 

15. 2016 წლის 10 ნოემბრის საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ლ---- ზ---–-–---–-ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც ეს კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა.

 

16. 2018 წლის 3 ივლისის საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, მოცემული შემთხვევა წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას და მძღოლი ვალდებული იყო, ემოქმედა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განვითარდა ისე, როგორც აღწერილია მოწმე გ------- გ------ის დამატებითი დაკითხვის ოქმსა და ა------ ბ--------ის გამოკითხვის ოქმში, მაშინ: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ლ---- ზ---–-–---–-ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა. თუ მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განვითარდა ისე, როგორც აღწერილია მძღოლ ლ---- ზ---–-–---–-ს დაკითხვის ოქმში, მაშინ: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი ლ---- ზ---–-–---–-, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო, მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

 

16.1. ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ------ დ-------ემ.

 

16.2. თ------ დ-------ემ დამატებით განმარტა, რომ, თუ ავტომობილი გადაადგილდება ტყეში, მინდორში, ანუ არის რაღაც მონაკვეთი, სადაც მისი გადაადგილება-მოძრაობა (ა. პუნქტიდან ბ. პუნქტამდე მოძრაობა) შესაძლებელია, ის უკვე შესაძლებელია გზად ჩაითვალოს.

 

16.3. როგორც აღინიშნა, მოცემული დასკვნის თანახმად, ლ---- ზ---–-–---–-ს ქმედება არღვევს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს იმ შემთხვევაში, თუკი იგი განვითარდა იმგვარად, როგორც გ. გ------ისა და ა. ბ--------ის გამოკითხვის ოქმებშია აღწერილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მოწმეები წარმოადგენენ პირდაპირი სახის მოწმეებს, რომლებმაც უშუალოდ დაინახეს შ----- ძ-------ზე დაჯახების ფაქტი. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმში ასახული თავიანთი ინფორმაცია; აგრეთვე, ჩვენება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ მისცეს, არსებითად არ განხვავდება ამ გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციისგან.

 

17. ამასთან, 2018 წლის 4 ივლისის ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, მოცემული კონკრეტული მონაკვეთი წარმოადგენს ამ კანონის რეგულირების სფეროს, რომლის მე-5 მუხლის 38-ე პუნქტის თანახმად, აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს საავტომობილო გზის (გრუნტიანი გზის საფარის) მიმდებარე ტერიტორიას, შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ცხადია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის დროს მძღოლ ლ---- ზ---–-–---–ს ევალებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოქმედება. გამოძიებით დადგენილ ვითარებაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „რენჯ როვერის“ მძღოლის - ლ---- ზ---–-–---–-ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული შემთხვევა.

 

17.1. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნისა (და აგრეთვე N--------- ექსპერტიზის დასკვნის) მართებულობა დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ი------ ჭ--------მ.

 

18. ამდენად, საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტებიდან გამომდინარე, პალატამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ შეკითხვებს: სად და ვისზე ვრცელდება საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ.“

 

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული კანონის მოქმედების სფერო ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე (პირველი მუხლის პირველი პუნქტი), იმ პირების მიმართ, რომლებიც საგზაო მოძრაობაში მონაწილეობენ (პირველი მუხლის მე-2 პუნქტი). უშუალოდ გზა განმარტებულია ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტში. რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიას (ე.ი ადგილს, სადაც ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ლ---- ზ---–-–---–მა დანაშაული ჩაიდინა), იგი სწორედ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (მე-5 მუხლის 38-ე პუნქტი). აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი არა მარტო მიმდებარე ტერიტორიის ცნებას განმარტავს, არამედ კონკრეტული მაგალითების სახით ჩამოთვლის, თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს მასში, კერძოდ, ესენია: ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა. აღნიშნული ჩამონათვალი არ არის ამომწურავად განსაზღვრული, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ნორმა სრულდება სიტყვებით - „და სხვა“. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ - „და სხვაში“ შესაძლებელია, მოვიაზროთ მინდორიც. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალს, რაც პირდაპირ მითითებულია მე-5 მუხლის 38-ე პუნქტში, აერთიანებს ის საერთო გარემოება, რომ ყველა მათგანი გზასთან ახლოს მდებარეობს/მას ეკვრის. როგორც აღინიშნა, ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ადგილი, სადაც მოხდა დაჯახება, წარმოადგენს მიმდებარე ტერიტორიას და აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის დროს მძღოლ ლ---- ზ---–-–---–ს ევალებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოქმედება. მნიშვნელოვანია, ექსპერტი მოწმის - ი------ ჭ-------ის ჩვენება, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ კონკრეტული ადგილი მიმდებარე ტერიტორიაა, რომელსაც შემავალი გზაც კი გააჩნია. ამასთან, ტერიტორიას ზემოდან გადმოჰყურებს ორი სახლი, რაც წარმოადგენს მწყემსების სადგომს. მოწმე გ------- გ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ადგილი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, არის საავტომობილო გზა, სადაც ავტომობილები არცთუ ისე ხშირად მოძრაობენ. იმ პერიოდში, სანამ იქ იყვნენ, ერთმა მანქანამ აიარა კიდეც. მოწმე ა. ბ---------მ კი აღნიშნა, რომ მინდორზე, სადაც შევიდნენ, სამანქანო შესასვლელია.

 

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგზაო მოძრაობის წესები, რომელიც მოცემულია ცალკე კანონში, აწესრიგებს საგზაო მოძრაობას საქართველოს ტერიტორიაზე - როგორც გზებზე, ისე სხვა ადგილებში (მიმდებარე ტერიტორიაზე). ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მინდორი (თ---–-----------ს შემოვლით გზაზე) წარმოადგენს მიმდებარე ტერიტორიას.

 

21. აღსანიშნავია, რომ საკასაციო პალატამ თავისი ერთ-ერთი გადაწყვეტილებით (N234აპ-18) ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც პირი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დამნაშავედ იქნა ცნობილი საფეხბურთო მოედანზე ქვეითზე დაჯახებისათვის (რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა).

 

22. დამატებით გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზემომითითებულ მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, ლ---- ზ---–-–---–-სათვის ე.წ „დრიფტაობის“ პროცესში ცნობილი იყო როგორც შ----- ძ------ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის, ისე მისი მანქანიდან გადმოსვლისა და ფეხით მოძრაობის ფაქტი; ამდენად, მას სატრანსპორტო საშუალება ისე უნდა ეკონტროლებინა, რომ შ----- ძ------ის უსაფრთხოებას საფრთხე არ შექმნოდა.

 

23. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დანაშულის ჩადენის დროს ლ---- ზ---–-–---–- იყო არასრულწლოვანი. მოცემულ შემთხვევაში ლ---- ზ---–-–---–-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომის განსაზღვრა შეესაბამება როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, ისე საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს, კერძოდ, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

24. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, ლ---- ზ---–-–---–- არ არის ნასამართლევი, დაკავებამდე იგი იყო ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მე-4 სემესტრის სტუდენტი; აღნიშნულის პარალელურად, სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი ქმედების სახესა და სიმძიმეს და მიაჩნია, რომ ლ---- ზ---–-–---–-ს მიმართ საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს კანონით დადგენილი მიზნების მიღწევას.

 

25. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ლ---- ზ---–-–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----– მ-----–-–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

 

ლ---- ზ---–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ მიესაჯოს - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

 

ლ---- ზ---–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ, 2 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

ლ---- ზ---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 ნოემბრიდან;

 

3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ავტომანქანა ,,ლენდ როვერ რენჯ როვერი’’ სახ. ნომრით - V--------, რომელიც განთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ლ---- ზ---–-–---–-ს მართვის მოწმობა, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, დაუბრუნდეს კანონიერი მფლობელის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

შ----- ძ------ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი (აიფონი), დაუბრუნდეს შ----- ძ------ის ოჯახის სრულწლოვან წევრს;

 

შსს ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის განყოფილებიდან მიღებული ვიდეოჩანეწერები მოთავსებული ორ ლაზერულ დისკზე, ავტომობილის ამოღებისა და დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები (25.04.16) ლაზერულ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები (19.05.16) ლაზერულ დისკზე, ლაზერული დისკი მობილური ტელეფონიდან გადმოწერილი მასალით, რომლებიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ავტომობილიდან ამოღებული თმის ღერი ერთ პაკეტად, შ----- ძ------ის თმის ნიმუშები ერთ პაკეტად, ავტომობილიდან ამოღებული ბოჭკო, ავტომობილის ლაქსაღებავის ნიმუშები და მიკრონაწილაკები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის ნატეხები, რომლებიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით;

 

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე