განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100116001657316
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№346აპ-19 1 ნოემბერი, 2019 წელი
უ--------ი რ-–---, 346აპ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად რ-–--- უ--------ს ბრალად წარედგინა:
· ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
· სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა;
· ძალადობით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით;
· ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება.
აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ზ-----------ს რაიონის სოფელ ი-–--–ი გამავალ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, შელაპარაკების ნიადაგზე, თ---------ს სახელმწიფოს მოქალაქემ, მთვრალმა რ-–--- უ--------მა, სახისა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა ვ--–-- გ--–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
თ---------ს სახელმწიფოს მოქალაქე რ-–--- უ--------ი ნ---- გ-----------ა და შვილთან, 13 წლის მ------ გ-----------თან ერთად, დროებით ცხოვრობდა ქ. ზ----------–ი, კ-----–---ს ქუჩის პ------–ი ჩიხის N--ში. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ასევე ნ---- გ----------ს სრულწლოვანი შვილები პირველი ქორწინებიდან თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად. 2016 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, რ-–--- უ--------ი ხმამაღლა გამოხატავდა აგრესიას ნ---- გ----------ს რძლებისა და მცირეწლოვანი შვილიშვილების მიმართ. შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მათ და აგინებდა. აღნიშნულის გამო, ნ---- გ----------ს რძალი - ნ----- ბ----–---–ი (ე---------ე), დახმარების აღმოჩენის მიზნით, ტელეფონით დაუკავშირდა პოლიციას. შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლები - დ----- ნ---–---, ზ------ კ--------ო და რ------– ლ------ე. მათ რ-–--- უ--------ს მოუწოდეს დამშვიდებისკენ და სთხოვეს თავი შეეკავებინა აგრესიული მოქმედებისგან. რ-–--- უ--------ი პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მათი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელ დ----- ნ---–---ს. მას მუშტი დაარტყა სახეში, ასევე ხელით ჩამოკაწრა კისრის არე, რითაც დ----- ნ---–---მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე, რ-–--- უ--------მა, წინააღმდეგობის გაწევის დროს, დ----- ნ---–---ს შემოახია პოლიციელის ფორმა. საბოლოოდ, პოლიციელებმა ერთობლივი ძალისხმევით აღკვეთეს რ-–--- უ--------ის ძალადობა და დააკავეს შემთხვევის ადგილზე.
2016 წლის 5 მაისს ს----------–--ს სახელმწიფო საზღვრის ს------ს გამტარი პუნქტის გავლით, თ---------ს სახელმწიფოს მოქალაქე რ-–--- უ--------მა, მის მიერვე დამზადებული ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით, მ--------- უ--------ის დემოგრაფიული მონაცემებითა და ყალბ დოკუმენტში ჩაკრული რ-–--- უ--------ის ფოტოსურათით, თ---------დან უკანონოდ გადმოკვეთა ს----------–--ს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა ს----------–--–ი.
ასევე, თ---------ს რესპუბლიკის მოქალაქე რ-–--- უ--------მა, ს----------–--ს სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის მიზნით, დაამზადა ყალბი პირადობის მოწმობა. კერძოდ, თავისი ძმის - მ--------- უ--------ის პირადობის მოწმობაში, რომელშიც მითითებული იყო ამ უკანასკნელის ანკეტური მონაცემები, ჩააკრა თავისი ფოტოსურათი. ამის შემდეგ, 2016 წლის 5 მაისს, ს----------–--ს სახელმწიფო საზღვრის ს------ს გამტარი პუნქტის გავლით, რ-–--- უ--------მა, მის მიერვე დამზადებული ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით, მ--------- უ--------ის სახელით, უკანონოდ გადმოკვეთა ს----------–--ს სახელმწიფოს საზღვარი და შემოვიდა ს----------–--–ი. რ-–--- უ--------ი ს----------–--–ი ყოფნის პერიოდში, 2016 წლის 5 მაისიდან - 2016 წლის 13 ივლისამდე, ცხოვრობდა ქ. ზ----------–ი, კ-----–---ს ქუჩის პ------–ი ჩიხის N--ში მდებარე სახლში ნ---- გ-----------თან ერთად. ამ სახლში რ-–--- უ--------ი პირადად ინახავდა მის მიერვე დამზადებულ ზემოაღნიშნულ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. 2016 წლის 12 ივლისს, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, მოწმის სახით გამოკითხვისას, რ-–--- უ--------მა ზემოაღნიშნული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წარუდგინა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელს და მას თავი გააცნო მ--------- უ--------ად.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით რ-–--- უ--------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (იმ ნაწილში, რომელიც ეხება ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებას) წარდგენილ ბრალდებებში.
რ-–--- უ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
· საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ-–--- უ--------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ნიქაბაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, რ-–--- უ--------ის საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებას) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ, შეისწავლა მსჯავრდებულ რ-–--- უ--------ის საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ რ-–--- უ--------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო: ს----------–--ს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით; გამოყენების მიზნით, ყალბი პირადობის მოწმობის შენახვისა და გამოყენებისათვის, დანაშაული, გათალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. მსჯავრდებულ რ-–--- უ--------ის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენა დადასტურებულია კანონიერი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, ამასთან, ამ მსჯავრთან დაკავშირებით არც დაცვის მხარე აცხადებს რაიმე პრეტენზიას.
4. იმავე განაჩენით რ-–--- უ--------ი გამართლდა მის მიმართ წარდგენილი ბრალის იმ ნაწილში, რომლის მიხედვით, მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). რ-–--- უ--------ი გამართლდა ასევე ბრალის იმ ეპიზოდში, რომლის მიხედვით, მან ჩაიდინა ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება მისი გამოყენების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობის დამზადების თაობაზე წარდგენილი ბრალის ნაწილში რ-–--- უ--------ის გამართლებასთან დაკავშირებით, რა დროსაც, საქმის გარემოებებთან ერთად, მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით.
6. ამავე დროს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალის ნაწილში რ-–--- უ--------ის გამართლებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლო თავის სამართლებრივ დასაბუთებაში აღნიშნავს, რომ რ-–--- უ--------ის მიერ დაზარალებულ ვ--–-- გ--–-–---–ის მიმართ ძალადობის (ცემის) ჩადენაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, ამ უკანასკნელის ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ ცემის ჩადენა, არ მოიპოვება. მართალია, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, თითქოს, რ-–--- უ--------მა სცემა ვ--–-- გ--–-–---–ს, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებენ მხოლოდ ასეთი ქმედების ჩადენის ვარაუდზე, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
7. როდესაც საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ვ--–-- გ--–-–---–ის მიმართ ძალადობის (ცემის) ნაწილში მსჯავრდებულ რ-–--- უ--------ის ბრალის დასადასტურებლად არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: საქმეში, გარდა დაზარალებულის პირდაპირი ჩვენებისა, არსებობს ასევე სხვა სარწმუნო მტკიცებულებებიც, რომელთაგან პირველ რიგში აღსანიშნავია ისეთი ობიექტური მტკიცებულება, როგორიცაა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ის სხეულებრივი დაზიანებები, რაც მსჯავრდებულმა ძალადობრივი ქმედებით მიაყენა დაზარალებულს. ეს არის სასამართლოში გამოკვლეული და უტყუარად აღიარებული მტკიცებულება, რომელიც საპროცესო კანონის სრული დაცვითაა მოპოვებული და არავითარი ეჭვი არ არსებობს მისი შესაძლო სიყალბის თაობაზე.
8. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შემთხვევა მოხდა ზ-----------ს რაიონის სოფელ ი-–--–ი, 2016 წლის 12 ივლისს, საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, რომლის შესახებ შეტყობინება პოლიციის ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში შედის და სამართლებრივი რეაგირება იწყება მაშინვე – 22:33 საათზე. იმავე ღამეს, – 23:50–დან 13 ივლისის 00:45 საათამდე პერიოდში, ჩატარდა ვ--–-- გ--–-–---–ის გამოკითხვა დაზარალებულის სახით, რა დროსაც მან დეტალურად აღწერა მის მიმართ რ-–--- უ--------ის მიერ ჩადენილი ძალადობა და მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები. გამომძიებელს დაუყოვნებლივ გამოაქვს დადგენილება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და დაზარალებული იგზავნება ექსპერტიზის ჩასატარებლად. აღნიშნული ექსპერტიზაც იმავე ღამეს ტარდება – 03:55 საათიდან, რომლის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დასკვნა დაზარალებულ ვ--–-- გ--–-–---–ის სხეულზე აღმოჩენილი მსუბუქი ხარისხის დაზიანებების შესახებ, ცემისთვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნებით. საექსპერტო დასკვნაში მითითებულია, რომ აღმოჩენილი დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დროის იმ პერიოდს, როდესაც შემთხვევა მოხდა. ამასთან, საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოებაც: საქმეში წარმოდგენილი გამომძიებლის დადგენილებით დაზარალებულად ცნობილი ვ--–-- გ--–-–---–ის შესაძლო ალკოჰოლურ თრობაზე შესამოწმებლად დაინიშნა ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 13 ივლისს, ღამით, 04:53 საათიდან.
9. ყველა ზემოაღნიშნული გარემოებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების ანალიზით უტყუარად დგინდება შემდეგი: მომხდარი შემთხვევიდან სულ ცოტა დროის გასვლის შემდეგ დაზარალებულს მუდმივი კონტაქტი აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან, მის მიმართ ჩატარებული ექსპერტიზების დასრულებამდე, რაც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ვ--–-- გ--–-–---–ს სხეულებრივი დაზიანებები მიეღო სხვა დროს, სხვა ადგილზე და არა მსჯავრდებულთან, არამედ სხვა პირთან კონფლიქტის შედეგად. ამ გარემოებას, გარდა დაზარალებულის პირდაპირი ჩვენებისა, გამორიცხავს ასევე საქმეში არსებული მოწმეების – ნ. გ----------სა და ზ. ს-----–---ს არაპირდაპირი ჩვენებები, რომელთა შინაარსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შემოწმდეს დაზარალებულ ვ--–-- გ--–-–---–ის პირდაპირი ჩვენების საფუძვლიანობა და უტყუარობა. ამავე დროს, ალკოჰოლურ თრობაზე ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს იმის შესაძლებლობასაც, რომ დაზარალებულ ვ--–-- გ--–-–---–ს თავისით, სიმთვრალის შედეგად მიეღო ზემოაღნიშნული სხეულებრივი დაზიანებები.
10. მიღებული დასკვნიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ: ძალადობრივი ქმედების ჩადენის ზემოთ აღწერილ და სხვა მსგავს ვითარებაში (მათ შორის განზრახ ან გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისა თუ სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევებშიც), როდესაც საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულება, ფაქტი ან მონაცემი, რომელიც შეიძლება საფუძველი გახდეს გონივრული ეჭვისთვის, რომ დაზარალებულს შესაძლოა, დაზიანებები მიეღო სრულიად სხვა ვითარებაში, სხვა დროს, სხვა პირისგან და არა ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შედეგად, სასამართლო-სამედიცინო თუ სხვა სახის (მაგალითად, ბიოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც ის პირდაპირ და ობიექტურად ასახავს დამნაშავის მიერ ჩადენილი ძალადობის კვლებსა და შედეგებს, იძენს პირდაპირი მტკიცებულების მნიშვნელობას და დაზარალებულის (მოწმის) თუნდაც ერთ პირდაპირ ჩვენებასთან, ასევე სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან (მათ შორის - არაპირდაპირ ჩვენებებთან) ერთად ქმნის მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რაც სავსებით საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ხოლო ამგვარი საკითხის გადასაწყვეტად რაღაც ერთიანი, უნივერსალური ტრაფარეტის დადგენა და გამოყენება არც მიზანშეწონილია და არც შესაძლებელი. მეტიც, ასეთი მცდელობის შემთხვევაში შესაძლოა, მართლმსაჯულების განხორციელებისას გაუმართლებელი სამართლებრივი შეცდომები მივიღოთ.
11. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმ საკითხის შეფასება და გადაწყვეტა – ესა თუ ის მტკიცებულება წარმოადგენს თუ არა პირდაპირ ან არაპირდაპირ მტკიცებულებას, ანდა უტყუარად ცნობილი მტკიცებულებების ერთობილობა საკმარისია თუ არა საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე, უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისადმი ინდივიდუალური მიდგომით, კონკრეტული ფაქტების, გარემოებებისა და მომხდარი შემთხვევის კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით. მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას ნებისმიერი შემთხვევისათვის მხოლოდ ზოგადი ნორმატიული მოთხოვნებია სავალდებულო, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს დაცული. მაგრამ კონკრეტული შემთხვევის განხილვისას, ცალკეული მტკიცებულებისა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტატუსის განსაზღვრა მთლიანად სასამართლო შეფასების საკითხია, ისევე როგორც ეს ხდება მტკიცებულების უტყუარობის შეფასებისას.
12. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ, ცხადია, მსგავს შემთხვევაში და ვითარებაშიც, თუკი საქმეში მოიპოვება მონაცემი გონივრული და საფუძვლიანი ეჭვისათვის იმის თაობაზე, რომ მოწმე (დაზარალებული), რომელიც პირდაპირ ჩვენებას იძლევა, შესაძლოა, ცრუბოდეს ან სასამართლო ექსპერტმა ყალბი დასკვნა გასცა, შეუძლებელი და გამორიცხულია სამართლებრივი დასკვნის გამოტანა პირის ბრალეულობაზე. მაგრამ ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცებულებების უტყუარობის, სანდოობის კრიტერიუმს და არა მათი საკმარისობის საკითხს. ეს უკანასკნელი თავის მნიშვნელობას იძენს მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო დარწმუნდება ბრალდების მტკიცებულებების უტყუარობაში, რის შემდეგაც მან უნდა იმსჯელოს: საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა არის თუ არა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად ისეთი სტანდარტით, რომელიც გამორიცხავს მის მიმართ გონივრული ეჭვის არსებობის შესაძლებლობას.
13. საკასაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ეჭვი არ გამოუთქვამს იმის თაობაზე, რომ რომელიმე მოწმის ჩვენება შესაძლოა, იყოს არასწორი, ანდა სასამართლო ექსპერტიზების დასკვნები - არაობიექტური. მაგრამ სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მხოლოდ ვარაუდის დონეზე ადასტურებს რ-–--- უ--------ის ბრალეულობას ძალადობის ნაწილში, და ამ საფუძველზე დამყარებული სამართლებრივი შეფასება მისი უდანაშაულობის თაობაზე, მოკლებულია კანონიერ და დასაბუთებულ საფუძველს. მსჯავრდებულ რ-–--- უ--------ის საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა და გამოკვლეულია სასამართლოში საპროცესო ნორმების სრული დაცვით, სავსებით აკმაყოფილებს შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკით დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17 გადაწყვეტილება გ. ქ-ს მსჯავრდების საქმეზე, აგრეთვე, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19 გადაწყვეტილება მსჯავრდებულების – გ. გ-სა და მ.კ-ს საქმეზე). მსგავსი კატეგორიის საქმეების განხილვისას და მათ თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას საკასაციო პალატა სრულად იზიარებს და ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოცემულ, პრეცედენტული მნიშვნელობის მითითებებს მტკიცებულებების რელევანტურობის განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლოს კომპეტენციისა და განაჩენის დასაბუთებულობასთან მიმართებით სასამართლოს ვალდებულებების თაობაზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue, Jabardo v. Spain. განაცხადი: no. 10588/83, 10589/83, 10590/83. 1998 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქ. 68; Popov v. Russia. განაცხადი: no. 26853/047 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 188; Suominen v Fin Finland. განაცხადი: no. 37801/97. 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 34; Van de Hurk v. Netherlands. განაცხადი: no. 16034/90. 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, პუნქტი 61 და სხვა).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა შემდეგ დასკვნამდე: ბრალდების მხარის წარმომადგენლის, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც ითხოვს რ-–--- უ--------ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) საფუძველზე მის მიერ დაზარალებულ ვ--–-- გ--–-–---–ის ცემის გამო და ამ დანაშაულისათვის მის მიმართ შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრას, უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ: რ-–--- უ--------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, რაც გამოიხატა: ზ-----------ს რაიონის სოფელ ი-–--–ი 2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22.00 საათზე, მის მიერ ვ--–-- გ--–-–---–ის ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისთვის მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა -1000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უნდა შთანთქას აღნიშნული განაჩენით მისთვის განსაზღვრულმა ყველაზე მკაცრმა სასჯელმა.
16. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
რ-–--- უ--------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებას;
რ-–--- უ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ-–--- უ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
მსჯავრდებულ რ-–--- უ--------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 13 ივლისიდან 2016 წლის 22 ივლისის ჩათვლით;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე