განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002209320
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№541აპ-19 ქ. თბილისი
თ------- გ-------, 541აპ-19 26 დეკემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ანა მეტრეველის
ადვოკატ - ტ------– კ------ის
მსჯავრდებულ - გ------- თ------ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ------- თ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- ხ----–--ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით:
1.1. გ------- თ-------, - დ----------–-------–-–------------ - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით გ------- თ------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- თ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. მსჯავრდებულ გ------- თ-------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 სექტემბრიდან.
2. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- თ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ------- თ------ის უდანაშაულოდ ცნობა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
4.1. 2017 წლის 23 სექტემბერს, 03:00 საათიდან - 04:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თ---–--–ი, ა-----–----------------ის მიმდებარედ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ------- თ------- თავს დაესხა ტაქსის მძღოლ გ------- ო–----–---–ს, მისი თანხის მისაკუთრების მიზნით, დაადო დანა გულმკერდის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მის კუთვნილ თანხას - 20 ლარს.
5. კასატორი – მსჯავრდებულ გ------- თ------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო----- ხ----–--- ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5.1. კასატორი აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე დაუშვებელია; დასაბუთების მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს მინიმუმ ორი პირდაპირი სახის მტკიცებულება. ამ შემთხვევაში კი თბილისის სააპელაციო სასამართლო ეფუძნება ერთ პირდაპირ მტკიცებულებას – დაზარალებულ გ------- ო–----–---–ის ჩვენებას. სააპელაციო სასამართლო დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად მიიჩნევს მის მიერ ბრალდებულის ამოცნობის ოქმს, რაც არასწორია, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენებასა და ამოცნობის ოქმს ჰყავს ინფორმაციის ერთი წყარო – დაზარალებული, შესაბამისად, დაუშვებელია ჩვენება და ამოცნობის ოქმი მივიჩნიოთ ორი, სხვადასხვა, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებად; სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რამდენად დამაჯერებელია მოწმე ო-----------ის ჩვენება იმ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რაც უშუალოდ უკავშირდება გ------- თ------ის მიმართ წაყენებულ ბრალდებას. იგი პირდაპირი სახის მოწმეა, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა გ------- თ------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი.
5.2. აღსანიშნავია, რომ ავტომანქანაზე აღებული კვლების ნიმუშების იდენტურობა დადგინდა მხოლოდ გ------- ო–----–---–ისა და ვ------- ო-----------ის ხელის კვლებთან; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ ვლინდება გ------- თ------ის კავშირი ავტომანქანასთან, მანქანაზე გაკეთებულ ანაწმენდებში აგრეთვე არ დადგინდა გ------- თ------ის გენეტიკური თანამონაწილეობა; ავტომანქანის დათვალიერების ოქმში არ არის მითითებული ტაქსის აღმნიშვნელ ნიშანში შემავალი სადენების, მითუფრო დანით გადაჭრილი სადენების თაობაზე (როგორც ამას უთითებს დაზარალებული).
6. საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ტ------– კ------ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება (რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული გ------- თ-------), ხოლო პროკურორმა ანა მეტრეველმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------- თ------ის ადვოკატის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ------- ო–----–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს „მერსედესის“ მარკის ტაქსით, რომელსაც თავად მართავდა, გადაადგილდებოდა თ---–--–ი, ტ---–-----ის ქუჩისა და წ-----------–---–ის ქუჩების კვეთასთან, სადაც მას ორი პირი ჩაუჯდა. ერთ-ერთი მათგანი (მიუთითა ბრალდებულ გ------- თ-------ზე) დაჯდა მძღოლის გვერდით არსებულ სავარძელზე, ხოლო მეორე კი - უკანა სალონში. მოწმემ შენიშნა, რომ მგზავრები ნასვამები იყვნენ და სთხოვა მანქანიდან გადასვლა იმ მიზეზით, რომ სამუშაო საათები დამთავრებული ჰქონდა. აღნიშნულზე გ------- თ-------მ უხეშად მიმართა და მოსთხოვა იმ ადგილზე წაყვანა, სადაც თვითონ მიუთითებდა, ვინაიდან არ სურდა სიტუაციის დაძაბვა, დასთანხმდა მის მოთხოვნას და მგზავრები ა-----–--ას ქუჩაზე წაიყვანა. ადგილზე მისვლისას გ------- თ-------მ უკან მჯდომ მამაკაცს მიაწოდა პარკი და სთხოვა შეეტანა ეზოში, რასაც შემდეგ მიხედავდა. უკან მჯდომი მამაკაცის მანქანიდან გადასვლის შემდეგ გ------- თ-------მ მას ჰკითხა - თუ რამდენი იყო მგზავრობის ღირებულება, რაზედაც უპასუხა, რომ გადასახდელი იყო სამი ლარი. აღნიშნულის შემდეგ გ------- თ-------მ ათლარიანი მიაწოდა, მან კი ხურდის სახით 7 ლარი დაუბრუნა. ამის შემდეგ გ. თ-------მ მას მოსთხოვა ათლარიანის უკან დაბრუნება, რადგან სამი ლარის ხურდა ჰქონდა. ათლარიანის მიწოდების შემდეგ, გ------- თ------- უარს ეუბნებოდა თავისი თანხის დაბრუნებაზე, რა დროსაც მათთან მივიდა მეორე მამაკაცი, რომელმაც მას შემდეგ, რაც გ------- ო–----–---–ის ნათქვამი გაიგო (რომ აღნიშნული თანხა იყო მისი ბავშვის საჭმლის ფული), გ------- თ-------ს გამოართვა 7 ლარი და დაუბრუნა უკან. ამის გამო თ------- გახდა აგრესიული, დანის მუქარით წაართვა 7 ლარი და ასევე მანქანაში დადებული ფულიც, ჯამურად - 20 ლარი. გარდა ამისა, გადაუჭრა ტაქსის ტრაფარეტი და მოსთხოვა მანქანიდან გადასვლა იმ მიზნით, რომ სურდა მანქანით სეირნობა. ტრაფარეტიც ისევ მისმა მეგობარმა მოუტანა და ჩადო ავტომანქანის მარჯვენა სალონში, თუმცა გ-------მ ისევ აიღო იგი და უფრო შორს გადააგდო, რომ ვეღარ მოეტანათ. ავტომანქანიდან გადასვლაზე უარის მიღების შემდეგ, გ------- თ-------მ მოსთხოვა გვერდით გასვლა, რათა ეჩვენებინა მისთვის, თუ რისი გაკეთება შეეძლო თანნაქონი დანით. ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და სანამ გ------- თ------- ჩაჯდებოდა მანქანაში, მოასწრო მისი დაძვრა და ადგილიდან თავის დაღწევა. თუმცა გ------- თ-------მ მოახერხა და მის წასვლამდე დანა ჩაარტყა უკანა საქარე მინას, რის შედეგადაც იგი მთლიანად ჩაიმსხვრა. ვინაიდან იყო ძალიან შეშინებული და დაბნეული, წავიდა სახლის მიმართულებით, თუმცა გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ დამშვიდდა, უკან დაბრუნდა და მომხდარის თაობაზე პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე. იქ მისულებს ადგილზე დახვდათ მხოლოდ გ------- თ------ის მეგობარი, რომელსაც ყაჩაღობაში მონაწილეობა არ მიუღია. მოგვიანებით მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო გ------- თ-------, რომელმაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა 20 ლარი და ჩაუმსხვრია ავტომანქანის უკანა საქარე მინა.
3. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია: მის მიერ გ------- თ------ის ამოცნობის ოქმითა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც, ავტომანქანის უკანა საქარე მინა მთლიანად ჩამსხვრეულია და ნამსხვრევები ყრია მანქანის უკანა სალონში.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღიშნული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ------- თ------ის ყაჩაღობაში დამნაშავედ ცნობისათვის. მართალია, ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა გ------- ო–----–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან რიგით მე-2 ადგილას მდგომი პირი - გ------- თ-------, მაგრამ გარდა აღნიშნულისა, სხვა მტკიცებულება, რომელიც მსჯავრდებულის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს უტყუარად დაადასტურებდა, წარმოდგენილი არ არის. დაზარალებულის მითითება გ------- თ------ის მიერ ტაქსის ტრაფარეტის გადაჭრისა და შემდეგში მისი გადაგდების ფაქტზე, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადასტურებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად არც შემთხვევის ადგილი დათვალიერებულა, მიუხედავად იმისა, რომ გ. ო–----–---–მა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის დროს განაცხადა ტაქსის აღმნიშვნელი ნაწილის თავდამხმელის მიერ სიბნელეში გადაგდების თაობაზე. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ გარემოებაზე მითითებას, რომ დაზარალებულის ჩვენების ნაწილი, სადაც იგი ავტომანქანის მინის ჩამტვრევაზე უთითებს, დადასტურებულია ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჩამსხვრევის ხმა გაიგო მოწმე ვ------- ო-----------ემაც, რომელმაც ამავდროულად გ------- თ------ის დაზარალებულის ავტომანქანაში ჯდომის ფაქტი გამორიცხა, კერძოდ:
5. ვ------- ო-----------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, გ------- თ-------მ სთხოვა ს----------–--ზე მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში გაყოლა, რადგან უნდა შეხვედროდა მეგობარს. მივიდნენ კაფე-ბარ „კ-----–-–ი“, სადაც დახვდათ გ-------ს მეგობარი, სახელად ლ-–-, მის სამ მეგობართან ერთად. კაფეში გაჩერდნენ ცოტა ხნით, რის შემდეგაც წავიდნენ ვ-------–---ზე მდებარე რესტორან „ტ----–--ში“, სადაც გააგრძელეს ქეიფი. რესტორანში ყოფნის დროს გ------- თ------- და მისი მეგობარი ლ-–- 15-20 წუთით გავიდნენ რესტორნიდან მეგობარი გოგოს სანახავად, რის შემდეგაც კვლავ დაბრუნდნენ. რესტორნიდან გ------- თ------- სახლში წაიყვანა ლ-–-მ, ხოლო თვითონ დარჩა რესტორანში, შემდეგ კი მარტო წავიდა ფეხით. როდესაც ტ---–-----ის ქუჩაზე მოძრაობდა, გააჩერა ტაქსი, რომელსაც ეჯდა უცხო მგზავრი, მათ მიიყვანეს ა-----–--ას ქუჩაზე, სადაც გადავიდა ტაქსიდან და დაჯდა იქვე, კიბეზე, ხოლო მანქანაში დარჩნენ ტაქსის მძღოლი და მისი კლიენტი. ისინი იდგნენ შორიახლოს და კამათობდნენ, თუ რაზე, მისთვის უცნობია. მოგვიანებით გაიგონა მინის ჩამსხვრევის ხმა, თუმცა ვინ რა ჩაამსხვრია, არ დაუნახავს. ტაქსის მძღოლი წავიდა საკუთარი ავტომანქანით, თავად კი ჩაეძინა ქუჩაში, კიბეზე და მოგვიანებით გააღვიძეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულ გ------- თ-------სთან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა, თუმცა ტაქსით მასთან ერთად არ უმგზავრია.
6. გ------- თ-------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სახლში და სოციალური ქსელის საშუალებით ესაუბრებოდა დიდი ხნის უნახავ მეგობარ ლ-–- ჭ-----------ს, რომელიც იმყოფებოდა რესტორან „კ-----–-–ი“. თავადაც გადაწყვიტა რესტორანში მისვლა და გზად გაიყოლა ვ------- ო-----------ე. ვინაიდან ღამის 12:00 საათზე იკეტებოდა „კ-----–-“, ქეიფის გასაგრძელებლად გადაინაცვლეს ვ-------–---ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ტ----–--ში“. რესტორანში მისვლის შემდეგ ლ-–- ჭ-----------ს გაჰყვა წ-------------–------ ეკლესიასთან, მეგობარ გოგოსთან შესახვედრად, სადაც დაჰყვეს დაახლოებით 10-15 წუთს და მალევე დაბრუნდნენ უკან. დაახლოებით 02:30 საათისთვის გამოვიდნენ რესტორნიდან და ლ-–- ჭ-----------მ თავისი მეგობრის ავტომანქანით, რომელსაც თვითონ მართავდა, მიიყვანა სახლამდე. გ------- თ-------მ დაადასტურა, რომ რესტორნიდან გამოვიდა ლ-–- ჭ-----------სა და მის მეგობართან ერთად, ხოლო ვ------- ო-----------ე დარჩა რესტორანში, რომელიც აღარ ცხოვრობს მის უბანში და საცხოვრებლად გადასულია ისანში.
7. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ლ-–- ჭ----------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 22 სექტემბერს, ღამის საათებში, იმყოფებოდა რესტორან „კ-----–-–ი.“ დაახლოებით 23:00 საათზე გ------- თ------- რესტორანში მეგობართან ერთად შევიდა. დაახლოებით ერთი საათი იყვნენ აღნიშნულ ბარში, სადაც მისი თანმხლები პირები სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, ხოლო თვითონ სასმელი არ მიუღია. ამის შემდეგ, კაფე-ბარ „კ-----–-დან“ წავიდნენ ზ-------------ის მოედანზე მდებარე რესტორან „ტ----–--ში“, სადაც მისმა მეგობრებმა გააგრძელეს ალკოჰოლური სასმლის დალევა. გ------- თ-------სთან ერთად, დაახლოებით 15-20 წუთით გავიდა მეგობარი გოგოს სანახავად წ-------------–------ ეკლესიასთან. რესტორან „ტ----–--იდან“ წ-------------–------ ეკლესიამდე მივიდნენ ტაქსით, დაახლოებით 10-15 წუთს ესაუბრა მეგობარ გოგოს და იმავე ტაქსით დაბრუნდნენ რესტორან „ტ----–--ში“, სადაც გაჩერდნენ დაახლოებით ღამის 02:00 საათამდე, რის შემდეგაც გ------- თ-------მ გადაიხადა ფული და დატოვეს რესტორანი. გ-------სთან ერთად წავიდნენ „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანით, რომელიც ეკუთვნოდა ახლობელს და რომელსაც თვითონ მართავდა. რესტორნიდან მივიდნენ გ--–---–--ის ქუჩის შესახვევში, სადაც ცხოვრობს გ------- თ-------. დაახლოებით იქნებოდა 02:30 საათიდან - 03:00 საათამდე პერიოდი, როდესაც გ------- გადავიდა მანქანიდან და შევიდა სახლში, ხოლო თვითონ განაგრძო გზა სახლისკენ.
8. მოწმეები - ზ------- გ------–---–-, ლ---- ბ--–----- და ბ--- რ-------–---–- წარმოადგენენ პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ იმ დღეს, როდესაც დაზარალებული განყოფილებაში მივიდა და მომხდარის თაობაზე განაცხადა.
8.1. საკასაციო პალატა უთითებს, რომ აღნიშნული სამი მოწმის ჩვენება ირიბი მტკიცებულებებია, ვინაიდან მათ სასამართლოს გ------- ო–----–---–ის მიერ მათთვის მონათხრობი ინფორმაცია მიაწოდეს.
9. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური) N--------- ექსპერტიზისა და დაქტილოსკოპიური N------- ექსპერტიზის დასკვნებით გ------- თ------ის დაზარალებულის მანქანაში ყოფნის ფაქტი დადასტურებული არ არის.
9.1. კერძოდ, საკასაციო პალატა ყურადღება მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ამოღებული ავტომანქანის წინა, მარცხენა კარის ზემოთ, საყრდენი ზედაპირიდან და საბარგულის გარე ზედაპირიდან ამოღებული ხელის კვალი იდენტურია ვ------- ო-----------ის ხელის გულის ანაბეჭდისა. აგრეთვე ავტომანქანაზე აღებული კვლების ნიმუშები დაზარალებულის ხელის კვლების იდენტურია. ხოლო, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზით როგორც ავტომანქანის ოთხივე კარის გარე სახელურიდან, ისე სხვა ადგილას არსებული ბიოლოგიური მასალის პროფილში, გ------- თ------ის მონაწილეობა არ გამოვლენილა.
10. ამდენად, მოწმე ვ------- ო-----------ემ ცალსახად გამორიცხა დაზარალებულის ავტომანქანაში გ------- თ-------სთან ერთად ყოფნის ფაქტი და ამასთან, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითაც, ავტომანქანიდან აღებული ნიმუშებიდან მხოლოდ გ------- ო–----–---–ისა და ვ------- ო-----------ის ხელის კვლები ამოვიდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოწმეების: გ------- თ------ის, ვ------- ო-----------ის ჩვენებები და ლ-–- ჭ----------ის გამოკითხვის ოქმში ასახული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები ერთმანეთს შეესაბამება.
11. მაშასადამე, ფაქტზე, რომ გ------- თ-------მ იმგზავრა დაზარალებულის ავტომანქანით, რის შემდეგაც ყაჩაღური თავდასხმით დაეუფლა მის ქონებას, უთითებს მხოლოდ: გ. ო–----–---–ის ჩვენება და მის მიერ ამოცნობის ოქმი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ გ------- თ------ის ამოცნობის ოქმი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ინფორმაციის წყარო ერთი და იგივე პირი, კერძოდ, გ------- ო–----–---–ია (მოცემულ საკითხზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა; მაგალითად, იხილეთ N12აპ-14 გადაწყვეტილება). სხვა რაიმე სახის მასალა კი, რომელიც დაზარალებულის ჩვენებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს დაადასტურებდა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ტოვებდეს კითხვებს და ბადებდეს ეჭვს ისეთი სახის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს პირის ბრალეულობაზე.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- თ------ის ბრალის შინაარსის უტყუარობასთან დაკავშირებით ჩნდება ეჭვი, რომელიც საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
14. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გ------- თ------- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ------- თ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- ხ----–--ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი გაუქმდეს:
გ------- თ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
4.1. გ------- თ------ის ნერწყვის ნიმუში, ავტომანქანიდან ამოღებული: თხუთმეტი თითის კვალი დაქტილოფირზე, მიკრონაწილაკი ცხრა ნიმუშად და ოცდაორი ანაწმენდი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
4.2. ავტომანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები გადატანილი ერთ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე