განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002432755
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №738აპ-19 ქ. თბილისი
ც-–--–---–- გ--, 738აპ-19 20 მარტი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა გუგუტიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ-- ც-–--–---–ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა; ასევე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ხ-–----ში, ლ----–---ს ქუჩა N--ში მდებარე კაფე-ბარ „ხ-–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ-- ც-–--–---–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის ხელთ არსებული ბასრი საგნის - დანის გამოყენებით ნ-------- მ------–---–ს მიაყენა ჭრილობები მუცლის წინა კედელზე მარცხნივ, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭისა და წვრილი ნაწლავის დაზიანებით, სწორკიდეებიანი ჭრილობა ქვედა ყბის არეში მარცხნივ და ორი ასეთივე ხასიათის ჭრილობა მარცხენა ბარძაყის მიდამოზე. გ-- ც-–--–---–მა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად ნ-------- მ------–---–ი გადარჩა.
2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ხ-–----ში, ლ----–---ს ქუჩა N--ში მდებარე კაფე-ბარ „ხ-–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ-- ც-–--–---–მა შურისძიების მოტივით, თანნაქონი ბასრი საგნის - დანის გამოყენებით ნ--- რ-----ს განზრახ მიაყენა თეძოს მიდამოს და ბარძაყის ღია ჭრილობები, რამაც ნ--- რ-----ს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით:
გ-- ც-–--–---–- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
გ-- ც-–--–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 16 იანვრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ-- ც-–--–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას; ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და გ-- ც-–--–---–-ს უდანაშაულოდ ცნობას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი.
გ-- ც-–--–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში. გ-- ც-–--–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ გ-- ც-–--–---–ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
5. პროკურორი ნანა გუგუტიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენის გაუქმებას, გ-- ც-–--–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე და 120-ე მუხლებით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გამართლებულ გ-- ც-–--–---–ს ამხელდნენ მის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში. მათ შორის მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები, ირიბი ჩვენებები, სასამართლო ექსპერტიზების დასკვნები, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-ს ამოცნობისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, რომლებიც კასატორის აზრით, უტყუარად ადასტურებენ გ-- ც-–--–---–-ს ბრალეულობას ინკრიმინირებულ ქმედებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორის მოთხოვნა ძირითადად ემყარება მოწმე ნ--- რ-----ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ გ-- ც-–--–---–-ს მამხილებელ პირდაპირ ჩვენებას, რომელიც მოწმემ სააპელაციო სასამართლოში განმეორებითი დაკითხვისას არსებითად შეცვალა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას მოწმემ განმარტა: შემთხვევა მოხდა ისეთ ვითარებაში, რომ ძნელი გასარკვევი იყო ვინ ურტყამდა დანას დაზარალებულ ნ-------- მ------–---–ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე ( იყო სიბნელე და აღნიშნული პირი იდგა მასთან ზურგით), რის გამოც მას არ შეუძლია დანამდვილებით თქმა, კონკრეტულად ვინ დაჭრა ნ. მ------–---–ი - ნამდვილად გ-- ც-–--–---–- იყო თუ არა ამ ქმედების ჩამდენი.
3. ნ--- რ-----მ სააპელაციო სასამართლოში ასევე უარყო გ-- ც-–--–---–-ს ამოცნობის ოქმში ასახული მისი ჩვენება. ნ. რ-----ს განმარტებით მ. ც-–--–---–თან ერთად ამოსაცნობად ისეთი პირები იყვნენ წარდგენილნი, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ მის მიერ აღწერილ პირს, ხოლო გ. ც-–--–---–- წააგავდა მის მიერ აღწერილ პირს, მაგრამ ნამდვილად ის იყო თუ არა, ამის დადასტურება ან უარყოფა მას არ შეუძლია. ნ. რ-----მ აღნიშნა, რომ მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობისას მას ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და არ შეეძლო სწორად აღედგინა და გადმოეცა მომხდარი შემთხვევის გარემოებები, თუმცა აღნიშნულის შესახებ არ უცნობებია გამოძიების ორგანოებისთვის, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას - გამორჩა.
4. ნ. რ-----ს განმარტებით მის დაკითხვებს ( გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას) ესწრებოდა მშობელი, თუმცა იგი იყო დაბნეული, აწუხებდა ტკივილები და არ უკვირდებოდა რას წერდა. მართალია მან გამოძიებაში მიცემული ჩვენებები წაიკითხა და ხელიც მოაწერა, თუმცა ყველა სიტყვა დეტალურად არ წაუკითხავს.
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე ნ--- რ-----ს მიერ გამოძიების დროს ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-ს ამოცნობის, ასევე, მისი გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა მოწმის კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი. ამ უკანასკნელთაგან არცერთს არ გამოუთქვამს შენიშვნა გამოკითხვის ან ამოცნობის პროცესში ნ--- რ-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ან ამოცნობის პროცედურასთან დაკავშირებით (მ. რ-----ს ჩვენების თანახმად, ის დაესწრო შვილის მიმართ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებს - გამოკითხვას და ამოცნობას, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია).
6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეული იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. შესაბამისად, პირველ ინსტანციაში დაკითხული მოწმის განმეორებითი დაკითხვისთვის მხარემ უნდა ამტკიცოს პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევისას არა მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა, არამედ დარღვევის არსებითი ხასიათი.
7. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლოში მოწმე ნ--- რ-----ს ხელახალი დაკითხვა ჩატარდა იმ მიზეზით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარის მოთხოვნის მიუხედავად არ იქნა გამოქვეყნებული გამოძიების სტადიაზე ნ. რ-----ს გამოკითხვის ოქმი.
8. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე აუდიო- ან ვიდეო- ჩანაწერის მოსმენა ( დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა“. ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია საპროცესო კანონმდებლობის არსებით დარღვევად არსებითი განხილვის სხდომაზე გამოცხადებული მოწმე ნ. რ-----ს გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებაზე სასამართლოს უარი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ი არსებით განხილვის სხდომაზე გამოცხადებული მოწმის გამოკითხვის ოქმის ან ჩვენების გამოქვეყნებას უკავშირებს მხოლოდ ორ გარემოებას: 1. მხარეს უნდა ჰქონდეს დაყენებული აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა და 2. მოწმე გამოცხადებული უნდა იქნეს სხდომაზე ჩვენების მისაცემად. აღნიშნული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს იმპერატიულ მოთხოვნას და განმხილველ სასამართლოს ცალსახად ავალდებულებს დააკმაყოფილოს მხარის შუამდგომლობა (თუ შუამდგომლობა პასუხობს საქართველოს სსსკ-ით დადგენილ მოთხოვნებს). გამოკითხვის ოქმის ან/და ჩვენების გამოქვეყნების განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს არც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან არასრულწლოვანი მოწმის (დაზარალებულის) საუკეთესო ინტერესებზე აპელირებით მოწმის ჩვენების გამოქვეყნებაზე უარის თქმა მოქმედი საპროცესო კანონმდებობით გათვალისწინებული არ არის.
9. ნ--- რ-----ს მიერ ჩვენების შეცვლა, აგრეთვე, გ-- ც-–--–---–-ს ამოცნობის შედეგების უარყოფა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირებით, გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს ნ. რ-----ს მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების სარწმუნოობასთან დაკავშირებით. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“, შესაბამისად, სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას რომ მოწმე ნ--- რ-----ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება, აგრეთვე, მის მიერ საქმის გამოძიების ეტაპზე გ-- ც-–--–---–-ს ამოცნობის ოქმი, როგორც მტკიცებულებები ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნოდ და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
10. საქმეში არსებული სხვა მოწმეების ჩვენებები არის ირიბი მტკიცებულებები, რომლებიც მხოლოდ ზოგად ინფორმაციას იძლევიან მომხდარი შემთხვევის შესახებ და კონკრეტულად არც ადასტურებენ და არც უარყოფენ გამართლებული პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. სასამართლო ითვალისწინებს მოწმეების - ბ. გ-----------–---–-ს, დ. ბ----------ს, გ. მ-----–-----ს, ზ. წ------–-–---–-ს, ნ. ქ---------ს, თ. ბ------ს, დაზარალებულ ნ-------- მ------–---–ისა და სხვათა ჩვენებებს. შინაარსობრივი თვალსაზრისით ეს ჩვენებები თითქმის ერთგვაროვანია, ყველა მოწმე მიუთითებს, რომ მოხდა ჩხუბი ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის, იყო ყვირილი და ხმაური, რომ ჩხუბში მონაწილეობდა ზოგიერთი მათგანის ნაცნობიც, ამ ჩხუბის დროს დაიჭრა ორი არასრულწლოვანი; თუმცა მოწმეებისთვის უცნობია ვინ დაჭრა დაზარალებულები, ჩხუბის დროს დანა ვის ჰქონდა ან ვინ გამოიყენა დანა.
11. კასატორი უთითებს სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო ბიოლოგიური (გენეტიკურ-სერელოგიური), კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული, ტრასოლოგიური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზების დასკვნებზე, როგორც გ-- ც-–--–---–-ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რაც დგინდება მითითებული ექსპერტიზების დასკვნებით. სახელდობრ:
ა) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზებით დგინდება: 1) დაზარალებულ ნ-------- მ------–---–ს სხეულის სამ ადგილზე აქვს მიყენებული ჭრილობა მჭრელი-მჩხვლეტავი საშუალებით (სავარაუდოდ დანით). აქედან ერთი ჭრილობა არის მუცლის ღრუში შემავალი შინაგანი ორგანოების დაზიანებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებათა კატეგორიას. მეორე ჭრილობა მიყენებულია ქვედა ყბის არეში, ხოლო კიდევ ორი ჭრილობა მიყენებულია მარცხენა ბარძაყის მიდამოში. ეს უკანასკნელი დაზიანებები მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ კატეგორიას ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; 2) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ (იგივე მოწმე) ნ--- რ-----ს სხეულის სხვადასხვა არეალში მიყენებული აქვს დაზიანებები მჭრელი საგნის გამოყენებით, რომლებიც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ კატეგორიას ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; 3) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ-- ც-–--–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: ნაკვეთი ჭრილობების, ექსკორაციების და სისხლჩაქცევების სახით, საიდანაც დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;
ბ) სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა ბიოლოგიური (გენეტიკური, სერელოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დადგენილი იქნა, რომ გ-- ც-–--–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ მოთეთრო ფერის (მოკლესახელოიან მაისურზე (მაისურის ქვედა მესამედში) არსებული ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს (ობ.31) რომლის გენეტიკური პროფილი მიეკუთვნება ნ-------- მ------–---–ს;
გ) საქმეში არსებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ნ--- რ-----ს ტანსაცმლიდან პერანგზე, მაისურზე და შარვალზე არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია: პერანგზე ღილის აწყვეტით და ჭრით, მაისურზე და შარვალზე ჭრით, მჩხვლეტავ–მჭრელი, ცალმხრივლესული პირის მქონე საგნის მოქმედებით. ხსენებული თვისება ახასიათებს წარმოდგენილ დანასაც, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს დაზიანების განვითარების შესაძლებლობას როგორც გამოსაკვლევი დანის პირით, ასევე მსგავსი კონსტრუქციის და თვისების მქონე საგნითაც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ნ--- რ-----ს სხეულზე არსებული ჭრილობები ლოკალიზაციით, შეესაბამება ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს. გარკვეული სხვაობა შესაძლებელია აიხსნას დინამიკით - ტანსაცმლის და სხეულის ურთიერთგადაადგილებით. იმავე დასკვნის თანახმად, ნ-------- მ------–---–ის ტანსაცმლიდან მხოლოდ მაისურზე მუცლის არეში მარცხნივ და შარვალზე, მარცხენა ტოტზე, ბარძაყის მიდამოში, არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესული პირის მქონე საგნის მოქმედებით. ხსენებული თვისება ახასიათებს წარმოდგენილ დანასაც, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს დაზიანების განვითარების შესაძლებლობას როგორც გამოსაკვლევი დანის პირით, ასევე მსგავსი კონსტრუქციის და თვისების მქონე საგნითაც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დასკვნის მიხედვით ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები ლოკალიზაციის არით შეესაბამება ნ-------- მ------–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ სხეულზე არსებულ ჭრილობებს. სხვაობა შესაძლებელია აიხსნას როგორც ტანსაცმლის სხეულთან გადაადგილებით - დინამიკაში, ასევე ადგილმდებარეობით (სახის არე);
დ) სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა გ-- ც-–--–---–-ს მიმართ ჩატარებული კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, გ-- ც-–--–---–- ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს გ-- ც-–--–---–- ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი მოქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ეხელმძღვანელა თავისი მოქმედებისთვის. მას გააჩნია უნარი, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ-- ც-–--–---–- რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ-- ც-–--–---–- იძულებით და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს;
ე) სასამართლოში გამოკვლეული იქნა ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად გ-- ც-–--–---–-ს ფრჩხილების გადანაჭრებში აღმოჩენილ მონაცრისფრო ბამბის ბოჭკოს ფრაგმენტს და ნ--- რ-----ს მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. გ-- ც-–--–---–-ს ფრჩხილების გადანაჭრებში აღმოჩენილ მონაცისფრო ბამბის ბოჭკოს ფრაგმენტს და ნ-------- მ------–---–ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. გ-- ც-–--–---–-ს ფრჩხილების გადანაჭრებში შ--–-- ჩ--------–-ს და ნ-------- მ------–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა. შ--–-- ჩ--------–-ს ტანსაცმელზე გ-- ც-–--–---–-ს, ნ--- რ-----ს და ნ-------- მ------–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა. გ-- ც-–--–---–-ს მაისურზე აღმოჩენილ მონაცისფრო–მუქი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს და ნ--- რ-----ს პერანგის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. გ-- ც-–--–---–-ს დანარჩენ ტანსაცმელზე ნ--- რ-----ს, ნ-------- მ------–---–ის დანარჩენი ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.
12. ზემოაღნიშნული სასამართლო ექსპერტიზების დასკვნებით ცალსახად დასტურდება, რომ გ. ც-–--–---–- ნამდვილად მონაწილეობდა 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ხ-–----ში, ლ----–---ს ქ. №--ში მდებარე კაფე-ბარ „ხ-–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ, ორმხრივ ჯგუფურ ჩხუბში, მაგრამ ექსპერტიზების დასკვნებით არ დასტურდება რომ ამ ჩხუბის დროს, დანის გამოყენებით, სწორედ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დაზარალებულ ნ-------- მ------–---–ის მიმართ, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება - დაზარალებულ ნ--- რ-----ს მიმართ.
13. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის თანახმად მსჯავრდებულმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მან დანით დაჭრა ორი პირი, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
14. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ როდესაც ბრალდებული უარყოფს გამოძიების სტადიაზე მიცემულ აღიარებით ჩვენებებს, ანდა იყენებს სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებულ უფლებას, ამ შემთხვევაში დაუშვებელია იმ ინფორმაციის გამოყენება რომელიც პირმა (ბრალდებულმა/ მსჯავრდებულმა) მიაწოდა გამომძიებლებს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დაუშვებელია მთლიანად საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის და მასში ასახული სხვა მონაცემების და ფაქტების გამოყენება. შესაბამისად, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ვითარებას აღადგენს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მის მიერ გამოყენებული იყო შერაცხული ქმედების ჩასადენად და ახდენს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენას, ეს ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზეც პირდაპირ არის მითითებული საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენები №561აპ-15 და №424აპ–16). როგორც საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან ირკვევა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებული იყო გ. ც-–--–---–-ს მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შემოწმების მიზნით (იხ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ტ----------) და არა გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის და გამოსაკვლევი გარემოების აღდგენის მიზნით.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველო სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
17. in dubio pro reo პრინციპი ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
18. საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გამართლებული გ-- ც-–--–---–-ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი გ-- ც-–--–---–-ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
19. სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას(იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, 16/11/2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, § 27, 13/07/2017), თუმცა აღნიშნული არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, ECtHR,no. 15256/05, § 103, 21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015). იმის განსაზღვრისას საჭიროებს თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები ეროვნული სასამართლოების დასკვნების და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების ეჭვს ქვეშ დასაყენებლად (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §69; 27/02/2020).
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება ამომწურავად შეაფასა, დეტალურად იმსჯელა თითოეულ მათგანზე და იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გაიზირა ისინი, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ გამართლებული გ-- ც-–--–---–-ს ბრალეულობას, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა გუგუტიშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე