გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-93-კ-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),ნ. კლარჯეიშვილი,ბ. კობერიძე
დავის საგანი: ზედმეტად დარიცხული ფინანსური სანქციის თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 25 ოქტომბერს მოწინააღმდეგე მხარემ _ ვ. ბ-იამ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა კასატორ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და ზემეტად გადახდილი 51014,27 ლარის დაბრუნება მოითხოვა შემდეგი საფუძვლით: სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც რესპუბლიკის პროკურატურა იძიებდა, ფინანსთა სამინისტროს სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდა სს ფირმა «ჰ-ის» დოკუმენტური რევიზია, 1995წ. 21 ნოემბრის შუალედურ აქტში დაშვებულ იქნა უზუსტობა და «საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» და «ე» ქვეპუნქტების საფუძველზე, ფირმა «ჰ-ს» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 80592 ლარი. აღნიშნული თანხა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე 1996წ. 9 იანვარს შეტანილი იქნა ვ. ბ-იას მიერ 34440 ლარი 50 თეთრისა და 31250 აშშ დოლარის სახით. საქართველოს გენერალური პროკურატურის 1997წ. 11 სექტემბრის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება ვ. ბ-იასა და სხვათა მიმართ, მათ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტმა განიხილა «ჰ-ის» შემოწმების შედეგად შუალედური აქტით დარიცხული ფინანსური სანქციის კანონიერება და დაადგინა «საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის დარღვევით, «ჰ-ისათვის» ფინანსური სანქციის სახით 51014,26 ლარის ზედმეტად დარიცხვის ფაქტი, ხოლო ამავე პუნქტის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე «ჰ-ისათვის» 29577,8 ლარის დარიცხვა კანონიერად მიიჩნია. ფინანსური სანქციის ზედმეტად დარიცხვის შესახებ საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტმა 1999წ. 21 ივლისს ¹03-1-4/708 წერილით აცნობა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. თანხის ზედმეტად დარიცხვის შესახებ მოსარჩელე ვ. ბ-იასათვის, სარჩელის მიხედვით, ცნობილი გახდა 1999წ. სექტემბერში და იმავე წლის ოქტომბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს ზედმეტად გადახდილი ფინანსური სანქციის _ 51014,26 ლარის სახელმწიფოსაგან, ფინანსთა სამინისტროს სახით, ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ «საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის მოტივით არ ცნო სარჩელი, ამასთან სადავოდ გახადა მოსარჩელე ვ. ბ-იას მიერ ფირმა «ჰ-ის» წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ბ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 51014,26 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.
დავა არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო-საკასაციო სასამართლოთა მიერ. ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება ვ. ბ-იას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ. პალატის აზრით, «საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს 1993წ. კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი იურიდუილი პირებისათვის სასარჩელო ხანდაზმულობის ერთწლიან ვადას ითვალისწინებს ბიუჯეტში ზედმეტად ან არასწორად ჩარიცხული გადასახადებისა და სხვა გადასახდელების დაბრუნებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, ვ. ბ-ია კი ითხოვს ფირმა «ჰ-ისათვის» ზედმეტად გადახდილი ფინანსური სანქციის და არა გადასახადის თანხის ანაზღაურებას, ამიტომ განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გათვალისწინებით;
2. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით გათვალისწინებული 3-წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ მომენტიდან, როცა ვ. ბ-იასათვის ცნობილი გახდა მათი უფლებების დარღვევის – ფინანსური სანქციის სახით ზედმეტად 51014,26 ლარის დარიცხვის შესახებ. ასეთ მომენტად პალატამ 1999 წლის 21 ივლისი მიიჩნია, როცა საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტმა ¹03-1-4/708 წერილში, დააფიქსირა «ჰ-ისათვის» 51014,26 ლარის არასწორად დარიცხვის ფაქტი. ვ. ბ-იამ აღნიშნული წერილის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს მიმართ ზედმეტად დარიცხული ფინანსური სანქციის თანხის ანაზღაურება იმავე, 1999წ. ოქტომბერში მოითხოვა სარჩელით, ამიტომ, სასამართლოს აზრით, სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა;
3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ რაიონული სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტება და მიიჩნია, რომ «საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტით «ჰ-ისათვის» სადავო 51014,26 ლარის ფინანსური სანქციის დაკისრება უკანონოა, რადგან შემოწმების დროს ადგილი არ ჰქონია საქონლისა და მატერიალური ფასეულობების ზედმეტობას, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა სადავო თანხის ვ. ბ-იასთვის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ბ-იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს შემდეგი მოტივით:
1. სააპელაციო პალატამ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის განსაზღვრისას არასწორად განმარტა «საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტში არასწორად ჩარიცხული თანხების დაბრუნებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა საწარმოებისათვის ერთი, ხოლო ფიზიკური პირებისათვის სამი წელი. ზემოაღნიშნული ნორმა – მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი _ სპეციალურ ნორმას წარმოადგენს, უპირატესობა მას ენიჭება სამოქალაქო კოდექსთან მიმართებაში, ამიტომ ვ. ბ-იას სარჩელი ხანდაზმულობის ვადის დარღვევითაა შეტანილი და არ უნდა დაკმაყოფილდეს;
2. კასატორის აზრით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქვითრებით უტყუარად არ დასტურდება ვ. ბ-იასა და მისი ოჯახის წევრების მიერ პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე ფირმა «ჰ-ის» სახელით თანხების შეტანის ფაქტი, რადგან ქვითარს არა აქვს თარიღი, ბეჭედი და ხელმოწერაც გაურკვეველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება – დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის არასწორად გადაწყვეტისა და «საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის მცდარი განმარტების თაობაზე, ვინაიდან ვ. ბ-ია ითხოვს ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «ე» ქვეპუნქტით ფირმა «ჰ-ისათვის» ზედმეტად დარიცხული ფინანსური სანქციის 51014 ლარის ანაზღაურებას. ამდენად, დავის საგანია ზედმეტად დარიცხული ფინანსური სანქციის ანაზღაურება და არა კასატორის მიერ მითითებული ნორმით გათვალისწინებული «ბიუჯეტში ზედმეტად ან არასწორად ჩარიცხული გადასახადებისა და სხვა გადასახდელების თანხის» დაბრუნება. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კანონით დადგენილი გადასახადი ან სხვა გადასახდელი და ფინანსური სანქცია ფინანსურ-სამართლებრივი თვალსაზრისით განსხვავებული კატეგორია, ფინანსური სანქცია არც გადასახადია და არც სხვა გადასახდელი, ამიტომ ზედმეტად გადახდილ გადასახდელებსა და გადასახადებზე კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები ფინანსური სანქციის თანხების დაბრუნების მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება და სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლი საგადასახადო დავებზე ითვალისწინებს სასარჩელო ხანდაზმულობის 6-წლიან ვადას;
2. ასევე უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი საკასაციო საჩივრის მეორე არგუმენტი, თითქოს ვ. ბ-იას მიერ წარმოდგენილი ქვითრებით უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების მიერ რესპუბლიკის პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე ფირმა «ჰ-ზე» დარიცხული ფინანსური სანქციის თანხების შეტანის ფაქტი. სასამართლოში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით ნათლად ირკვევა, რომ საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის სადეპიზოტო ანგარიშზე 1996წ. 9 იანვარს 34440 ლარი 50 თეთრი და 31250 აშშ დოლარი შეტანილია მოსარჩელე ვ. ბ-იას მიერ. საქართველოს გენერალური პროკურატურის 1997წ. 11 სექტემბრის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება მოსარჩელე ვ. ბ-იასა და სხვათა მიმართ მათ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. გამოძიებამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ის გარემოებაც გაითვალისწინა, რომ ვ. ბ-იასა და მისი ოჯახის წევრების მიერ ნებაყოფლობით იქნა ანაზღაურებული სახელმწიფოსათვის მიყენდებული მატერიალური ზარალი. როგორც საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის ¹03-1-4/708 წერილით შემდგომში გამოირკვა, ვ. ბ-იას მიერ განხორციელდა «ჰ-ისათვის» ფინანსური სანქციის სახით ზედმეტად დარიცხული 51014,26 ლარის გადახდაც, რასაც არ უარყოფს გენერალური პროკურატურა, რომლის დადგენილება ვ. ბ-იას მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ძალაშია, არავის გაუსაჩივრერებია და ამდენად, საკასაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ზედმეტად დარიცხული ფინანსური სანქციის თანხის _ 51014,27 ლარის ვ. ბ-იას მიერ გადახდის ფაქტი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფირმა “ჰ-ისათვის” ფინანსური სანქციის სახით სადავო 51014,26 ლარის დარიცხვის «საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «ე» ქვეპუნქტთან შეუსაბამობის საკითხი კასატორ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არცერთი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მისმა წარმომადგენელმა, საფინანსო კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელმა ზ. გ-ძემ, პირიქით აღიარა ფინანსური სანქციის სახით 51014,26 ლარის არასწორად დარიცხვის ფაქტი, ამიტომ საკასაციო პალატა პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნულ გარემოებაზე.
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ნოემბრის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ნოემბრის განჩინება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.