განსჯადობა

ადმინისტრაციული 30.09.2021
საქმის ნომერი
ბს-595(გ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
30.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-595(გ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - ნ. ბ-ე

მოპასუხეები - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 5 აპრილს ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საფუძველზე ამავე სამინისტროს/მინისტრის 18.04.2018წ. #1306 ბრძანებით დაკმაყოფილებული პირის - გ. კ-ის უფლებამონაცვლედ ნ. ბ-ის ცნობა და მოპასუხეებისთვის გ. კ-ის უფლებამონაცვლე პირთან - ნ. ბ-ესთან ქ. გორში, ...ის ქ. N..., კორპ N..., ... სადარბაზო, მე-... სართული, ოთახი #19-ში არსებულ ერთ ოთახიან ბინაზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების გავლით პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით ნ. ბ-ის სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. ამავე თავის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე თავის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსჯადობის ხსენებული წესი არ ხდის საქმის განსჯადობას დამოკიდებულს მხოლოდ მოსარჩელის ნება-სურვილზე - ალტერნატიულობის მიუხედავად, კონკრეტული დავის თავისებურება მოქმედებს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაზე. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ ადმინისტრაციული კაეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მითითებით, სადავო უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს გორში, ...ის ქ. N..., კორპ N..., ... სადარბაზო, მე-... სართული, ოთახი #19-ში. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ბ-ის სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა გორის რაიონულ სასამართლოს, უძრავი ნივთის მდებარეობის მიხედვით.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 18 აპრილის #1306 ბრძანებით დაკმაყოფილებული პირის - გ. კ-ის უფლებამონაცვლედ ნ. ბ-ის ცნობა და ნ. ბ-ისათვის ქ. გორში, ...ის ქ. N..., კორპ N..., ... სადარბაზო, მე-... სართული, ოთახი #19-ში არსებულ ერთ ოთახიან ბინაზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების გავლით, მასზე საკუთრების უფლების მინიჭება.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით.

რაიონული სასამართლოს მითითებით, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტების გამოცემის დავალდებულების შესახებ განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად.

გორის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ უძრავი ქონების მისამართის მიხედვით უნდა გადაწყვეტილიყო განსჯადობის საკითხი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა ნივთის, არამედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელს (ქალაქი თბილისი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 31.2 მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებშიც არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი წარმოდგენილია მოპასუხეების - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 18 აპრილის #1306 ბრძანებით დაკმაყოფილებული პირის - გ. კ-ის უფლებამონაცვლედ ნ. ბ-ის ცნობას და ნ. ბ-ისათვის ქ. გორში, ...ის ქ. N..., კორპ N..., ... სადარბაზო, მე-... სართული, ოთახი #19-ში არსებულ ერთ ოთახიან ბინაზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების გავლით, მასზე საკუთრების უფლების მინიჭებას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია არა პრივატიზების კანონიერება, არამედ უკვე განხორციელებული პრივატიზების შემდგომ უფლებამონაცვლეობის საკითხი, შესაბამისად, სადავოა არა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, არამედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რის გამოც ადგილი არ აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრულ ნივთობრივ განსჯადობას.

მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელს, შესაბამისად, ამ შემთხვევაში განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ სად მდებარეობს უძრავი ქონება, არამედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს მოპასუხეების - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფლის მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა