დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1149(კს-25) 29 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „მ...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 03 მაისს სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს „მ...ს“ მიმართ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდისა და შპს „მ...ს“ უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „მ...ს“ დაეკისრა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 27 ივნისიდან 2024 წლის 26 სექტემბრამდე (86 თვე და 30 დღე) ჯამში 373 540 ლარის ოდენობით; შპს „მ...ს“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: ქ. ფოთი, ...ს მარცხენა სანაპირო (საკადასტრო კოდი №...); შპს „მ...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „მ...ს“ მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით, შპს „მ...ს“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს „მ...ს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა: სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში, CDR ან DVD-R დისკზე ჩაწერილი სახით; სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 აგვისტოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელების მოთხოვნით მიმართა შპს „მ...მ“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აგვისტოს განჩინებით შპს „მ...ს“ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 10 დღის ვადით.
2025 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „მ...მ“, წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD-R დისკზე და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან გადახდისაგან განთავისუფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შპს „მ...ს“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს „მ...ს“ სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.
პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, ვერ დაასაბუთა აღძრული შუამდგომლობა, რა პირობებშიც შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. პალატის მითითებით, აღნიშნული უნდა დადასტურდეს ისეთი მტკიცებულებებით, რომლებითაც ცალსახად და უტყუარად დადგინდება გადახდისუუნარობა, აღნიშნული კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (სამეწარმე რეესტრის ამონაწერი, შემოსავლების სამსახურის აქტი, ბრძანება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ) არ დგინდება. პალატამ აღნიშნა, რომ ევროპულ სასამართლოს არ დაუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უპირობო გადავადების აუცილებლობა, იგი უთითებს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებებით მხარის გადახდისუუნარობის დადასტურების პირობებში ამგვარი შეზღუდვის დაწესებაზე უარის თქმაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-405-390(კს-09)).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „მ...ს“ მიერ.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ორგანიზაცია არ მუშაობდა, ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები და მისი ქონება ფაქტობრივად დალუქული იყო სისხლის სამართლის საქმის გამო, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და არ ემყარება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე, სწორ და გადამოწმებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შპს „მ...ს“ კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის #2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). „შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის #1/5/1472 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება, არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, განსაკუთრებით კი საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით, რამდენადაც იგი თავისი ბუნებით მოითხოვს რეგულირებას სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ საკითხთან მიმართებით სარგებლობს გარკვეული შეფასების ზღვარით (იხ. Garcia Manibardo v. Spain, no. 38695/97, § 36, ECHR 2000-II; Zvolský and Zvolská v. the Czech Republic, no. 46129/99, § 47, 12 ნოემბერი 2002). თუმცა, ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ ინდივიდისადმი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ ხარისხით, რომ მან შელახოს თავად უფლების არსი. ამასთან, შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუკი მას დასახული აქვს ლეგიტიმური მიზანი და თუკი დაცულია გონივრული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Liakopoulou v.Greece, no. 20627/04, §17, 23 ოქტომბერი 2006; Nedzela v. France, no 73695/01, § 45, 27 ივლისი 2006; Guérin v. France, no. 51/1997/835/1041, § 37, 29 ივლისი 1998). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, სამართალწარმოების ფარგლებში ზედმიწევნით დაიცვას საპროცესო ნორმატიული წესრიგი, პროცესუალურ-სამართლებრივი ღონისძიებები განახორციელოს სწორედ მათზე დაყრდნობით და ამ გზით, უზრუნველყოს პროცესის მონაწილეთათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უფლებრივი კომპონენტებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება. აღნიშნული განსაკუთრებით მიემართება სამართლიანი სასამართლოს უფლებისათვის შემადგენელ ისეთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რომლის მეშვეობით მხარეები ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებულ მატერიალურ-პროცესუალურ ხარვეზებზე რეაგირების ქმედითი შესაძლებლობით აღიჭურვებიან. აღნიშნული შესაძლებლობის ეფექტური რეალიზებისათვის საპროცესო კანონმდებლობასთან შეუსაბამო, კონსტიტუციურ-სამართლებრივად გაუმართლებელი დაბრკოლების/ბარიერის შექმნა ილუზორულს ხდის მხარისათვის მინიჭებულ გასაჩივრების უფლებას და აცლის მას არსს, რამდენადაც ასეთ პირობებში, მართალია, ფორმალურად არსებობს უფლების განმამტკიცებელი საკანონმდებლო მოწესრიგება, თუმცა მოშლილია ამ პროცესუალური მექანიზმის გამოყენების ქმედითი, ეფექტური შესაძლებლობა (სუსგ 2024 წლის 21 ნოემბრის საქმე Nბს-636(კს-24)).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების უპირველესი მიზანია უფლების რეალური და ეფექტური დაცვა. საპროცესო ნორმები ემსახურება საქმის სამართლიან განხილვას და არა ხელოვნური, იმგვარი ფორმალური ბარიერების შექმნას, რაც პირს შეუზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლებას. სახელმწიფო ბაჟის დაწესების მექანიზმი არ უნდა იქცეს მართლმსაჯულების განხორციელების დაუძლეველ ბარიერად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას, მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაავადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც წარმოადგენს პირის სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების მნიშვნელოვან გარანტიას.
საქმის მასალებში დაცულია კომპანიის გადახდისუუნარობის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტაცია: „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 05 ოქტომბრის აქტი N..., გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის ბრძანება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განჩინება (რომლითაც კომპანიას აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ასევე, ყადაღა დაედო საწესდებო კაპიტალის კუთვნილ წილებს, კომპანიის ბალანსზე რიცხულ მოძრავ ნივთებს (გირავნობის საგნებს), კომპანიის საბანკო ანგარიშებს საქართველოში ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში (გარდა სს „ს...სა“)), საქმეში დაცულია აგრეთვე 2025 წლის 20 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას აგრეთვე კომპანიის მიმართ არსებული უფლებრივი შეზღუდვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი მხარის გადახდისუუნარობის დასადასტურებლად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში ქმნიდა საკმარის საფუძველს იმ ვარაუდისთვის, რომ კომპანიას განსახილველ ეტაპზე არ გააჩნდა ფულადი სახსრები სახელმწიფო ბაჟის დასაფარად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც საწარმოს მთელი უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღებულია და მიმდინარეობს მისი იძულებითი რეალიზაციის პროცესი, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დამატებითი, უფრო უტყუარი, მტკიცებულებების მოთხოვნა ატარებს ზედმეტად ფორმალურ ხასიათს და მხარეს აყენებს გამოუვალ მდგომარეობაში. სახელმწიფო ბაჟის გადავადება, თავისი არსით, დროებითი ღონისძიებაა, რომელიც არ აუქმებს მხარის ვალდებულებას, არამედ მას აძლევს საშუალებას, დავის განხილვის პარალელურად მოიძიოს სახსრები ბაჟის გადახდის უზრუნველსაყოფად. სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იმ პირობებში, როდესაც მხარემ წარმოადგინა მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი არაერთი ოფიციალური დოკუმენტი, წარმოადგენს უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ...ს“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება და საქმე შპს „მ...ს“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ...ს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება და საქმე შპს „მ...ს“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე