ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-272(კს-25) 24 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გიორგი მიქაუტაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი.კ-ი
მესამე პირები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ზ.ს-ი, ს.ტ-ი, თ.ჩ-ი, ლ.რ-ე, მ.რ-ე, ნ.ბ-ე, თ.კ-ი, ე.ფ-ი, გ.ჩ-ე, ი.ბ-ე, ნ.ა-ე, ნო.ბე, ლ.ა-ი, ნ.გ-ა, ნ.კ-ი, მ.კ-ი
მესამე პირები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლით) - ზ.ბ-ი, ა.გ-ი, რ.ლ-ი, ი.კ-ი, გ.მ-ი, მ.ყ-ი, მ.შ-ი, რ.უ-ი, ჯ.წ-ი, ლ.გ-ი, გ.ძ-ი, გ.გ-ი, დ.რ-ი, ც.ლ-ი, ნ.ტ-ე, გ.ტ-ი, ნ.ღ-ე, თ.უ-ე, ნ.მ-ა, ნ.ხ-ის უფლებამონაცვლე ნო.ხ-ე, ზ.ნ-ე, ი.ც-ე, ჯ.ბ-ი, ნ.უ-ი, ი.ა-ა, ბ.ბ-ე, ზ.ჩ-ე
დავის საგანი - მესამე პირად ჩაბმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი.კ-იმა 2018 წლის 28 მაისს სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.11.2013 წლის №..., 27.02.2018 წლის №..., 02.04.2014 წლის №..., 30.06.2014 წლის №..., 20.10.2014 წლის №..., 17.02.2015 წლის №..., 03.04.2015 წლის №..., 12.09.2014 წლის №..., 15.04.2016 წლის №..., 21.10.216 წლის №..., 16.12.2016 წლის №..., 05.01.2017 წლის №..., 21.09.2017 წლის №..., 14.06.2018 წლის №... და 09.10.2018 წლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
სარჩელის მიხედვით, 2008 წლის 19 ნოემბერს ი.კ-იმა გ.წ-ისაგან სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა მიწის ნაკვეთი 870 000 კვ.მ ოდენობით, მდებარე ქ. ... ..., საკადასტრო კოდით №... აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში და ი.კ-ი გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
2018 წლის 15 მაისს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრების უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაუქმებული იყო. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და დოკუმენტების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ი.კ-ისათვის ყოველგვარი შეტყობინების გარეშე 2013 წლის 8 ნოემბერს მიღებული №... გადაწყვეტილებით გააუქმა მოსარჩელის რეგისტრირებული საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, გაუქმების საფუძვლად კი მითითებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 31 ოქტომბრის №1-1/308 ბრძანება. აღნიშნული ბრძანება ეხება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №4081 ოქმის ბათილად ცნობას, ხოლო მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია 19.11.2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც არ არის გაუქმებული, მოსარჩელე წარმოადგენს მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ შემძენს და მისი საკუთრების უფლება დაცულია როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, ისე სამოქალაქო კოდექსით და საქართველოს კონსტიტუციით.
მოსარჩელის განმარტებით, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია არა ბათილად ცნობილი ოქმი, რომელთანაც მოსარჩელეს არ გააჩნია შემხებლობა, არამედ კერძო სამართლებრივი გარიგება, რის გამოც საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ი.კ-ის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინებით ი.კ-ის წარმომადგენლის ვ.ც-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა, უძრავ ქონებაზე ს/კ..., მდებარე: ქალაქი ... ..., შემდგომი უფლების რეგისტრაციის განხორციელება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ან მისი უფლებრივად დატვირთვის მიზნით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით ი.კ-ის წარმომადგენლის ვ.ც-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა, უძრავ ქონებაზე ს/კ... და ს/კ... შემდგომი უფლების რეგისტრაციის განხორციელება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ან მისი უფლებრივად დატვირთვის მიზნით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ს.ტ-ი და ზ.ს-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ თ.ჩ-ი, ლ.რ-ე, ნ.ბ-ე, თ.კ-ი, ე.ფ-ი, გ.ჩ-ე, ი.ბ-ე, ნ.ა-ე, ნო.ბე, ლ.ა-ი, ნ.გ-ა, ც.ლ-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ი.კ-ის წარმომადგენლის ვ.ც-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა უძრავ ქონებაზე - ს/კ... (მის.: ...ის რაიონი, 600 კვ.მ), ს/კ... (მის.: ... ..., 600 კვ.მ) ს/კ... (მის.: ... ..., 600 კვ.მ), ს/კ... (მის.: ... ... ის ტერიტორია, 600 კვ.მ) ს/კ ... (მის.: ... ...ის მთის მიმდებარე ტერიტორია, 600 კვ.მ) ს/კ... ( მის.: ... ... ის ტერიტორია ნაკვეთი №..., 600 კვ.მ), ს/კ... (მის.: ... ...ის ტერიტორია, 600 კვ.მ), ს/კ... (მის.: ... ...ის მთის პირველი მასივი, ნაკვეთი №... 600 კვ.მ) ს/კ... (მის.: ... ...ის ტერიტორია, ნაკვეთი №..., 600 კვ.მ) ს/კ... (მის.: ... ...ის მთის მიმდებარე ტერიტორია (ნაკვეთი №...), 600 კვ.მ), ს/კ... (მის.: ... ..., 600 კვ.მ) შემდგომი უფლების რეგისტრაციის განხორციელება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ან მისი უფლებრივად დატვირთვის მიზნით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ თ.ჩ-ი, ლ.რ-ე, მ.რ-ე, ნ.ბ-ე, თ.კ-ი, ე.ფ-ი, გ.ჩ-ე, ი.ბ-ე, ნ.ა-ე, ნო.ბე, ლ.ა-ი, ნ.გ-ა, ც.ლ-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.კ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით, №3ბ/1764-19 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნენ შემდეგი პირები: ზ.ბ-ი, ა.გ-ი, რ.ლ-ი, ი.კ-ი, გ.მ-ი, მ.ყ-ი, მ.შ-ი, რ.უ-ი, ჯ.წ-ი, ლ.გ-ი, გ.ძ-ი, გ.გ-ი, დ.რ-ი, ც.ლ-ი, ნ.ტ-ე, გ.ტ-ი, ნ.ღ-ე, თ.უ-ე, ნ.მ-ა, ნო.ხ-ე, ნ.ხ-ე, ზ.ნ-ე, ი.ც-ე და ჯ.ბ-ი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ჩაბმულ იქნა ნ.კ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, №3ბ/1764-19 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნენ: თემურ უჯმაჯურიძე, ნ.უ-ი, ი.ა-ა, ბ.ბ-ე, ზ.ჩ-ე, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ჩაბმულ იქნა მ.კ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ნ.ხ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნო.ხ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2023 წლის 18 სექტემბერს შუამდგომლობით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა საქმეში მესამე პირების ჩაბმის შესახებ.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, 2023 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით გამოვლინდა, რომ ქ. ...ში, ...ას სადავო ტერიტორიაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემების არქივის მიხედვით დამატებით იქნა წარდგენილი სხვადასხვა სარეგისტრაციო განცხადებები საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე, რომლის თანახმადაც, თ.რ-ის, ბ.ბ-ის, მ.ი-ის, ი.ა-ას, ვ.ზ-ისა და აწ გარდაცვლილი ა.კ-ის შემთხვევაში მიღებული იქნა რიგ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები, ხოლო ხ.დ-ის, ზ.ჩ-ის, და რ.ლ-ის სარეგისტრაციო განცხადებებთან მიმართებით მიღებული იქნა მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები.
შუამდგომლობის ავტორმა ასევე აღნიშნა, ზემოაღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებებს უფლების დამდგენ დოკუმენტებად ერთოდა მიწის რეფორმის დროს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, საარქივო ცნობები მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ, მებაღის წიგნაკები. შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, ამ პირთა ინტერესს წარმოადგენდა სწორედ სადავო ტერიტორია, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი ისინი ვერ შეძლებდნენ თავიანთი ინტერესის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, იშუამდგომლა მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - თ.რ-ის, ი.ა-ას, ვ.ზ-ის, მ.ი-ის, ბ.ბ-ის და აწ გარდაცვლილი ა.კ-ის ჩართვის შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოს წარმომადგენელმა ასევე იშუამდგომლა, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ხ.დ-ის, ზ.ჩ-ის და რ.ლ-ის ჩართვის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კერძოდ, შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა რ.ლ-ის, ზ.ჩ-ის, ხ.დ-ის (16.2 მუხლით) და ა.კ-ის (16.1 მუხლით) ჩართვის შესახებ, ხოლო დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ა.კ-ის მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის ნაწილში.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1980 წლის 15 დეკემბრის №862 დადგენილებით, ქ. რუსთავის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ...ის მოსაწყობად „...ის“ მთის მასივზე მიწის ფართობების შერჩევის მიზნით, მინისტრთა საბჭომ მიიღო საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადება და ამის შესაბამისად შერჩეულ იქნა ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ...ის მოსაწყობად „...ას“ მთის მასივზე 320 ჰა მიწის ფართობი.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემებით, სადავო უძრავი ნივთის მდებარეობის ადგილას, კერძოდ ქ. ... შ... ას ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი:..., რომელზეც რეგისტრაცია გაუქმებულია), არსებული მდგომარეობით რეგისტრირებულია სხვადასხვა პირთა კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც საქმეში ჩაბმულნი არიან მესამე პირებად. ზემოაღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებებს უფლების დამდგენ დოკუმენტებად ერთვის - მიწის რეფორმის დროს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტები, საარქივო ცნობები მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ, მებაღის წიგნაკები. ასევე გაირკვა, რომ ამავე ტერიტორიაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემების არქივის მიხედვით, დამატებით იქნა წარმოდგენილი სხვადასხვა სარეგისტრაციო განცხადებები საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე, რის შესახებაც მიღებულ იქნა ერთი მხრივ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები, მეორე მხრივ - რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები და მესამე მხრივ, მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები, მათ შორის ა.კ-ესთან მიმართებაში (რეგ. №... (05.07.2018)).
კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საჯარო რეესტრს არ მიუწოდებია ინფორმაცია ა.კ-ის უფლებამონაცვლესთან დაკავშირებით. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შუამდგომლობაში მიეთითა, რომ ა.კ-ე იყო გარდაცვლილი, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლო ა.კ-ის უფლებამონაცვლის დადგენისა და მისი მესამე პირად ჩაბმის უზრუნველსაყოფად, უფლებამოსილი იყო გამოეთხოვა შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან და დაედგინა, თუ ვინ წარმოადგენდა მის მემკვიდრეს/უფლებამონაცვლეს, რაც არ განუხორციელებია. აქედან გამომდინარე, მხარე მიიჩნევს, რომ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის №3ბ/1764-19 განჩინების იმ ნაწილში გაუქმების საფუძველი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა მოცემულ საქმეში, მესამე პირად ა.კ-ის უფლებამონაცვლის ჩაბმასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაბმულ უნდა იქნეს მესამე პირად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირების ჩაბმა ემსახურება მესამე პირთა სამართლებრივი დაცვის, საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის, პროცესის ეკონომიურობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნების განხორციელებას. მესამე პირის სტატუსის განსაზღვრა შესაძლებლობას აძლევს პირს, დაიცვას კერძო, სუბიექტური ინტერესები და მათი რეალიზება განახორციელოს ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ერთმანეთისგან განასხვავებს არასავალდებულო და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს.
მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოში მესამე პირების ჩვეულებრივი წესით (სასკ-ის 16.1 მუხლი) მოწვევის მიზანია, დაიცვას უშუალოდ იმ პირთა ინტერესები, რომელთაც შეიძლება შეეხოთ სასამართლოს გადაწყვეტილება და რომელთა მონაწილეობასაც შესაძლებელია მნიშვნელობა ჰქონდეს მხარეთა უფლებების ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისათვის. რაც შეეხება აუცილებელი მოწვევის მესამე პირს, პირი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმის განხილვაში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ მონაწილეობს სამართალურთიერთობაში და გააჩნია დამოუკიდებელი კანონიერი ინტერესი დავის საგნის მიმართ. ასეთი ინტერესი უნდა იყოს რეალური, კანონით დაცული და არა თეორიული. „საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, არასავალდებულო მოწვევის მესამე პირი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე (სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი“(სუსგ 16.01.2020წ. №ბს-1170(კს-18)).
„მესამე პირად მოწვევის საფუძვლად განიხილება სამართლებრივი ინტერესის არსებობა, რომელიც გულისხმობს სამართლებრივი ნორმებით დაცული ინტერესის არსებობას და არა ზოგადად კავშირს საქმესთან. საუბარია არა ყველა სახის ინტერესზე, არამედ სახელდობრ პირის სამართლებრივ ინტერესზე. მესამე პირთა ინსტიტუტის მიზანს ძირითადად სამართლებრივი ინტერესების დაცვაა, სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზანი წარმოადგენს უპირატეს მიზანს, რომელსაც ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. იურიდიული ინტერესის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოქმედებას უნდა ახდენდეს უფლებებზე, პატივსადებ ინტერესებზე, ხოლო ფაქტობრივი დაინტერესება ასეთ შედეგებს არ იწვევს. სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება. მატერიალურ-სამართლებრივ და იურიდიულ ინტერესს შორის ურყევი კავშირი არსებობს, ვინაიდან იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, უკეთუ სახეზეა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი. არ არის საკმარისი პირის განცხადება ინტერესის არსებობაზე, მისი არსებობის საკითხს წყვეტს მხოლოდ სასამართლო. პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში მდგომარეობს. მესამე პირის საქმეში ჩაბმის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს არა აბსტრაქტულ, არამედ რეალურ, კანონით დაცულ, პატივსადებ ინტერესს“ (იხ. სუსგ 08.05.2020წ. №772(კს-19)).
განსახილველ საქმეზე აწ გარდაცვლილ ა.კ-ის (მისი მემკვიდრის) მესამე პირად მიჩნევისთვის, მნიშვნელოვანია შეფასება მიეცეს ი.კ-ის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების შემხებლობას მესამე პირის უფლებასთან - შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტის არსებობის პირობებში განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ...ში, ...ას ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რა გარემოებაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო შუამდგომლობის უარსაყოფად მხოლოდ ფორმალურად, მესამე პირად ჩასაბმელი პირის გარდაცვალებაზე მითითებით შემოიფარგლა, მაშინ როდესაც უნდა შეეფასებინა მესამე პირად მოსაწვევი პირის მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი დავის საგანთან მიმართებაში.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ ა.კ-ე გარდაცვლილია, თუმცა გაურკვეველია მოსარჩელის - ი.კ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართი მოიცავს თუ არა ა.კ-ის სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ ფართს, რის დადგენასაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია ა.კ-ის (მისი მემკვიდრის) საპროცესო სტატუსის სწორად განსაზღვრისას. სააპელაციო პალატის მიერ არ არის ნამსჯელი ზემოაღნიშნულ საკითხზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არ არის განსაზვრული ა.კ-ე წარმოადგენდა სავალდებულო თუ არასავალდებულო მოწვევის მესამე პირს, შეფასების მიღმაა დატოვებული ა.კ-ის მემკვიდრის დადგენის საჭიროების საკითხიც.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ა.კ-ის არასავალდებულო მესამე პირად მოწვევის თაობაზე, თუმცა სააპელაციო პალატა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების საფუძველზე არ არის შეზღუდული შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნის ფარგლებით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად შეუძლია გადაწყვიტოს შესაბამისი პირის მოწვევის აუცილებლობა და მისი საპროცესო სტატუსი. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ არასავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საკითზე მსჯელობისას სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული უზრუნველყოს ასეთი პირის საქმეში მოწვევა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ საჩივარზე დართულია ა.კ-ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება, რასაც სააპელაციო პალატის მიერ მოითხოვს მისი დამატებით შეფასების საჭიროებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ა.კ-ის (მისი უფლებამონაცვლეების) საქმეში მესამე პირად ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-16 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ოქტომბრის განჩინება და ა.კ-ის (მისი მემკვიდრის) საქმეში მესამე პირად ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
გ. მიქაუტაძე
ბ. სტურუა