დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბ-88-7(ა-26) 30 მარტი, 2026 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე; თამარ ზამბახიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ.ბ-ის 2026 წლის 23 იანვრის №ბ-88-26 განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისისა და 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებების გაუქმების, საქმის წარმოების განახლებისა და მოსამართლეთა აცილების თაობაზე
გამოვარკვიე:
2017 წლის 29 ნოემბერს გ.ბ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის, აგრეთვე მესამე პირების - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, საჩხერის რაიონული პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართ.
გ.ბ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები, ამასთანავე, მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და საქართველოს გენერალური პროკურატურა.
მოსარჩელემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისათვის გ.ბ-ის პოლიტპატიმრის საკითხთან დაკავშირებით 2012 წლის 30 ნოემბრის №8 ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით ახალი კომისიის შექმნისა და საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის გ.ბ-ის (პ/ნ...) პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა, საჩხერის რაიონული პროკურატურა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით გ.ბ-ის შუამდგომლობა-ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე პირად ჩართვის, მტკიცებულებათა და სისხლის სამართლის საქმის გამოთხოვისა და მოსამართლის აცილების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავე სააპელაციო საჩივრით გ.ბ-ემ მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმისა და შუამდგომლობის დაყენების უფლების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნებზე მიღებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება და უფლების შეზღუდვის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება.
2023 წლის 15 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გ.ბ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის (საქმე №3/ბ-134-19) განჩინების ნაწილობრივ, კერძოდ, უფლების შეზღუდვის შესახებ შუამდგომლობის გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რადგან სააპელაციო ეტაპზე განმხილველ მოსამართლე მურთაზ მეშველიანს საერთოდ არ უმსჯელია შუამდგომლობის უფლების შეზღუდვის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით გ.ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით გ.ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება.
2023 წლის 25 მაისს გ.ბ-ემ №ბ-773-23, №ბ-772-23, განცხადებებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის №ბს-329(კს-23) განჩინების განმარტება. გ.ბ-ემ აღნიშნა, რომ მითითებული განჩინება ბუნდოვანი და გაუგებარია. განმცხადებელმა ასევე იშუამდგომლა საქმის განმხილველი შემადგენლობის აცილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით გ.ბ-ის 2023 წლის 11 მაისის №ბ-773-23, №ბ-772-23 განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინების განმარტებისა და მოსამართლეთა აცილების თაობაზე განუხილველად დარჩა დაუშვებლობის მოტივით.
2023 წლის 26 ივლისს გ.ბ-ემ №ბ-1127-23 განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და საქმის განმხილველ მოსამართლეთა აცილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გ.ბ-ის 2023 წლის 26 ივლისის №ბ-1127-23 განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმების, საქმის წარმოების განახლებისა და მოსამართლეთა აცილების თაობაზე, განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.
2026 წლის 23 იანვარს გ.ბ-ემ №ბ-88-26 განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისისა და 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და საქმის განმხილველ მოსამართლეთა აცილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის №ბ-773-4(გან-23) განჩინების გაუქმების, საქმის წარმოების განახლებისა და მოსამართლეთა აცილების თაობაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით გ.ბ-ის 2023 წლის 11 მაისის №ბ-773-23, №ბ-772-23 განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინების განმარტებისა და მოსამართლეთა აცილების თაობაზე, განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.
2023 წლის 26 ივლისს გ.ბ-ემ №ბ-1127-23 განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და საქმის განმხილველ მოსამართლეთა აცილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გ.ბ-ის 2023 წლის 26 ივლისის №ბ-1127-23 განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმების, საქმის წარმოების განახლებისა და მოსამართლეთა აცილების თაობაზე, განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლთან მიმართებით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია არსობრივად იდენტური შინაარსის განცხადება, ანალოგიური მოთხოვნით, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით უკვე აქვს ნამსჯელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე განხილული განცხადების ანალოგიური შინაარსის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე ცალკე საპროცესო დათქმას, რაც მოცემულ შემთხვევაში, ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საპროცესო (კანონის) ანალოგიის გზით გამოყენების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.ბ-ის მიერ 2026 წლის 23 იანვარს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკვე იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში და დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვა გ.ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმების, საქმის წარმოების განახლებისა და მოსამართლეთა აცილების თაობაზე, რაც ქმნის ანალოგიური შინაარსით წარმოდგენილი განცხადების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილისა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ წარმოდგენილი განცხადებით გ.ბ-ე ასევე ითხოვს 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, რომლის საფუძველზეც გ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ.ბ-ის მიერ 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი იქნა იდენტური შინაარსის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. აღნიშნული განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განჩინებით დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ბ-ის მიერ 2026 წლის 23 იანვარს წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინების №ბ-773-4(გან-23), ასევე 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების, საქმის წარმოების განახლებისა და მოსამართლეთა აცილების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 423-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისისა და 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებების გაუქმების, საქმის წარმოების განახლებისა და მოსამართლეთა აცილების თაობაზე გ.ბ-ის მიერ 2026 წლის 23 იანვარს განმეორებით წარმოდგენილი განცხადება დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ.გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე