არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 21.04.2026
საქმის ნომერი
ბს-200(უს-26)
კატეგორია
დავის ტიპი
უზრუნველყოფა
თარიღი
21.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-200(უს-26) 21 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოსარჩელე - მ. ყ-ი

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - ნ. ქ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 6 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ყ-იმა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილების/შეტყობინების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 2 მაისის №... გადაწყვეტილების, მ. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 28 ივნისის №... გადაწყვეტილების, 2485,52 კვ.მ მიწის ნაკვეთის კორექტირებულ 349,65 კვ.მ-მდე შემცირების ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისათვის სადავო უძრავი ნივთის მ. ყ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება №... განცხადებასთან დაკავშირებით.

თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ყ-იმა, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო საჩივრით მხარემ ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში სახელმწიფოს საკუთრებად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სხვა პირის საკუთრებად რეგისტრაციის, ასევე, დავის დასრულებამდე სანივთო უფლებით დატვირთვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის აკრძალვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებით მ. ყ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა 2024 წლის 10 ნოემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილზე, 2500 კვ.მ-ზე, სხვა პირის საკუთრებად რეგისტრაცია, ასევე სანივთო უფლებით დატვირთვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 6 თებერვლის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მ. ყ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უნდა არსებობდეს სათანადო წინაპირობები, როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, შესაძლო ზიანის ბალანსი, პროპორციულობა და სარჩელის დაკმაყოფილების ვარაუდი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო უზრუნველყოფს მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვას, სახელდობრ, ერთი მხარის უფლების დაცვა არ უნდა განხორციელდეს მეორე მხარის კუთვნილი უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე. საგულისხმოა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უძრავი ქონების მესაკუთრის კანონიერი ინტერესი ექვემდებარება არა უპირობო და გაუმართლებელ შეზღუდვას, არამედ შეზღუდვა უნდა განხორციელდეს გონივრულ ფარგლებში და ამ გზით აცილებული უნდა იქნეს არაადეკვატური და არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა დასაბუთებულია, ვინაიდან მითითებულია იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

სააპელაციო სასამართლომ 2026 წლის 19 თებერვლის განჩინებით ძალაში დატოვა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 6 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. შესაბამისად, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეა მოპასუხისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

განსახილველ შემთხვევაში, მ. ყ-იმა შუამდგომლობით მოითხოვა თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სხვა პირის საკუთრებად რეგისტრაციის, ასევე, დავის დასრულებამდე სანივთო უფლებით დატვირთვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის აკრძალვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებით მ. ყ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა 2024 წლის 10 ნოემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილზე, 2500 კვ.მ-ზე, სხვა პირის საკუთრებად რეგისტრაცია, ასევე სანივთო უფლებით დატვირთვა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით (სუსგ №ბს-1304(უს-24), 05.02.2025წ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ. ყ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 25 აპრილის №... გადაწყვეტილების/შეტყობინების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 2 მაისის №... გადაწყვეტილების, მ. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 28 ივნისის №... გადაწყვეტილების, 2485,52 კვ.მ მიწის ნაკვეთის კორექტირებულ 349,65 კვ.მ-მდე შემცირების ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისათვის სადავო უძრავი ნივთის მ. ყ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება №... განცხადებასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით ითვალისწინებს სხვადასხვა პროცესუალურ საშუალებებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სარჩელის სახეების გამოყენება დამოკიდებულია იმ მიზანზე, რომელსაც ისახავს მოსარჩელე. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნის მიზანია აღმოფხვრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დამდგარი მდგომარეობა (შეცილებითი სარჩელი, სასკ-ის 22-ე მუხ.). იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელის მიზანია არსებული მდგომარეობის შეცვლა და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა სარჩელის დასაშვები სახეობაა – სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე (მავალდებულებელი სარჩელი, სასკ-ის 23-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სახეზეა როგორც შეცილებითი (სასკ-ის 22-ე მუხ.), ასევე მავალდებულებელი (სასკ-ის 23-ე მუხ.) სახის სარჩელი. ადმინისტრაციული დავის ფარგლებში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, ადმინისტრაციული დავის საგნის დაცვას ემსახურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანს უნდა შეადგენდეს დავის საგნის დაცვა და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შეუძლებლობის ან გართულების დაუშვებლობა. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებით მ. ყ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა 2024 წლის 10 ნოემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 2500 კვ.მ-ზე სხვა პირის საკუთრებად რეგისტრაცია, ასევე სანივთო უფლებით დატვირთვა.

საკუთრების მოპოვების საბოლოო წინაპირობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების პრევენცია, იგი ქმნის მხარის მოლოდინს, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ეფექტი, არ დაბრკოლდება მისი აღსრულება. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისას არ ხდება დავის არსებითად გადაწყვეტა, არამედ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიზნად ისახავს სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას განაპირობებს ის, რომ უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მნიშვნელოვნად გართულდება. ხოლო საჩივრის ავტორი - სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო ვერ ასაბუთებს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არასაკმარისობას. პალატა მიუთითებს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს ერთი მხარისთვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას, შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. რისკი არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის ნიშნებს, იგი ჯერ არ არის რეალიზებული, თუმცა შესაძლოა მომავალში განხორციელდეს (სუსგ №ბს-1304(უს-24), 05.02.2025წ.).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იცავს განსახილველ ადმინისტრაციულ დავაზე მისაღებ გადაწყვეტილებას აღუსრულებლობისგან და სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოს სააპელაციო პალატის მიერ მართებულად ეთქვა უარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 6 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე