არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-172(კს-26) 30 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს პარლამენტი
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ჩ-ა
დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ჩ-ამ 2025 წლის 31 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შედეგად კი, მოსარჩელემ მოითხოვა: ა) „10.03.2025წ.-დან მ.ჩ-ას ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის დირექტორის 28.02.2025წ. №01-73/25 ბრძანების, აგრეთვე, 11.02.2025წ. გაფრთხილების წერილის ბათილად ცნობა; ბ) საქართველოს პარლამენტისათვის მის სასარგებლოდ 10.03.2025წ.-დან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება აღნიშნულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე ყოველთვიური ხელფასის - თვეში 6 424 ლარის ოდენობით (სახელმწიფო გადასახადების ჩათვლით); გ) საქართველოს პარლამენტისათვის მის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრება ჯამში 38 544 ლარის ოდენობით და დ) მ.ჩ-ას მიმართ საქართველოს პარლამენტის მიერ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლების გამო, მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების საქართველოს პარლამენტისათვის დაკისრება 3 000 ლარის ოდენობით (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი I, ს.ფ. 256-299).
მოსარჩელემ 2025 წლის 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა №3/2406-25 ადმინისტრაციულ საქმეზე საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით, №3/1719-25 ადმინისტრაციულ საქმეზე, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სადაც სადავოა ...ის განყოფილების ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება.
მოპასუხემ 2025 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა ანალოგიური მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.08.2025წ. განჩინებით, მოსარჩელისა და მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.08.2025წ. განჩინება 15.08.2025 წელს გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ კერძო საჩივრით, განჩინების გაუქმებისა და №3/2406-25 ადმინისტრაციულ საქმეზე საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ჩ-ამ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.08.2025წ. განჩინების გაუქმება და №3/2406-25 ადმინისტრაციულ საქმეზე საქმის წარმოების შეჩერება №3/1719-25 ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.2026წ. განჩინებით მ.ჩ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება (საქმე № 3ბ/3704-25) მ.ჩ-ას, ნ.ლ-ას, ს.ნ-ის, ე.თ-ასა და ნ.მ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აღძრულ სარჩელზე (საქმე №3/1719-25) მოპასუხეების: საქართველოს პარლამენტის და სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის მიმართ, სასარჩელო მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2025 წლის 10 თებერვლის №1/24/25 ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის დირექტორის 2025 წლის 10 თებერვლის №01-35/25 ბრძანება და მისი თანმდევი შედეგები - სსიპ ...ის ლიკვიდაციის შედეგად დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2025 წლის 10 თებერვალს ე.თ-ასთან და ნ.ლ-ასთან, ხოლო 11 თებერვალს მ.ჩ-ასთვის, ნ.მ-ისთვის და ს.ნ-ისთვის გაგზავნილი შეტყობინებები (გაფრთხილებები) სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 06 თებერვალს გასაჩივრდა კერძო საჩივრით, განჩინების გაუქმებისა და №3ბ/3704-25 ადმინისტრაციულ საქმეზე საქმისწარმოების გაგრძელების მოთხოვნით.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას მხედველობაში არ იქნა მიღებული სადავო აქტის მიღების მოტივები. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს კი, წარმოადგენდა სწორედ იმ სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაცია, რომელშიც იგი საქმიანობდა, რაც სათავეს იღებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებიდან. ამდენად, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შუალედური აქტია (რაც მხოლოდ პროცედურული საკითხების მოწესრიგებას ითვალისწინებს), საქმის წარმოების შეჩერება კი, არ ეფუძნება აუცილებელ კავშირს, ვინაიდან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის კანონიერება ეჭვქვეშ ვერ დადგება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს პარლამენტის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატის შეფასების საგანს შეადგენს სააპელაციო პალატის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ №3/1719-25 ადმინისტრაციულ საქმეზე მიმდინარე წარმოების დასრულებამდე წინამდებარე №3ბ/3704-25 ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოების შეჩერების კანონიერება. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს კერძო საჩივრის ავტორთა მხოლოდ იმ შედავებებს, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება მათი მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქმის წარმოება შეჩერდება სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში შესაძლებელია შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომლის არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა. საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს შემთხვევებს, როდესაც სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და ვითარებას, როდესაც სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატიური შემთხვევებისას სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეჩერების საფუძველი საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევათა რიგს განეკუთვნება. საკასაციო სასამართლოს არაერთგზის განუმარტავს, რომ მითითებული ნორმით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას (სუსგ №ას-624-591-2015, 22.07.2015წ.).
მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში: სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყოს მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, ასევე, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს საქმის განხილვა. ამდენად, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან“ (სუსგ №ას-1062-1002-2015, 27.04.16 წ.; №ას-925-865-2017, 25.09.2017წ.). ამრიგად, საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს, თუკი პარალელურად სასამართლოში მიმდინარეობს დავა, რომლის გადაწყვეტასაც განსახილველ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობა გააჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოწმდება კერძო საჩივრის ფარგლებში, აღნიშნულ პროცესში საკასაციო პალატა განსაზღვრავს აუცილებელ კავშირს განსახილველ 3ბ/3704-25 ადმინისტრაციულ საქმესა და მიმდინარე №3/1719-25 ადმინისტრაციულ საქმეს შორის, რაც შეუძლებელს ხდის მოცემული დავის განხილვა-გადაწყვეტას. აღნიშნულის გათვალისწინებით, დავის მართებულად გადაწყვეტა საჭიროებს განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მ.ჩ-ას სასარჩელო მოთხოვნათა შინაარსის გაანალიზებას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მ.ჩ-ამ 31.03.2025 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შედეგად კი, მოსარჩელემ მოითხოვა: ა) „10.03.2025წ.-დან მ.ჩ-ას ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის დირექტორის 28.02.2025წ. №01-73/25 ბრძანების, აგრეთვე, 11.02.2025წ. გაფრთხილების წერილის ბათილად ცნობა; ბ) საქართველოს პარლამენტისათვის მის სასარგებლოდ 10.03.2025წ.-დან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება აღნიშნულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე ყოველთვიური ხელფასის - თვეში 6 424 ლარის ოდენობით (სახელმწიფო გადასახადების ჩათვლით); გ) საქართველოს პარლამენტისათვის მის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრება ჯამში 38 544 ლარის ოდენობით და დ) მ.ჩ-ას მიმართ საქართველოს პარლამენტის მიერ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლების გამო, მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების საქართველოს პარლამენტისათვის დაკისრება 3 000 ლარის ოდენობით (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი I, ს.ფ. 256-299).
საქართველოს პარლამენტის ...ის დირექტორის 2025 წლის 5 მარტის №03-50/25 ცნობის თანახმად, მ.ჩ-ა 2023 წლის 18 აპრილიდან მუშაობს სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ში შემდეგ თანამდებობებზე: ა) 18.04.2023 - 30.06.2023 - ...; ბ) 01.07.2023 - დღემდე (იგულისხმება ცნობის გაცემის თარიღი) ...ის განყოფილების ... 2023 წლის 18 აპრილს, სსიპ საქართველოს პარლამენტის ...სა და მ.ჩ-ას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ნიშნავს, ხოლო დასაქმებული თანახმაა, დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს პარლამენტის ...ში ...ის თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის დირექტორის 2023 წლის 18 აპრილის №01-66/23 ბრძანებით, მ.ჩ-ა დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს პარლამენტის ...ის ...ის თანამდებობაზე, 2023 წლის 18 აპრილიდან განუსაზღვრელი ვადით. მ.ჩ-ას შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 5324 ლარის ოდენობით.
2023 წლის 28 ივნისს, სსიპ საქართველოს პარლამენტის ...სა და მ.ჩ-ას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ნიშნავს, ხოლო დასაქმებული თანახმაა, დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს პარლამენტის ...ის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის დირექტორის 2023 წლის 29 ივნისის №01-108/23 ბრძანებით, მ.ჩ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა სსიპ - საქართველოს პარლამენტის ...ის ...ის განყოფილების ...ად 2023 წლის 1 ივლისიდან განუსაზღვრელი ვადით. მ.ჩ-ას შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 5324 ლარის ოდენობით.
2024 წლის 30 დეკემბერს, სსიპ საქართველოს პარლამენტის ...სა და მ.ჩ-ას შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანია, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება. ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იკავებს ...ში ...ის განყოფილების ...ის თანამდებობას. მითითებული ხელშეკრულების მე-6 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. რომლის 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებს 2024 წლის 30 დეკემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ...ის დირექტორის უფლებამოსილების ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში და თვეში შეადგენს 5 852 ლარს.
ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს. მითითებული მუხლის 8.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზეც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ხელშეკრულება წყდება ...ის დირექტორის ინიციატივით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების მე-9 მუხლით მოწესრიგებულია დავის სამართლებრივი გადაწყვეტა. კერძოდ, წინამდებარე ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2025 წლის 13 იანვრის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმების თანახმად, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს პარლამენტის ...ის საშტატო ნუსხისა და შრომის ანაზღაურების ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2024 წლის 30 დეკემბრის №1/230/24 ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა შემდეგი ცვლილება: მუხლი 7, პუნქტი 7.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 7.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში და თვეში შეადგენს 6424 ლარს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2025 წლის 10 თებერვლის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს პარლამენტის ...ის ლიკვიდაციის შესახებ №1/24/25 ბრძანების თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „შ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.02.2025, სარეგისტრაციო კოდი:....) მე-2 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს პარლამენტის ...ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 27 მარტის №1/111/19 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს პარლამენტის ...ის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2025 წლის 10 მარტიდან სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაევალა სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის დირექტორს, ლიკვიდატორ ე.ქ-ას სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს პარლამენტის ...ის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის დირექტორის 2025 წლის 10 თებერვლის №01-35/25 ბრძანების თანახმად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს პარლამენტის ...ის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2025 წლის 10 თებერვლის №1/24/25 ბრძანების შესაბამისად, განისაზღვრა: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს პარლამენტის ...ის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2025 წლის 10 მარტამდე. 2. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს პარლამენტის ...ის ბუღალტერს განახორციელოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები კანონმდებლობის შესაბამისად. 3. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს პარლამენტის ...ის შესყიდვების სპეციალისტს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად. 4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს პარლამენტის ...ის იურისტს/ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტს თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფრთხილება.
2025 წლის 11 თებერვლის გაფრთხილების ფურცლის თანახმად, სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის ...ის განყოფილების ... მ.ჩ-ა სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის დირექტორის 2025 წლის 10 თებერვლის N01-35/25 ბრძანების საფუძველზე, გაფრთხილებული იქნა სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის ლიკვიდაციისა და ლიკვიდაციის შედეგად, მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის დირექტორის 2025 წლის 28 თებერვლის №01-73/25 ბრძანების თანახმად, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.02.2025, სარეგისტრაციო კოდი:....) მე-2 მუხლის საფუძველზე და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს პარლამენტის ...ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 27 მარტის №1/111/19 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს პარლამენტის ...ის დებულების“ მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ.ჩ-ა 2025 წლის 10 მარტიდან გათავისუფლდა სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან, სსიპ - საქართველოს პარლამენტის ...ის ლიკვიდაციიდან გამომდინარე. მ.ჩ-ას მიეცა კომპენსაცია 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ბრძანება ძალაშია 2025 წლის 10 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 მარტის განჩინების (საქმე №3/1719-25) თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია მ.ჩ-ას და სხვათა სარჩელი, მოპასუხეების: საქართველოს პარლამენტის, სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით: 1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2025 წლის 10 თებერვლის №1/24/25 ბრძანება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის დირექტორის 2025 წლის 10 თებერვლის №01-35/25 ბრძანება და მისი თანმდევი შედეგი - სსიპ ...ის ლიკვიდაციის შედეგად დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ 2025 წლის 10 თებერვალს ე.თ-ასთვის და ნ.ლ-ასთვის, ხოლო 11 თებერვალს მ.ჩ-ასთვის, ნ.მ-ისთვის და ს.ნ-ისთვის გაგზავნილი შეტყობინებები.
საქმის მასალების ანალიზის ფონზე, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო მოცემულობაზე, რომ მოსარჩელის 23.07.2025წ. განცხადება და მოპასუხის 04.08.2025წ. განცხადება, ორივე მათგანი, მსგავსი დასაბუთების საფუძველზე, უკავშირდებოდა №3/2406-25 ადმინისტრაციულ საქმეზე (შემდგომში 3ბ/3704-25 საქმე) საქმისწარმოების შეჩერების მოთხოვნას სწორედ №3/1719-25 ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც, თავის მხრივ, არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.08.2025წ. განჩინებით. ამასთანავე, სააპელაციო პალატის 21.01.2026წ. საქართველოს პარლამენტის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინება არსებითად იმავე მოტივებს დაეყრდნო, რაზედაც, კერძო საჩივრის ავტორი თავდაპირველად 04.08.2025წ. განცხადებაში უსვამდა ხაზს თვით მოსარჩელის 23.07.2025წ. განცხადების პარალელურად. ამდენად, დაუსაბუთებელია მოპასუხე საქართველოს პარლამენტის კერძო საჩივარში ასახული მოტივაცია. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო №3/1719-25 ადმინისტრაციულ საქმეში სადავოდ გამხდარი სსიპ საქართველოს პარლამენტის ...ის ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 10.02.2025წ. №1/24/25 ბრძანება. საგულისხმოა ისიც, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ 103-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება, ასეთი საფუძვლის კანონიერების გამოკვლევის გარეშე, ვერ შეფასდება სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერება. ზემოხსენებულის საფუძველზე, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის შეფასება მასზედ, რომ სახეზეა სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონისმიერი წინაპირობები, საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეუძლებელს, მიზანშეუწონელს ხდის აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობის გაგრძელებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პარლამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე