დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 16.06.2026
საქმის ნომერი
ბს-585(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-585(კ-26) 16 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი) - ა. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველო

გასაჩივრებული დადგენილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარმა სამმართველომ 2026 წლის 9 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები ა. ჯ-ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო ჩადენისთვის.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 27 თებერვლის დადგენილებით ა. ჯ-ი (პ/ნ ...; დაბადებული: ... წ; ფაქტობრივი/იურიდიული მისამართი: თბილისი, ...ს პირველი ჩიხი №..., ბინა №...) ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ა. ჯ-ის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 5 (ხუთ) წლის ვადით ჩამოერთვა, შემდეგი უფლებები: 1) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; 2) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება და 3) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 27 თებერვლის დადგენილება გასაჩივრდა ა. ჯ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის დადგენილებით ა. ჯ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 27 თებერვლის №4/1089-26 დადგენილების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 27 თებერვლის №4/1089-26 დადგენილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის დადგენილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ჯ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამასთანავე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.

განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის დადგენილების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც არ შეუძლია საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან ის გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ა. ჯ-ის საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა 2026 წლის 21 მაისის დადგენილებით, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება, რის შესახებაც მხარეს განემარტა სადავო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა