განსჯადობა

ადმინისტრაციული 10.06.2026
საქმის ნომერი
ბს-541(გ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
10.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-541(გ-26) 10 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა პ. ქ-ეის განცხადებასთან დაკავშირებული დავა, მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ეის მიმართ, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამტრედიის რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

პ. ქ-ემ 2026 წლის 27 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოწინააღმდეგე მხარის - მ. გ-ეის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 28 მაისის განჩინებით პ. ქ-ეის განცხადება (საქმე №3-478/2026) მოწინააღმდეგე მხარის - მ. გ-ეის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა სამტრედიის რაიონული სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლომ განმარტა, რომ განსხილველ შემთხვევაში განმცხადებლის (სავარაუდო მსხვერპლის) პ. ქ-ეის მისამართად განცხადებაში მითითებულია ვანის რაიონი, სოფელი .... სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე დადგენილების მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საქმე პ. ქ-ეის განცხადებასთან დაკავშირებით, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, განსახილველად განსჯადობის წესების დაცვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა გადაგზავნილიყო სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 02 ივნისის განჩინებით პ. ქ-ეის განცხადება მოწინააღმდეგე მხარის - მ. გ-ეის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსგავსად, მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პ. ქ-ეის მითითებით, „ადგილი აქვს არასრულწლოვანების კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას - მშობლის მიერ არასრულწლოვნების საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვას“ და აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი მოითხოვს მიღებულ იქნას დამცავი ორდერი 9 თვის ვადით, რომლითაც მ. გ-ეს დაევალება არასრულწლოვანი შვილები დაარეგისტრიროს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქვემდებარე საჯარო სკოლაში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვნები - ა. და ს. ქ-ეები ცხოვრობენ დედასთან - მ. გ-ესთან ქობულეთში, ...ში, ...ს ქ.N...-ში.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს მითითებით, მართალია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებულია დამცავი ორდერის განცხადების მსხვერპლის საცხოვრებლის ადგილის მიხედვით განხილვის თაობაზე, თუმცა, ამავე სასამართლოს მიერ სავარაუდო მსხვერპლად მიჩნეულია განმცხადებელი პ. ქ-ე და საქმე გადაგზავნილია მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მაშინ, როდესაც დავა შეეხება არასრულწლოვნების საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვას და მსხვერპლს წარმოადგენენ არასრულწლოვნები - ა. და ს. ქ-ეები. სასამართლომ მიუთითა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია. სასამართლომ აღნიშნა, რომ განცხადების შესაბამისად, არასრულწლოვნების და მათი დედის საცხოვრებელი ადგილია ქობულეთი, ...ი, ...ს ქ...., აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე განმცხადებელიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებული დავა განხილულ უნდა იქნეს არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით. „ამ უფლებით სარგებლობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ვ. გელბახიანი, მ. ნიკოლაიშვილი და ა. სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 106 პ.). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას როგორც საგნობრივ, ასევე, ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

განსახილველ შემთხვევაში, პ. ქ-ეის მიერ 2026 წლის 27 მაისის განცხადებით მოთხოვნილია დამცავი ორდერის გამოცემა 9 თვის ვადით, რომლითაც მ. გ-ეს დაევალება არასრულწლოვანი შვილების - ა. და ს. ქ-ეების დარეგისტრირება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქვემდებარე საჯარო სკოლაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებელმა სასამართლო სამართალწარმოება ძალადობის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრა, განსჯადობის შესახებ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია მსხვერპლისა და მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენა.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა. ამავე მუხლის „ვ1“ პუნქტის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს.

განსახილველ შემთხვევაში განცხადება წარდგენილია პ. ქ-ეის მიერ, ის წარმოადგენს არასრულწლოვნების მამას და განცხადების ფარგლებში მოთხოვნილია არასრულწლოვნების სასარგებლოდ დამცავი ორდერის გამოცემა, რომლითაც არასრულწლოვნების დედას დაევალება შვილების - ა. და ს. ქ-ეების დარეგისტრირება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქვემდებარე საჯარო სკოლაში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას განსახილველ საქმეზე სავარაუდო მსხვერპლად არასრულწლოვნების - ა. და ს. ქ-ეების მიჩნევის და შესაბამისად, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დავის მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განხილვის თაობაზე.

საქმის მასალების თანახმად, ა. და ს. ქ-ეები ფაქტობრივად ცხოვრობენ ქობულეთში, დედასთან. ვინაიდან კანონმდებელი დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადების განხილვის ტერიტორიულ განსჯადობას პირდაპირ უკავშირებს მსხვერპლის (მოცემულ შემთხვევაში - არასრულწლოვნების) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის იურისდიქციას, განმცხადებლის (მამის) რეგისტრაციის თუ საცხოვრებელ ადგილს მოცემული მნიშვნელობა არ ენიჭება. სავარაუდო მსხვერპლი ბავშვების ინტერესების დაცვა და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოითხოვს, რომ საქმე განიხილოს სწორედ იმ სასამართლომ, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც ისინი რეალურად იმყოფებიან. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.

რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის N3 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ. ქ-ეის განცხადება, მოწინააღმდეგე მხარის - მ. გ-ეის მიმართ, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე