არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-525(უს-26) 19 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ნ. დ-ა
მოპასუხეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 8 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-ამ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, მოითხოვა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 17 მარტის №ბ 61.01210762 ბრძანებისა (მისი ძალაში შესვლის დღიდან) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 ნოემბრის №1148 ბრძანების ბათილად ცნობა. ასევე, მოითხოვა მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დადგენა სადავო 150 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), როგორც მომიჯნავე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ფუნქციურად განუყოფელ ნაწილზე (ქარსაცავ ზოლზე) და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის გამოცემამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
ნ. დ-ამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2026 წლის 17 აპრილს შესული განცხადებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის აკრძალვის (ყადაღის) რეგისტრაციის დავალება უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), რათა აეკრძალოთ მოპასუხეებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სადავო ქონების სტატუსის შეცვლა, ნებისმიერი ფორმით გასხვისება, აუქციონზე გატანა, ან მასზე რაიმე უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2026 წლის 28 აპრილს აპელანტმა ნ. დ-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) უზრუნველყოფის მოთხოვნის დაზუსტების შესახებ და მოითხოვა: მოპასუხის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ყადაღის დადება, მოპასუხეებისათვის - სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, სადავო ქონების ნებისმიერი წესით გასხვისების, აუქციონზე გატანის, მესამე პირთათვის სარგებლობაში გადაცემის, ან მასზე რაიმე უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაციის აკრძალვა; ასევე, მოითხოვა მოპასუხემ განახორციელოს რაიმე ღონისძიება სადავო ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიზებული ქონების სტატუსის შესაცვლელად და ქარსაფარ ზოლზე დამაგრებულ სადავო ნაკვეთზე ნებისმიერი სახის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების, მისი განაპირა მწვანე ნარგავის დაზიანების, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ან ლანდშაფტის სხვაგვარი ცვლილების აღსაკვეთად. ამავე განცხადებით აპელანტი ითხოვდა მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 1 მაისის განჩინებით, აპელანტ ნ. დ-ას მიერ სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) უზრუნველყოფის თაობაზე წარმოდგენილი განცხადება განსახილველად იქნა მიღებული და განისაზღვრა, რომ მოთხოვნა არსებითად გადაწყდება სააპელაციო
საჩივრის განსახილველად მიღების შემდგომ.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2026 წლის 4 მაისს, აპელანტმა ნ. დ-ამ განცხადებით მომართა სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა სააპელაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნებით. კერძოდ, აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 17 მარტის №ბ61.01210762 ბრძანებისა (მისი ძალაში შესვლის დღიდან) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 ნოემბრის №1148 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 8
მაისის განჩინებით, ნ. დ-ას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 8
მაისის განჩინებით, ნ. დ-ას განცხადება (შუამდგომლობა) სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, 198-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება ემსახურება დავის საგნის დაცვას იმ მიზნით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუბრკოლებლად. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფა დროებითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც სასამართლოს მიერ სასარჩელო სამართალწარმოების წესით დადგენილი უფლების რეალიზებას უწყობს ხელს. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაცვასა და ეფექტურად განხორციელებას ისახავს მიზნად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი შეძლებს დაამტკიცოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რატომ გააძნელებს, ან რატომ გახდის შეუძლებელს გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე, უნდა დაასაბუთოს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დავის არსზე, სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შუამდგომლობის შინაარსზე და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. შუამდგომლობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის კონტექსტში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 8
მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. დ-ამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მაისის განჩინებით, ნ. დ-ას კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა საჩივრად და მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 27 მაისის განჩინებით ნ. დ-ას საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუსაბუთებლობის გამო, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა ატარებს წინასწარ და დროებით ხასიათს და ხორციელდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა უნდა შეეხებოდეს უშუალოდ დავის საგანს და უნდა ემსახურებოდეს მხარის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობებში, როცა მხარე განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომლის აცილებაც შეუძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების, ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე, ისე აღნიშნულის დადასტურების მიზნით, საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. დ-ას მიერ არ იქნა წარმოდგენილი იმგვარი სახის მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რომლებიც საჩივრის ავტორის პოზიციის გაზიარების წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეა მოპასუხისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. დ-ამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, 2026 წლის 17 აპრილს, შესული გაცხადებით მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს აკრძალვის (ყადაღის) დადება/რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), რათა აეკრძალოთ მოპასუხეებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სადავო ქონების სტატუსის შეცვლა, ნებისმიერი ფორმით გასხვისება, აუქციონზე გატანა, ან მასზე რაიმე უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 23 აპრილის განჩინებით სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) უზრუნველყოფის თაობაზე წარმოდგენილ განცხადებაზე ხარვეზის შესავსებად აპელანტს - ნ. დ-ას, დაუდგინდა, განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან, 10 დღის ვადა და დაევალა - სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) უზრუნველყოფის მოთხოვნის დაზუსტება და დაზუსტებული განცხადების წარმოდგენა.
2026 წლის 28 აპრილს, აპელანტმა ნ. დ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) უზრუნველყოფის მოთხოვნის დაზუსტების შესახებ და მოითხოვა: მოპასუხის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის სადავო ბრძანების საფუძველზე, დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ყადაღის დადება, მოპასუხეებისათვის - სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სადავო ქონების ნებისმიერი წესით გასხვისების, აუქციონზე გატანის, მესამე პირთათვის სარგებლობაში გადაცემის, ან მასზე რაიმე უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაციის აკრძალვა; ასევე, მოითხოვა მოპასუხემ განახორციელოს რაიმე ღონისძიება სადავო ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიზებული ქონების სტატუსის შესაცვლელად და ქარსაფარ ზოლზე დამაგრებულ სადავო ნაკვეთზე ნებისმიერი სახის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების, მისი განაპირა მწვანე ნარგავის დაზიანების, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ან ლანდშაფტის სხვაგვარი ცვლილების აღსაკვეთად. ამავე განცხადებით აპელანტი ითხოვდა მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 8 მაისის განჩინებით, ნ. დ-ას განცხადება (შუამდგომლობა) სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნ. დ-ას სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 17 მარტის №ბ61.01210762 ბრძანების (მისი ძალაში შესვლის დღიდან), რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ... ქუჩა 69-ის მიმდებარედ არსებული 135 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 ნოემბრის №1148 ბრძანების, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. დ-ას ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 17 მარტის №ბ61.01210762 ბრძანება, ბათილად ცნობა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისთვის „ქონება“ შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც „რეალურად არსებულ ქონებას“, ასევე აქტივებს, მათ შორის ისეთი მოთხოვნის უფლებას, რომელთა მიმართებითაც განმცხადებელს შეუძლია ამტკიცოს, რომ უკიდურეს შემთხვევაში მას გააჩნია ქონებრივი უფლებების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობის მიღების „კანონიერი მოლოდინი“ („ფონ მალცანი გერმანიის წინააღმდეგ“, 02.03.2005წ. §74; „კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, 28.09.2004წ. §35). იმისათვის, რომ „მოლოდინი“ იყოს „კანონიერი“, მას უნდა გააჩნდეს არა უბრალოდ იმედის სახე, არამედ უფრო კონკრეტული ხასიათი, რასაც საფუძვლად სამართლის ნორმა ან სამართლებრივი აქტი უნდა ეფუძნებოდეს („კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, 28.09.2004წ. §49). აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მითითება სადავო უძრავი ნივთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებასა და კანონის ძალით თანამესაკუთრეობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება და თანასაკუთრების უფლება არ დასტურდებოდა რაიმე სახის მტკიცებულებით.
ამასთან, ქალაქ თბილისში, ... ქუჩა №69-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთთან მიმართებით ნ. დ-ას საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტი არ წარუდგენია. აღნიშნულთან მიმართებით საგულისხმოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 24 მაისის სხდომის ოქმის საფუძველზე, ნ. დ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქალაქ თბილისი, ... მეურნეობა (... ქუჩა №69-ის მიმდებარედ), საერთო ფართობი 151 კვ.მ, საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფა თავის თავში მოიცავს უფლების დაცვის როგორც ძირითად, ასევე დამატებით საშუალებებს. უფლების დაცვის ძირითადი საშუალებაა სასარჩელო წარმოება, ხოლო დამატებითი საშუალება - საგანმცხადებლო წარმოება, რომელიც ცალკე, იზოლირებულად არ არსებობს და არსებით კავშირშია სასარჩელო წარმოებასთან, მისი თანმდევია. მათი ერთობლიობა კი ქმნის სასამართლო დაცვაზე უფლების რეალიზების საპროცესო-სამართლებრივ მექანიზმს (სუსგ 14.07.2016წ. საქმე №ბს-217-216(3კ-უს-16)). უფლების დაცვის ერთ-ერთ ასეთ საშუალებას წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისთვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას (სუსგ საქმე №ას-587-2019, 20.02.2020წ.). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს სარჩელის დაკმაყოფილების მოსალოდნელობას, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს (სუსგ №ას-459-438-2015 17.06.2015წ.; №ას-754-722-2016, 13.09.2016წ.). უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მხოლოდ სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს (სუსგ №ას-942-2019, 01.08.2019წ.). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ასეთი დასაბუთებული ვარაუდის მტკიცება ვერ უზრუნველყო, შესაბამისად სააპელაციო პალატის მიერ მართებულად ეთქვა უარი მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. დ-ას საჩივარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს პალატის 2026 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. დ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 8 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე