არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-506 (უს-26) 25 ივნისი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ნ. ჯ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხეები)
მესამე პირები - ო. ს-, შპს „...ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2026 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ. ჯ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „საჩივრის ავტორი“ ან „აპელანტი“) წარადგინა სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“), მესამე პირების - ო. ს-ისა და შპს „...ის“ მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.11.2020 წლის №2363 განკარგულება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.11.2020 წლის №... გადაწყვეტილება 132 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.03.2021 წლის №... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთების გაერთიანების შესახებ 132 კვ.მ ნაწილში;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.03.2021 წლის №... გადაწყვეტილება აღნაგობის უფლების რეგისტრაციის შესახებ 132 კვ.მ ნაწილში;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 16.06.2021 წლის №545656 ბრძანება;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 07.04.2022 წლის №5888460 ბრძანება;
1.7. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 23.09.2022 წლის №883 ბრძანება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.06.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
4. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა:
4.1. თბილისის მერიას (თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურს) აეკრძალოს მოცემული დავის დასრულებამდე ექსპლუატაციაში მიიღოს ქ. თბილისში, ... ქ. №15-ის მიმდებარედ შპს „...ის“ (ს/ნ: ...) მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი;
4.2. სასამართლო დავის დასრულებამდე შპს „...ს“ აეკრძალოს ქ. თბილისში, ... ქ. №15-ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის დემონტაჟი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2026 წლის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. სარჩელის უზრუნველყოფის ტომი, ს.ფ.23-28). განჩინება ეფუძნება შემდეგს:
5.1. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
5.2. პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება ემსახურება დავის საგნის დაცვას იმ მიზნით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუბრკოლებლად. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფა დროებითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც სასამართლოს მიერ სასარჩელო სამართალწარმოების წესით დადგენილი უფლების რეალიზებას უწყობს ხელს, იგი სასარჩელო მოთხოვნის დაცვასა და ეფექტურად განხორციელებას ისახავს მიზნად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი შეძლებს დაამტკიცოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რატომ გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე უნდა დაასაბუთოს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. სარჩელის დაკმაყოფილებისა და ძალაში შესვლის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია მოპასუხის ნებაზე. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა ხორციელდება იძულებითი აღსრულების წესით, რა დროსაც აღსრულების საშუალების (ქონების) არარსებობა იწვევს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული სსსკ-ის 191-ე მუხლით დადგენილი დანაწესი, რომელიც განმცხადებელს ავალდებულებს მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას; მიუთითოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებაზე, რომლის გატარებაც განმცხადებელს მიაჩნია აუცილებლად.
5.3. სსსკ-ის 198.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის სახით ქ. თბილისის მერიას (თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურს) აეკრძალოს მოცემული დავის დასრულებამდე ექსპლუატაციაში მიიღოს ქ. თბილისში, ... ქ. №15-ის მიმდებარედ შპს „...ის“ (ს/ნ: ...) მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. აპელანტი ასევე ითხოვს სასამართლო დავის დასრულებამდე შპს „...ს“ აეკრძალოს ქ. თბილისში, ... ქ. №15-ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის დემონტაჟის განხორციელება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.04.2025 წლის №54-30 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების“ მე-2 მუხლით განსაზღვრულია მუნიციპალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციაა დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსაკუთრებული მსჯელობის შედეგად. კანონი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო საკითხს, გამოყენებული უნდა იქნას თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, სასამართლო განსაზღვრავს იმ გარემოებებისა და მოსაზრებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, უზრუნველყოფის ღონისძიება მიიჩნიოს გამართლებულად. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი ვერ ასაბუთებს მის მიერ მოთხოვილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი შეძლებს დაამტკიცოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რატომ გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე უნდა დაასაბუთოს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
5.4. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პროცესში სასამართლოს კომპეტენცია ვრცელდება მხოლოდ მის წარმოებაში არსებულ საქმეზე, რომელიც მიმდინარეობს მოპასუხის მიმართ დავის საგნის გათვალისწინებით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შესაძლოა მიმართული იყოს მხოლოდ მოპასუხის მიმართ და ამავდროულად უზრუნველყოფდეს განსახილველ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ წარმოადგენს საქმეში მონაწილე არცერთი მოწინააღმდეგე მხარის კომპეტენციას. დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციაა, რომელიც არ წარმოადგენს მოცემულ საქმეში მხარეს. შესაბამისად, აღნიშნული შუამდგომლობა უსაფუძვლოა. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ ამ საქმეზე მოპასუხეს არ წარმოადგენს არც შპს „...ი“, რომლის მიმართაც აპელანტი მოითხოვს აეკრძალოს ქ. თბილისში, ... ქ. №15-ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის დემონტაჟის განხორციელება. უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართულია არა მოპასუხე მხარის, არამედ იმ პირის მიმართ, რომელიც დავაში ჩაბმულია მესამე პირად. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემეგში სასკ) მე-16 მუხლი. ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა აძლევს ადმინისტრაციულ სასამართლოს იმის შესაძლებლობას, რომ თავისი ინიციატივით სასკ-ის მე-16.2 მუხლის საფუძველზე, სავალდებულო წესით მოიწვიოს მესამე პირი, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. მესამე პირის ინსტიტუტი არის ადმინისტრაციული პროცესის სპეციფიკური პროცესუალური საშუალება, რომელიც მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ მხარეებს - მოსარჩელის და მოპასუხის სტატუსით, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვრებათ გარკვეული უფლებები და მოვალეობები. ვინაიდან საქმის განხილვაში მონაწილე მესამე პირი განსხვავდება პროცესში მონაწილე ძირითადი მხარეებისაგან (მოსარჩელე, მოპასუხე), მესამე პირის მიმართ მოსარჩელის მხრიდან დაყენებული მოთხოვნები ერთგვარად შეზღუდულია. აღნიშნული შეზღუდვა, პირველ რიგში, გამოიხატება იმაში, რომ მესამე პირი არ არის ის პირი, რომლის მიმართაც მოსარჩელის სარჩელია მიმართულია დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების აღდგენის მოთხოვნით და რომელმაც პასუხი უნდა აგოს მოსარჩელის მოთხოვნაზე. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის სახით მესამე პირებს აეკრძალოთ გარკვეული მოქმედების შესრულება. პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი საბოლოოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა, იგი მიმართული უნდა იყოს კონკრეტულ დავაში მოპასუხედ ჩაბმული პირების მიმართ. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოპასუხის მოვალეობა მესამე პირის სტატუსის მქონე პირზე არ ვრცელდება.
5.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა სსსკ-ით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პირობები, ვინაიდან შუამდგომლობაში აღნიშნული გარემოებები არ შეესაბამებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის კანონით განსაზღვრულ მიზნებს.
6. მოსარჩელემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2026 წლის განჩინება გაასაჩივრა საჩივრით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.05.2026 წლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის დამოწმებულ ასლებთან ან ელექტრონულ საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (იხ. სარჩელის უზრუნველყოფის ტომი, ს.ფ.51-56).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსსკ-ის დებულებანი.
9. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
10. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფა თავის თავში მოიცავს უფლების დაცვის როგორც ძირითად, ასევე დამატებით საშუალებებს. უფლების დაცვის ძირითადი საშუალებაა სასარჩელო წარმოება, ხოლო დამატებითი საშუალება - საგანმცხადებლო წარმოება, რომელიც ცალკე, იზოლირებულად არ არსებობს და არსებით კავშირშია სასარჩელო წარმოებასთან, მისი თანმდევია. მათი ერთობლიობა კი ქმნის სასამართლო დაცვაზე უფლების რეალიზების საპროცესო-სამართლებრივ მექანიზმს (სუსგ №ბს-217-216(3კ-უს-16), 14.07.2016წ.; №ბს-457(უს-კ-24), 20.03.2025წ.). უფლების დაცვის ერთ-ერთ ასეთ საშულებას წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში (სუსგ №ბს-457(უს-კ-24), 20.03.2025წ.).
12. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).
13. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (კაჟაშვილი გულიკო, საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, დისერტაცია, თბილისი, 2018, გვ. 60). უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას – ქვეყნის სახელით მიღებული გადაწვეტილების შემდგომ აღსრულებას, ამასთანავე, სავალდებულოა წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს (იხ. იქვე, გვ. 148). გამართლებულია თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (შდრ. სუსგ №ას-1477-2018, 31.01.2019წ.).
14. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა მჭიდრო კავშირი დავის საგანთან, რადგანაც სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზანი, ზოგადად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის დაცვაა, შესაბამისად, მხარის მიერ შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიება აუცილებელი უნდა იყოს იმ მატერიალურ-სამართლებრივი სიკეთის შესანარჩუნებლად, რის მიღებასაც იგი სარჩელის მეშვეობით ცდილობს (შდრ. სუსგ №ას-362-2026, 02.04.2026წ.).
15. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა შეილახოს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესი უპირობოდ და ცალსახად, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მხარეთა ინტერესები დაბალანსდეს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
16. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი შეიცავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ჩამონათვალს (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს: ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან; ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა; გ) მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით; დ) სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება; ე) ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა; ვ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება; ი) სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ; კ) უფლებამოსილების შეჩერება ისეთ საქმეზე, რომელიც აღძრულია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების პარტნიორისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ჩამორთმევის მოთხოვნით). ამავე მუხლის მე-3 ნაწილი აზუსტებს, რომ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას.
17. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ, რათა მოსარჩელის კანონიერი ინტერესები მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისგან იყოს დაცული (სუსგ №ას-677-2021, 05.04.2022წ; №ბს-399(3კ-26), 04.05.2026წ.).
18. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევას, მოსარჩელე/საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის მერიას (თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურს) აეკრძალოს მოცემული დავის დასრულებამდე ექსპლუატაციაში მიიღოს ქ. თბილისში, ... ქ. №15-ის მიმდებარედ შპს „...ის“ (ს/ნ: ...) მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი; სასამართლო დავის დასრულებამდე შპს „...ს“ აეკრძალოს ქ. თბილისში, ... ქ. №15-ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის დემონტაჟი (იხ. სარჩელის უზრუნველყოფის ტომი, ს.ფ.13-17). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.04.2025 წლის №54-30 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციაა დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია წინამდებარე დავაში არ არის მოპასუხე. ასეთი სტატუსი არ აქვს არც შპს „...ს“, რომელიც მესამე პირადაა დავაში ჩაბმული. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზე, რომ წინამდებარე დავაში აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ვერ იქნება ასეთი სუბიექტების უფლების შეზღუდვა. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების რომელიმე წინაპირობის არსებობა.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ ეტაპზე არ ხდება სარჩელის საფუძვლიანობის შეფასება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. აღნიშნულის შესახებ საბოლოო დასკვნა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს, რაც სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვის ეტაპზე არ წყდება.
20. გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერი და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
21. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივი, სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.2026 წლის განჩინება.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე